მობილიზაცია უკრაინულად... - კვირის პალიტრა

მობილიზაცია უკრაინულად...

დღეს, 18 მაისს უკრაინაში მნიშვნელოვანი პროცესი დაიწყო - ოფიციალურად ამოქმედდა კანონი მობილიზაციის შესახებ, რომელსაც უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთი თვის წინ მოაწერა ხელი...

ამ ფართომასშტაბიან ომში ორივე მხრიდან 1,5 მლნ მებრძოლზე მეტი მონაწილეობს. 2023 წლის დეკემბერში რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს 617 ათასი კაცი, ხოლო 2024 წლის იანვარში უკრაინის პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის მხრიდან დააზუსტა, რომ უკრაინის დამცველების რიგი 880 ათას მებრძოლს მოიცავს.

თუმცა, ბუნებრივია, როდესაც მეომარი მხარეები მუდმივად ცდილობენ საბრძოლო შენაერთების პირადი შემადგენლობის რიცხოვნობის განუწყვეტლივ ზრდას საბრძოლო დანაკარგების შესავსებად, რაც ძირითადად ქვეყანაში სწორედ ნაწილობრივი ან სრული მობილიზაციის გამოცხადებით მიიღწევა.

2022 წლის შემოდგომა-ზამთრიდან რუსეთმა, რომელიც ფრონტის ხაზზე უკან იხევდა ხარკოვთან და ხერსონთან, დაიწყო ფართომასშტაბიანი მობილიზაცია, რის გამოც თითქმის მილიონამდე მამაკაცი რუსეთის საზღვრებს მიაწყდა და თავშესაფარის ძებნა დაიწყო მეზობელ ყაზახეთსა თუ საქართველოში...

მაშინ კრემლმა მაინც შეძლო 300 ათასზე მეტი მამაკაცის მობილიზება და ამით გამოისწორა მდგომარეობა ფრონტის ხაზზე, ხოლო შემდეგ ისე გააგრძელა მობილიზაციის პროცესი, რომ რიგებიც კი უდგას, რადგან 200 ათასი რუბლის ანაზღაურებას რუსეთის ყველაზე მიყრუებული სოფლების თითქმის ბოლომდე გალოთებული მოსახლეობა მხოლოდ უკრაინასთან ომში თუ ნახავს... თუკი, რა თქმა უნდა პირველივე ხელფასამდე ცოცხლად მიაღწია...

ანალოგიური პრობლემები გაუჩნდათ უკრაინის დამცველებსაც, რადგან თუკი ომის დასაწყისში მაღალი პატრიოტული გრძნობით შეპყრობილი მოქალაქეები თავად ეწერებოდნენ ტერიტორიული თავდაცვის ბატალიონებში, ამჟამინდელ უკრაინაში უფრო ხშირი გახდა სცენები, როდესაც სამხედრო კომისარიატების წარმომადგენელები ქუჩაში იჭერენ ან ავტობუსებიდან ჩამოათრევენ მამაკაცებს და მათ ჯარში გაწვევის უწყისებზე ხელს ძალით აწერინებენ...

ცალკე პრობლემაა ის რამდენიმე ათასი უკრაინის მოქალაქე მამაკაცი, რომლებიც ყველა ღონეს ხმარობენ ქვეყნიდან გასაქცევად, მათ შორის ზამთარში საზღვრისპირა მდინარეების გადაცურვის ჩათვლით...

მაგრამ ყველაზე დიდ პრობლემას მეომარი უკრაინის არმიიდან დეზერტირების მასობრივი გაქცევები წარმოადგენს, რაც დიდად არ აფიშირდება, მაგრამ ვეღარც იმალება...

ყველაფერი ამის ფონზე, უკრაინაში, ერთწლიანი განხილვებისა და ბჭობის შემდეგ მიიღეს კანონი მობილიზაციის გაძლიერების შესახებ, რომელიც 25-დან 60 წლამდე ყველა მამაკაცის სამხედრო სამსახურში გაწვევას ითვალისწინებს...

