პოლიტიკის ანატომია ანუ რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება - კვირის პალიტრა

პოლიტიკის ანატომია ანუ რას ნიშნავს სახელმწიფოებრივი აზროვნება

საქართველოში მუდმივი არასტაბილური მოვლენების გამო უიმედობის განცდა გვაქვს. ეს მოვლენები ათეული წელი გრძელდება, რაც არც მომავლისთვის იძლევა სიმშვიდის გარანტიას. თუმცა პოლიტიკის სპეციალისტთა თქმით, თუ ქართულ პოლიტიკას პრაგმატულად შევხედავთ და არა ემოციებით, თუ მის ყველა ნიუანსს გავისიგრძეგანებთ, მოვლენებიც უფრო ბუნებრივი მოგვეჩვენება და შესაბამისად, არც სასოწარკვეთაში ჩავვარდებით. რა ხდება და რატომ არა მარტო ქართულ პოლიტიკაში, არამედ ქართველ საზოგადოებაში,­ რა მოვლენები გველის, ამის ანალიზი პოლიტიკის ისტორიკოს უჩა ბლუაშვილს ვთხოვეთ.

- ხშირად გაიგონებთ, პოლიტიკა ბინძური საქმეა, მას მორალი არა აქვსო, და პოლიტიკური მოვლენებიც ამას ადასტურებს, მათ შორის, დღევანდელი მოვლენებიც. შესაძლებელი იყო, ეს მოვლენები ამ კონდიციამდე არ მიგვეყვანა, თუ ამისთვის მზაობა არსებობს საზოგადოების წიაღშიც. მაგალითად, ტიბეტის ლიდერი დალაი ლამა მიიჩნევდა, რომ პოლიტიკა კი არ არის ბინძური საქმე, არამედ ბინძური ადამიანები ანაგვიანებენ მას, მაგრამ პოლიტიკის ერთ-ერთი კანონზომიერება ის არის, რომ როდესაც მორალი წინააღმდეგობაში აღმოჩნდება სახელმწიფო ინტერესთან, პოლიტიკოსი არც უნდა დაფიქრდეს და სახელმწიფო­ ინტერესს უნდა მისცეს უპირატესობა. ეს არის პოლიტიკის კანონზომიერება და ქვაკუთხედი. ეს თეზა კარგად ჩამოაყალიბა მაკიაველიმ და პოლიტიკაშიც მაკიაველიზმის სახელწოდებით შევიდა. სინამდვილეში, მაკიაველიმ კი არ ასწავლა მონარქებს, პრეზიდენტებს და სხვა სახელმწიფო მოღვაწეებს ცბიერება, არამედ მისი ლეგალიზაცია მოახდინა. განმარტა, რომ კარგი პოლიტიკა, რომელიც უპასუხებს სახელმწიფო ინტერესებს, შეიძლება არც იყოს მორალური. სხვათა შორის, წარსულშიც გვაქვს ქართველებს ამის საინტერესო მაგალითი, როდესაც გიორგი V-მ ცივგომბორზე დაპატიჟა 24 ერისთავი და მიიყვანა თუ არა იქ, ყველას დააცალა თავები და ამით უზრუნველყო საქართველოს ერთიანობა. მან ხომ ჩაიდინა ბოროტება, მაგრამ უზრუნველყო საქართველოს ერთიანობა და ამით ისტორიაში შევიდა სახელით "ბრწყინვალე". როდესაც ამ სახელს არქმევდნენ, რა თქმა უნდა, არავის გახსენებია, რა ჩაიდინა მან. რატომ? იმიტომ, რომ ის ხელმძღვანელობდა სახელმწიფო ინტერესებით, მაგრამ ეს ხოცვა-ჟლეტა პირადი მიზნებისთვის, ერისთავთა მამულის მისათვისებლად რომ გაეკეთებინა, რა თქმა უნდა, ისტორიაში არა "ბრწყინვალის", არამედ უზნეოს სახელით დარჩებოდა.

მეორე მაგალითსაც გეტყვით: 1941 წლის დასაწყისში ჩერჩილმა მზვერავისაგან მიიღო დეპეშა, რომ ჰიტლერი აპირებს ღამის 3 საათზე შეგზავნოს 250 ბომბდამშენი და ქალაქი კოვენტრი, რომელშიც 100 000 მოსახლეა, გაასწოროს მიწასთან­. ჩერჩილმა­ შეკრიბა სამხედრო საბჭო და დაკითხა, როგორ მოვიქცეთო. საბჭოს წევრებს­ სამხედრო პირებმა უთხრეს, ჩვენ ჰიტლერს ლა-მანშის სრუტესთან დავახვედრებთ მოიერიშეებს, ნახევარ ბომბდამშენებს­ ჩამოვუყრით, შემდეგ გავაძლიერებთ საზენიტო ცეცხლს, კიდევ ჩამოვყრით თვითმფრინავებს, მოსახლეობას ქალაქიდან გავიყვანთ და მსხვერპლს მინიმუმამდე დავიყვანთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში უნდა დავღუპოთ ჩვენი მზვერავი, რომელმაც ჰიტლერთან შეაღწია. ჰიტლერის ეს საიდუმლო სულ ხუთმა კაცმა იცის და ჰიტლერისთვის ძნელი არ იქნება მისი ამოცნობაო. ამიტომ საკითხი დაისვა, გადავარჩინოთ ქალაქი თუ გავწიროთ­ მზვერავი, რომელმაც უძვირფა­სესი საიდუმლო ცნობები შეიძლება მოგვაწოდოს გერმანი­იდანო (ომი ახალი დაწყებული იყო და ძალიან ჭირდა მზვერავი, რომელიც შეიძ­ლება ჰიტლერის გარემოცვაში მოხვედრილიყო), და რა მოხდა? იმ ღამეს გერმანელებისაგან მიწასთან გასწორდა ქალაქი კოვენტრი, რომელიც მას მერე ფეხზე ვეღარც დადგა. სამაგიეროდ, გადარჩა მზვერავი, რომელმაც გერმანელებს ბევრი საქმე გაუფუჭა.

- ანუ პოლიტიკაში მორალი არ უნდა მოიკითხო?

- ასეა, როდესაც საქმე სახელმწიფოე­ბრიობას ეხება. პოლიტიკა ურთულესი საქმეა. მაგალითად, არისტოტელე ამბობდა, არც ერთ ახალგაზრდა კაცს პოლიტიკა არ უნდა ჩააბარო, რადგან ვერც ერთ წიგნში ვერ ამოიკითხავს იმას, რაც ასაკმა უნდა შესძინოსო. მით უფრო, ურთულესია, როდესაც ქუჩაში წყდება პოლიტიკის საკითხი. ისედაც რა პოლიტიკოსები გვყავს და როდესაც ქუჩაში გვიხდება პოლიტიკის ბედის გადაწყვეტა, მძიმე ამბავია.

- მართალია, პოლიტიკის ექსპერტი არა ვარ, მაგრამ ქართული პოლიტიკა, ყველა "სიკეთესთან" ერთად, გულუბრყვილოდაც მომჩვენებია.

- საქმეც ეგ არის. ამას ძალიან ღრმა ფესვები აქვს. კერძოდ, თუ დავსვამთ კითხვას, რატომ გვაკლია ქართველებს სახელმწიფოებრივი აზროვნება, ჯობს, ცოტა შორიდან მოვუაროთ. სახელმწიფოებრივ აზროვნებას რა ნერგავს? ძლიერი სახელმწიფო ნერგავს კანონის წინაშე. ჩვენ ასეთი სახელმწიფო გვქონდა მხოლოდ დავითის დროს. დავითი კანონს აკანონებდა. კანონის უზენაესობისთვის არც თავს ზოგავდა, არც სხვებს. ერთხელ ერწუხის ბრძოლისას (1105 წელს) ერთმა სოფელმა ჯარი არ გამოიყვანა. ომი დამთავრდა თუ არა, დავითმა­ არც თვითონ დაისვენა, არც ჯარი დაასვენა, წაიყვანა და ის სოფელი დედაწულიანად გაჟლიტა. მერე ჯარი იმათი საკლავით აქეიფა და წამოვიდა. როცა საქმე ეხებოდა კანონის უზენაესობას, დაუნდობელი იყო. მერე "გალობანი სინანულისანი" ტყუილად კი არ დაწერა, ინანიებდა ამ დაუნდობლობას. სამაგიეროდ მისი დაუნდობლობა ნერგავდა სახელმწიფოს უზენაესობას. მერე მოვიდა თამარი და სიკვდილით დასჯის გაუქმება დანერგა ქვეყანაში. სიკვდილით დასჯა კანონით არ გაუუქმებია, მაგრამ არც ერთი განაჩენისთვის ხელი არ მოუწერია, პრაქტიკულად გააუქმა. ქვეყნის ცხოვრებას მორალი და ზნეობა წყვეტდა, მაგრამ სახელმწიფოებრივი აზროვნება რომ ჩანერგილიყო ხალხში, ეს ვერ გაკეთდა. ამის მერე, საუკუნეების განმავლობაში, ჩვენ ვართ არასახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხი, რომელმაც კანონი არ იცის. ამის მერე კანონი დაწერა ვახტანგ VI-მ, მაგრამ ხალხმა არ იცოდა, რა ეწერა კანონში,­ კანონი ცალკე იყო, ხალხი - ცალკე. ხალხი კანონით კი არა, სინდისით წყვეტდა მოვლენებს. ამიტომ იყო, ჩვენთან სინდისის აპარატი უფრო განვითარდა, ვიდრე სახელმწიფოებრიობა და კანონმორჩილება. გამოიწიწკნიდა კაცი ულვაშის ღერს და ეს იყო დასტური, რომ არ უნდა მოეტყუებინე. არც ქაღალდზე დაწერილი კანონი სჭირდებოდა, არც ხარის ბეჭზე.A არსენა მარაბდელშია, თავადი იშიშვლებს ხმალს და წააჭრის ყმას ყურს. ის საცოდავი მორთავს წივილ-კივილს. როდესაც თავადს შეეკითხებიან, რას ერჩოდი ამ საწყალ კაცსო, პასუხობს, რა გინდა, ვეჟო, ყმაც ჩემია და მისი ყური­ცო - კანონით ჰქონდა თუ არა საწყალი ადამიანის ასე გამწარების უფლება, ეგ თავადმა სულაც არ იცოდა, სინდისი­ როგორც გაუჭრიდა, ისე იქცეოდა. ამის მიუხედავად, რაც ვიყავით და როგორიც ვიყავით, მაინც იყო იმის შეგნება, რომ ჩვენი თავი ჩვენ გვეკუთვნოდა და სახელმწიფო როგორღაც უნდა დაგვეცვა. სხვათა შორის, ფილმში "დემეტრე თავდადებული" არის ეპიზოდი სიმონ მეფის შესახებ, ეს ისტორიულ წყაროებშიც ასახულია. სიმონ მეფე ერთ-ერთ ომში, რომელშიც იმერეთის მეფე ეხმარებოდა, დამარცხდა­ და აი, ასე დამარცხებული, ორი ახალგაზრდა­ მცველით მიადგა­ ერთ იმერულ ოჯახს. ქალმა გამოხედა, გაუმასპინძლდა და პირველად ომის ამბავი იკითხა. სტუმრებმა უთხრეს, დავმარცხდითო. მერე ქალმა იმერეთის მეფე მოიკითხა, სად არის, როგორ არისო. ის გადარჩაო, უთხრეს სტუმრებმა. მხოლოდ ამის შემდეგ მოიკითხა­ ქმარი და შვილები, ასეთი კაცი და მისი ორი ბიჭი ხომ არ გინახავთო - ანუ რიგითმა ქართველმა ქალმა ჯერ ქვეყნის ბედი მოიკითხა, მერე მეფის და მერე შვილების. ეს ამბავი გამოგონილი კი არ არის, რუსეთის დაპყრობამდე, ასე თუ ისე, მაინც არსებობდა სახელმწიფოებრივი­ აზროვნება, მაგრამ როგორც კი რუსეთმა დაგვიპყრო, ქართველმა კაცმა რამდენჯერმე გაიბრძოლა და დაინახა, რომ ვერას გახდებოდა, მერე დაკარგა რწმენა, სახელმწიფოზე ფიქრს ჩამოეთხოვა და მხოლოდ თავის ოჯახს მიუბრუნდა საზრუნავად. აი, ასე დავრჩით დღემდე. სხვათა შორის, იმიტომაც არის, რომ ბევრ ქართველ კაცთან სახლში შეხვალ და იდეალური სისუფთავეა, მაგრამ სადარბაზო ნაგვით აქვს სავსე. საკმარისია სახლს გარეთ გამოხვიდე, ნაგვის გროვას დაინახავ, იმიტომ, რომ იმ კაცს მხოლოდ თავისი ადარდებს და არა ქვეყნის, სახელმწიფოსი. რამდენიმე კვირა ამერიკაში დავყავი და დიდი ინტერესით ვაკვირდებოდი ჩემს მასპინძლებს, რომელთაც შესაძლოა სახლი დიდად მილაგებული არ ჰქონდათ, სამაგიეროდ, ეზოში გაზონების გასაკრეჭად ყოველდღე იხდიდნენ ფულს. ჩვენ კი ეს მომენტი 2 საუკუნის განმავლობაში დავკარგეთ და ახლა ასე ადვილი აღარ არის სახელმწიფოებრივი ფიქრისკენ მოტრიალება. თქვენ წარმოიდგინეთ, 1918 წლის დამოუკიდებელი საქართველოს პოლიტიკოსებსაც გაცილებით მეტი პოლიტიკური შეგნება ჰქონდათ, ვიდრე 1991 წლიდან მოსულებს. რატომ? ყოველ მათგანს, თვით ფილიპე მახარაძესაც კი ევროპაში ჰქონდა განათლება მიღებული და მათი პოლიტიკა გაცილებით გონებისმიერია, იმიტომ, რომ ევროპა იყო გონებისმიერი, კანონმორჩილი.

