უნდა დავინახოთ თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე?! - კვირის პალიტრა

უნდა დავინახოთ თუ არა გვირაბის ბოლოს სინათლე?!

თქვენს მონა-მორჩილს 2024 წლის მარტი­ ენატრება. პოლიტიკური სიმშვიდე, ჩვენი ფეხბურთელების წარმატებით გახარებული საქართველო და საუბრები იმაზე, რომ როგორმე ერთი წელი მაინც ვიცხოვრებთ რყევებისა და ჰაი-ჰუის გარეშე, თუმცა... რა თქმა უნდა, ფეხბურთი არავის გაუუქმებია და საქართველოს ნაკრები ისტო­რიაში პირველად თავის მატჩს ევროპის ჩემპიონატზე 15 ივნისს ჩაატარებს, მაგრამ... გვეხალისება კი ფეხბურთისთვის?!მთავარი კითხვა კვლავ ჰაერშია გამოკიდებული - მივაღწევთ თუ არა მშვიდობიანად არჩევნებამდე. ამას დაემატა კიდევ ერთი კითხვა - გამოიყენებენ თუ არა სანქციებს საქართველოს მიმართ აშშ და ევროკავშირი.

რას იზამს დასავლეთი?!

არ გამართლდა ზოგიერთი ექსპერტის მოლოდინი. ამერიკელი დიპლომატის ჯიმი ო,ბრაიენის ვიზიტს სიტუაცია არ განუმუხტავს. ო,ბრაიენმა პრესკონფერენციაზე აშკარად მიანიშნა, რომ შესაძლოა ზოგიერთ ქართველ პოლიტიკოსს სანქციები დაუწესდეს. არანაკლებ საგანგაშო იყო თეთრი სახლის პრესსპიკერის განცხადება, რომელმაც საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობების ფუნდამენტური გადახედვის შესაძლებლობებზე ისაუბრა. ოთხი ქვეყნის პარლამენტების საგარეო ურთიერთობათა კომიტეტების თავმჯდომარეებისა და ლიეტუვის, ესტონეთის, ისლანდიისა და ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტების პერიპეტიებზე ყველას კარგად მოეხსენება. ამ ფონზე შედარებით მოზომილი იყო ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.

დიდი ალბათობით, ვაშინგტონი და ბრიუსელი ბოლომდე აცლიან საქართველოში მიმდინარე აურზაურის მთავარ აქტორებს, ბოლომდე დაელოდებიან, რომ იქნებ მდგომარეობა განიმუხტოს, იქნებ მოხერხდეს შეთანხმება. თუ იმედი გადაეწურათ, შემდეგ უკვე...

გამოუვალი სიტუაცია თუ...

გამოსავალი ყოველთვის არსებობს, თუ, რა თქმა უნდა, ამის სურვილია. ჩვენს შემთხვევაში გამოსავალი არჩევნებია, ოღონდ დემოკრატიულად და გამჭვირვალედ ჩატარებული. თუ მოსახლეობის ნაწილს (პარტიებზე არ ვსაუბრობთ, რადგან ყოველთვის მოიძებნებიან ისეთი­ პოლიტორგანიზაციები, რომლებიც დაიწყებენ­ ყვირილს, არიქა, არჩევნები გაყალბდაო) ეჭვი შეეპარა­ საარჩევნო პროცესის სამართლიანო­ბაში,­ არასტაბილურობის ჯოჯოხეთის უფრო მძაფრ­ და მტკივნეულ მეორე წრეზე­ წავალთ­. თუმცა,­ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,­ პრობლემაა არჩევნებამდე მშვიდობიანად მისვლა. რეალურია საფრთხე, რომ აქციის მონაწილეებისა და სამართალდამცავების პერმანენტულ შეხლა-შემოხლაში მოხდეს უბედურება, რაც სიტუაციას საბოლოოდ ააფე­თქებს. ასევე რეალურია საფრთხე, რომ ქუჩაში გამოვიდნენ ამ კანონის მომხრეები (მნიშვნელობა­ არა აქვს, თვითონ გამოვლენ თუ ვინმე მოახდენს ამის ინსპირირებას) და... რა შეიძლება ამას მოჰყვეს, ამის განხილვაც კი არ გვინდა.

პოლარიზაციის ჩიხიდან გამოსასვლელი­ ჯერ ბოლომდე არ დახურულა. გასაღები­ მმართველი გუნდის ხელშია. გასაგებია, რომ მეორედ კანონს უკან არ წაიღებენ,­ თუმცა მანევრირების საშუალება აქვთ. კერძოდ, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით მმართველი გუნდი უახლოეს მომავალში მიიღებს ვენეციის კომისიის დასკვნას და შენიშვნებს. ამ დასკვნის გათვალისწინება ჩიხიდან ერთ-ერთი გამოსავალია, თან ისე, რომ კანონის უკან წაღება არ დაგჭირდეს.

