ფრონტის 5 მიმართულება, რომლებზეც პუტინის არმია უტევს - ომის 813-ე დღე და რთული მიმართულება უკრაინის დამცველებისთვის
რუსეთ-უკრაინის ომის 813-ე დღისთვის ფრონტის ხაზზე შექმნილი ოპერატიული მდგომარეობა ძალზე გართულებულია უკრაინული მხარისთვის, რადგან რუსეთის საოკუპაციო ძალები ფლობენ საერთო საბრძოლო ინიციატივას და შეტევებს ახორციელებენ ფრონტის არანაკლებ ხუთ მონაკვეთზე.
ფრონტის ხაზის საერთო სიგრძეს ორივე მებრძოლი მხარე თავისებურად ითვლის და ის მერყეობს 800-900 კმ-დან, თითქმის, 2 ათას კმ-მდეც კი, თუმცა აქტიური საბრძოლო მოქმედებები მთელი ფრონტის გასწვრივ ერთნაირი ინტენსივობით არ მიმდინარეობს.
ფრონტის უკიდურესი სამხრეთ-დასავლეთი მონაკვეთი იწყება მდინარე დნეპრის შავ ზღვასთან შეერთების ადგილას და მდინარეს ზემოთ აყვება ახალი კახოვკის აწ უკვე აფეთქებულ კაშხლამდე. გამომდინარე იქიდან, რომ უკრაინამ შეძლო რუსი ოკუპანტების გამოყრა ხერსონიდან და დნეპრის მარჯვენა სანაპიროდან, მათ ეხლა 500-800 მ სიგანის მდინარის კალაპოტი ჰყოფთ და ახლო საცეცხლე კონტაქტი აღარ აქვთ, მხოლოდ საარტილერიო ზალპებით „ეხმაურებიან“ ერთმანეთს.
თუმცა სოფელ კრინკთან, მდინარე დნეპრის მარცხენა სანაპიროზე, ჯერ კიდევ არსებობს უკრაინელი საზღვაო ქვეითების პლაცდარმი, რომელზეც განუწყვეტლივ ხორციელდება რუსი ოკუპანტების შეტევები და საქმე ზოგჯერ ხელჩართულ ბრძოლებამდეც კი მიდის.
კრინკში ამ პლაცდარმის შენარჩუნება უკრაინის არმიას საკმაოდ „ძვირად“ უჯდება, მუდმივი საბრძოლო დანაკარგების გამო. გამომდინარე იქიდან, რომ უახლოეს მომავალში არ არსებობს არანაირი პერსპექტივა ამ პლაცდარმის გასაფართოებლად, კრინკის პლაცდარმს სამხედრო მნიშვნელობით აზრი აქვს დაკარგული და ის, ეტყობა, უფრო კიევის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიზნებს ემსახურება, პროპაგანდის თვალსაზრისით - ხედავთ, დნეპრის მარცხენა სანაპიროზე ფეხი გვაქვს მოკიდებულიო...
ფრონტის შემდგომი მონაკვეთი ენერგოდართან - ევროპაში უდიდეს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან გადის, რომელიც ომის დაწყებიდან აქვს ოკუპირებული პუტინის არმიას და უკრაინელებმა რამდენჯერმე სცადეს იქ სამდინარო დესანტის გადასხმა, მაგრამ - უშედეგოდ.
უფრო აღმოსავლეთით კი მოდის ფრონტის ზაპოროჟიეს მონაკვეთის რაბოტინო-ვერბოვოეს უბანი, რომელიც ერთი წლის წინ ადრეულად დაანონსებული უკრაინის გენერალური კონტრშეტევის მთავარ მიმართულებად გადაიქცა, სადაც უკრაინის არმიამ მხოლოდ ოციოდე კმ-ით თუ წაიწია წინ, რაც მნიშვნელოვან მსხვერპლად დაუჯდა, არადა აზოვის ზღვის ნაპირამდე გასასვლელად კიდევ 90 კმ-ი რჩებოდა მაშინ, როდესაც უკრაინელებმა, სამწუხაროდ, ვერ შეძლეს რუსი ოკუპანტების „სუვორიკინის“ თავდაცვის მეორე და მესამე ზღუდეების გადალახვა.
დღეს პირიქით, ამ ადგილებში უკვე რუსეთის საოკუპაციო ძალები არიან კონტრშეტევაზე გადასული და რაბოტინო ხელმეორედ დაიპყრეს...
კიდევ უფრო აღმოსავლეთით რუსები უტევენ უროჟაინოესა და სტარომაირსკოეს მიმართულებით, უგლედარიდან დასავლეთით.
შემდეგ ფრონტის ხაზი ზემოთ, ჩრდილოეთისკენ მიიწევს, მას აღმოსავლეთ ფრონტს ეძახიან, სადაც ავდეევკის დაკარგვის შემდეგ რუსმა ოკუპანტებმა შეძლეს დიდ სიღრმეში შეჭრა და ფრონტის ხაზი კინაღამ ჩამოუშალეს უკრაინის დამცველებს, ოჩერეტინესთან.
კიდევ უფრო ჩრდილოეთით, უკვე დაპყრობილი ბახმუტიდან, პუტინის არმია უტევს ჩასივ-იარის მიმართულებით, რომლის დაცემა სერიოზულ პრობლემად გადაიქცევა უკრაინის გენშტაბისთვის, რადგან რუს ოკუპანტებს გზა ეხსნებათ ჯერ კონსტანტინოვკისკენ და მერე კიდევ უფრო ჩრდილოეთით, კრამატორსკისა და სლოვიანსკისკენ.
აღმოსავლეთის ფრონტის კიდევ უფრო ჩრდილოეთით, ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის საზღვარზე, კუპიანსკის ფრონტის მონაკვეთზე, რუსი სამხედროები ბოლო ორი წელია, მუდმივად უტევენ, მაგრამ რაიმე მნიშვნელოვან საბრძოლო წარმატებას ვერ მიაღწიეს, თუმცა კუპიანსკს ძალზე ახლოს „მიუჩოჩდნენ“.
უკრაინის ფრონტის მიმოხილვის დამთავრება ამით შეიძლებოდა, 10 მაისის დილას პუტინის არმიას ახალი ფრონტი რომ არ გაეხსნა უშუალოდ რუსეთ-უკრაინის საზღვრის ხარკოვი-ვოვჩანსკის მონაკვეთზე.
ამ მიმართულებიდან რუსი ოკუპანტები ჯერ კიდევ ომის დაწყებისას მიადგნენ ხარკოვს, მაგრამ შემდეგ კუდამოძუებულებს მოუწიათ უკან გაქცევა, თუმცა ეხლა, როდესაც რუსეთის საოკუპაციო ძალები ფრონტის თითქმის მთელ სიგრძეზე დაეუფლნენ საბრძოლო ინიციატივას, ხელახლა დაიწყეს უკრაინის ჩრდილოეთ ნაწილზე შეტევა.
მოკლედ, პუტინის არმია ფრონტის ხაზის არანაკლებ ხუთ მიმართულებაზე აქტიურად ახორციელებს შეტევით ოპერაციებს, ოღონდ - სხვადასხვა ტაქტიკით: ზოგან შეტევაზე მხოლოდ მცირერიცხოვანი ქვეითი ჯგუფები, ჯავშანტექნიკის მხარდაჭერის გარეშე, ფარულად მიიწევენ წინ, რათა მოულოდნელად დაადგნენ თავს სანგრებში შეყუჟულ უკრაინის დამცველებს, ზოგანაც პირიქით, რუსული ჯავშანტენიკა გადადის პირველი შეტევაზე, მათ შორის ის ტანკებიც, რომლებზეც ზედ მთელი „სარაია“ დაადუღეს კამიკაძე-დრონებისგან თავდასაცავად...
უახლოეს დღეებსა და კვირებში მოსალოდნელია რუსეთის საოკუპაციო ძალების კიდევ უფრო გააქტიურება - პუტინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს საკადრო წმენდა დაიწყო, შოიგუს მოხსნისა და მისი მოადგილეების დაჭერით და კრემლს ეხლა სასწრაფოდ სჭირდება ახალი საბრძოლო წარმატებები ფრონტის ხაზზე, რათა დაამტკიცოს, რომ სწორ საკადრო პოლიტიკას ატარებს თავის თავდაცვის უწყებაში...