ევროპულ სამართალზეც ვიტყვი ორიოდ სიტყვას. გერმანიაში უმძიმესი კანონი იყო, თუ ვინმე ერთ შილინგზე მეტი საფასურისას რაიმეს მოიპარავდა, ჩამოახრჩობდნენ. ერთმა 18 წლის მოახლემ ქალბატონს რამდენიმე­ ხელსახოცი მოჰპარა­ ერთ შილინგზე მეტი ღირებულების, იმის გამო, რომ თვეობით ხელფასი არ აუღია. როდესაც გოგონას სასამართლო პროცესი გაიმართა, მას უდიდესი ფრანგი მოაზროვნე ვოლტერი დაუდგა თავდებად, მაგრამ ვოლტერიც ვერაფერს გახდა, გოგო მაინც ჩამოახრჩვეს. აი, ასეთ ევროპაში ჰქონდა განათლება მიღებული დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობას, რომელმაც 1917 წელს არაფრით არ გამოაცხადა საქართველოს დამოუკიდებლობა, როდესაც რუსეთის იმპერია დაემხო და იმპერატორი ჩამოაგდეს. თვით ეროვნულ-დემოკრატებიც კი, რომლებიც დამოუკიდებლობის დროშას დააფრიალებდნენ, ისინიც კი ამბობდნენ, არ შეიძლება ახლა დამოუკიდებლობის გამოცხადება! არგუმენტი? მართალია, რუსეთში ომია და ჩვენთვის არ სცალია, სამაგიეროდ, თურქეთი შემოიჭრება და გადაგვთელავსო.

- საინტერესო ფაქტია.

- ნამდვილად. თუ 1918 წელს ირაკლი წერეთელი ამბობდა, თურქეთი საშიშიაო, 91 წლისა გაიძახოდა, მთავარია, დამოუკიდებლობა მივიღოთ, დაე, ტერიტორიები­ დავკარგოთ, მაგას ხომ აუცილებლად შემოვიერთებთო. თანაც არანაირი განათლება­ არ ჰქონდათ. რა განათლებაც შეიძინეს, ის იყო, რომ ეროვნულ ლიტერატურას დაეწაფნენ. ამასობაში, როგორც კი ერთ ასპექტზე გაჩერდები და ამოიჩემებ, თუნდაც ის ეროვნულობა იყოს, მაშინვე კარგავ საკაცობრიო მნიშვნელობას და აფერხებ განვითარებას.

