ვინ იყო პიტერ აკერმანი და რატომ ჩნდება მისი აჩრდილი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში? - კვირის პალიტრა

ვინ იყო პიტერ აკერმანი და რატომ ჩნდება მისი აჩრდილი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში?

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღებას საქართველოში წინ უძღოდა მრავალდღიანი შეუჩერებელი პროტესტი, რომელიც ამ დრომდე გრძელდება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აქციების დაწყების პირველივე დღიდან საპროტესტო სცენარის უკან აკერმანის გეგმას მოიაზრებენ, რომლითაც თითქოს ხელმძღვანელობს ოპოზიცია. შესაბამისად, სატელევიზო გამოსვლებში ხშირად ისმის „აკერმანის კლასიკა“, „აკერმანის გეგმა“, „აკერმანის სახელმძღვანელო“.

ვინ იყო პიტერ აკერმანი და რატომ ჩნდება მისი აჩრდილი ქართულ პოლიტიკურ დღის წესრიგში? რატომ უკავშირებენ მმართველი გუნდის წევრები ოპოზიციისა და აქციის მონაწილეების განზრახვებს აკერმანის სახელმძღვანელოს?

ვიდრე აკერმანისა და ქართველი ოპოზიციონერების ბაკურიანში 2022 წლის აპრილის შეხვედრას გავიხსენებთ, უნდა აღინიშნოს, ვინ იყო პიტერ აკერმანი და რით არის ის ცნობილი.

ამერიკელი ბიზნესმენი პიტერ აკერმანი 1946 წლის 6 ნოემბერს დაიბადა ნიუ-იორკში. მან პოლიტიკური მეცნიერების ბაკალავრის განათლება კოლგეიტის უნივერსიტეტში მიიღო.

უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ იგი მოეწყო ტაფტსის უნივერსიტეტის ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლაში, სადაც მოიპოვა საერთაშორისო ურთიერთობების დოქტორის ხარისხი. აკერმანმა დისერტაცია დაიცვა თემაზე - „არაძალადობრივი წინააღმდეგობის მოძრაობების სტრატეგიული ასპექტები". 1973 წელს აკერმანი შეუერთდა საინვესტიციო ბანკ Drexel Burnham Lambert-ს. 1978 წლიდან 1990 წლამდე აკერმანი იყო საერთაშორისო კაპიტალის ბაზრების Drexel-ის დირექტორი მანამ, ვიდრე კომპანია არ გაკოტრდა. იქ ყოფნისას აკერმანმა გამოიმუშავა 300 მილიონზე მეტი დოლარი. 1988 წელს აკერმანი მეორე ადამიანი იყო, რომელმაც 1988 წელს მიიღო ყველაზე მაღალი ხელფასი, 165 მილიონი დოლარი, უოლ სტრიტის ისტორიაში. Drexel-ის დატოვების შემდეგ აკერმანმა დააარსა რამდენიმე კომპანია, მათ შორის - Safari Acquisition-ის, ასევე, ჰქონდა მცდელობა, Metro-Goldwyn-Mayer-ზე დაემყარებინა კონტროლი. მისი ძირითადი საინვესტიციო ფირმებია Rockport Capital-ი და Crown Capital-ი. 2002 წელს აკერმანმა დააარსა ონლაინსასურსათო სერვისი FreshDirect.

პიტერ აკერმანი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ რამდენიმე ფილმის გადაღებაშიც მონაწილეობდა, როგორც კონსულტანტი და პროდიუსერი. ერთ-ერთი ასეთი ფილმი იყო Emmy- ზე ნომინირებული დოკუმენტური ფილმი "ძალაზე მეტი", რომელიც 1999 წელს გამოვიდა და მასში მოთხრობილია არაძალადობრივი ბრძოლების 6 ისტორია (ინდოეთის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა ბრიტანეთის მმართველობის წინააღმდეგ, 1930-იან წლებში; აშშ-ის სამოქალაქო უფლებების მოძრაობა, 1960-იან წლებში; აპარტეიდის წინააღმდეგ ბრძოლა სამხრეთ აფრიკაში, 1980-იანი წლების შუა ხანებში; დანიის წინააღმდეგობა ნაცისტური ოკუპაციის წინააღმდეგ, 1940-იანი წლების დასაწყისში; ჩილელი მუშების ბრძოლა გენერალ ავგუსტო პინოჩეტის მმართველობის წინააღმდეგ, 1980-იან წლებში; პოლონური მოძრაობა „სოლიდარობა“ პროფკავშირების დამოუკიდებლობისთვის და დემოკრატიული უფლებები, 1980-იან წლებში).

