შეხვედრა პეკინში, რომელმაც მსოფლიო შეაშინა?! - ამბავი იმაზე, თუ როგორ ეახლა რუსეთის "მეფე" ჩინეთის "იმპერატორს" - კვირის პალიტრა

შეხვედრა პეკინში, რომელმაც მსოფლიო შეაშინა?! - ამბავი იმაზე, თუ როგორ ეახლა რუსეთის "მეფე" ჩინეთის "იმპერატორს"

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს დილით ოფიციალური ვიზიტით ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას ეწვია - იგი პეკინში ჩინეთის მეთაურთან - სი ძინპინთან შესახვედრად და მოსალაპარაკებლად ჩაფრინდა. "ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რუსეთ-ჩინეთის ვაჭრობის მოცულობა გაორმაგდა და 227,8 მილიარდ დოლარს მიაღწია", - ნათქვამია გერმანული ტელეარხის - Welt TV-ის ეთერში გადაცემულ სიუჟეტში სათაურით - „პუტინი ჩინეთში: „მეორადი სანქციები“ და უკრაინის ომი ვაჭრობას ხელს უშლის“.

როგორც გერმანული ტელეარხის მოსკოველი ტელეკორესპონდენტი ქრისტოფ ვანერი ამბობს, რასაკვირველია, მხარეები ვაჭრობის გაფართოების საკითხზეც ისაუბრებენ, მაგრამ მათი მოლაპარაკების მთავარი თემა უფრო იქნება აშშ-ის „მეორადი სანქციები“, რომლებიც ხელს უშლიან მოსკოვ-პეკინის ეკონომიკურ ურთიერთობებს. „პრობლემა შეიძლება სი ძინპინის მიერ თქმული ერთი სიტყვით მოგვარდეს“, - თვლის ჟურნალისტი.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის ტესტურ ვერსიას, მცირე შემოკლებით:

ნელე ვიურცბახი, Welt TV-ის ტელეწამყვანი:

- როგორ შეაფასებთ ვლადიმერ პუტინის ვიზიტს ჩინეთში?

ქრიტოფ ვანერი, Welt TV-ის კორესპონდენტი მოსკოვში:

- ვლადიმერ პუტინი თავისი პრეზიდენტობის მეხუთე ვადის დაწყებისას პირველ ვიზიტს ჩინეთში ახორციელებს, რაც, პრინციპში, გასაკვირი არ არის. ჩინელები რუსებისათვის უმნიშვნელოვანეს პარტნიორებად იქცნენ, უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან. ვლადიმერ პუტინს სი ძინპინთან ურთიერთობა ჰაერივით სჭირდება, ამიტომ კრემლის ბინადარი, უპირველეს ყოვლისა, პეკინში გაემგზავრა. მოსკოვში თვლიან, რომ ჩინეთთან სტრატეგიული ურთიერთობა რუსეთისათვის ძალზე მოგებიანი და სასარგებლოა. ვლადიმერ პუტინი არც ერთ მომენტს არ უშვებს ხელიდან, ჩინეთი რომ არ შეაქოს.

რა თქმა უნდა, აშკარაა, რომ რუსეთის ეკონომიკა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ჩინეთთან ვაჭრობაზე. განსაკუთრებით ეს ეხება ჩინურ მაღალტექნოლოგიურ პროდუქციას, ავტომობილებს და, საერთოდ, ყველა სახის მანქანა-აგრეგატებს. ეს რუსებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია. თუმცა ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი ჩინეთსაც სჭირდება, განსაკუთრებიც მაშინ, როცა საქმე ნედლეულს ეხება - ნავთობს, გაზს, ხე-ტყეს, რასაც ჩინელები რუსებისაგან აქტიურად და დიდი რაოდენობით ყიდულობენ.

ნელე ვიურცბახი:

- ანუ გარედან ყველაფერი მშვენივრად გამოიყურება, მაგრამ სინამდვილეში როგორი სიტუაციაა? არის თუ არა პრობლემები ვლადიმერ პუტინისა და სი ძინპინის ურთიერთდამოკიდებულებაში?აში?

ქრისტოფ ვანერი:

- დიახ, ბოლო დროს ყველაფერი ისე არ არის, როგორც მოსკოვს სურს. ამერიკელები ჩინეთის ბანკებზე ზეწოლას ახდენენ და აიძულებენ იმ საბანკო ოპერაციების შეწყვეტას, რომლებიც რუსულ ფინანსებს უკავშირდება. ვაშინგტონი ჩინურ ბანკებს „მეორადი სანქციებით“ ემუქრება. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ამერიკელები შეამჩნევენ და ჩინეთის ბანკებს რუსეთთან ორმაგი დანიშნულების (სამხედრო და სამოქალაქო) პროდუქციით ვაჭრობის ხელშეწყობაში დაადანაშაულებენ, მათ სანქციებს გამოუცხადებენ. ჩინურ ბანკებს ამ სანქციების ძალიან ეშინიათ - რუსები ნაყიდი პროდუქციის ფასის გადახდას ვერ შეძლებენ. ამიტომ ბანკები თავს არიდებენ რუსულ კომპანიებთან ფინანსური ანგარიშსწორების (გადახდის) ოპერაციებს - არც დოლარებში და არც იუანებში ფულს აღარ იღებენ.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინი პეკინში ვიზიტის დროს ამ პრობლემის მოგვარებასაც შეეცდება. მის მასპინძელს სი ძინპინს, რასაკვირველია, რუსი მეგობრისათვის დახმარების გაწევა ნამდვილად შეუძლია, თუკი ის ამას მოისურვებს. საკმარისია სი ძინპინის ერთი სიტყვა და ჩინეთის ბანკები ბელადის ბრძანებას დაემორჩილებიან.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო