„ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან“ - კვირის პალიტრა

„ქუჩაში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან“

"შიდაპოლიტიკური რყევები, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის დაპირისპირება ძალიან დიდი საფრთხეების წინაშე გვაყენებს", - ამბობს პოლიტიკის ანალიტიკოსი მირიან მირიანაშვილი. მისი თქმით, დასავლელ ლიდერებს საქართველოს დასავლურ გეოპოლიტიკურ სივრცეში ინტეგრირება მტკიცედ აქვთ გადაწყვეტილი, რაც რუსეთს პრინციპულად არ მოსწონს. "თბილისში ვნებათაღელვა მხოლოდ საქართველოში არსებული ინტერესჯგუფების დაპირისპირებით არ არის გამოწვეული, საგარეო კონტექსტიც უნდა გავითვალისწინოთ", - ამბობს მირიან მირიანაშვილი.

- დღეს თბილისის ქუჩებში გამოსული პოლიტიკური სუბიექტების უკან ძალიან სერიოზული ინტერესჯგუფები დგანან. შეიძლება ითქვას, ჩვენ ახლა ტესტის ჩაბარება­ გვიწევს - ისე უნდა გადავლახოთ ეს სახიფათო­ ზონა, რომ დაზარალებულები კი არა, მოგებული დავრჩეთ.

ქართულ პოლიტიკურ ელიტას, როგორც ხელისუფლებას, ასევე ოპოზიციას, ექსპერტთა საზოგადოებას და პოლიტიზებული სოციუმის დიდ ნაწილს არ ეგონა, თუ საქართველოს დასავლეთში ინტეგრაციის მდორე ტემპი ასე აჩქარდებოდა და დასკვნით ფაზაში გადავიდოდა. ჩვენი პოლიტელიტა მზად არ აღმოჩნდა ამისთვის ფეხის ასაწყობად. ოპოზიციამაც ვერ გამოძებნა სწორი ნარატივი. დასავლეთს რუსეთის ფაქტორს სწორად ვერ უხსნის. პრობლემა ისაა, რომ ქართული­ სოციუმი კეკლუცობს, როდესაც ალალად ებრძვის რუსეთს, იმიტომ, რომ უამრავი ქართველი მყარი თოკით­ არის მიბმული რუსეთთან და მათი მყისიერი ჩაწყვეტა ადვილი არ არის. ჩვენ დასავლეთთან ინტეგრაციის პრობლემა კი არ გვაქვს, რუსეთის გასტუმრება გვიჭირს. დასავლეთთან ინტეგრაციის პროცესში­ ისე ჩავერთეთ, რუსეთის გასტუ­მრების მოდელის შექმნა გადაგვავიწყდა. ამიტომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია გაიმართოს დისკუსია, თუ როგორ დავიხსნათ თავი რუსეთისგან კატაკლიზმების გარეშე.

- ეს შესაძლებელია?

- რუსეთს ისეთ მომენტში უნდა გამოვეხსნათ, რომ ჩვენი უკან მიბრუნების რესურსი აღარ ჰქონდეს. უნდა გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ევროპაში ინტეგრაციას რუსეთი ყოველთვის შეუშლის ხელს, ევროკავშირში რომ შევალთ, იქაც შეგვიქმნის პრობლემებს. მოსკოვში საქართველოს ევროკავშირში შესვლას ვერაფრით ვერ მოინელებენ, ეს რუსეთისთვის კავკასიაში ბატონობის დასასრული იქნება. მხოლოდ სამხრეთ კავკასიას კი არა, ჩრდილოეთ კავკასიასაც კარგავს.

- ეს მომენტი როგორ უნდა შევარჩიოთ?

- ჩემი წარმოდგენით, რუსეთს ეს რესურსი დღეს ყველაზე მეტად აქვს დამცრობილი. როგორც კი მოსკოვი უკრაინასთან ომს მოითავებს, წარმატებული თუ წარუმატებელი შედეგით, მაშინვე დაიწყებს საქართველოსთვის ბარიერების გაზრდას ევროინტეგრაციის გზაზე. ამიტომ დღევანდელი მომენტი ყველაზე ოპტიმალურია. ამაზე უკეთესი მომენტი საქართველოს არც ამ დრომდე ჰქონია და არც მომავალში ექნება. ამიტომ, როგორ რისკიანადაც უნდა მოგვეჩვენოს, ეს ნაბიჯი უნდა გადავდგათ.

- "ქართული ოცნების" ლიდერების ნაბიჯები რა განცდას გიტოვებთ, როგორია მათი სტრატეგია, რაზე აქვთ გათვლა?

