"ქუჩაში მიმავალ დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა" - რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"ქუჩაში მიმავალ დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა" - რა დეტალები ხდება ცნობილი გარდაბანში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?

16 მაისს ქალაქ გარდაბანში უმძიმესი ფაქტი მოხდა. არსებული ინფორმაციით, ძმამ და მოკლა. ის ქუჩაში მიმავალ დას ჯერ მანქანით დაეჯახა, შემდეგ კი დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ამ შემზარავი ფაქტის შემდეგ დამნაშავემ შემთხვევის ადგილი დატოვა.

როგორც ამბობენ, გარდაცვლილი 22 წლის ახალგაზრდაა, მას ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა. ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. თუ რატომ გაიმეტა ასე სასტიკად საკუთარი და ძმამ მოსაკლავად, ამაზე ჯერჯერობით არ საუბრობენ.

ჩვენ დავუკავშირდიით ქალაქ გარდაბნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელს, ბატონ კოლია ონიანს.

"გარდაბანში მოხდა ეს ამბავი. ზუსტად რა მოხდა, არაფერი არ ვიცი ჯერჯერობით. რაიონში მოხდა, ეროვნებით აზერბაიჯანელები არიან. არ ვიცი რატომ მივიდა საქმე აქამდე, რისი გულისთვის მოკლა ძმამ. ჯერ მანქანით დაეჯახა თურმე, რომ მოუკლავს მერე თვითონ გაქცეულა. როგორც ვიცი, უკვე დააკავეს დამნაშავე, ალბათ იტყვის ახლა რატომ ჩაიდინა ეს დანაშაული და გაირკვევა განზრახ მკვლელობა იყო თუ რა მოხდა რეალურად. როგორც ვიცი, ისინი ერთ სახლში არ ცხოვრობდნენ. მეტ ინფორმაციას არ ვფლობ ჯერჯერობით, ფაქტი ახალი მომხდარია და ჯერ დეტალები არ ვიცი. ქუჩაში მოხდა, ეტყობა მიდიოდა და და ის დაეჯახა მანქანითო. გაირკვევა ყველაფერი",-ამბობს ჩვენთან საუბარში მერის წარმომადგენელი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებებში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2001 წელს დაბადებული ნ.ი. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული გარდაბანში, თავისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილით განზრახ დაეჯახა დას, 1995 წელს დაბადებულ შ.ი. - ს, რის შემდეგაც მას დანის გამოყენებით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად შ.ი. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ნ.ი. ბრალდებულის სახით, ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს", - ნათქვამია შსს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.