რომ შევაჯამოთ, სახელმწიფოებრივი აზროვნება ნიშნავს, განვითარდე, როგორც მსოფლიო ვითარდება და აღიარო კანონის უზენაესობა. ამ ორიდან ორივე არასრულყოფილად გვაქვს. კიდევ ერთ მარტივ მაგალითს გეტყვით - ჩინეთში უმაღლესმა პირმა რომ გამოაცხადოს, მარჯვნისაკენო, მთელი ჩინეთი დადგება ფეხზე, მაშინ როცა ჩვენს პოლიტიკასა და საზოგადოებაში ასეთი ბრძანების შემდეგ ზოგი იტყვის, რატომ მარჯვნივ, მარცხნივ ჯობსო! ზოგი მარცხენას დაიჩემებს და ზოგი იმაზე დაიწყებს კამათს, საერთოდ უნდა დაიძრას ადგილიდან თუ არა. აი, ასეთი სურათი გვაქვს დღეს და დღეს რაც ხდება პოლიტიკაში თუ საზოგადოებაში, სწორედ ამ მომენტების დამსახურებაა. სხვანაირად რა დიდი ფიქრი უნდა იმას, რომ რუსეთს, რომლის სუფრა გაურეცხავი კარტოფილისა და ერთი ბოთლი არყისაგან შედგება, აყვავებული ევროპა ჯობს და ეს თემა ქუჩაში არ უნდა წყდებოდეს და არეულობა არ უნდა იქმნებოდეს.

- ბატონო უჩა, ესეც მითხარით, ასეთი არასტაბილურები და კანონს დაუმორჩილებლები, ან რამ გადაგვარჩინა, ან რა გველის მომავალში ჩვენი პოლიტიკოსების შემყურე?

- ჩემი აზრით, ერთ-ერთი ფაქტორი­ აუცილებლად სამი რამ არის: ბუნება, ღვთით მოცემული გეოგრაფიული გარემო, ანუ მთაგორიანობა, სადაც ხალხი ომის დროს გარბოდა; მეორე - პოპულაციის მაღალი დონე, რაც დავკარგეთ... მესამე - ერთიანობა. ქართული ხალხური ლექსია: "მტერო, დამჩაგრე, არ ვტირი, ტირილი დიაცთ წესია, მაცალე ერთი ავლესო ხმალ-ხანჯალ განაკვეთია. სულ ერთად მოგამკევინო, რაც ჩემთან დაგითესია". ამას ვინ ამბობს? წაქცეული ქართველი, რომელზეც მტერი ზემოდან წამომჯდარა და ეს ქვემოდან ემუქრება, ავდგები და დედას გიტირებო. გადამწყვეტ მომენტში, ყოფნა-არყოფნის საკითხის დასმის დროს, მაინც ვახერხებთ კონსოლიდაციას. 1660 წელს, როდესაც კახეთი ყიზილბაშებმა­ და ულუსებმა დაიპყრეს, ქართლ-კახელები და მთის მოსახლეობა ისე გაერთიანდნენ, რომ სასწაული ქნეს. მემატიანე წერს, ქართველებმა მათთვის არადამახასიათებელი სისასტიკე გამოიჩინეს, შეიჭრნენ ულუსთა კარვებში და ბავშვებს­ ხმლით ჩეხდნენო. ეს იმხელა სისასტიკე იყო, რომ შაჰ აბასმა რომ მეორედ მოინდომა ჩვენში ულუსთა ჩასახლება, ულუსები შაჰს ფეხებში ჩაუვარდნენ, ოღონდ იქ არ გადაგვასახლო, აქვე დაგვხოცეო.

ქართველთთა ასეთი სისასტიკე ძნელი ასასხსნელია. მაგრამ ფაქტია, რომ როდესაც შაჰ აბასმა თურქმენთა ამ ტომის კვლავ კახეთში დაბრუნება მოინდომა, ისინი მას ფეხებში ჩაუვარდნენ: აქვე დაგვხოცეთ და ჩვენ იქ დამბრუნებელი აღარ ვართო! ირანის მბრძანებელი იძულებული გახდა თავის განზრახვაზე ხელი აეღო. მეორედ ჩამოსახლების შემთხვევაში კი, ძნელი სათქმელია, გვეყოფოდა თუ არა ძალა მათ ხელმეორედ განსადევნად. ქართველთა მიერ მაშინ გამოჩენილ სისასტიკეს, ამ კონტექსტში, თითქოს, მისტიკური მნიშვნელობა ეძლევა. რაღაც ინსტიქტურმა ძალამ უბიძგა ქართველებს უარი ეთქვათ ჩვეულ ლმობიერებაზე და მათივე ხასიათის წინააღმდეგ წასულიყვნენ... თუმცა, სახელმწიფოებრივი აზროვნების გარეშე, დღევანდელ სასტიკ დროში, გადარჩენა გაგვიჭირდება.