"განკითხვის დღე" პუტინის არმიისთვის - უკრაინელების რეკორდული შეტევა და განადგურებული სტრატეგიული ობიექტები - კვირის პალიტრა

"განკითხვის დღე" პუტინის არმიისთვის - უკრაინელების რეკორდული შეტევა და განადგურებული სტრატეგიული ობიექტები

უკრაინელები აღარ ხუმრობენ - ასზე მეტი კამიკაძე-დრონით შეტევა რუსეთზე და ბელბეკის აეროდრომზე განადგურებული ზებგერითი რუსული „მიგები“...

დაიგულეს რა აგრესორი ქვეყნის - რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სტუმრად ჩინეთში, უკრაინამ მოწინააღმდეგე მხარეს უშუალოდ მისსავე ტერიტორიაზე ასზე მეტი კამიკაძე-დრონით ერთდროულად შეუტია, რაც ერთგვარ რეკორდს წარმოადგენს ამ ომში უკრაინელების მხრიდან...

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო თავის ჩვეულ სტილში იუწყება, რომ 17 მაისის გამთენიისას უკრაინამ რუსეთის ოთხ რეგიონს 102 დრონით შეუტია და ყველა მათგანი ჩამოაგდეს - 51 ყირიმის თავზე, 44 ყუბანში, 6 ბელგოროდთან და ერთიც კურსკის ოლქში, ხოლო შავ ზღვაში ჩაძირეს ექვსი უკრაინული კამიკაძე-კატარღა...

1-t-1715932410.jpeg
რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნოვოროსიისკის სამხედრო-საზღვაო ბაზას დღეს დილას რეკორდული რაოდენობის უკრაინული კამიკაძე-დრონები დაესხნენ თავს, რის შედეგსაც სადაზვერვო თანამგზავრები უკვე იღებენ...

მაგრამ თუკი მართლაც ყველა უკრაინული დრონი ჩამოაგდეს რუსეთის საჰაერო თავდაცვის საშუალებებმა, მაშინ ვინ ააფეთქა დიდი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა ტუაფსეში ან ვინ აუკრძალა ნოვოროსიისკის მაცხოვრებელებს სახლებიდან გამოსვლა, როდესაც ამ ქალაქის საზღვაო პორტში, სადაც სევასტოპოლიდან გამოქცეული რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ძირითადი ხომალდებია შეყუჟული, ერთმანეთის მიყოლებით აფეთქებები ხდებოდა?

2-t-1715932410.jpg
ტუაფსეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის ამ რეზერვუარმა უკრაინული კამიკაძე-დრონი „ჩამოაგდო“...

რუსეთის სამხედრო პროპაგანდა უკრაინულ დრონს მაშინაც ჩამოგდებულად თვლის, თუკი ეს დრონი პიკირებაზე გადავიდა და სტაციონალურ სამიზნეს ზუსტად დაეცა - ამიტომაცაა, რომ თავად რუსეთში უკვე მწარედ ხუმრობენ - ეს რა მაგარი, მსოფლიოში ანალოგის არმქონე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, აეროდრომები თუ საწყობები გვქონია, რომლებიც უკრაინულ დრონებს თვითონ „აფეთქებენო“...

ნოვოროსიისკის საზღვაო პორტსა და შავი ზღვის სამხედრო-საზღვაო ბაზაზე უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის შედეგები მოგვიანებით გახდება ცნობილი, მაგრამ სამაგიეროდ, 17 მაისის დილას კომპანია Maxar-მა ანექსირებული ყირიმის ბელბეკის სამხედრო აეროდრომზე 15 მაისს განხორციელებული უკრაინული სარაკეტო დარტყმების შედეგების საკმაოდ დეტალური კოსმოსური ფოტოები გაავრცელა.

3-t-1715932409.jpg
ოკუპირებული ბელბეკის აეროდრომზე ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით უკრაინის მიერ 15 მაისს განხორციელებული საჰაერო დარტყმების შედეგების თანამგზავრული ფოტო - კარგად ჩანს ორი განადგურებული МиГ-31-ი...

ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით ATACMS-ებით განხორციელებულ ამ სარაკეტო დარტმაზე დეტალურად ვწერდი ჩემი ბლოგის 15 მაისის სტატიაში „გორბაჩოვის საყვარელ აეროდრომს უკრაინელებმა ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით დაარტყეს...“- „დიდი ალბათობით შეიძლება დაზიანდა ან სრულიად განადგურდა რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი და შვეულმფრენიც, რადგან ამ აეროდრომის ბოლო თანამგზავრულ ფოტოზე 31 მარტს დაფიქსირდა ღია ცის ქვეშ მდგარი 24 საბრძოლო თვითმფრინავი და ექვსი შვეულმფრენი, რომლებსაც არაფერი უშველიდათ თუკი ამ საჰაერო დარტყმის მომენტშიც იმავე ადგილებზე იდგნენ, რადგან უკრაინელებმა ამერიკელების გადაცემული კასეტურქობინიანი ბალისტიკური ATACMS-ები გამოიყენეს, რომლის საბრძოლო სუბელემენტები დიდ ფართობს აზიანებს, ხოლო ერთი-ორი ნამსხვრევის მოხვედრაც კმარა, რომ თვითმფრინავი და შვეულმფრენი მწყობრიდან გამოვიდეს...“

4-t-1715932409.png
ბელბეკის აეროდრომზე ერთი სრულად განადგურებული და ერთიც დაზიანებული რუსული Су-27-ი...

როგორც დღეს გამოქვეყნებულ თანამგზავრულ ფოტოებზე მოჩანს, რუს ოკუპანტებს ასეთი ძვირადღირებული თვითმფრინავები ისევ ღია ცის ქვეშ ჰყოლიათ დაყენებული, შესაბამისად, უკრაინელების გაშვებულმა ამერიკულმა ბალისტიკურმა რაკეტებმა ბელბეკის აეროდრომზე სრულად გაანადგურეს ორი МиГ-31 და ერთი Су-27 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავი, დააზიანეს თითო-თითო Су-27 და МиГ-29 ტიპის გამანადგურებლები და ასევე ააფეთქეს ამავე აეროდრომზე განთავსებული საწვავ-საპოხი მასალების საწყობი...

5-t-1715932410.png
ეს რუსული МиГ-29-აც საფრენად აღარ გამოდგება...

МиГ-31-თი სწორედ ის მძიმე ზებგერითი გამანადგურებელ-გზაგადამჭრელი თვითმფრინავია, რომლის მოდიფიკაციას რუსეთი აქტიურად იყენებს უკრაინის ქალაქებზე „კინჟალის“ ტიპის ჰიპერბგერითი აერობალისტიკური რაკეტების გასაშვებად.

როგორც ხედავთ, ერთია საჰაერო დარტყმის განხორციელება და მეორე ამ დარტყმის შედეგების დეტალურად დაფიქსირება ფოტო-ვიდეო კადრებში, რაც ერთი მხრი, ვ ადგება უკრაინის გენშტაბის დაზვერვისა და ოპერატიული დაგეგმარების სამმართველოებს მოწინააღმდეგის ზარალისა და განხორცილებეული ოპერაციის საბრძოლო ეფექტიანობის შესაფასებლად და მეორეც - ასეთი ფოტო-ვიდეო კადრები საუკეთესო საშუალებაა საინფორმაციო ომშიც დიდი წარმატების მისაღწევად...