"მე მიყვარს საქართველოს ისტორია, კულტურა, იდენტობა, მისი ენა, ანბანი - ძალიან ძვირფასია ჩემთვის!" - რას ნატრობს საქართველოზე შეყვარებული იტალიელი მწერალი - კვირის პალიტრა

"მე მიყვარს საქართველოს ისტორია, კულტურა, იდენტობა, მისი ენა, ანბანი - ძალიან ძვირფასია ჩემთვის!" - რას ნატრობს საქართველოზე შეყვარებული იტალიელი მწერალი

ფლორენციელ ისტორიკოსსა და მწერალს, ფრანჩესკო ტრეჩის, უკვე მთელი საქართველო იცნობს. ის ხშირად ჩამოდის ჩვენს ქვეყანაში და ამბობს, რომ ეს მისი მეორე სამშობლოა, რომელიც ძალიან, ძალიან უყვარს. ქართველებმა იციან სიყვარულის და ნამდვილი, წრფელი მეგობრობის ფასი, ამიტომ, სტუმრად ჩამოსულ მწერალს ყოველთვის სიხარულით და პატივისცემით ხვდებიან. ასე იყო ახლაც - მისი მორიგი ვიზიტის დროს, როცა მას მოულოდნელი სიურპრიზი დაახვედრეს: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში არსებულ ქართულ-იტალიურ ცენტრს, ფრანჩესკო ტრეჩის სახელი უწოდეს.

trechi4-1716274688.jpg

როგორ ჩაიარა მისმა მოგზაურობამ ჩვენს სამშობლოში? ამის თაობაზე მწერალი თავად გვიამბობს:

- საქართველოში მაისის დასაწყისში ჩამოვედი და ამჯერად იმერეთში ვიმოგზაურე. ეს საოცარი, კოლორიტული მხარეა, რომელიც ყველა სტუმარს ხიბლავს. მე იქ 12-ჯერ ვარ ნამყოფი და ყოველთვის სიხარულით მივდივარ! ვიყავი ქუთაისში, ხონში, წყალტუბოში, ზესტაფონში, ვანში, ვნახე გეგუთი და იტალიაში ძალიან დიდი ემოციებით დატვირთული დავბრუნდი. განუმეორებელია ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, გელათი... მე, როგორც ისტორიკოსმა, კარგად ვიცი, რომ იმერეთმა ძალიან დიდი როლი შეასრულა საქართველოს ისტორიაში. ეს არის ძველი კოლხეთი, რომელიც მთელი მსოფლიოს ისტორიკოსებს აინტერესებთ. მე ვიტყოდი, რომ ეს მისტიკური ადგილია, უფრო მეტიც - იმერეთი საქართველოს სულია, ხოლო ქუთაისი - პატარა ფლორენციას მაგონებს.

- მაინც, რით ჰგავს ქუთაისი თქვენს მშობლიურ ფლორენციას?

- ქუთაისი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, არა მარტო საქართველოსა და კავკასიაში, არამედ - მთელ მსოფლიოში. ამ ქალაქს საოცარი კოლორიტი აქვს და მის შუაგულშიც მშვენიერი მდინარე რიონი ჩამოედინება, როგორც ფლორენციაში - არნო. ქუთაისში მოღვაწეობდა დიდი მეფე დავით აღმაშენებელი და ის იყო საქართველოს დედაქალაქი, ვიდრე დავით აღმაშენებელი თბილისს არაბებისგან გაათავისუფლებდა. ისტორიიდან ცნობილია, რომ ამ დიდმა მეფემ ქვეყანა სწორედ ქუთაისიდან გააერთიანა. ცნობილია ისიც, რომ ქუთაისი და ვანი უმნიშვნელოვანესი ქალაქები იყო გაცილებით ადრე - ძველი კოლხეთის სამეფოში. მოხარული ვარ, რომ ვანის მუზეუმს ვესტუმრე და იქ დაცული უძველესი ნივთები დავათვალიერე. ამ მუზეუმში კოლხეთის ისტორიაა წარმოდგენილი. მე პროფესიით ისტორიკოსი ვარ და ვხედავ, რა დიდი ისტორია აქვს ამ ადგილებს. ჩემს მესამე წიგნში, რომელსაც "საქართველო" დავარქვი, ამ ქალაქების ისტორია ცალკე მაქვს აღწერილი.

trrr-1716274529.jpg

- კიდევ რომელმა ადგილმა მოგხიბლათ იმერეთში?

- ძალიან ორიგინალური, პატარა ქალაქია ზესტაფონი, რომელმაც სასიამოვნოდ გამაოცა: საქმე ის არის, რომ ზესტაფონში ძალიან ბევრი იტალიური კაფეა. ალბათ იმიტომ, რომ იტალიაში ბევრი ზესტაფონელი ცხოვრობს და მუშაობს. მე ეს ქალაქი პატარა იტალიას მაგონებს, სადაც იტალიური დონის კაფეები ვნახე. ზესტაფონში საუკეთესო იტალიურ კერძებს ამზადებენ. მართალია, იქ უგემრიელეს იმერულ ხაჭაპურს აცხობენ, მაგრამ იტალიური სამზარეულოც ძალიან კარგად შეუსწავლიათ. დაუვიწყარი, ემოციური შეხვედრა მქონდა ქვედა სიმონეთის სკოლის მოსწავლეებთან. იქ, სკოლის ინაუგურაცია ჩაატარეს და ამ ღონისძიების გაძღოლა მე მომანდვეს. ალბათ, ამ სკოლის ბავშვებთან და მასწავლებლებთან შეხვედრა არასდროს დამავიწყდება. სიმონეთელი ბავშვები ძალიან ლამაზად ცეკვავენ და მღერიან, იქ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იმერეთში ყოფნისას ჩემს სახლში ვარ. ამ მხარეში ძალიან თბილი და კარგი ხალხი ცხოვრობს, რომელიც სტუმარს ძალიან აფასებს. საქართველოს უკვე სამი წიგნი მივუძღვენი და იმერეთს სამივეში განსაკუთრებული ადგილი უკავია.

