შეუძლია თუ არა საპატრიარქოს სუპერპოლარიზაციის დასრულებაში მთავარი როლის შესრულება?!
დღეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის თანამოსაყდრემ, მეუფე შიომ განაცხადა:„გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები, ჩვენი სულიერი შვილები, ამიტომ გული გვტკივა და ვფიქრობთ, როგორ უნდა დაიძლიოს დაპირისპირება - მხოლოდ სიყვარულს შეუძლია გაყოფილი ადამიანების შეკრება.“
ქვეყანაში არსებული დაპირისპირების დაძლევა მართლაც კრიტიკულად მნიშვნელოვანი ამოცანაა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ქვეყანა დადგება დესტაბილიზაციისა და ქაოსის საფრთხის წინაშე, რამაც შეიძლება ჩამოშალოს ყველაფერი ის, რასაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მივაღწიეთ.
მდგომარეობას ართულებს ის, რომ პოლიტიკური მედიატორი აღარ არსებობს. წინა წლების კრიზისებისას ასეთ როლს ასრულებდნენ ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები. თუმცა დღეს მათ მმართველი გუნდი ლამის რევოლუციური სცენარის თანაავტორებად ასახელებს. სამწუხაროდ, მხარეების რიტორიკა თანდათან მწვავდება და არ ჩანს იმის ნიშანწყალი, რომ ვინმე კომპრომისზე და შესაბამისად, სიტუაციის განმუხტვაზე ფიქრობს.
საქართველოსთვის ყველაზე რთულ პერიოდებში კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე ცდილობდა და ხშირ შემთხვევაში, ახერხებდა კიდეც, რომ თავისი პირადი ავტორიტეტით ერთმანეთზე გადაკიდებული ჩვენი თანამოქალაქეებისთვის რაიმე შეეგონებინა და "დუღილის ტემპერატურა" სახიფათო ზღვრამდე არ მისულიყო. ასე ხდებოდა მაშინაც, როცა ქვეყანას გარედან ემუქრებოდა საფრთხე - ყველას გვახსოვს, რა გააკეთა უწმინდესმა აგვისტოს ომის დროს. დღეს, სამწუხაროდ, ობიექტური მიზეზების გამო, პატრიარქი ასე აქტიურად ვეღარ ჩაერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში.
თუმცა საპატრიარქო რჩება ისეთ ინსტიტუტად, რომელსაც აუცილებლად მოუსმენენ, როგორც "უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ" კანონის მოწინააღმდეგეების, ისე მომხრეების დიდი ნაწილი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია - საპატრიარქოს მოუსმენს მმართველი გუნდი.
იქნებ დადგა დრო, რომ საპატრიარქომ უფრო აქტიური ნაბიჯები გადადგას და მედიატორის როლი იტვირთოს?! ალბათ, მხოლოდ ჩვენი ეკლესიის წარმომადგენლებს შეუძლიათ, რომ ყველას და პირველ რიგში, მმართველ გუნდს შეაგონონ, რომ დღეს მთავარი ის კი არ არის, მოგწონს თუ არა კანონი, არამედ ის, რომ არ მივიდეთ სამოქალაქო დაპირისპირებამდე, არ მივიღოთ ფინანსურ-ეკონომიკური კოლაფსი და არ გადაიკეტოს ევროინტეგრაციის გზა.
გასაგებია, რომ კანონი მესამე მოსმენით უკვე დამტკიცებულია. თუმცა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვეტოს აუცილებლად დაადებს. შესაბამისად, მმართველ გუნდს შეუძლია ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხის გადაწყვეტა მიანდოს მომავალი მოწვევის პარლამენტს და თქვას - დაე, 26 ოქტომბერს ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ ქვეყანაში მსგავსი საკანონმდებლო ნორმები მოქმედებდეს.
თუ საპატრიარქო ამაში მმართველ გუნდს დაარწმუნებს, დღეს არსებული სუპერპოლარიზაცია აუცილებლად განიმუხტება, ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება და სიმშვიდე დაისადგურებს ქვეყანაშიც და ჩვენი თანამოქალაქეების გულებშიც.
გიორგი კვიტაშვილი