გარდა პოლიტიკური და ბიზნესსაქმიანობისა, პიტერ აკერმანი პოპულარული გახდა იმ სახელმძღვანელოთი, რომელიც ტირანიის დასრულებისთვის აუცილებელ მეთოდებს კარნახობს მკითხველს.

აკერმანის ცნობილი წიგნი The Checklist to End Tyranny 2021 წელს გამოიცა და ეხება იმას, თუ როგორ უნდა გახდნენ დისიდენტები სტრატეგიულად მოაზროვნეები და, შესაბამისად, უფრო ოსტატურად მიაღწიონ დასახულ მიზანს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებისთვის.

წარმატებული ბიზნესმენი, უფლებადამცველი და მკვლევარი, „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრის“ (ICNC) დამფუძნებელი, 75 წლის პიტერ აკერმანი საქართველოში პირველად და უკანასკნელად 2022 წლის აპრილში ჩამოვიდა.

რამდენიმე დღის განმავლობაში მან გამართა სემინარი ბაკურიანში - არაძალადობრივი სამოქალაქო წინააღმდეგობის შესახებ, დაესწრო თავისი სახელგანთქმული წიგნის (The Checklist to End Tyranny) პრეზენტაციას და ამერიკაში უკან დაბრუნებული, სულ რაღაც 3 კვირაში, 26 აპრილს, გულის შეტევით გარდაიცვალა.

„ის იყო მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ავტორიტეტი არაძალადობრივი კონფლიქტების საკითხებში“, - წერდა სამგლოვიარო წერილში IREX-ი.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ოპოზიციასთან აკერმანის შეხვედრას „რევოლუციური გეგმების“ განხილვა უწოდა.

საქართველოში აკერმანის ვიზიტის შემდეგ "ქართული ოცნების" წარმომადგენლები ოპოზიციური პარტიების სამოქმედო გეგმაში მუდმივად უსვამენ ხაზს, რომ მათი სამოქმედო სცენარი აკერმანიის იდეებით არის გაჯერებული. მსგავსი შინაარსის განცახადებებს "ქართული ოცნების" წარმომადგენლები 2022 წლის შემდეგ ხშირად იმეორებენ.

"დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ გეგმით. ეს გეგმაა აკერმანის სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ.

მათი რეალური გეგმა არის ის, რაც აკერმანმა უანდერძა, რომ რამენაირად საქართველოში რევოლუცია მოხდეს",- აცხადებდა 2022 წელს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.

"ჩამოიყვანეს ცნობილი რევოლუციონერი, რევოლუციის დამფინანსებელი და იდეოლოგი, ასე ვთქვათ, ბატონი აკერმანი, რომელიც ჩამოვიდა ღიად და საჯაროდ, რათა მოემზადებინა ჩვენი დესტრუქციული მეხუთე კოლონა, რომ მოეწყოთ მშვიდობიანი რევოლუცია, მშვიდობიანი გადატრიალება ქვეყანაში. ამ კაცს რა მოუვიდა, ეს ცალკე თემაა, მოკვდა ის კაცი. პატრონი მოუკვდათ დესტრუქციულ ძალებს" , - ასე აფასებდა აკერმანის საქართველოში სტუმრობას იმ დროს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

2022 წლიდან მოყოლებული, მმართველი პარტიის რიტორიკა ოპოზიციის მისამართით ამ კუთხით არ შეცვლილა და დღესაც მათ ქმედებებს აკერმანის მეთოდებთან აკავშირებს.

"აკერმანის სახელმძღვანელოს როდესაც ვახსენებდით, ზოგი ირონიით უყურებდა ამ საკითხს. დღეს პირდაპირ ვხედავთ, რომ ამ სახელმძღვანელოდან მიჰყვებიან სცენარს, დგამენ სხვადასხვა სახის სცენებს, რათა შექმნან ვიზუალი და გაიტანონ გარეთ, საერთაშორისო აქტორებს დადგმული სცენები თვალწინ დაუდონ" , - განაცხადა რამდენიმე დღის წინ შალვა პაპუაშვილმა.

"დღეს თუ ვინმეს აწყობს ძალადობა, დაპირისპირება, ეს არის ოპოზიცია და რადიკალები, რომლებიც მოქმედებენ გეგმით. ეს გეგმაა აკერმანის სახელმძღვანელო, რომელშიც პირდაპირ წერია, როგორ უნდა იმოქმედონ და რა ღონისძიებები უნდა გაატარონ", - აცხადებს კახი კალაძე.

საინტერესოა, რა წერია აკერმანის სახელმძღვანელოში The Checklist to End Tyranny ("საკონტროლო სია ტირანიის დასასრულებლად")?