- რაც უფრო მეტად ჯიუტობს "ქართული ოცნება", მით უფრო მეტად იზრდება ფსონი საქართველოზე. შესაბამისად, სავარაუდოა, რომ "ქართული ოცნების" მიერ ევროინტეგრაციის გზაზე ფეხის ათრევის გამო შეიძლება დასავლეთმა კიდევ მეტად ხელსაყრელი შემოთავაზებები გაგვიკეთოს. "ქართული ოცნება" ევროინტეგრაციის გზას კი არ გვიკეტავს, რუსეთის დასუსტების შეცნობის რესურსი არ აღმოაჩნდა, სამხრეთ კავკასიაში რუსეთის შესაძლებლობების შეზღუდვას ვერ ამჩნევს. ტყუილია, რაც არ უნდა მოინდომო,­ ვერანაირი ბოიკოტირებით ვერ ჩაშლი ევროინტეგრაციის პროცესს. რუსებმა კარგად იციან მიზეზ-შედეგობრივი გარემოებები და ხვდებიან, რომ სამხედრო ჩარევის გარეშე საქართველოში გავლენას ვერ დაიბრუნებენ.

- თქვენ კი ამბობთ, რომ ევროინტეგრაციის ჩაშლა შეუძლებელია, მაგრამ რას უნდა ველოდოთ დასავლელი პარტნიორებისგან, თუ ჩვენი ხელისუფლება კვლავ გააგრძელებს მათ კრიტიკას?

- დასავლეთმა პოსტსაბჭოთა სივრციდან ათეულობით ქვეყანა წაიყვანა. მათ შორის არაერთ ქვეყანას ჰყავდა პრობლემური ხელისუფლება. მაგალითისთვის დაგისახელებთ ბულგარეთს, რომლის პოლიტიკური ელიტა ათჯერ პრორუსული იყო, ვიდრე ჩვენი, მაგრამ ამერიკამ მათი ამბიციების მოთოკვა მარტივად მოახერხა. სინამდვილეში, პრობლემა სულაც არ არის "ქართული ოცნების"“ფეხის ათრევა ევროინტეგრაციის გზაზე. დასავლეთს ძალიან ძლიერი დიპლომატია ჰყავს და ძალიან კარგად იციან, რა უნდა შეიმჩნიონ და რა არა, ხომ არ გგონიათ, რამეს არ ხედავენ?! არ იმჩნევენ იმას, რაც არ სურთ.

- რა არ სურთ, რას არ იმჩნევენ?

- არ სურთ სამაგიეროს გადახდა საქართველოს ხელისუფლებისთვის, იმიტომ­, რომ ამით ჩვენი ქვეყნის ისედაც მყიფე სახელმწიფოებრიობა კიდევ უფრო დასუსტდება. დასავლეთში ფიქრობენ, რომ "ოცნების" ანტიდასავლური რიტორიკის მიზანი დასავლეთის მიერ ფინანსურ-ეკონომიკური რეპრესიების დაწყებაა,­ რომელიც უპირველესად ქვეყანას დააზიანებს.

- რამდენად რეალურია "ქართული ოცნების" შიში, რომ ამერიკაში გარკვეული პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლების შეცვლას ცდილობენ?

- ამერიკულ პოლიტიკაში ოთხი დაჯგუფებაა, რესპუბლიკურ პარტიაში ორი - ტრამპისტები და რეიგანისტები, და ორიც დემოკრატიულ პარტიაში - ცენტრისტები და მემარცხენეები. ერთმანეთთან ვერაფერზე შეთანხმდნენ, გარდა ერთისა, რომ საქართველოში გამოეგზავნათ საპროტესტო ნოტა ე.წ. აგენტების კანონის შესახებ. ეს იცით რას ნიშნავს? თუ "ქართულმა ოცნებამ" რეალურად მოახდინა დასავლური კურსის საბოტაჟირება, ამერიკული ელიტიდან დიდ პრობლემებს წააწყდება. ეჭვი მეპარება, ბიძინა ივანიშვილი ამისთვის მზად იყოს. რუსეთს რუსეთ-უკრაინის ომში ტრამპზე აქვს ფსონი დადებული, მაგრამ როგორც ამერიკელი სენატორების მიერ საქართველოსთვის გამოგზავნილი წერილით ირკვევა, "ქართულ ოცნებას" ტრამპის იმედიც არ უნდა ჰქონდეს - ანუ ტრამპისტებიც კი საქართველოს ევროატლანტიკურ ალიანსში გაწევრების მოსურნეები არიან. შესაბამისად,„"ქართული ოცნება" საგარეო ასპარეზზე მხარდაჭერას ვერავისგან ვერ მიიღებს ორბანისა და სლოვაკეთის პრეზიდენტის გარდა, რაც დასავლეთთან დაპირისპირებაში სასაცილოდ არასაკმარისია.

- სამაგიეროდ, ჩინეთთან აძლიერებენ ურთიერთობას...

