„ხელისუფლებისთვის დღეს ერთადერთი შანსი ოპოზიციაა“ - კვირის პალიტრა

„ხელისუფლებისთვის დღეს ერთადერთი შანსი ოპოზიციაა“

2011 წლის ბოლოს, როდესაც ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკაში მოსვლის პრეტენზია ახალი გაცხადებული ჰქონდა, მაშინდელმა მმართველმა პარტიამ "ნაციონალურმა მოძრაობამ" ცვლილებები შეიტანა "პარტიების შესახებ" კანონში, რითიც იურიდიულ პირებს პარტიების დაფინანსება აუკრძალა და დარღვევისთვის მკაცრი სანქციები დაუწესა. გასაგებია, ეს ივანიშვილის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი იყო, მაგრამ ამაზე უარესი ის იყო, ახალი წლის დღეებში გამოქვეყნებულ კანონში ჩასწორებული აბზაცი რომ აღმოვაჩინეთ, რითაც ამ კანონს უკუძალა მიენიჭა, ანუ დასჯადი ხდებოდა მანამდე ივანიშვილის კომპანიების მიერ უკვე გაკეთებული დაფინანსება. მაშინ აჟიოტაჟი ატყდა და ენმ-ს ამის უკან წაღებამ მოუწია, თან ისე, რომ ტექნიკურ პრობლემას დააბრალეს, რამდენიმე თვეში კი თავად ენმ-ს მოუწია ხელისუფლების დათმობამ. ეს ამბავი, ალბათ, აღარ გაგვახსენდებოდა, რომ არა "ქართული ოცნების" მიერ ე.წ. აგენტების კანონში მესამე მოსმენის მერე ჩამატებული მუხლები, რამაც ისედაც საშინელი კანონი უფრო დაამძიმა იმით, რომ უკვე ფიზიკურ პირებსაც ეხება და რაც მთავარია, ხელისუფლებას უფლება ეძლევა მათ პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაცია მოსთხოვოს. ცხადია, ამ ყველაფერს აჟიოტაჟი მოჰყვა, რადგან პირდაპირ ეწინააღმდეგება კონსტიტუციას. თუმცა, მეორე მხრივ, კანონში საკუთარი სურვილით ჩანაწერების გაკეთება ისე, რომ დაირღვეს პროცედურა, სამართლებრივად ამ კანონის გაუქმების საფუძველია. ამიტომაც ჩნდება კითხვა, ეს ჩანაწერი "ოცნებამ" იმისთვის ხომ არ გააკეთა, რომ მანევრის საშუალება ჰქონდეს? პრეზიდენტმა პირობა შეასრულა და "ოცნებას" კანონის "გაკეთილშობილების საშუალება არ მისცა". ცხადია, ეს ჩვენი ვარაუდია და მალე გამოჩნდება, ხელისუფლებას რა მიზანი აქვს, თუმცა მეორე საკითხია, ეს ყველაფერი სადამდე მივა, რაზეც ჩვენ პოლიტიკის ანალიტიკოს ირაკლი მელაშვილს ვესაუბრეთ.

- რაც ჩაწერეს, არღვევს კონსტიტუციას, კანონმდებლობას. ჯერ ერთი, დარღვეულია პროცედურა, რადგან ეს საკითხები არც პირველ და არც მეორე მოსმენაზე, არც კომიტეტის სხდომაზე და არც სესიაზე არ განხილულა და შესაბამისად, რაც დაამტკიცეს, იმაში არ იყო - ანუ ყველანაირი პროცედურა დარღვეულია და მეორე, ეს ყველაფერი ეწინააღმდეგება კონსტიტუციის მე-15 მუხლს, სადაც პირდაპირ წერია, რომ ჩვენი პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია. შესაბამისად, ეს არის საფუძველი იმისა, რომ მთლიანად კანონი გასაჩივრდეს საკონსტიტუციო სასამართლოში და არა მარტო ამ მუხლით, არამედ 78-ე მუხლითაც, რადგან ეს კანონი ეწინააღმდეგება საქართველოს ევროინტეგრაციას. მაგრამ ვხედავთ, რომ ოპოზიცია არაფერს აკეთებს, გარდა იმ განცხადებებისა, რომ არ მოგვწონს "ოცნება" და ძირს ბიძინა. თუკი ხელისუფლებამ "გაიჯეჯილა" და ეს კანონი მაინც ამოქმედდა, უნდა გასაჩივრდეს არა მხოლოდ საკონსტიტუციო სასამართლოში, არამედ უნდა წავიდეს სტრასბურგშიც, რადგან შესაძლებელია სტრასბურგის მეშვეობით მაინც ამ კანონის შეჩერება და ამის ბერკეტები არსებობს, რადგან ეწინააღმდეგება ყველა იმ ვალდებულებას, რაც საქართველომ აიღო ასოცირების შეთანხმებით და ა.შ.

რაც შეეხება უშუალოდ ამ ჩამატებას, შესაძლოა მართლა იმისთვის გააკეთეს, რომ მერე თქვან, აი, რაღაცები დავთმეთო, რომ კონსტიტუციასთან აშკარა წინააღმდეგობრივი ჩანაწერები ამოყარონ და დატოვონ ის, რაც მათთვის მთავარია. მათთვის მთავარი კი არის აგენტების ძახილი მათთვის, ვინც არ მოსწონთ. ამიტომ შესაძლოა ეს სავაჭროდ დაიტოვეს. შესაძლოა არც დაიტოვეს და ფიქრობენ, რომ ბოლომდე წავიდნენ დიქტატურის დამყარებამდე.

