ყველაფერი ვეტოს შესახებ - კვირის პალიტრა

ყველაფერი ვეტოს შესახებ

18 აპრილს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ”კანონს" ვეტო დაადო. "დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი არის თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონი, რომელიც ეწინააღმდეგება­ ჩვენს კონსტიტუციას, ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს!", - განაცხადა პრეზიდენტმა. კონსტიტუციის მიხედვით, ჰქონდა თუ არა უფლება პრეზიდენტს ვეტო დაედო კანონისთვის ისე, რომ მასში მოტივირებული შენიშვნები არ შეეტანა, ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებზე ექსპერტი, იურისტი­ ლევან ალაფიშვილი გვესაუბრება.

- საპარლამენტო რესპუბლიკაში საქართველოს პრეზიდენტის ინსტიტუტი არ არის ისეთი ძლიერი, რომ მას სხვადასხვა ფორმისა და ტიპის ვეტოს უფლება ჰქონდეს. უპირობო და დაუსაბუთებელი ვეტოს­ დადების უფლება დამახასიათებელია­ საპრეზიდენტო რესპუბლიკებისთვის. საპრეზიდენტო ქვეყანაში პრეზიდენტები ხელისუფლებას იყოფენ საკანონმდებლო ორგანოსთან, სახელმწიფოს მეთაურები და აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურები ისინი არიან, სწორედ ამიტომ არის მათ ხელში სხვადასხვა სახის ვეტო. საქართველოსა და საპარლამენტო რესპუბლიკებში­ კი ასე არ არის. კონსტიტუციაში წერია,­ თუ როგორი უნდა იყოს შენიშვნები და პროცედურა.­ კანონის მიღებიდან 10 დღის ვადაში კანონპროექტი საქართველოს პრეზიდენტს ეგზავნება ხელმოსაწერად და გამოსაქვეყნებლად. პარლამენტი კანონმდებელია, მაგრამ მას არ შეუძლია ერთპიროვნულად კანონის ამოქმედება, მისი ძალაუფლების დასაბალანსებლად არსებობს მეორე ინსტიტუტი, ხელმოწერა და გამოქვეყნება სხვა უმაღლესი ინსტიტუტის, ამ შემთხვევაში სახელმწიფოს­ მეთაურის საქმეა.­ მას შემდეგ, რაც პრეზიდენტს უკვე მიღებული კანონი გაეგზავნა, მას 14-დღიანი ვადა ჰქონდა იმისთვის, რომ ხელი მოეწერა, გაეზიარებინა და დათანხმებოდა იმას, რაც მიიღო პარლამენტმა, ან არ გაეზიარებინა და მოტივირებული­ შენიშვნებით უკან დაებრუნებინა პარლამენტში. პრეზიდენტმა უკან დააბრუნა და ამბობს, რომ იურიდიულად გამართულია დოკუმენტი. კონსტიტუცია კი ამბობს, რომ დაბრუნების შემდგომ პარლამენტი განიხილავს და კენჭს უყრის პრეზიდენტის შენიშვნებს. პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები ნიშნავს, რომ იმ საკითხებს, რასაც პრეზიდენტი­ არ ეთანხმება, ჩამოაყალიბებს კანონპროექტის სახით და ისე წარუდგენს პარლამენტს. პარლამენტი განიხილავს პრეზიდენტის დაწერილ ახალ კანონპროექტს და შეიძლება დაეთანხმოს ან არა. თუ არ დაეთანხმება, მაშინ უკვე მეოთხედ უყრის კენჭს თავის ძველ, უკვე სამჯერ კენჭნაყარ კანონპროექტს და ისევ გაუგზავნის პრეზიდენტს ხელის მოსაწერად...

პარლამენტმა პრეზიდენტთან მესამე დღეს გაგზავნა დამტკიცებული კანონი, ახლა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვეტო დაადო... თუკი პრეზიდენტი 14 დღის ვადაში არც ხელს მოაწერდა და არც მოტივირებულ შენიშვნებს წარადგენდა, ამ შემთხვევაში კანონპროექტს ხელს მოაწერდა პარლამენტის თავმჯდომარე და ის შეიყვანდა კანონპროექტს ძალაში. ასეთ შემთხვევაში გამოვიდოდა, რომ პრეზიდენტი პარლამენტის სასარგებლო თამაშს ითამაშებდა,­ დროსაც მოაგებინებდა პარლამენტს და კანონსაც აამოქმედებდნენ. ჩვენ ჯერ არ ვიცით ზურაბიშვილის მიერ უკან დაბრუნებული ვეტოს შინაარსი. ამიტომ ისევ მივუბრუნდეთ დასაბუთების საკითხს, თუკი პარლამენტის მაგიდაზე აღმოჩნდება ერთწინადადებიანი დოკუმენტი, არ ვეთანხმები და არ ვაწერ ხელსო, ეს არ იქნება სწორი, რადგან კონსტიტუცია ამბობს, რომ უნდა იყოს დასაბუთებული შენიშვნები. Aვფიქრობ, პრეზიდენტის ვეტოს აუცილებლად მოჰყვება კარგად დასაბუთებული ახალი კანონპროექტი, მით უმეტეს პრემიერმაც, ჩვენმა ევროპელმა და ამერიკელმა პარტნიორებმაც თქვეს, ვეტოს ფარგლებში შესაძლებელია რაღაც გავაკეთოთო.

