კილერი პრეზიდენტებისა და პრემიერებისთვის - პირადი დაცვის ჩავარდნა, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის ბედი შეცვალოს - კვირის პალიტრა

კილერი პრეზიდენტებისა და პრემიერებისთვის - პირადი დაცვის ჩავარდნა, რომელმაც შესაძლოა, ქვეყნის ბედი შეცვალოს

სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრ რობერტ ფიცოზე 15 მაისს განხორციელებულმა თავდასხმამ მსოფლიო „ტოპ ნიუსებში“ დაჩრდილა ღაზაში მიმდინარე ომი, პუტინის „საკადრო თამაშები“ და თვით მრავალათასიანი უწყვეტი საპროტესტო გამოსვლები საქართველოში.

ნებისმიერი ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირებისა და მათი ოჯახის წევრების დაცვა კანონმდებლობით მკაცრად განსაზღვრული პროცესია და როგორც წესი, ამ საქმეში მოულოდნელობები და სიურპრიზები არასასურველია. თუ დაცვის სამსახურს ექსპრომტად უხდება გადაწყვეტილების მიღება, ეს მისი სისუსტის მაჩვენებელი უფროა, ვიდრე სიძლიერის. ამ სფეროში მოქმედებს მრავალი დაწერილი თუ დაუწერელი კანონი, რომელსაც უკვე ათწლეულების ტრადიცია აქვს. განვლილ პერიოდში სხვადასხვა ქვეყანაში საკუთარი ხელწერის, ერთგვარი, "სახელმწიფო მოხელეთა დაცვის სკოლებიც" კი შეიქმნა. ამ დროს კონკრეტული ქვეყნის კულტურა, ტრადიციები, მენტალიტეტი და ა.შ. წარუშლელ კვალს ტოვებს დასაცავი პერსონების („ობიექტების“) ქცევაზე და, აქედან გამომდინარე, დაცვითი ღონისძიებების სტრატეგიასა და ტაქტიკაზე.

თუ პირად დაცვას დასაცავი ობიექტისთვის სიცოცხლის გაწირვა დასჭირდა, ეს ნიშნავს, რომ ცუდად იმუშავეს სახელმწიფო თუ კერძო დაცვის სამსახურის სხვა სტრუქტურულმა დანაყოფებმა: ოპერატიულმა, ანალიტიკურმა, სპეციალური კავშირის, ელექტროსიგნალების ჩახშობის და ა.შ. ამიტომ დაცვის სამსახურის (სახელმწიფო იქნება თუ კერძო სტრუქტურა) ეფექტიანობა კომპეტენტური, თავდადებული და ერთგული ხალხის ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის შედეგია. სახელმწიფოს პირველი პირების სიცოცხლე ყოველთვის და ყველგან მუდმივ საფრთხეშია. პრეზიდენტზე თუ პრემიერ-მინისტრზე თავდასხმა შეიძლება მოაწყონ პოლიტიკურმა მოწინააღმდეგეებმა და რელიგიურმა ფანატიკოსებმა, ადგილობრივმა ნაციონალ-ორთოდოქსებმა, სხვა ქვეყნის სპეცსამსახურებმა, კრიმინალურმა სამყარომ და ა.შ. სამწუხაროდ, მსოფლიოს უახლეს ისტორიას ზემოჩამოთვლილი ყველა სახის თავდასხმა ახსოვს. უმრავლესობა ლეტალური შედეგით დასრულდა, რა იყო ამის მიზეზი, დაცვის სამსახურის შეცდომა თუ ბედისწერა?

აშშ-ის მე-16 პრეზიდენტი, აბრაამ ლინკოლნი 1865 წლის 14 აპრილს თეატრში რევოლვერიდან გასროლით მოკლა მსახიობმა ჯონ ბუტმა. პრეზიდენტის გვერდით მხოლოდ ერთი სამხედრო პიროვნება - მაიორი ჰენრი რეტბოუნი იმყოფებოდა, რომელსაც პირადი მცველის მოვალეობების არაფერი გაეგებოდა. საინტერესოა, რომ თავდასხმის დღეს პრეზიდენტი ლინკოლნი თავად ესტუმრა სამხედრო სამინისტროს

picture6-1715927811.jpg

ნახატზე ასახულია ჯონ ბუტის თავდასხმა პრეზიდენტ ლინკოლნზე. მარცხნივ ჰენრი რეტბოუნი დგას