დღეიდან, მობილიზაციის ახალი კანონის ამოქმედებიდან 60 დღე-ღამის განმავლობაში უკრაინის ყველა მოქალაქე, რომლებიც სამხედრო აღრიცხვაზე იმყოფება, ვალდებულია სამხედრო კომისარიატებში განაახლოს თავისი პირადი მონაცემები და მიიღოს საბუთი, რომელსაც პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგენს, საპოლიციო შემოწმებისას სახლში თუ ქუჩაში.

2-kom-1716030853.png
უკრაინულ სამხედრო კომისარიატებისთვისაც არ არის უცხო ქრთამის აღება და სამხედრო ვალდებულის საბუთების გადამალვა, მაგრამ მობილიზაციის ახალი კანონი ელექტრონული აღრიცხვის სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს...

ვინც ეცდება თავი აარიდოს მობილიზაციას დაჯარიმდებიან 600-დან 1 500 დოლარის ოდენობის უკრაინული გრივნით და მათ აეკრძალებათ მანქანის მართვა, საბოლოო ჯამში კი მაინც ჩააცმევენ სამხედრო ფორმას... ან მსჯავრდებულის ტანსაცმელს...

ცალკე მწვავე თემაა უკრაინის მოქალაქე ის მამკაცები, რომლებმაც ჯერ კიდევ ომის დასაწყისში, სანამ მათთვის ქვეყნიდან გასასვლელი საზღვარი ჩაიკეტებოდა, მოასწრეს ქვეყნის დატოვება და სანამ ომია არც აპირებენ სამშობლოს დამცველთა რიგებში დაბრუნებას-ასეთები საქართველოშიც მრავლადაა და ძალაუნებურად აჩენს კითხვას,მაშინ როდესაც უკრაინელების დასახმრებლად იქ ფრონტზე ათასზე მეტი ქართველი იბრძვის,რომელთაგან 60-ზე მეტი სამწუხაროდ დაგვეღუპა,ჯან-ღონით სავსე უკრაინის მოქალაქე მამაკაცები თბილისსა თუ ბათუმში ქართულ რესტორნებს არ ღალატობენ...

კიევს ჰქონდა მცდელობა, რომ იმ მეგობარი ქვეყნებისთვის, სადაც სამხედრო ვალდებულმა უკრაინელმა მამაკაცებმა შეაფარეს თავი, ეთხოვა მათი ძალისმიერი დეპორტაციის დაწყება უკრაინაში, მაგრამ აქედან ეტყობა არაფერი გამოვა, რადგან ეს ევროპაში ადამიანის უფლებების დარღვევად იქნება ერთპიროვნულად შეფასებული-უკრაინის ხელისუფლებას ისღა დარჩენია, საზღვარგარეთ მყოფ სამობილიზაციო ასაკის მამაკაცებს შეუზღუდოს საკონსულო მომსახურება, სანამ ისინი არ გაივლიან ახალ რეგისტრაციას სამხედრო კომისარიატებში, თუნდაც დისტანციურად.

გარდა ამისა, უკრაინის ხელისუფლებამ მიიღო კანონი, რომელიც სურვილის გამოხატვის შემთხვევაში პატიმრებს ნებას რთავს დანაშაული ფრონტის ხაზზე წასვლით გამოსიყიდონ, ასეთი კი შეიძლება 20 ათასამდე მსჯავრდებული აღმოჩნდეს.

ამ მეთოდს დიდი ხანია მიმართა აგრესორმა რუსეთმა და ამ ომში რამდენიმე ათეული ათასი ყოფილი მსჯავრდებულიც ჩააკლა, თუმცა ამით გარკვეულ უპირატესობასაც მიაღწია ქვეითი შეტევების დროს.

ახლა როდესაც განახლდა ამერიკული სამხედრო დახმარება უკრაინისთვის და ევროპაც ცდილობს გაუზარდოს დახმარება, ოფიციალური კიევის ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემად რჩება რაც შეიძლება მოკლე პერიოდში, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მობილიზირება მოასწროს ფრონტის ხაზზე გასაგზავნად, რადგან დიდი რუსული საზაფხულო შეტევების დაწყების თარიღი ახლოვდება... მაგრამ, რას იზამს ფრონტის ხაზზე მოხვედრილი გუშინდელი მოქალაქე, რომელსაც დაწყებითი სამხედრო მომზადების გასავლელად ერთი თვეც კი არ ჰქონდა?