პრეზიდენტი კონსტიტუციით არ არის შეზღუდული განსახილველ საკითხზე შინაარსობრივად რადიკალურად განსხვავებული და სრულიად ახალი კანო­ნპროექტი დაწეროს და წარუდგინოს­ პარლამენტს. მაგალითად, ზურაბიშვილს შეეძლო ჩაეწერა, რომ იუსტიციის სამინისტრო ერთპიროვნულად­ კი არ უნდა იღებდეს ასეთ გადაწყვეტილებებს, არამედ ყველა გადაწყვეტილებას სჭირდება სასამართლოს სანქცია, ან მიეთითებინა,­ რომ სასა­მართლო იღებს ამ გადაწყვეტილებებს. ასევე, მაგალითად, შეიქმნას არა მხოლოდ უცხოური ორგანიზაციების რეესტრი, არამედ იმ ქართული ორგანიზაციების რეესტრიც, რომლებიც მთავრობიდან პირდაპირ ან არაპირდაპირ, ან პოლიტიკური პარტიებისგან ფინანსდებიან. ასევე შეიქმნას მესამე, ოკუპირებული და არაოკუპირებული ქვეყნების მიერ დაფინანსებული რეესტრი, ანუ რუსეთის და იმ ქვეყნების მიერ დაფინანსებულების რეესტრი, რომლებმაც არ დაუჭირეს მხარი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას გაეროს ასამბლეაზე და ცნეს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა...

- მართალია, ვენეციის კომისიის დასკვნა ჯერ არ ჩამოსულა, მაგრამ პრეზიდენტს ხომ შეეძლო ამ დასკვნას დალოდებოდა და შემდეგ გამოეყენებინა ეს ვეტოს დოკუმენტში?

- დიახ, პრეზიდენტს შეეძლო ვენეციის კომისიის შენიშვნები აესახა ახალ კანონპროექტში - ეს იქნებოდა ყველაზე სწორი გზა. ვენეციის კომისიის დასკვნა არის ევროპის საუკეთესო პროფესიონალთა მიერ შედგენილი დოკუმენტი, რაც დემოკრატიის ყველა სტანდარტს პასუხობს. დასაბუთებული რომ იქნება ეს დასკვნა, ამაში ეჭვის შეტანა არ შეიძლება. მასში, ალბათ, გამოყენებული იქნება უნგრეთთან დაკავშირებული და ასევე სხვა პრეცედენტები, როდესაც სხვა ქვეყნებმა მიიღეს ამდაგვარი კანონები. შესაბამისად, ვენეციის კომისიას თუ სხვა ევროპულ ინსტიტუტებს ამაზე ნამსჯელი და გადაწყვეტილებაც მიღებული აქვთ. პრეზიდენტს არსებითად განსხვავებული კანონის წარდგენის უფლება აქვს, ეს არ ჩაითვლება გაკეთილშობილებად. ის არ შევა პარლამენტის მსჯელობის პროცესში, პირიქით, პარლამენტს შემოიყვანს თავის თამაშში. პრეზიდენტმა ეს კანონი შენიშვნების გარეშე რომ დატოვოს, ეს ჩვენს უცხოელ პარტნიორებსაც მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს. კობახიძეს სათქმელი არ უნდა დაუტოვოს, ჩვენ კი მოგეცით დრო, მაგრამ პრეზიდენტმა ასეთი რამე გააკეთა და ჩვენს კანონს ავამოქმედებთო.

ერთიც უნდა ვთქვათ - პრეზიდენტის ვეტოს შემდეგ კიდევ ერთი გზა რჩება პარლამენტს, თუკი თავისი სიტყვის ერთგული დარჩება, შეიძლება პრეზიდენტის ვეტოს აღარ დაუჭიროს მხარი, მაგრამ ამით არ დამთავრდება პროცესი, მეოთხედ უნდა უყარონ კენჭი კანონს. პარლამენტს ამ შემთხვევაში შეუძლია აღარ დაუჭიროს მხარი უკვე მიღებულ კანონპროექტს, როგორც ეს შარშან მოხდა, და ყველაფერი ამით დასრულდება - ანუ არც პრეზიდენტის, არც პარლამენტის ალტერნატივას არ დაუჭიროს მხარი.

- როცა პრემიერი ამბობს, ნუ ღელავთ, სექტემბრამდე მაინც არ შევა ძალაშიო, რას გულისხმობს?

