"აფხაზები უნდა გადმომებირებინა და ამისთვის მილიონი ლარი გამომიყვეს" - აფხაზურ-რუსული სიგიჟე: როგორ ტენიან ელექტრიკოსს საქართველოს "ჯაშუშობას" - კვირის პალიტრა

"აფხაზები უნდა გადმომებირებინა და ამისთვის მილიონი ლარი გამომიყვეს" - აფხაზურ-რუსული სიგიჟე: როგორ ტენიან ელექტრიკოსს საქართველოს "ჯაშუშობას"

აფხაზეთის სეპარატისტული რეჟიმი აცხადებს, რომ დააკავეს საქართველოსა და "აფხაზეთის რესპუბლიკის" მოქალაქე, რომელსაც ბრალად ედება "სახელმწიფოს ღალატი საქართველოს სასარგებლოდ". 14 მაისს გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, გაგრაში დაბადებული 46 წლის კახა მურადოვი ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მის სახლში ჯერ კიდევ 24 აპრილს აიყვანეს. ე.წ. უშიშროების სამსახურის მტკიცებით, მურადოვის სახლის ჩხრეკისას "ამოღებულია ტექნიკური საშუალებები, რომლებიც მიუთითებს მის კავშირზე საქართველოს სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაზე", თუმცა გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ნაჩვენებია მხოლოდ ორი მობილური ტელეფონი. მარიონეტების მტკიცებით, მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებთა ჩართვას ფარულ საქმიანობაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებისთვის. შეკითხვაზე, სად დამალა საქართველოს პასპორტი, უპასუხა, რომ საქართველოში ახლო ნათესავებთან, თუმცა მათი ვინაობა არ დაასახელა. "უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ მურადოვი აფხაზეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების საზიანოდ აგროვებდა და გადასცემდა ინფორმაციას მტრის სადაზვერვო სამსახურებს", - წერს "აფსნიპრესი" ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

რას ედავებიან "საქართველოს ჯაშუშს" - აფხაზების გადმობირება 1 მლნ ლარად?!

აფხაზეთის ე.წ. უსაფრთხოების სამსა­ხურის ცნობით, მურადოვი, რომელიც 1994-1999 წლებში საქართველოს შს სამინისტ­როში მუშაობდა, "კონტაქტებს ინარჩუნებდა­ 90-იან წლებში საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ე.წ. გაგრის ბატალიონისა და რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება "მხედრიონის" ყოფილ მეთაურებთან, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს საბრძოლო მოქმედებებში მონაწილე ქართული ლეგიონის წევრებთან. გამოქვეყნდა მურადოვის "აღიარებითი ჩვენებაც", სადაც დაკავებული ამბობს, რომ 2017 წლიდან იღებს ქართული სპეცსამსახურების დავალებებს.

"გაგრის ბატალიონის ყოფილმა მეთა­ურმა მურთაზ ჭელიძემ გამაცნო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ინვერ ფერხელიანი. მოგვიანებით ინვერმა გამაცნო თანამშრომელი კახა საბანაძე", - ამბობს დაკავებული დაკითხვისას.

როგორც "აფსნიპრესი" წერს, მურადოვს­ დავალებული ჰქონდა აფხაზეთში რუსეთიდან შესული მატარებლების მონიტორინგი, იყო თუ არა იქ ჯავშანტექნიკა ან სხვა სამხედრო ტექნიკა. ასევე დავალებული ჰქონდა "სამთავრობო" და სამხედრო ობიექტებში შეღწევა, "აფხაზეთის შეიარაღებული ძალების" სამხედრო-ტაქტიკური პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მოპოვება და ოფიციალური თბილისისთვის გაგზავნა.

გარდა ამისა, მურადოვი ვიდეოჩანაწერში­ ამბობს, რომ მას დაევალა "აფხაზეთის ტერიტორიაზე მოეძებნა ერთგული პირები, რომლებიც მხარს უჭერენ აფხაზეთის გაერთიანებას საქართველოში".