ვენეციის კომისიის დასკვნის დიდი ნაწილის გათვალისწინების შემთხვევაში, პროტესტი ჩაცხრება, რადგან ვეღარავინ დაასაბუთებს, რომ ამ კომისიის მიხედვით გადაკეთებული კანონპროექტი კვლავ საფრთხეებს შეიცავს არასამთავრობოებისა და მედიისთვის.

გამოსავლის მეორე ვარიანტზე არაერთხელ დაგვიწერია, თუმცა გამეორება არ დაგვეზარება. მმართველ გუნდს შეუძლია ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხის გადა­წყვეტა მიანდოს მომავალი მოწვევის პარლამენტს და თქვას, დაე, 26 ოქტომბერს­ ამომრჩეველმა გადაწყვიტოს, სურს თუ არა, რომ ქვეყანაში მსგავსი საკანონმდებლო ნორმები მოქმედებდეს. გასაგებია, რომ კანონი დამტკიცებულია, თუმცა "ოცნებას" შეუძლია არ დაძლიოს პრეზიდენტის ვეტო და ამით დააწყნაროს სიტუაცია. მთავარია იყოს პოლიტიკური ნება.

ამ დაძაბულ სიტუაციაში კარგი ამბავი­ ის არის, რჩება შთაბეჭდილება, რომ თავად­ მმართველი გუნდიც ეძებს გამოსავალს, ოღონდ სურს ეს თავისი ინიციატივით კი არ გამოაცხადოს, რათა საზოგადოებამ უკან დახევად არ აღიქვას, არამედ მოლაპარაკებების ფორმატით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: "ვთავაზობ აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, გამოყონ ათამდე წარმომადგენელი, რომელთანაც გავმართავ საჯარო დისკუსიას "გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გარშემო. შეგიძლიათ დისკუსიას დაასწროთ 2-3 არაახალგაზრდაც, რომელსაც თქვენ ავტორიტეტულ ექსპერტად განიხილავთ".

თქვენი მონა-მორჩილი გაკადნიერდება და იტყვის, რომ აქციის ორგანიზატორებმა­ აუცილებლად უნდა მიიღონ პრემიერის შეთავაზება. მათ, ვინც უკვე თვე-ნახევრის განმავლობაში ავსებენ რუსთაველის პროსპექტს, ყველაზე კარგად ესმით, რომ დიალოგს ალტერნატივა არა აქვს. იქნებ ეს არის გამოსავალი და გზა. დიალოგის დაწყების პარალელურად უკვე მზად იქნება ვენეციის კომისიის დასკვნა და შესაძლოა საერთო ვარიანტზე შეთანხმებაც არ იყოს შორს?! გასაგებია, რომ გამოჩნდებიან პოლიტიკოსები, რომლებიც იტყვიან, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკებებს აზრი არა აქვს, რომ ეს ხაფანგია და ა.შ. პირველ რიგში, ალბათ, ის პოლიტიკოსები, რომლებიც დღეს აცხადებენ, რომ მთავარი მოთხოვნა უნდა იყოს ხელისუფლების გადადგომა და არჩევნები თურმე ე.წ. ტექნიკურმა მთავრობამ უნდა ჩაატაროს.

არა, დიალოგს ყოველთვის აქვს აზრი. ყველანი საქართველოში ვცხოვრობთ და ცუდი სცენარის შემთხვევაში ცუდი ამბები­ ყველას ოჯახში შემოვა, მიუხედავად იმისა, ვინ რომელ პარტიას უჭერს მხარს ან მოსწონს თუ არა ზემოხსენებული კანონი.

სკანდალური კანონის ახალი სკანდალი?!

17 მაისს საიას თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ კანონის საბოლოო ვარიანტში მალულად ცვლილებები შევიდა, რომელიც კანონის მოქმედებას ფიზიკურ პირებზეც ავრცელებს. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, თუ პირმა იუსტიციის სამინისტროს გარკვეული კატეგორიის პერსონალური ინფორმაციის მიცემაზე უარი განუცხადა, ის 5.000 ლარით დაჯარიმდება. ამასთან, თუ პირმა ჯარიმა სასამართლოში გაასაჩივრა, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ჯარიმა მაინც უნდა გადაიხადოს.

ისმის კითხვა, როგორ მოხვდა კანონში­ ეს ჩანაწერი? თუ ახლა ჩვენი კანონმდებლები­ იმ დონემდე მივიდნენ, რომ უკვე დამტკიცებულ კანონში ახალი პუნქტები მიამატეს, მაშინ... ეს სისხლის სამართლის დანაშაულია. თუმცა ოპოზიციონერ დეპუტატ თეონა აქუბარდიას ასეთი ახსნა აქვს: "რუსული კანონის" მესამე მოსმენა ანრი ოხანაშვილმა 67 წამში რომ ჩაატარა, ხომ გახსოვთ? ჩვენ პოლიციის კორდონით დაგვაყოვნეს და დარბაზში შესვლა ვერ მოვასწარით". თუ თეონა აქუბარდია მართალია და ეს სპეციალურად გააკეთა მმართველმა გუნდმა, ეს ქართული პარლამენტარიზმის სირცხვილია.

