"საქმის გარჩევა მძიმე შედეგით დასრულდა. ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ძველი წყენა გაიხსენეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე? - კვირის პალიტრა

"საქმის გარჩევა მძიმე შედეგით დასრულდა. ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. ძველი წყენა გაიხსენეს" - რა დეტალები ხდება ცნობილი სენაკში მომხდარ საზარელ მკვლელობაზე?

უმძიმესი დანაშაული წუხელ სენაკში, გორის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის საქმის გარჩევა სისხლისღვრით დასრულდა. მოკლულია 26 წლის თორნიკე გოგია, რომელიც სამწუხაროდ, სამედიცინო დაწესებულებამდე ვერ მიიყვანეს და გზაში გარდაიცვალა. დაჭრილია თორნიკეს ძმა, ალექსი გოგია, ის ამ დრომდე კლინიკაში რჩება, ასევე დაჭრილები არიან გიორგი მეფიშვილი და რუსლან კინწურაშვილი.

"ყველა ერთმანეთის მეზობლები და ერთად გაზრდილები არიან. თუმცა როგორც ამბობენ, ბიჭებს შორის კონფლიქტი წლების წინ დაიწყო. გუშინ ისინი ერთმანეთს ისევ შეხვდნენ და ძველი წყენა გაიხსენეს. საქმის გარჩევა კი ამ მძიმე შედეგით დასრულდა".

ერთ-ერთი ვერსიით, ძმებ გოგიებს სახლში მიუვარდნენ და იქ გაუსწორდნენ ასე სასტიკად, თუმცა ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ბიჭებს შორის დაპირისპირება სახლთან მოხდა.

"ახალგაზრდები არიან, ფაქტობრივად ერთად გაზრდილები, მეზობლები. გოგიები 6 ძმები არიან, რუშა გოგიას შვილიშვილები. სამწუხაროდ, დაღუპულია თორნიკე და დაჭრილია მისი ძმა. რუსლან კინწურაშვილიც მათი სახლის უკანა ქუჩაზე ცხოვრობს. როგორც ვიცი, წლებია მათ შორის დაპირისპირებაა. ე.წ. ქურდული მენტალიტეტის გამო. მოკლულის ერთ-ერთ ძმას, ბიგოს ჰქონდა მასთან და ქურდული სამყაროს მიდევრებთან დაპირისპირება. იყო ადრე ამის გამო გარჩევები, ბიგო ახლა უცხოეთშია და რატომ მოხდა გუშინ დაპირისპირება, ჯერჯერობით არ ვიცი. მეზობელია გარდაცვლილი, დღეს არის მისი დაკრძალვა და როგორც ჩანს, დაკრძალვაზე იყო ჩამოსული რუსლან კინწურაშვილი. მისი ოჯახი თბილისში, ნაქირავებში ცხოვრობს, აქედან წასულები არიან, რადგან რუსლანის და წარმატებული სპორტსმენია, ამიტომ ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ჩანს, გუშინ შეხვდნენ ერთმანეთს, ალბათ მიდიოდა რაღაცის დამტკიცება და მოხდა ეს ტრაგედია. მართლა ძალიან განვიცდით ამ ამბავს, რადგან ფაქტობრივად ერთად გაზრდილები არიან", - ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი. თუმცა ის ვერ აკონკრეტებს კონკრეტულად რატომ დატრიალდა გუშინ ეს ამბავი და რატომ მივიდა საქმე მკვლელობამდე. მისი მონათხრობიდან ის ირკვევა, რომ ორივე მხარეს არიან დაჭრილები. მათ გარდა კიდევ მონაწილეობდა თუ არა საქმეში ვინმე, ეს და სხვა დეტალები ალბათ გამოძიების დროს გახდება ცნობილი.

კიდევ ერთი სენაკელი გვიდასტურებს, რომ ბიჭებს შორის დაპირისპირება წლებია გრძელდება:

"ყველას ვიცნობ ბავშვობიდან. სამწუხაროდ, თორნიკეა გარდაცვლილი, ალექსი დაჭრილია. გიორგი მეფიშვილიც მათი მეზობელია და ისიც იმყოფება ახლა კლინიკაში. ზუსტად რა მოხდა, არ ვიცი, იქ არ ვყოფილვარ და ახლა ვცდილობ გარკვევას. უბანში ყველა შეძრულია ამ ამბით და საუბარიც უჭირთ. არ ვიცი მიზეზი ჩხუბის გუშინ რა იყო. გიორგი მეფიშვილი როგორ აღმოჩნდა ამ ამბავში ესეც არ ვიცი",- ამბობს ჩვენთან საუბარში ადგილობრივი.

ჩვენს კითხვაზე, ჰქონდათ თუ არა გოგიებს ადრე დაპირისპირება, ასე გვპასუხობს:

"ეს ადრე იყო ერთმანეთზე დევნები. როგორც მითხრეს, ახლაც ძველი თემაა, დაუჭერიათ ახლა ერთმანეთი და ამ გარჩევას მოყვა ყველაფერი. წლებია დაპირისპირება მიდის, მეგონა ეს ამბავი დამთავრებული იყო. თორნიკეს ძმა, ბიგო პატარა ასაკიდან მისდევს იმ სამყაროს. ქურდობა უნდოდა და ამის გამო მას მოუგონეს რაღაც, შენ ფორმა გეცვა და რა ქურდობა გინდაო. ამ მენტალიტეტის ახალგაზრდებთან ჰქონდა მას დაპირისპირება ამის გამო, რადგან ბიგო ამბობდა, ეს მომიგონესო. რაღაც სურათი დაუბეჭდეს, ტყუილი იყო ეს ყველაფერი, მას ფორმა არასოდს ცმია, არც ჯარში ყოფილა. როგორც მახსოვს, კოლეჯში სწავლობდა და იმ დროინდელი რაღაც სურათი გამოუქვეყნეს. ეს როგორ გამიკეთეთო და ამაზე იყო მერე დაპირისპირები. როგორც ვიცი, იმ ვარიანტში ბიგო მართალი იყო თავის თავთან და ამის გამო იყო კონფლიქტები. წლებია ეს ამბავი ტრიალებს, მაგრამ ახლა ბიგო არ არის საქართველოში საერთოდ, უცხოეთშია და რატომ მოხდა დაპირისპირება, არ ვიცი. კინწურაშვილს არ ვიცნობ, სხვა ქუჩაზე ცხოვრობს. გიორგი მეფიშვილს ვიცნობ და გამიკვირდა, რომ გავიგე ის დაჭრილია. როგორ აღმოჩნდა ამ საქმეში გიო არ ვიცი. მაგათ გამო რომ დაიჭრა, ეს მიკვირს. შეიძლება შეესწრო, რადგან იმავე ქუჩაზე ცხოვრობს გიორგიც. რა მოხდა წუხელ უფრო მეტი დეტალი ჯერ არ ვიცი, მეც ახლა ვარკვევ. ფაქტი ძალიან მძიმეა და ვუთანაგრძნობ თორნიკეს ოჯახს. მოგვიანებით მეცოდინება მეტი დეტალი და ისიც, ძველ წყენას უკავშირდება მომხდარი, თუ სხვა რამე იყო მიზეზი", - აბობს ის ჩვენთან საუბარში.

ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ალბათ სამართალდამცავები დაადგენენ მეტ დეტალს და ოფიციალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.