"დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა" - გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ძმას ბრალდება წარუდგინა - კვირის პალიტრა

"დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა" - გარდაბანში, დის განზრახ მკვლელობის ფაქტზე, პროკურატურამ ძმას ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ პირს, რომელმაც გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა, ბრალდება წარუდგინა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული დას პირად ცხოვრებასთან დაკავშირებულ საკითხებზე დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღებას უზღუდავდა, ასევე დის მეუღლესთან დაშორების ფაქტს ოჯახის ღირსების შელახვად მიიჩნევდა. აღნიშნულის გამო 16 მაისს ბრალდებულმა, გარდაბანში, დას ჯერ ავტომანქანა შეაჯახა, შემდეგ კი დანით სიცოცხლისთვის საშიში, მძიმე ხარისხის დაზიანებები მიაყენა. ბრალდებული შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

პროკურატურის ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა, 109-ე მუხლის „თ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით (განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობა გენდერის ნიშნით, შეუწყნარებლობის მოტივით, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ)წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 -დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

როგორც პროკურატურაში აცხადებენ, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.