აღნიშნული სახელმძღვანელო 6 თავითაა წარმოდგენილი: შესავალი - სამოქალაქო როლის განვითარება ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში; როგორ დავძლიოთ შიში და დაბნეულობა? - 5 იდეა, რომელიც აუცილებლად უნდა იცოდეს დისიდენტმა; როგორ ქმნიან დისიდენტები შესაძლებლობებს; როგორ წყვეტენ, მართავენ დისიდენტები კონფლიქტს; როგორ მოიპოვებენ დისიდენტები თავდაჯერებულობას; ისტორიული არჩევანი.

პირველ თავში, სადაც საუბარია სამოქალაქო როლის განვითარებაზე, ტირანიის წინააღმდეგ ბრძოლაში, პიტერ აკერმანი წერს იმაზე, თუ რატომ განაგრძობენ ტირანები მმართველობას. მისი აზრით, ტირანები ინარჩუნებენ პოზიციას იმიტომ, რომ მათ აქვთ მონოპოლია ძალის გამოყენებაზე. ტირანია გრძელდება მანამ, სანამ მოქალაქეები არ გააცნობიერებენ, თუ როგორ შეუძლიათ მათ ძალადობის გარეშე შეასუსტონ სისტემა, რომელსაც ეყრდნობა ტირანია და დაათმობინონ მას ძალაუფლება.

ადამიანთა ჩაგრული ჯგუფები, რომლებიც ტირანიის წინააღდეგ იყენებენ ისეთ არაძალადობრივ მეთოდებს, როგორიცაა გართობა, გაფიცვები, ბოიკოტები, მასობრივი პროტესტი და საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის სხვა ფორმები, ყველაზე ხშირად გათავისუფლების ძლიერ მამოძრავებელ ძალად გვევლინება. კანონმდებლები, მეცნიერები, ჟურნალისტები თუ სხვა დაინტერესებული პირები მუდმივად აფასებენ, თუ როგორ და რამდენად შეუძლიათ ტირანებს დაეყრდნონ ძალადობას, მოსახლეობის მანიპულირების მიზნით. ისინი არ აფასებენ მოქალაქეების შესაძლებლობებს, რომლებსაც შეუძლიათ ტირანიის დასუსტება, უფლებების სტრატეგიული გზით მოპოვება და არაძალადობრივი მეთოდების ლოგიკურად გამოყენება. აკერმანს ამავე თავში მოჰყავს ჯინ შარპის მეთოდები, რომელმაც მთელი ცხოვრება არაძალადობრივი ბრძოლის მეთოდების შესწავლას მიუძღვნა.

შარპის მტკიცებით მის მიერ შემოთავაზებული 11 მეთოდი საზიანოა ტირანიისთვის, რომ შეინარჩუნოს კონტროლი:

  • ჯგუფური და მასობრივი პეტიციები; .
  • დემონსტრანტების პროტესტი და მხარდაჭერა;
  • სოციალური ინსტიტუტებიდან გამოსვლა;
  • მომხმარებელთა ბოიკოტი გარკვეული საქონლისა და მომსახურების მიმართ;
  • მიზანმიმართული არაეფექტიანი მუშაობა და შერჩევითი უარი აღმასრულებელ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე;
  • მწარმოებლების ბოიკოტი;
  • უარის თქმა ჰონორარებისა და გადასახადების გადახდაზე;
  • გაფიცვები ( გაფიცვა სამსახურების მიხედვით, სამუშაოების ეტაპობრივად შეჩერება);
  • სამუშაოს შეწყვეტა ეკონომიკური მიზეზის გამო (როდესაც დასაქმებულები და დამსაქმებლები ერთდროულად წყვეტენ სამუშაოს).
  • მჯდომარე აქცია (სამუშაო ადგილის დატოვებაზე უარის თქმა);
  • ადმინისტრაციული სისტემის გადატვირთვა.

სახელმძღვანელოს მეორე თავში პიტერ აკერმანი აჟღერებს იმ ხუთ იდეას, რომელიც მისი შეხედულებით, აუცილებლად უნდა იცოდნენ დისიდენტებმა:

