"უკრაინული მაჟინოს ხაზი: იყო თუ არა თავდაცვითი ზღუდე ხარკოვთან და რატომ  მოახერხეს რუსებმა მისი გარღვევა?" - კვირის პალიტრა

"უკრაინული მაჟინოს ხაზი: იყო თუ არა თავდაცვითი ზღუდე ხარკოვთან და რატომ  მოახერხეს რუსებმა მისი გარღვევა?"

ბრიტანულმა გაზეთმა „დეილი ტელეგრაფმა“ (The Daily Telegraph) გამოაქვეყნა კომენტარი სათაურით - „უკრაინული მაჟინოს ხაზი, რომელიც დანგრევის პირას დგას“ (ავტორი - რობერტ კლარკი, სამხედრო ექსპერტი).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

დასავლეთში ბევრი ექსპერტი და პოლიტიკოსი ფიქრობდა, რომ ავდეევკის დატოვების შემდეგ უკრაინის არმიას ძალთა გადაჯგუფების, რეორგანიზაციისა და რედისლოკაციის დრო გამოუჩნდა - ზაფხულის კონტრშეტევის მოსამზადებლად, ამერიკული 61-მილიარდიანი დახმარების პაკეტის ეფექტიანი გამოყენების კვალობაზე, მაგრამ...

მაგრამ ექვსი დღის წინ რუსეთმა თვითონ წამოიწყო კონტრშეტევა იმ ადგილებში, საიდანაც უკრაინამ 18 თვის წინ გააძევა - ხარკოვის ოლქის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. რუსებმა ისევ დაიკავეს ქალაქი ვოლჩანსკი და უკრაინის მწირი რეზერვების „ცოცხლად ყლაპვა დაიწყო“.

ის, რაც 2022 წლის სექტემბერში განახორციელა უკრაინის არმიამ, როცა რუსეთს უკან დაახევინა, ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის - ხარკოვის მისადგომებიდან, კიევს ის თავდაცვის მოსამზადებელ პლაცდარმად უნდა გამოეყენებინა. წესით, ხარკოვიდან რუსეთის საზღვრამდე არსებული 40-კილომეტრიანი ტერიტორია მოფენილი უნდა ყოფილიყო ტრანშეებით, სანგრებით, საცეცხლე წერტილებით, დანაღმული ველებით... თითოეული მეტრი მტრისათვის სამარე უნდა გამხდარიყო, გამაგრებულ ზღუდეებს რუსეთის ჯარის წინსვლა უნდა შეეჩერებინა, მაგრამ სინამდვილეში ის ყველაფერი, რაც კიევმა მოასწრო, საფორტიფიკაციო ნაგებობების მოწყობის სახით, უკრაინისთვის ფუჭი „მაჟინოს ხაზი“ აღმოჩნდა.

"მაჟინოს ხაზი“, რომელიც 1930-იან წლებში საფრანგეთის არმიის გენერალური შტაბის გეგმით აშენდა გერმანიის ვერმახტის მოსაგერიებლად, საფრანგეთის ტერიტორიაზე მისი სავარაუდო შეჭრის შემთხვევაში, თავისი არსით უდიდეს თავდაცვით ხაზს წარმოადგენდა, რომელიც ქვეყნის აღმოსავლეთის საზღვრის გასწვრივ იყო აგებული. "მაჟინოს ხაზი" შეუღწევადი იყო თავდასხმის დიდი ნაწილისათვის, მათ შორის - საჰაერო დაბომბვებისა და სატანკო ცეცხლისათვის, ამასთანავე, ჰქონდა სარეზერვო მიწისქვეშა რკინიგზა და გარანტირებული გარნიზონის ჯარისთვის თანამედროვე ცხოვრების პირობები, ამარაგებდა კონდიციონერით და საკვები ადგილებით, მათი კომფორტისთვის.

„მაჟინოს ხაზის“ მიზანი იყო გერმანიის ჯარების შეჩერება გარკვეული დროით, სანამ სარეზერვო ძალები ამოქმედდებოდნენ. უფრო მეტიც - „მაჟინოს ხაზი“ ფრანგული არმიის კონტრშეტევის მნიშვნელოვან ბაზადაც უნდა გადაქცეულიყო. საბოლოო ჯამში კი, ხაზმა კრახი განიცადა, გერმანელებმა შეძლეს მისი ზოგიერთი მონაკვეთის გარღვევა, ზოგან კი, უბრალოდ, გვერდი აუარეს და პარიზი რამდენიმე დღის შემდეგ აიღეს.

სამწუხაროდ, ხარკოვთან მომხდარი მარცხი, რომელიც უკრაინის არმიამ განიცადა, აშკარად ნიშნავს იმას, რომ გენერლები ივიწყებენ ევროპული სახმელეთო ომის გაკვეთილებს. ერთ კვირაში რუსებმა უკრაინის 100 კვადრატული მეტრი ტერიტორია დაიკავეს, რომელიც ძალიან ძლიერად უნდა ყოფილიყო გამაგრებული.

მარცხის შემდეგ ბევრ უკრაინელს კითხვა ებადება (არა მარტო სამოქალაქო პირებს, არამედ - სამხედროებსაც): იყო თუ არა საერთოდ აგებული თავდაცვითი ზღუდეები ვოლჩანსკთან და თუ იყო, რატომ არ შეასრულა ფუნქცია? და თუ არ იყო, რატომ? ვინ აკონტროლებდა მშენებლობას და სად დაიხარჯა მასალები და თანხები?

შეიძლება ვიფიქროთ, რომ საქმე გვაქვს ღრმა, უმაღლესი დონის პროფესიულ გულგრილობასთან, რომელიც უკრაინის შეიარაღებულ ძალებში გამეფებული კორუფციის შედეგია. თუმცა მე ძალიან მინდა, რომ ეს ასე არ იყოს. ალბათ, კომპეტენტური ორგანოები გაარკვევენ.

რა თქმა უნდა, შეშფოთებას იწვევს ის, რომ, ვაითუ, მსგავსი სიტუაცია ფრონტის სხვა მონაკვეთებზეც განმეორდეს. მოსკოვი ცდილობს, ისარგებლოს თავისი უპირატესობით ცოცხალ ძალაში და - საკმაოდ წარმატებითაც. ცოცხალი ძალის დეფიციტი თანდათან უკრაინის ჯარებისათვის ისეთი პრობლემა ხდება, რომ საეჭვოა უახლოეს ხანში პოზიტიურად გადაწყდეს.

მოკლედ, დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალები ისეთ მდგომარეობაში იმყოფება, რომ მას არ აქვს უფლება, მსგავსი წარმოუდგენელი ელემენტარული ტაქტიკური და ოპერატიული შეცდომები დაუშვას ომის ამ ეტაპზე. დროა, რომ კიევი ხელახლა შეუდგეს თავდაცვის ხელოვნების შესწავლას.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო