პასუხის პასუხი: როსტომ ცხვედიანის ახალი წერილი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს - "ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ!" - კვირის პალიტრა

პასუხის პასუხი: როსტომ ცხვედიანის ახალი წერილი ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილს - "ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ!"

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ლექტორის, როსტომ ცხვედიანის პასუხი ბიძინა ივანიშვილის ცოლს, ეკატერინე ხვედელიძეს.

"ქალბატონო ეკა!

ძალიან ბევრი ვიფიქრე, პასუხი რამდენჯერმე დავწერე და გადავწერე. ბოლოს ერთი ამოვარჩიე. თუმცა საუკეთესოდ არც ეს მიმაჩნია.

სიმართლე გითხრათ, თქვენგან პასუხს არ ველოდი და ამისთვის დიდი მადლობა.

ახლა ისეთი პასუხი მინდა მოგწეროთ, რომ არც უმადური გამოვიდე და არც თქვენ თქვათ, თუ სამი დღის წინ ასე მშობლიური ტონით მომმართავდა, ახლა ეს რა ხდებაო? მაგრამ ვითვალისწინებ იმას, რომ სამწუხაროდ, ვერ გამიხსენეთ და თან არც ის მინდა, რომ ვინმემ თქვას, ქალბატონ ეკას იმიტომ მიმართა რომ........ და რაღაც კუდები გამოაბან. მე ეს არ მჭირდება.

ვფიცავ მაღლა ღმერთს და ქვეყანაზე ყველა საფიცარს, რაც გავაკეთე, ჩემი აზრით, მხოლოდ ქვეყნის საკეთილდღეოდ. რადგან ახლაც მჯერა, რომ ამ სამოქალაქო დაპირისპირების განმუხტვა ჯერ კიდევ შესაძლებელია, ამის გაკეთება კი თქვენ ძალგიძთ! და მე, როგორც ერთმა რიგითმა ქართველმა და მამათქვენის მეგობარმა, მოგმართეთ თქვენ. დარწმუნებული ვარ, რაც დღეს ხდება, არავის არ მოგვწონს და თითოეულმა ადამიანმა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ კიდევ უარესი არ მოხდეს.

ახლა კიდევ რამდენიმე შტრიხს დავამატებ ჩემი და სულკურთხეული ფედიას ურთიერთობიდან. ის ჩემი არა მარტო მეგობარი იყო, არამედ ჩემი იმდენად სჯეროდა, რომ ყველაზე ახლობელი ადამიანის, საკუთარი დედის, თქვენი ბებიის, ოპერაციაც (მართალია, დიდი ოპერაცია არ იყო, მაგრამ მაინც) მე მომანდო. გარდა ამისა, ვანსა და სამტრედიაში როცა მას ვხვდებოდი, რესტორანში კი არ მივყავდი, არამედ როგორც მეგობრებს ეკადრებათ, სახლში მპატიჟებდა და ქალბატონი ლუდას გაწყობილ სუფრასთან ვსადილობდით და ვსაუბრობდით.

სწორედ ამიტომ, მე თქვენი ერთგული უნდა ვიყო და ვარ კიდეც. თუმცა ერთი რამ მაინც უნდა მოგახსენოთ: მე ეს კანონი წავიკითხე და მისი შედეგებიც განვჭვრიტე. მაგრამ არ მიმაჩნია მართებულად, რომ მე, ექიმი კაცი, იურისტებთან დავჯდე და ამ კანონის ავ-კარგზე ვიდავო. ეს ხომ იგივეა, რომ მე იურისტები საოპერაციოში მოვიწვიო და ოპერაციის გაკეთებაში შევეჯიბრო. მე ამ კანონზე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ იურისტებთან დისკუსიაში ვერ ჩავებმები, ეს საქმე სჯობს პროფესიონალებს მივანდოთ.

მთელი ცივილური სამყარო (ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები) ამ კანონს იწუნებს და გვეუბნება, თუ ამ კანონს მიიღებთ, თქვენთვის არათუ დასავლეთის კარი დაიკეტება, არამედ სხვა ღონისძიებებსაც მივმართავთო. დამეთანხმებით, ეს არც ჩვენს ქვეყანას და არც ჩვენ ხალხს არანაირად არ წაადგება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვის მომემართა და მეთქვა ის, რასაც განვიცდიდი, ვფიქრობდი და მაწუხებდა. ვინიდან მიმაჩნია, რომ ერთგული ისაა, ვინც რეალობას გეტყვით და თვალწინ სინამდვილეს დაგიხატავთ" - წერს როსტომ ცხვედიანი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ როსტომ ცხვედიანმა ეკა ხვედელიძეს "ფორმულას" ეთერით მიმართა და მოუწოდა, მანდილი ჩააგდოს მოსალოდნელ სამოქალაქო დაპირისპირებაში, რასაც ბიძინა ივანიშვილის მეუღლემ წერილით უპასუხა.

წაიკითხეთ ასევე: "გვერდში ვუდგავარ ჩემს მეუღლეს და აბსოლუტურად ვიზიარებ მის შეხედულებებს, ვინაიდან..." - ეკატერინა ხვედელიძე-ივანიშვილი განცხადებას ავრცელებს