"2017 წელს თბილისში სამკურნალოდ წავედი. ოპერაციისთვის საჭირო თანხის ნაწილი მქონდა. 7.000 ლარი დამაკლდა, რომელიც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს-ი) გადაიხადა. საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ მურთაზ­ ჭელიძის სახლში მივედი. მან მოიწვია სუს-ის სამსახურის თანამშრომელი­ ლაშა კაკუბავა. ლაშამ მითხრა, რომ არავინ­ იცოდა ჩვენი ნაცნობობის შესახებ და გაგრაში ორი სახლის გადაღება მთხოვა.­ მერე, როცა აფხაზეთში ჩავედი, ტელეფონით მთხოვა კიდევ ორი სახლის გადაღება.­ გადავიღე სახლების ფოტოები, ვიდეო და გავუგზავნე. ლაშამ გამაცნო მისი ბიძა, ბორის კაკუბავა (საქართველოს პარლამენტის­ ყოფილი დეპუტატი). 1992-1993 წლების ომის დროს ბორის კაკუბავამ შექმნა გაგრის ბატალიონი. როგორც მითხრა, ის აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანებისა და ამ საკითხის მშვიდობიანად მოგვარების მომხრეა. აფხაზეთში გამგზავრებამდე ბორის კაკუბავამ მომცა ნაშრომი, რომელშიც სამი პუნქტი იყო, და ეწერა, რომ აფხაზეთის მთავრობამ უნდა გააუქმოს 1993 წლის შემდეგ გაცემული აფხაზეთის მოქალაქეობა; ეთნიკური ქართველები,­ რომლებმაც 1993 წლამდე დატოვეს აფხაზეთი, უნდა დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში. მან მითხრა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მომეძებნა აფხაზეთისა და საქართველოს გაერთიანების, აფხაზეთის საქართველოს შემადგენლობაში შესვლისადმი ლოიალურად განწყობილი პირები. ამისთვის კი 1 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. ვთქვათ, არის პირი, რომელსაც აქვს საშინაო ან რამე სხვა პრობლემა. მე უნდა შემესწავლა ეს საკითხი და ფინანსურად დავხმარებოდი" - ამბობს "ჩვენებაში" მურადოვი.

მურადოვზე სისხლის სამართლის საქმე 9 მაისს აღძრეს აფხაზეთის ე.წ. სს კოდექსის­ 273-ე მუხლით "სახელმწიფო ღალატი". დანაშაული 10-დან 15-წლამდე ან უვადო­ პატი­მრობას ითვალისწინებს.­ მუხლის სქოლიოში ნათქვამია, რომ დანაშაულის ჩამდენი­ პირი თავისუფლდება­ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან, თუ მან "ნებაყოფლობით და დროულად შეატყობინა ხელისუფლებას ან სხვა­გვარად შეუწყო ხელი აფხაზეთის რესპუბლიკის ინტერესების შემდგომი ზიანის აღკვეთას და თუ მისი ქმედება არ შეიცავს დანაშაულის სხვა ელემენტებს".

ჯაშუშობის ბრალდებით აფხაზეთში­ ეს უკვე მეორე ქართველი პატიმარია. 2022 წლის ივლისში გალის­ რაიონის სოფელ ნაბაკევში დააკავეს ქრისტინე თაკალანძე. აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. უზენაესმა სასამართლომ თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა 2023 წლის 5 მაისს მიუსაჯა.

"რა ჯაშუში მურადოვია, ან მე რა ბერკეტი მაქვს, რომ დავალებები გავცე?!"

ბორის კაკუბავა, გაგრის ბატალიონის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ორი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი: - კი, ვიცნობ კახა მურადოვს. საქართველოს სასარგებლოდ მას არაფერი გაუკეთებია. ეს კაცი წლების წინ ჩამოვიდა თბილისში სამკურნალოდ და ჩემთან მოვიდა. როცა დევნილები­ ჩამოდიან თბილისში, შეძლებისდაგვარად ყველას ვეხმარები და დავეხმარე მასაც. რა ჯაშუში მურადოვია, საიდან მოიტანეს ეს სისულელე?! ეს რაღაც პროვოკაციაა. ან მე რა განკარგულება უნდა მიმეცა? ეგ კაცი გაგრაში ცხოვრობს, მე იქ მეურნეობაში ვმუშაობდი და მამამისს ვიცნობდი... კახა მურადოვი ელექტრიკოსია, ბოძიდან ჩამოვარდნილა, კისერი მოუტეხია და თბილისში სამკურნალოდ ჩამოვიდა.

- თქვენ რაში დაეხმარეთ?

