შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგზე უარის თქმა და თანხის დაბრუნება - კვირის პალიტრა

შეიძლება თუ არა საპენსიო დანაზოგზე უარის თქმა და თანხის დაბრუნება

ამჯერად დაგროვილ კითხვებს უპასუხებს ადმინისტრაციულ, სამოქალაქო საქმეთა და ბავშვთა უფლებებში სპეციალიზებული ადვოკატი­ ნუგბარა როსტიაშვილი.

= 10 წლის წინ გავაკეთე ინდმეწარმის საბუთი, რომელიც აღარ გამომიყენებია, რადგან ვერ შევძელი ბიზნესის დაწყება. არც მახსოვდა ამ საბუთის არსებობა. ჩემთვის არავის მოუმართავს, მაგრამ ახლა აღმოვაჩინე სახლში ეს საბუთი და მაინტერესებს, ხომ არ მექნება სადმე დავალიანება? ოფიციალურად ხომ არ უნდა გამეუქმებინა?

- ინდივიდუალურ მეწარმედ ითვლება ის მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც რეგისტრირებულია „მეწარმეთა შესახებ“ კანონის შესაბამისად და ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას. თუმცა იმის მიუხედავად, ინდმეწარმე ფიზიკური პირი ეწევა თუ არა სამეწარმეო საქმიანობას, ვალდებულია საგადასახადო სამსახურში წარადგინოს ყოველწლიური დეკლარაცია, თუნდაც ნულოვანი. დეკლარაციის დაგვიანებით წარდგენა იწვევს პირის დაჯარიმებას. რაც შეეხება რეგისტრაციის გაუქმებას, მეწარმე სუბიექტის რეგისტრაციას აუქმებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. ამდენად, იმისათვის, რომ მიიღოთ ზუსტი პასუხი და გააუქმოთ მეწარმე სუბიექტის რეგისტრაცია, გირჩევთ მიმართოთ სააგენტოს.

= ვმუშაობ საჯარო სამსახურში, ხელშეკრუ­ლებას ვადა გასდის, არადა, მიწევს დეკრეტში გასვლა. შემიძლია თუ არა მოვითხოვო დეკრეტის თანხა ან ხელშეკრულების გაგრძელება?

- მოცემული ინფორმაციით ჩანს, რომ საჯარო სამსახურში თქვენ დასაქმებული ხართ დროებით, ანუ ვადიანი ხელშეკრულებით, შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა გაგრძელდება თუ არა, დამოკიდებულია მხარეთა გადაწყვეტილებაზე. შესაბამისად, ორგანიზაციის სამართლებრივად იძულება, რომ ხელშეკრულება გაგიგრძელოთ, შეუძლებელია. რაც შეეხება დეკრეტში გასვლას, ამ საკითხის განხილვისთვის საინტერესოა იმ გარემოების ცოდნა, დეკრეტში გასვლის შემდეგ ხელშეკრულების მოქმედების რა ვადა რჩება, რადგან დამსაქმებელმა შეიძლება აანაზღაუროს დარჩენილი ვადის ხელფასი.

= მეუღლესთან ვარ განქორწინებული, მიუხედავად იმისა, რომ აქვს კარგი შემოსავალი, მაინც არ ზრუნავს შვილზე, პრინციპულად არ გვეხმარება. არც ალიმენტს იხდის, არადა, აქვს ბიზნესი, რომელიც ამჟამინდელი ცოლის სახელზე აქვს გაფორმებული. თავად მას ოფიციალურად თანხები არ უფიქსირდება. ალიმენტის მოთხოვნის შესაგებელში ისიც იკადრა, რომ დაეწერა, არ ვაღიარებ ბავშვს შვილადო. თუ შეიძლება ამ საფუძვლით მას ჩამოერთვას მამობის უფლება? არ მინდა ჩემს შვილს ასეთი მამა ჰყავდეს.

- ალიმენტის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობას, ბავშვის ინდივიდუალურ საჭიროებებს და მის საუკეთესო ინტერესებს. ის გარემოება, რომ მამა არასრულწლოვანს შვილად არ აღიარებს, შეიძლება დადგინდეს მხოლოდ დე-ენ-ემის ანალიზით და ამის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებით, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ზნეობრივად და მორალურად მიუღებელი განცხადება გააკეთა ბავშვის შესახებ, არ შეიძლება გახდეს მამობის ჩამორთმევის უფლება, ვინაიდან ამ შემთხვევაშიც უპირატესობა მიექცევა ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

= ვარ საზღვარგარეთ არალეგალურად. არის პირი, რომელიც თანახმაა ჩემთან ხელი მოაწეროს და დოკუმენტებიც შევიტანეთ, მაგრამ სანამ ამაზე პასუხი მოვიდოდა, მანამდე პოლიციამ დამაკავა და მოითხოვს დავტოვო ქვეყანა 10 დღეში, არადა, ველოდები საბუთის აღებას. მათ ავუხსენი ყველაფერი, მაგრამ არ ითვალისწინებენ. რა შეიძლება გავაკეთო?

- ყველა ქვეყანას აქვს საემიგრაციო კანონმდებლობა, რომელიც განსხვავდება ერთმანეთისგან. ამდენად თქვენ უნდა იმოქმედოთ იმ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, სადაც იმყოფებით. უმჯობესი იქნება თუ მიმართავთ ადგილობრივ ადვოკატს.