და დაცვის გაძლიერება მოითხოვა, თუმცა... უარი უთხრეს. იმ პერიოდში აშშ-ში არ არსებობდა ცალკე სახელმწიფო დაცვის სტრუქტურა. ლინკოლნის მკვლელობის შემდეგ, მალევე, 1865 წლის 5 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურაში (?!) ამ მიზნით შეიქმნა "საიდუმლო სამსახური". მიუხედავად ამისა, აშშ-ის პრეზიდენტებზე თავდასხმები კვლავ გაგრძელდა. 1881 წლის 2 ივნისს ვაშინგტონის რკინიგზის სადგურზე სასიკვდილოდ დაჭრეს პრეზიდენტი გარფილდი, რომელიც მალევე გარდაიცვალა. 1901 წლის 6 სექტემბერს პირადი მცველებით გარშემორტყმულ პრეზიდენტ მაქკინლის პოლონელი ანარქისტი ლეონ ჟოლგოში მიუახლოვდა და რამდენჯერმე ესროლა. პრეზიდენტის დაცვამ ვერ შეძლო მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფა და სიცოცხლის გადარჩენა.

1963 წლის 22 ნოემბერს დალასში, ალბათ, ერთ-ერთი, ყველაზე იდუმალებით მოსილი მკვლელობა მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის კონსტიტუცია ყველა პრეზიდენტისგან მკაცრად მოითხოვს დაცვის სამსახურის ინსტრუქციების

picture5-1715927811.jpg

აუცილებელ შესრულებას, იმ დღეს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ კენედი არ დაემორჩილა მათ მოთხოვნებს და ღია ლიმუზინიდან მოინდომა დალასელებთან მისალმება. პრეზიდენტის მარშრუტი ქალაქის ქუჩებში გადიოდა და კორტეჟს 20 000-ზე მეტი ფანჯრის წინ უნდა გაევლო. პოტენციური საფრთხე სახეზე იყო. პრეზიდენტის დაცვამ ავტომობილის ტენტით გადაფარვა ითხოვა, მაგრამ კენედიმ ამაზეც უარი განაცხადა. ალბათ, ბედისწერაა, თორემ აშშ-ის ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი მაშინ გადარჩებოდა. თუმცა დაცვის სამსახურსაც მეტი სიმტკიცე უნდა გამოეჩინა. სახემწიფო დაცვის სამსახურის ფატალურ შეცდომებს შეეწირა ეგვიპტის პრეზიდენტის, ანვარ სადათისა და ისრაელის პრემიერ-მინისტრის, იცჰაკ რაბინის სიცოცხლეც.

picture4-1715927811.jpg

თავდასხმა ანვარ სადათზე

1981 წლის 6 ოქტომბერს, დილის 11 საათზე ეგვიპტის პრეზიდენტი სამხედრო აღლუმს იბარებდა. სამხედროების საზეიმო სვლა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც სამთავრობო ტრიბუნის წინ მოულოდნელად სამხედრო სატვირთო ავტომობილი შეჩერდა, საიდანაც რამდენიმე შეიარაღებული სამხედროფორმიანი გადმოხტა და ტრიბუნისკენ გაიქცა. ერთ-ერთმა მათგანმა "კალაშნიკოვის" ავტომატიდან ტრიბუნას ცეცხლი გაუხსნა, სხვებმა კი ხელყუმბარები ისროლეს. სადათი, რომელსაც ჯავშანჟილეტი არ ეცვა, სასიკვდილოდ დაიჭრა და რამდენიმე საათში გარდაიცვალა. პრეზიდენტის დაცვა იმდენად იყო დაბნეული, რომ ვერ შეძლო დასაცავი ობიექტის უსაფრთხოების უზრუნველყოფა.

არანაკლები დანაშაულებრივი დაუდევრობა გამოიჩინეს საქვეყნოდ ცნობილმა ისრაელის სპეცსამსახურებმა, კერძოდ კი - "შაბაქმა" (კონტრდაზვერვა).