- მკურნალობა სჭირდებოდა. სერიოზულად იყო ავად და როგორც აფხაზეთის მცხოვრებს, დავეხმარე. მცირე სახარჯო ფული მივეცი, სამგზავროდ და საჭმლისთვის. სამჯერ იყო ჩამოსული, ჩემს ძმისშვილთან ურთიერთობდა. იქ, გაგრაში, ჩვენი წინაპრების საფლავი გაასწორა. მისი ძმა აქ ცხოვრობს და კახასაც უნდოდა ბინის აღება. ავუხსენი, რომ ასე არ ხდება, რომ აქ უნდა ცხოვრობდე წლების განმავლობაში როგორც დევნილი და ამის მერე განიხილავენ შენს განცხადებას-მეთქი. ეს ვუთხარი, მეტი არაფერი.

- თქვენი ძმისშვილი სად მუშაობს?

- მძღოლად მუშაობს რომელიღაც კომპანიაში.

- მურადოვი ამბობს, რომ ლაშა კაკუბავა­ სუს-ის თანამშრომელია და დავალება მისგანაც მიიღო...

- რა უნდა უსაფრთხოების სამსახურში­ ჩემს ძმისშვილს? ეცინება ლაშას, აგენტი ვყოფილვარო. რა სისულელეა!

- მურადოვი ამბობს, რომ თქვენ გაგრაში­ რამდენიმე სახლის ფოტო-ვიდეოგადაღება და გაგზავნა სთხოვეთ...

- მითხრა, შენი სახლი მოუვლელია, ტყედ არის შენი ეზო გადაქცეულიო. ვთხოვე, გადამიღე ფოტოები და რომ ჩამოხვალ, ჩამომიტანე-მეთქი. არაფერი ჩამოუტანია. ახლა ვითომ ამის გამო პატიმრობა ემუქრება. რატომ, მოკლა ვინმე ან მოიპარა რამე?

- დაკითხვაზე თქვა, რომ თქვენ მიეცით მას ნაშრომი, სადაც აფხაზეთის საკითხის მოგვარებასა და ქართველების დაბრუნებაზეა საუბარი. ასევე დაავალეთ, აფხაზების გადმობირება და რომ ამისთვის 1 მილიონი ლარი გამოიყოფოდა. გქონდათ ამ თემაზე საუბარი?

- მილიონის გამოყოფა კი არა, მანეთს ვინ მოგცემს საქართველოში. თუ რამეა გადასაცემი ხალხისთვის, თვითონ იტაცებენ. ვინ არის აფხაზეთის დამბრუნებელი ან მოსახლეობის მიმხედავი?! მურადოვი სამკურნალოდ იყო ჩამოსული, შეგვხვდა გაგრელ მეზობლებს, ვილაპარაკეთ, ჩემი ხედვები და სურვილები გავაცანი და დამთავრდა. რისი შემსრულებელი ის იყო? ვუთხარი, თუ გვინდა მშვიდობიანი დაბ­რუნება, არავითარი ომი და ძალადობა-მეთქი. უბრალოდ ვისაუბრეთ. რა დავალება?! ან მე რა ბერკეტი მაქვს, რომ დავა­ლებები გავცე?! ვისაუბრე მასთან იმაზე,­ რაც აფხაზეთიდან დევნილების ოცნებაა, რომ უნდა დავბრუნდეთ ჩვენს სახლებში, რომ უნდა დაგვიბრუნონ და იქ რომ ხალხი­ ჩაასახლეს, მათ გაუუქმონ. ეს იყო მთელი საუბარი და ახლა ამისგან ქმნიან სპილოს. ამის გამო ადამიანს ჯაშუშობა როგორ უნდა დააბრალო, რაღაც უგერგილო მტკიცებულებები აქვთ. სასაცილოა. ავადმყოფი კაცი დააშანტაჟეს და რაღაცები ილაპარაკა. უხეირო პროვოკაციაა. არ ვიცი, რაში დასჭირდათ ეს.

- თქვენ გაქვთ აფხაზებთან ურთიერთობა?

- აფხაზები კარგი ხალხია, ჩემი ძველი წინაპრები აფხაზები იყვნენ. ჩემი ნათესავების 90% იქ არის, გოლანძიები, კაკუბავები.

- არიან აფხაზებში ისეთები, ვინც საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის რაიმე ფორმით დაბრუნებას უჭერს მხარს?

- როგორ არ არიან. აქ როცა ვინმე გარდაიცვლება, ყოველთვის ჩამოდიან ჩვენი აფხაზი ნათესავები და ყველას უნდა მშვიდობიანი დაბრუნება. რასაკვირველია, არის შესაძლებლობა, თუ საქართველოს ხელისუფლება აფხაზეთის დაბრუნებაზე სერიოზულ მუშაობას დაიწყებს, მაგრამ ამისთვის არავის სცალია, ერთმანეთთან კინკლაობასა და დავაზე არიან გადაყოლილი..