თუმცა ისმის მეორე კითხვაც. პარლამენტმა კანონი მესამე მოსმენით 14 მაისს დაამტკიცა, საიას თავმჯდომარის პირველი განცხადება ჩამატებული პუნქტის შესახებ 17 მაისს გაკეთდა. ნუთუ სამი დღის განმავლობაში კანონის საბოლოო ვერსია არც ერთ ოპოზიციონერ დეპუტატს თავიდან ბოლომდე არ წაუკითხავს?

ამ ჩვენი ამბების გადამკიდე ზოგჯერ არც ვაქცევთ ყურადღებას, თუ რა ხდება მსოფლიოში, არადა, სლოვაკეთში ლამის ეროვნული მასშტაბის უბედურება მოხდა.

ლიტერატორი კილერი პრემიერისთვის

გასულ კვირას სლოვაკეთის ქალაქ ჰადლოვაში ქვეყნის პრემიერ-მინისტრ რობერტ ფიცოს ოთხჯერ ესროლეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც პრემიერი მოსახლეობას ესაუბრებოდა. დაჭრილი ფიცო საავადმყოფოში გადაიყვანეს, კარგა ხანს მისი მდგომარეობა კრიტიკული იყო, თუმცა­ ბოლო ინფორმაციით, მას საფრთხე აღარ ემუქრება. თავდამსხმელი 71 წლის იურაი ცინტუ­ლაა, ლიტერატორი ქალაქ ლევიცედან. დაკავების შემდეგ მან პოლიციას განუცხადა, რომ ფიცოს მთავრობის პოლიტიკა მისთვის მიუღებელია და ამან გადააწყვეტინა რადიკალური ნაბიჯის გადადგმა. ლიტერატორი, სავარაუდოდ, ერთ-ერთი ექსტრემისტული დაჯგუფების წევრია, რომლის მთავარი მიზანი ემიგრანტებთან ბრძოლაა. რაც შეეხება სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრს, 59 წლის რობერტ ფიცო მისივე დაფუძნებული მემარცხენე პარტიის "კურსი­ - სოციალური დემოკრატია" ლიდერია. გასული წლის შემოდგომაზე ის სლოვაკეთის­ პრემიერ-მინისტრი მეოთხედ გახდა. პირველად ის პრემიერად 2006 წელს აირჩიეს, ბოლოს კი თანამდებობიდან 2018 წელს გადადგა. კერძოდ, ექვსი წლის წინ ჟურნალისტ გამომძიებელ იან კუციაკის მკვლელობის გამო ქვეყანაში მასობრივი­ საპროტესტო აქციები დაიწყო­. კუციაკი მაფიის საქმიანობას იძიებდა, რომელთან კავშირშიც ფიცოს გარემოცვასაც ადანაშაულებდნენ. მეოთხედ გაპრემიერების შემდეგ ფიცომ მსოფლიოს ყურადღება იმით მიიქცია, რომ განაცხადა, ერთ ვაზნასაც არ მივცემ უკრაინასო, და ეს პირობა შეასრულა კიდეც. სლოვაკეთის წინა ხელისუფლება­ უკრაინის ერთ-ერთი აქტიური მოკავშირე იყო და კიევს საბრძოლო მასალებსა და ტექნიკას უფასოდ აწვდიდა. ფიცოს განცხადებით, უკრაინის სამხედრო დახმარება­ მხოლოდ კონფლიქტის გახანგრძლივებასა­ და მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვას იწვევს, რუსეთზე კი ეს არ აისახება. თუმცა სლოვაკეთის დღევანდელი ხელისუფლების მტკიცებით, უკრაინისთვის ფართომასშტაბიან ჰუმანიტარულ დახმარებას აგრძელებენ. ასევე, ფიცო აცხადებდა, რომ ევროკავშირი ამერიკის სამხედრო მანქანად იქცა. თუმცა არასოდეს აყენებდა ეჭვქვეშ სლოვაკეთის წევრობას ნატოში ან ევროკავშირში.

2018 წელს, იან კუციაკის მკვლელობის­ შემდეგ, ფიცო, რომლის გადადგომასაც დემონსტრანტები ითხოვდნენ, შეთქმულებების თეორიებში „ჩაიძირა. კერძოდ, პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ქვეყნის პრეზიდენტი ანდრეი კისკუ შეკრულია ჯორჯ სოროსთან და მათ ქვეყნის დესტაბილიზაცია­ სურთ. ჟურნალისტებმა­ ის პრესკონფერენციაზე სასაცილოდ აიგდეს, ფიცო კი გაჰყვიროდა, რომ რაც სლოვაკეთში ხდება, ეს ტოტალური დესტაბილიზაციის მცდელობაა.­ შეთქმულებების თეორიისთვის­ ფიცოს არც მას შემდეგ უღალატია, რაც მეოთხედ გახდა პრემიერი. კერძოდ, მან მოქმედ პრეზიდენტ ზუზანა ჩაპუტოვას ამერიკის აგენტი უწოდა.

გიორგი კვიტაშვილი