  1. დისიდენტებმა იმედი უნდა იპოვონ ისტორიულ ფაქტებში, რომ ისინი მიდიან იმ გზით, რომელიც ბევრმა გაირა მანამდე და ბევრიც გაივლის მომავალში;
  2. დისიდენტებმა უნდა გააცნობიერონ, რომ არ არსებობს კონფლიქტში ისეთი გარემოებები, რაც წინასწარ გაწირავს მათ წარუმატებლობისთვის;
  3. ძალადობრივ ტაქტიკაზე დაფუძნებულ სტრატეგიებს წარმატების დაბალი შანსი აქვთ, რადგან მათი გზა გამარჯვებისკენ შეზღუდული რაოდენობისაა. ძალადობრივი ტაქტიკის უარყოფა და არაძალადობრივი დისციპლინის შენარჩუნება ქმნის გამარჯვების მეტ შესაძლებლობას;
  4. სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანია არის ყველაზე ეფექტიანი მამომძრავებელი ძალა დემოკრატიისთვის;
  5. ყველაზე მთავარი, რაც დისიდენტებს შეუძლიათ თავიანთი შანსების გასაუმჯობესებლად და წარმატებისთვის გააკეთონ, არის ის, რომ განავითარონ ორგანიზებისთვის აუცილებელი უნარები, შეძლონ მობილიზება და წინააღმდეგობის გაწევა ავტორიტარული ოპონენტებისთვის.

    საკონტროლო სია, როგორ გავიმარჯვოთ ტირანიაზე,

    როგორ შევქმნათ პოტენციური შესაძლებლობები

    1. ერთიანდება თუ არა სამოქალაქო წინაღმდეგობის კამპანია მიზნების, ლიდერებისა და გამარჯვების სტრატეგიის ირგვლივ?

    2. ამრავალფეროვნებს თუ არა სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანია მისი ტაქტიკის ვარიანტებს, არაძალადობრივი დისციპლინის შენარჩუნებისას?

    3. არის თუ არა სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანიის თანმიმდევრული ტაქტიკა იმასთვის, რომ მიაღწიოს წესრიგის მაქსიმალურად დარღვევას მინიმალური რისკით?

    4. პოულობს თუ არა სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანია ახალ შესაძლებლობებს გარემხარდაჭერის გასაზრდელად?

    როგორ წყვეტენ, მართავენ დისიდენტები კონფლიქტს

    1. გაიზრდება თუ არა მოქალაქეთა რაოდენობა და მრავალფეროვნება ტირანიის წინააღმდეგ?

    2. შეიძლება შესუსტდეს ტირანის რწმენა ძალადობრივი რეპრესიების ეფექტიანობაზე?

    3. შესაძლებელია თუ არა გაიზარდოს რაოდენობა პოტენციური დეზერტირების, ტირანის მხარდამჭერებს შორის?

    4. შესაძლებელია თუ არა, რომ პოლიტიკური წესრიგი პოსტკონფლიქტურ პერიოდში დამყარდეს დემოკრატიულ ღირებულებებზე?

    აკერმანის აზრით, ზემოთ ჩამოთვლილი კითხვები მოითხოვს კონკრეტულ პასუხებს და ეფუძნება იმ ინფორმაციას, რომელზეც ხელი მიუწვდებათ დისიდენტებს. კონფლიქტის სპეციფიკიდან გამომდინარე, რვავე კითხვა ერთნაირად მნიშვნელოვანი იქნება მოცემულ პერიოდში და მნიშვნელოვანია კითხვებზე პასუხის გაცემა.

"კითხვები მაქსიმალურად დაგეხმარებათ, სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანიის გამარჯვების ალბათობა გაზარდოთ. ისინი გულდასმით უნდა განიხილონ დისიდენტებმა და პროდემოკრატიული ორგანიზაციების ჯგუფების აქტივისტებმა. მოცემულ კითხვებზე პასუხები ხელს შეუწყობს ისეთი დევიზის ფორმულირებას, რომლის გარშემოც მილიონობით ადამიანის მობილიზება შეიძლება".

როგორც აკერმანი თავის წიგნში აღნიშნავს, ერთიანობა არის სამოქალაქო წინააღმდეგობის წარმატების გასაღები.

"მსოფლიო ისტორიაში ტირანიის რეჟიმის პრინციპად გვევლინება „გათიშე და იბატონე“, ასეთი რეჟიმით დაავადებული საზოგადოება აუცილებლად იქნება გაყოფილი. ერთიანობის გზების პოვნის საკითხი განსაზღვრავს იმ მომენტს, როდესაც სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანია შეძლებს, აიძულოს რეჟიმი, იყოს თავდაცვით პოზიციაში" , - წერს აკერმანი და დასძენს, რომ ერთობა სამოქალაქო წინააღმდეგობის კამპანიების კონტექსტში მოიცავს სამ ასპექტს:

  • მისწრაფებებს;
  • ლიდერობას;
  • სტრატეგიას.