trechi-1-1716274477.jpg

- ალბათ, თქვენთვის მოულოდნელი იყო, რომ ილიას უნივერსიტეტის ქართულ-იტალიურ ცენტრს თქვენი სახელი უწოდეს?

- დიახ, ეს ჩემთვის სასიამოვნო სიურპრიზი იყო. ილიას უნივერსიტეტშიც ძალიან ემოციური შეხვედრა მქონდა, რომელმაც კიდევ ერთხელ მათქმევინა, რომ საქართველო ჩემი მეორე სამშობლოა, რომ მისი ენა, ანბანი, ისტორია - ძალიან ძვირფასია ჩემთვის! სწორედ ამის გამო, ჩემს პატარა, 6 წლის ქალიშვილს ჯორჯა დავარქვი. ბედნიერი ვარ, რომ საქართველოში ყოველთვის თბილად და მეგობრულად მხვდებიან.

- იმერეთის გარდა, თუ არის ადგილები, რომელიც გამორჩეულად გიყვართ?

- მთელ საქართველოში განსაკუთრებით მიყვარს თბილისი, პირველად აქ ჩამოვედი და მაშინვე ვთქვი, რომ ეს უნიკალური ქალაქია. ამავე დროს, ძალიან მიყვარს ალავერდი და ბოლნისის სიონი, სადაც უძველესი ასომთავრული წარწერაა; მიყვარს ზუგდიდი და ხაშური, რომელიც საქართველოს ცენტრია. სხვათა შორის, ხაშურში გავიცანი ძალიან საინტერესო მხატვარი გიორგი კიკაძე, რომელიც ივნისში რომში ჩამოვა და მისი გამოფენაც გაიმართება. ბევრი რომ არ გავაგრძელო, მთელი საქართველო მიყვარს!

trechi2-1716274438.jpg

- ბატონო ფრანჩესკო, თქვენ არ ხართ ნამყოფი სვანეთში, თუშეთში, ტაო-კლარჯეთში და კიდევ ბევრი უძველესი, ისტორიული ადგილი გაქვთ სანახავი...

- სამწუხაროდ, ამ ადგილებში მართლაც არ ვარ ნამყოფი, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მომავალში მოვინახულებ. საერთოდ, საქართველოს მთას კარგად არ ვიცნობ. მხოლოდ ყაზბეგში ვიყავი, 15 წლის წინ და ვნახე გერგეტის სამება, რომელმაც ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველოს ისტორიის შესწავლა ფლორენციის უნივერსიტეტში დავიწყე და მას შემდეგ ამ ქვეყანაში ყველა ძველი, ისტორიული ადგილი მაინტერესებს. კარგად ვიცი, რომ ამ ლამაზ ქვეყანას ურთულესი გზა აქვს გამოვლილი და კიდევ რომ არსებობს, ეს ჩემთვის ნამდვილი სასწაულია!

- ამჟამად საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ფონი დაგხვდათ, აქციებზე თუ იყავით?

- მე პოლიტიკაზე არ ვლაპარაკობ, რადგან არ ვიცი, იქ რა ხდება. მე მიყვარს საქართველოს ისტორია, კულტურა, იდენტობა, მაგრამ რა ხდება ქართულ პოლიტიკაში, ეს დანამდვილებით არ ვიცი...

trechi-franchesko-1716274411.jpg

- მომავალში როდის აპირებთ ჩამოსვლას და რას უსურვებთ საქართველოს?

- მომავალ წელს ვაპირებ ჩამოსვლას. ძალიან მინდა, საქართველოს სკოლებს ვესტუმრო, ეს სიმონეთში, სკოლაში სტუმრობის შემდეგ გადავწყვიტე: ბავშვებმა ისეთი შეხვედრა მომიწყვეს, რომ ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი. მინდა, მსგავსი შეხვედრები ჩემს ცხოვრებაში კიდევ განმეორდეს. რაც შეეხება ჩემს სურვილს: ვფიქრობ, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და ვნატრობ, ეს პატარა, უნიკალური ქვეყანა ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. ეს არ არის პოლიტიკა, ეს ისტორიული კანონზომიერებაა. საქართველომ თავისი იდენტობა არ უნდა დაკარგოს და ევროპაში უნდა შემოიტანოს თავის მრავალსაუკუნოვან კულტურასთან ერთად. დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ქვეყანა მომავალში ძლიერ და წელგამართულ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდება, როგორც თამარ მეფის დროს იყო.

ხათუნა ჩიგოგიძე

(სპეციალურად საიტისთვის)