- თუ აპირებენ, რომ "ვენეციის კომისიის" შენიშვნები გაითვალისწინონ, მათში ამ ჩანაწერზე არაფერი იქნება, რადგან მათ სხვა ვერსია გაუგზავნეს.

- ცხადია, "ვენეციის კომისიის" შენიშვნებში ეს ვერ იქნება და მერე დაიწყება დემაგოგია, აი, ამ საკითხზე შენიშვნები არა აქვთო. ამიტომ ჩვენ ამ კანონის შეჩერებაზე უნდა ვიფიქროთ, ამაზე მაღალი დონის იურისტებმა უნდა იმუშაონ და ამისთვის საერთაშორისო იურიდიული კომპანიების დაქირავებაც შეიძლება, რადგან აღარ არის სახუმარო საქმე - ეს აღარ ეხება მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციებს და მათ, ვინც აქამდე ამბობდა, დიდი ამბავი, იყოს არასამთავრობოების ფინანსები გამჭვირვალეო, თუ იციან, რომ ახლა პირადად მათი ცხოვრება გახდება "გამჭვირვალე"?

ანრი ოხანაშვილი, კაცს იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი რომ უკავია, გაიძახის, ეს არ ეხება ფიზიკურ პირებსო. აბა, ვის ეხება, ორგანიზაციას, ანუ იურიდიულ პირს აქვს პირადი ცხოვრება? ძალიან მაინტერესებს იუსტიციის მინისტრის პოზიცია, რომელიც სადღაც არის მიმალული. არადა, ქვეყნის სამართლებრივ სისტემებზე ის არის პასუხისმგებელი და მინისტრი რომ აღარ იქნება, მაშინ შეიძლება მოუწიოს ამაზე პასუხისგებამ. ეს არის პირდაპირი დიქტატურის დამყარების ცდა, სახელმწიფო უკვე კანონის დონეზე ერევა მოქალაქეების პირად ცხოვრებაში და იწყებს მის გაკონტროლებას.

- როცა საზოგადოების პროტესტი არ ცხრება, რა შეიძლება მოხდეს?

- უპირველესად საკითხავია, თუ სანქციები დაგვიწესდება, ეკონომიკა როგორ გაუძლებს. მე მხოლოდ საფინანსო სექტორს არ ვგულისხმობ და ვშიშობ, ძალიან ცუდი პროცესები გველოდება. ისიც უნდა ითქვას, რომ ამ მთავრობის მხარდაჭერა გარკვეულწილად განპირობებული იყო იმ ეკონომიკური წინსვლით, რასაც ამ ხელისუფლებამ მიაღწია. ბევრი პროგრამა ამუშავდა სოფლის მეურნეობის, ბიზნესის განვითარებისთვის და ამან გარკვეული ძვრები გამოიწვია. ახლა კი შეიძლება ეს ყველაფერი ჩაიძიროს. ის, რომ საფონდო ბირჟაზე ქართული ბანკების აქციები გაიაფდა, რიგითი ქართველისთვის შესაძლოა პრობლემა არ არის, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს დაეტყობა ყველაფერს და მოსახლეობამ ეს უნდა იცოდეს. დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება კიდევ ერთ შეცდომას უშვებს, როდესაც ჰგონია, რომ ზაფხული მოვა, აქციები დაიშლება. არ იქნება სიმშვიდე, არ ესმით, რომ ისეთი კანონები მიიღეს, ასიათასობით მოქალაქის ღირსება შელახეს. საქართველოს მოქალაქის ღირსების შელახვა კი ასე მარტივად არ მთავრდება. არჩევნებამდე რამდენიმე თვე დარჩა და ეს ტკივილი არ გაივლის. ამიტომაც ხალხი იბრძოლებს ამ ხელისუფლების შესაცვლელად. ამ კანონით ჩვენი მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილის ცხოვრების ამოცანა ამ ხელისუფლების შეცვლა გახდა. ამიტომ არა მგონია, ხელისუფლებამ გიგანტური დარღვევების გარეშე შეძლოს ხელისუფლების შენარჩუნება.

- ვინ უნდა შეცვალოს, ამ საზოგადოებას არც ეს ოპოზიცია უნდა და ამის იმედი აქვს ხელისუფლებას.

- გეთანხმებით. ხელისუფლებისთვის დღეს ერთადერთი შანსი ოპოზიციაა. ვერაფერზე ვერ მოილაპარაკეს, ისიც კი არ იციან, რა კონფიგურაციით მიდიან. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ოპოზიცია საზოგადოებას არაფერს სთავაზობს, გარდა იმისა, ესენი გავუშვათ და მე კარგად მოვიქცევიო. მე მინდა ვინმე დამელაპარაკოს იმ სისტემურ პრობლემებზე, რაც არის დღეს ქვეყანაში, მაგრამ ამას არავინ აკეთებს.

რუსა მაჩაიძე