= წლებია ვარ ემიგრაციაში და ახლა მიწევს იქ პენსიის აღება, პარალელურად საქართველოში მეძლევა პენსია, რომელსაც მინდობილობით იღებს ჩემი შვილი. მაქვს ორმაგი მოქალაქეობა. პენსია რომ ავიღო უცხოეთშიც, პრობლემები ხომ არ შემექმნება?

- "პენსიის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად არ არსებობს თქვენთვის პენსიის შეწყვეტის საფუძველი. თქვენ უნდა დააზუსტოთ იმ მეორე ქვეყნის კანონმდებლობის მოთხოვნები, რომლის მოქალაქეც ბრძანდებით და გსურთ პენსიის მიღება.

= რამდენიმე თვის წინ ჩემს ბინაში შესვლა­ სცადა ვიღაცამ და საკეტი დამხვდა დაზიანებული, გამოვცვალე საკეტი და დავაყენე კართან ვიდეოთვალიც. ვცხოვრობ კორპუსის ბინაში,­ წინა მეზობელი მიპროტესტებს ამ ფაქტს და მოითხოვს ვიდეოთვალის მოხსნას, პოლიციის გამოძახებით მემუქრება. როგორ მოვიქცე?

- ნებისმიერ პირს შეუძლია თავისი საკუთრების დაცვის პრევენცია ხელყოფისგან. შესაბამისად, ვიდეოკამერის მეშვეობით უნდა მოხდეს მხოლოდ დასაცავი ობიექტის შესასვლელის თვალთვალი, ანუ კამერა ისე უნდა დამონტაჟდეს, რომ მის ობიექტივში არ მოხვდეს სხვა მეზობლის კარი. ასევე, კამერასთან თვალსაჩინო ადგილას უნდა გაიკრას გამაფრთხილებელი სტიკერი, რომ მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი.

= მეუღლესთან განქორწინების მოთხოვნით სარჩელი შევიტანე სასამართლოში. ჯერჯერობით­ ვცხოვრობთ ერთ ჭერქვეშ, რადგან წასასვლელი­ არსად მაქვს. ბინა მის სახელზეა, მისი შეძენილია ქორწინებამდე. მე და ჩემი შვილები ჩაწერილი ვართ. გვეკუთვნის წილი ამ ბინიდან?­ არის საშიშროებაც, რომ სასამართლომდე სხვის სახელზე გადააფორმოს. რა შეიძლება გავაკეთო, რომ ქუჩაში არ დავრჩეთ?

- სამწუხაროდ, მხოლოდ ბინაში ჩაწერა არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს.­ თუკი ბინის გაუმჯობესება მოხდა­ ქორწინების პერიოდში, შეგიძლიათ მოითხოვოთ ხარჯების ანაზღაურება. თუკი ბავშვები არიან არასრულწლოვნები, შეგიძლიათ მოითხოვოთ ალიმენტიც.

= წლებია ვცხოვრობ რუსეთში, ორი წელია საქართველოს პასპორტს გაუვიდა ვადა, მაქვს რუსული პასპორტიც, საქართველოდან გავედი ქართული პასპორტით, რომ შემოვიდე რუსული პასპორტით, ხომ არ შემექმნება პრობლემა? ან ახალი რომ ავიღო აქ ჩამოსვლის შემდეგ და ქართული პასპორტით გავიდე უკან, პრობლემა შემექმნება? მითხრეს, რომ დამაჯარიმებენ, რადგან დაფიქსირებული იქნება გასვლა, ხოლო შემოსვლა არ იქნება იმ პასპორტით დაფიქსირებული. რას მირჩევთ?

- უპირველეს ყოვლისა, თუ სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიენიჭება საქართველოს მოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეობა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად უწყდება. შესაბამისად, არაა გამორიცხული, საქართველოს მოქალაქეობა შეწყვეტილი იყოს. რაც შეეხება საკითხს, თუ ორმაგი მოქალაქეობა არსებობს და რომელიმე პასპორტს გაუვიდა ვადა, უნდა მიმართოთ საელჩოს ახალი პასპორტის ასაღებად.

- ვარ 40 წლის, მინდა საპენსიო დანაზოგზე უარი ვთქვა და დავიბრუნო ჩემი თანხა უკან. როგორ შევძლებ დაბრუნებას?

- თუკი თქვენ 40 წელი შეგისრულდათ ,,დაგროვებითი პენსიის შესახებ" კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2018 წლის 06 აგვისტომდე, მხოლოდ ამ შემთხვევაში გექნებათ უფლებამოსილება საპენსიო სააგენტოს მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად წერილობით მიმართოთ საპენსიო სააგენტოს და გახვიდეთ დაგროვებითი საპენსიო სქემიდან ამ სქემაში სავალდებულო წესით, ავტომატურად გაწევრებიდან 5 თვის ვადაში, მაგრამ არაუადრეს გაწევრებიდან 3 თვისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, დარჩებით მონაწილედ. ამდენად, თუკი თქვენი ასაკობრივი ზღვარი აკმაყოფილებს კანონის მოთხოვნებს, შეძლებთ საპენსიო დანაზოგზე უარის თქმას, სხვა შემთხვევაში კანონი არ გაძლევთ უარის თქმის შესაძლებლობას. ასევე დამატებითი ინფორმაციის სახით გაცნობებთ, რომ თუ დადგენილი წესით უარს განაცხადებთ დაგროვებით საპენსიო სქემაში მონაწილეობაზე, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს ხელახლა გაწევრდეთ დაგროვებით საპენსიო სქემაში. ხელახლა გაწევრების შემთხვევაში დასაქმებული ვალდებულია ამის შესახებ შეატყობინოს მის ყველა დამსაქმებელს.