თეთრი ძაფით ნაკერი...

მამუკა არეშიძე, "სტრატეგიული კვლევების კავკასიური ცენტრის" ხელმძღვანელი: - თავისთავად ის ფაქტი, რომ აფხა­ზეთის ტერიტორიაზე გარკვეული კონტი­ნგენტის შეგზავნა და ასეთი აქტივო­ბები იყო, ეს ბუნებრივია და არავისთვის საიდუმლო არ არის. თუმცა დღეს რა მდგომარეობაა, არ ვიცი. თავის დროზე, მე "მხედრიონის" დამფუძნებელი ვიყავი და მურადოვის შესახებ არაფერი მსმენია, თუმცა მის მიერ ჩამოთვლილ პირებს, გაგრის ბატალიონის ყოფილ ხელმძღვანელებს, კაკუბავასა და ჭელიძეს ვიცნობ. ყურადღება მისაქცევია ის ფაქტი, რომ მას დავალება მიღებული აქვს არა ისეთი პირებისგან, ვინც გადაწყვეტილების მიმღებ პირებად შეიძლება ჩაითვალონ. ამ "ჩვენებაში" ბევრი რამ არარეალური ჩანს. დაკითხვისას ბევრი რამ შეიძლება ათქმევინონ ადამიანს, მაგრამ თეთრი ძაფით ნაკერი ბრალდებაა. მაგალითად, ის, რომ 2 თუ 4 სახლისთვის ფოტო­ების გადაღება სთხოვეს და ეს ჯაშუშობად ჩაუთვალეს. ადამიანებს, რომლებსაც სახლები, ქონება აქვთ იქ დატოვებული, ბუნებრივია, ნოსტალგიური მომენტი აქვთ და ყოველთვის უნდათ თავიანთი სახლების ფოტოები ჰქონდეთ, რათა ნახონ, რა მდგომარეობაშია და ვინ ცხოვრობს. ისიც, რომ მურადოვი თითქოს ცდილობდა ისეთი­ მოქალაქეების ჯგუფები შეექმნა,­ ვინც მხარს უჭერს საქართველოს შემადგენლობაში აფხაზეთის დაბრუნებას, არც ეს მგონია განსაკუთრებული რამ. მეტისმეტად უკბილოა ეს ბრალდებაც და "აღიარებაც". სეპარატისტული ხელისუფლებების სპეცსამსახურებს ახასიათებთ ბუზის სპილოდ გადაქცევა, თავიანთი არსებობის აუცილებლობა რომ დაამტკიცონ.

- ქრისტინე თაკალანძე სასჯელს იხდის აფხაზურ ციხეში ასევე ჯაშუშობის ბრალდებით. ხშირად დაუკავებიათ ჯაშუშობისთვის საქართველოს მოქალაქეები აფხაზეთში?

- სხვადასხვა დროს სხვებიც დაუკავებიათ ანალოგიური ბრალდებებით და ვინ მართლა სპეცსამსახურების თანამშრომელია­ და ვის მოუგონეს, რთული სათქმელია. უმეტესად ამგვარი ბრალდებები თეთრი ძაფით არის ნაკერი, ამას თვითონ აფხაზები არ მალავენ ხოლმე კულუარულ საუბრებში.

- აქვს თუ არა დღეს საქართველოს ხელისუფლებას იმის ბერკეტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტიურ სადაზვერვო საქმიანობას ეწეოდეს, როგორც წინა ხელისუფლების დროს, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე გახმაურებული სპეცოპერაციები ტარდებოდა?

- რასაკვირველია აქვს, ოღონდ ისეთი აქტიური აღარ არის. წინა ხელისუფლების დროს სადაზვერვო ქსელი ბევრად აქტიური იყო და რაც მთავარია, ამა თუ იმ დამნაშავის ლიკვიდაციის ბევრი ფაქტიც იყო. თუნდაც ვალერი ბუთბას მკვლელობის ისტორია გავიხსენოთ. ქართულ დაზვერვას დღესაც აქვს ეფექტური ბერკეტები, მთავარია, რამდენად არის პოლიტიკური ნება, რომ ეს ბერკეტები ამუშავდეს.

ეკატერინე ბასილაია