- განხილვა, პროცესი, სავარაუდოდ, ივნისის თვეში გასტანს, შესაბამისად, შესაძლებელია მორიგი­ სესიის დასრულებამდე ვერც მოესწროს პროექტის დასრულება, კანონის სახით ჩამოყალიბება და გამოქვეყნება. გარდა ამისა, თვითონ კანონპროექტში წერია, რომ კანონის მიღებიდან ორი თვის ვადაში იუსტიციის მინისტრმა უნდა შეიმუშაოს რეგულაციები, ფორმები და ა.შ. მხოლოდ ამის შემდგომ ამოქმედდება კანონი სრულად. სავარაუდოდ, ეს იგულისხმა პრემიერმა.

პრეზიდენტის წარდგენილ კანონპროექტს პარლამენტი მხოლოდ ერთი მოსმენით განიხილავს. იქნება ერთი საკომიტეტო მოსმენა და ერთი სესია, სადაც დასამტკიცებლად კენჭისყრაზე გავა.

- ახლა რა ვადაში უნდა განიხილოს­ პარლამენტმა პრეზიდენტის წარდგენილი ვეტო?

- კონსტიტუციით, რეგლამენტით განსაზღვრული არ არის, რა ვადაში უნდა განიხილოს პარლამენტმა მისი შენიშვნები. მაგალითად, მიდიოდა პროცესი ოფშორების კანონზე, რომელსაც ასევე ვეტო დაადო პრეზიდენტმა, და ჯერ არც განუხილავთ­ ეს კანონი. შეუძლიათ ისე დაამთავრონ საპარლამენტო ვადა, ეს ვეტო არც განიხილონ და მომდევნო პარლამენტი ან მიუბრუნდება ამ საკითხს, ან არა.

- პრემიერის ტონიც შერბილებულია,­ ისიც ითქვა, პარლამენტს არ შეეძლო მესამე­ მოსმენაზე კანონპროექტი არ დაემტკიცებინაო.

- ასე არ არის, ჰქონდა უფლება არ დაემტკიცებინა, ეს არასწორი ინტერპრეტაციაა პოლიტიკური მიზნებისთვის. არსებობს პარლამენტის რეგლამენტში ჩანაწერი, რომ კანონპროექტის გაწვევა ინიციატორს, მაგალითად, მამუკა მდინარაძეს შეეძლო პირველი მოსმენით კანონის მიღებამდე. შარშან ამ კანონზე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი და სწორი გადაწყვეტილება მიიღეს საზოგადოების ზეწოლით პარლამენტში. თვითონვე დააყენეს კენჭისყრაზე და მეორე მოსმენით არ დაუჭირეს მხარი, ჩააგდეს. წელსაც შეეძლოთ ჩაგდება, მაგრამ ეს რევანშია. დამარცხებული ადამიანი გულში რომ ჩაიდებს ბოღმას, სამაგიერო უნდა გადაგიხადოს, შარშან ეს მაიძულე, მაგრამ წელს არ ვიზამო, თორემ მათ ჰქონდათ საკმარისი საშუალებები, რომ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც შარშან, ან არ გაეგრძელებინათ განხილვები.

- როცა ჩვენი დასავლელი პარტნიორები ქვეყნის კურსის შეცვალზე ალაპარაკდნენ, ამ შემთხვევაში ხელისუფლების მხრიდან ხომ არ იკვეთება­ კონსტიტუციის 78-ე მუხლის დარღვევა და ამ საფუძვლით შესაძლებელია თუ არა საჩივრის შეტანა საკონსტიტუციო სასამართლოში?

- საკონსტიტუციო სასამართლოში მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს, მაგალითად, თუ რომელიმე არასამთავრობო­ ორგანიზაციის სარჩელი შევა, ვთქვათ, იმ მუხლზე, რომელიც შეეხება მის სავალდებულო რეგისტრაციას, მისგან ინფორმაციის გამოთხოვას და არა მთლიან კანონპროექტს. ისიც შესაძლებელია, პარლამენტის წევრთა 30-კაციანმა ჯგუფმა მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოს, ოღონდ ამ შემთხვევაში მეტი დასაბუთება დასჭირდებათ. შეიძლება­ გასაჩივრდეს, თუ რამდენად დაიცვა პროცედურა და სხვა საკითხები პარლამენტმა - მაგალითად, საქართველოში არსებობს საგადასახადო საიდუმლოების ცნება, სასამართლოს გარეშე ჩემს და თქვენს ინფორმაციას ვერავინ მიიღებს. ამ კანონში­ კი წერია, რომ იუსტიციის სამინისტ­როს უფლება აქვს ჩემი, როგორც გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაცია სრულად გამოითხოვოს, მაშინ როცა საგადასახადო კოდექსი ანუ კანონი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მიეცემა მხოლოდ საგადასახადო ორგანოებს და მხოლოდ სასამართლოს სანქციით სხვა პირებს. ამ ჩამონათვალში საერთოდ არ არის საჯარო რეესტრი და არც იუსტიციის სამინისტრო, შესაბამისად, ამაზე მითითებით შეიძლება იყოს კონსტიტუციურობაზე მსჯელობა.