1995 წლის 4 ნოემბერს ისრაელის პრემიერ-მინისტრი იცჰაკ რაბინი თელ-ავივში

picture3-1715927811.jpg

მკვლელი ისრაელის პრემიერ-მინისტრ იცჰაკ რაბინს ზურგიდან მიუახლოვდა

გამართული მიტინგის დამთავრების შემდეგ ავტომობილისკენ წავიდა, დაცვამ კარი გაუღო, რაბინის ირგვლივ 7-8 მცველი იდგა და მაინც ფანატიკოსმა ორთოდოქსმა ებრაელმა იგალ ამირმა მოახერხა და პრემიერ-მინისტრს ზურგში ორჯერ ესროლა. ინდოეთის პრემიერ-მინისტრი ინდირა განდი 1984 წლის 31 ოქტომბერს საკუთარი დაცვის წევრებმა: ბეანთ სინგჰმა (რომელიც ათი წელი მსახურობდა პრემიერ-მინისტრის დაცვაში) და სავნათ სინგჰმა მოკლეს. ინდოეთის ახალი პრემიერ-მინისტრი რაჯივ განდი გახდა, რომელმაც უსაფრთხოების მიზნით პირადი დაცვის ყველა წევრი შეცვალა და ერთგული ხალხი სადესანტო-მოიერიშე საჯარისო ნაწილებიდან შეარჩია. თუმცა ვერც ამან უშველა: დედის მსგავსად რაჯივ განდიც ტერორისტის მსხვერპლი გახდა. ის 1991 წლის 21 მაისს მოკლეს ტერორისტული ორგანიზაცია "თამილელი ვეფხვების" "ბოევიკებმა": მოსახლეობასთან ერთ-ერთი შეხვედრის დროს რაჯივ განდის ყვავილებით ხელდამშვენებული ახალგაზრდა

picture2-1715927811.jpg

რაჯივ განდის უკანასკნელი წუთები

სიმპათიური ქალი მიუახლოვდა. პრემიერ-მინისტრის პირადმა დაცვამ მიუტევებელი შეცდომა დაუშვა და ქალს დასაცავ ობიექტთან ახლოს მისვლის საშუალება მისცა. ამ ქალს კი თურმე "შაჰიდის ქამარი" ეკეთა. ახალგაზრდა ტერორსტმა თავიც აიფეთქა და რაჯივ განდიც იმსხვერპლა. მაშინ გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 14-ს მიაღწია.

პაკისტანის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, შემდგომ კი ოპოზიციის ლიდერი ბენაზირ ბჰუტოც ტერორისტების მსხვერპლი გახდა. მასზე თავდასხმა 2007 წლის 27 დეკემბერს გამხორციელდა. ტერორისტმა ჯერ რამდენჯერმე ესროლა და მძიმედ დაჭრა ბჰუტო, ხოლო შემდეგ კი - თავი აიფეთქა. გარდაიცვალა 20 ადამიანი - დაცვისა და პოლიციის თანამშრომლები. მიუხედავად თავდასხმის მუდმივი მოლოდინისა, პოლიტიკოსის პირადი დაცვა ამ შეთხვევაშიც უძლური აღმოჩნდა.

რობერტ ფიცო მის მიერვე შექმნილი მემარცხენე –პოპულისტური პარტიის „კურსი - სოციალ დემოკრატია“ ლიდერია და „დიდ პოლიტიკაში“ ოც წელზე მეტია, რაც მოღვაწეობს. 2023 წლის შემოდგომაზე ის მეოთხედ გახდა სლოვაკეთის პრემიერ მინისტრი. მან ეს პოსტი პირველად 2006 წელს დაიკავა. ამ პარტიის აშკარა პოპულისტური მიზნებიდან გამომდინარე რობერტ ფიცო არ ერიდებოდა „ხალხში

picture1-1715927811.jpg

თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე რობერტ ფიცო ადგილობრივ მოსახლეობას ესაუბრება. მსროლელიც მათ შორისაა, მაგრამ სად არის პრემიერ–მინისტრის პირადი დაცვა?

გასვლას“ და მოსახლეობასთან პირად კონტაქტს. ეს გარემოება გაითვალისწინა თავდამსხმელმა, სამაგიეროდ პრემიერ–მინისტრის პირად დაცვას „ჩაეძინა“. სლოვაკეთის სპეცსამსახურების, უპირველესად სამთავრობო დაცვის დანაყოფის, მძიმე შეცდომებიც სახეზეა: მათ ჯერ თავდასხმა გამოეპარათ, შემდეგ კი ოთხი გასროლის საშუალება მისცეს დამნაშავეს . სამწუხაროდ კიდევ ერთხელ გამართლდა პროფესიონალების შეხედულება: ასი პროცენტით არც ერთი სახელმწიფო მეთაურის უსაფრთხოება არა არის გარანტირებული. დრონებისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში თავდასხმის იარაღად მამა–პაპური თოფის გამოყენება დანაშაულის ადგილზე დაკავებულის, 71 წლის სლოვაკი ლიტერატორის, იურაი ცინტულას მძიმე ემოციურ მდგომარეობაზე მეტყველებს. სლოვაკეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, მატუშ შუტაი ეშტოკის განცხადებით პრემიერ-მინისტრზე თავდასხმისთვის დაკავებული „მარტოხელა მგელი“ იყო და არცერთ პოლიტიკურ პარტიას ან ჯგუფს არ ეკუთვნის. იმედი ვიქონიოთ, რომ მძიმედ დაჭრილი სლოვაკეთის პრემიერ–მინისტრი რობერტ ფიცო, რომელსაც მრავალსაათიანი ოპერაცია გაუკეთეს, ცოცხალი გადარჩება.