იმპულსის შესანარჩუნებლად დისიდენტებმა უპირატესობა უნდა მიანიჭონ ისეთ მეთოდებს, როგორიცაა: ისეთი სოციალური მოვლენების დესტაბილიზაცია, რომლებზეც რეჟიმი ყველაზე მეტად არის დამოკიდებული; შეასუსტოს რეპრესიებსა და მორჩილებას შორის კავშირები, რომელსაც ეყრდნობა რეჟიმი, წესრიგის შესანარჩუნებლად.

აკერმანი თავის ნაშრომში ასახელებს იმ 10 მიზეზს, რომლის გამოც ადამიანები ემორჩილებიან რეპრესიულ რეჟიმს:

  • დასჯის შიში
  • მიჩვევა
  • მორალური ვალდებულება
  • პირადი ინტერესი
  • ფსიქოლოგიურ დონეზე საკუთარი თავის იდენტიფიცირება მმართველთან (ხალხი გრძნობს ნათესაურ კავშირს მათთან, უსაზღვროდ ენდობა მათ, სჯერა, რომ რაც კარგია მათი მმართველისთვის, კარგია მათი ეთნიკური ჯგუფისა თუ ერისთვისაც)
  • ინდიფერენტულობა და აპათია
  • თავდაუჯერებლობა
  • იგნორირება
  • კონფორმიზმი
  • საზოგადოებასთან მიკუთვნებულობის გრძნობა

სახელმძღვანელოში პიტერ აკერმანი დეტალურად თვლის წინააღმდეგობრივი აქციების მხარდაჭერის ფორმებს, რომელთა შორისაა: საგარეო მხარდაჭერა, ფინანსური მხარდაჭერა, მორალური/სიმბოლური მხარდაჭერა, ტექნიკური მხარდაჭერა, ტრენინგები (თუ როგორ განვითარდნენ ლიდერები, როგორ უნდა მოხდეს ორგანიზაციული პოტენციალის ზრდა, აქციის მონაწილეების მომზადება იურიდიული და სამედიცინო კუთხით), არაძალადობრივი მოძრაობის დაცვა/შენარჩუნება, სანქციები რეჟიმის წინააღმდეგ, უსაფრთხო კორიდორის შექმნა (თავშესაფრის მიცემა, ამნისტია ან სხვა ფორმის შეთავაზება მმართველი ელიტის წარმომადგენლებისთვის, რომ დაემორჩილონ წინააღმდეგობრივ კამპანიას ან დატოვონ ქვეყანა), რეპრესიების შემსუბუქება/პრევენცია, მხარდაჭერაზე უარის თქმა (მთავრობის მატერიალურ მხარდაჭერაზე უარის თქმა).

სამოქალაქო წინააღმდეგობის დამხმარედ წიგნის ავტორი მიიჩნევს: საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებს, დიასპორას, უნივერსიტეტებსა და სტუდენტურ ჯგუფებს, ტრანსნაციონალური სოლიდარობის ქსელებს, ინდივიდუალურ მონაწილეობას (მაგ. ნობელის მშვიდობის ლაურეატები, ცნობილი უფლებადამცველები თუ ფინანსისტები, ამ კატეგორიაში არ შედიან პირები, რომლებიც მოქმედებენ ორგანიზებული ჯგუფის სახელით), საერთაშორისო სამთავრობათაშორისო ორგანიზაციებს, კორპორაციებს ( კომპანიები და ფირმები), სხვა ქვეყნების მთავრობებს, ტრანსნაციონალურ შრომით ორგანიზაციებს, კავშირებს; მედიაორგანიზაციებს, ადგილობრივ მედიებს (მედიასაშუალებები, რომლებიც აშუქებენ საპროტესტო მოძრაობებს), ოპოზიციურ პარტიებს, აქტივისტებს, მხარდამჭერების იმ კატეგორიებს, რომელთა მხარდაჭერის შესახებ არ იციან საპროტეტო მოძრაობის წევრებმა და სხვ.

პიტერ აკერმანი აკეთებს დასკვნას, რომ ყველაზე მომაკვდინებელი კონფლიქტები ხდება არა სახელმწიფოებს შორის, არამედ შიგნით, როცა ტირანები უპირისპირდებიან ჩაგრულებს და მოსახლეობას. საუკუნეზე მეტია, არსებობს სადემონსტრაციო მონაცემები, რომ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგობრივი კამპანია ბოიკოტებით, გაფიცვებით, მასობრივი პროტესტითა და სხვა მრავალი არაძალადობრივი მეთოდით ყველაზე ძლიერი საშუალებაა ავტორიტარულ რეჟიმებთან დასაპირისპირებლად.

რუსკა კილასონია

(სპეციალურად საიტისთვის)