- მსოფლიო ეკონომიკას დასავლეთი აძლიერებს. ჩინეთს არანაირი ბერკეტი და სურვილი არა აქვს, საქართველოს ეკონომიკას შეეხიდოს დასავლეთიდან ტოტალური ეკონომიკური ბოიკოტის შემთხვევაში. საქართველოს ეკონომიკა ერთ დღესაც ვერ გაუძლებს დასავლეთის ზეწოლას. ხშირად ერთმანეთში ვურევთ დასავლეთის ზეწოლის სხვადასხვა ინსტრუმენტს. მაგალითად, პოლიტიკური ელიტის დასანქცირება არანაირ კავშირში არ არის საქართველოს ეკონომიკასთან და თუ დასავლეთი ამის საჭიროებას დაინახავს, გამოიყენებს კიდეც. ვფიქრობ, ეს იცის ივანიშვილმაც და როგორც კი საფრთხეს დაინახავს დასავლეთიდან, წინააღმდეგობას შეასუსტებს.

- ვის შეიძლება მიიჩნევდნენ ამერიკელები ოპოზიციიდან მოკავშირეებად?

- დასავლელ პოლიტიკოსებს შორის ძალიან სერიოზული დისკუსია იყო, თუ ვინ შეერჩიათ კომუნიკატორად. ეს პიროვნება შეირჩა მაკრონის შუამდგომლობით და ის სალომე ზურაბიშვილია. შარშან შემოდგომით, როდესაც ზურაბიშვილი სალივანს შეხვდა, საბოლოო გადაწყვეტილება მაშინ მიიღეს. ამერიკული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, ზურაბიშვილს პირობა ჩამოართვეს, რომ მის პიროვნულ როლზე საუბარი არ იქნებოდა და ის მხოლოდ გარდამავალი ფიგურა იქნებოდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში. ამერიკელების ძირითადი პრეტენზია ივანიშვილთან იმაში მდგომარეობს, რომ თავად სურთ საკუთარი მომხრეების ბანაკი ააწყონ. ივანიშვილმა პოლიტიკურ ორბიტაზე თავად დატოვა "ნაცმოძრაობა", მერე დაშალა და ნაწილ-ნაწილ შეაძლია ამერიკელებს. ამაზე რომ არ დათანხმდნენ, მერე სხვა პოლიტიკურ კონსტრუქციებს სთავაზობდნენ. ეს ეპოქა დასრულდა, ახლა ამერიკელებს თავად სურთ ადგილობრივ ბაზარზე საკუთარი მხარდამჭერების შეცნობა. ევროინტეგრაციის ფინალურ ეტაპზე პოლიტიკური პარტიების პაკეტიც უნდა განახლდეს, როგორც აღმოსავლეთ ევროპაში მოხდა. ამ პარტიების აღარავის სჯერა. ახლა ვის დააჯერებ, რომ ფე-ეს-ბეს ოფიცერი სააკაშვილი ნამდვილად ებრძოდა რუსეთს საქართველოში. მოსკოვის დიპლომატიური სასწავლებლების კურსდამთავრებულებით არის სავსე ოპოზიციური სპექტრი. შესაბამისად, დასავლეთი მათგან პოლიტიკური სპექტრის გასუფთავებას ისევე გეგმავს, როგორც პოლონეთში მოხდა თავის დროზე. სინამდვილეში ოპოზიციაში მყოფ ზოგიერთ პოლიტიკოსს ისევე არ უნდა დასავლეთში ინტეგრაცია, როგორც ხელისუფლებაში მყოფ რუსეთუმეებს.

- ამ სცენარში ივანიშვილი სად არის?

- მისი პოლიტიკური როლი ძალიან საინტერესოა გარდამავალ პერიოდში, ამერიკელებს უნდოდათ კიდეც მისი დარჩენა და ეს ივანიშვილმა თავადაც იცის. მე არ ვიზიარებ მოსაზრებას, რომ ის 2 მილიარდის გამო დეპრესიაშია და ვერ აცნობიერებს სანქციები დაწესებული აქვს თუ არა. არანაირი სანქციები არა აქვს დაწესებული და ამის გარკვევა მარტივია ამერიკის ფინანსთა სამინისტროს საიტზე. იქ არ არის ივანიშვილის გვარი, რაც ნიშნავს, რომ ის შემონახულია გარკვეული პოლიტიკური ფუნქციისთვის და გამოიყენებენ გარდამავალ პერიოდში. ე.ი. ამერიკელები მთელი გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის სათავეში ზურაბიშვილს, ხოლო ხელისუფლებაში ივანიშვილს მოიაზრებდნენ. ამიტომაც დათანხმდნენ მის პოლიტიკაში დაბრუნებას. ჯერჯერობით, როგორც ჩანს, ამერიკულ პოლიტიკურ ელიტას ივანიშვილის კარდინალური მიუღებლობა არა აქვს.

ხათუნა ბახტურიძე