„სიდან ჩამოხველ“, ანუ შეხვედრა მთაში - კვირის პალიტრა

„სიდან ჩამოხველ“, ანუ შეხვედრა მთაში

სტუმრად უძველეს დიაოხებთან

საქართველოს ისტორიულ რეგიონში, უძველეს ტაოში, პარხლის ხეობაში, სოფელ ხევაისა და მის მკვიდრთ რომ მოინახულებ, ერთხელ თუ მაინც წაგიკითხავს, აუცილებლად გაგახსენდება საქართველოს ეროვნული გმირის, გენერალ გიორგი კვინიტაძის სიტყვები: "არ არსებობს ტყვია, რომელიც მე მომკლავს, რადგან ჩემი ფესვები იმ ქვეყანაშია რომელსაც კლავდნენ და არ კვდებოდა". პარხლის მთებში, მწვერვალებზე, არწივების ბუდეებივით გაფენილ სამ სოფელში, ხევაიში, ქობაისა და ბალხში, ერთ-ერთი უძველესი ქართველური ტომის, დიაოხების შთამომავალნი დღესაც ცხოვრობენ,­ ძველი ქართულით ლაპარაკობენ და რაც მთავარია, ქართველობენ. მათთვის, ისე, როგორც ქართველებს გვჩვევია, სტუმარი ღვთისაა, მაგრამ ქართველი სტუმარი ორჯერ ღვთისაა.

ამ საოცარ მხარეში ყოველ ჯერზე მაოცებდა, რომ სადაც არ უნდა დავენახეთ ტაოელ გურჯებს, პარხალში, სარიგოლში, იუსუფელში, თუ სხვაგან, კილომეტრიდან გვცნობდნენ. არც გვეკითხებოდნენ, ქართველები ვიყავით თუ არა. სიდან ჩამოხველ? ხომ კარგად ხარო, ყველას შეგვათვალიერებდნენ და ისეთი ფარული სიმშვიდით მიჰქონდათ ჩვენგან გატანებული სიყვარული, თითქოს შიშობდნენ, ხმამაღალა გამოხატულ ემოციაში არ გაჰფანტოდათ და დიდხანს გამოეზოგათ. განსაკუთრებით ახარებთ, თუ ეტყვი, რომ თბილისიდან ხარ, რადგან ტაოელი ქართველების რწმენით, თბილისში მხოლოდ ქართველები და თანაც ბევრი ქართველი ცხოვრობს­. ტაოელს არ უნდა დაჯერება, რომ არა მხოლოდ თბილისში, ქვეყანაში და სამყაროშიც რომ ცოტანი ვართ. მათთვის საქართველო ორბის სიმაღლიდან დანახული დედამიწისოდენა უნდა იყოს და ქართველები იმდენი, რამდენიც ზღვაში ქვიშა და ცაში ვარსკვლავები. არც უნდა დაუნგრიო ეს ილუზია, რადგან ფიქრი, რომ დიადი საქართველოს ნაწილი არიან, მარტოობაში უფრო უადვილებთ დარჩნენ იმად, ვინც ოდითგანვე იყვნენ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხნის წინ დავიწყე ტაო-კლარჯეთის შესახებ სტატიების წერა და "კვირის პალიტრა" ერთ-ერთი­ პირველი მედიასაშუალება იყო, რომელიც საზოგადოების ცნობიერებაში დაკარგულ ტაო-კლარჯეთთან ემოციური კავშირის აღდგენას ცდილობდა, გარემოებათა გამო დიდხანს ვერ დავადექი გზას დაკარგული მიწისკენ. ბოლო სამ თვეში კი ისე გამოვიდა, ყოველ თვეში ჩვენს ტაძრებს ვსტუმრობ და ვეფერები. პირველივე ჯერზე ავწუწუნდი, მარტო ტაძრები და ციხეები არ კმარა, აქ ხომ ცოცხალი ძეგლები, ადამიანები, აქაურობის უძველესი პატრონები გვყავს, რომლებმაც ენა შეინარჩუნეს-მეთქი? გული მათთან შესახვედრად მეწეოდა და ლოდინმაც არ დაახანა.

„ნუ დაგვივიწყებთ, მოდით“

იუსუფელში, მარკეტში, თურქეთელმა ქართველმა იხსან მემედალიშვილმა, სოფელ ქობაის მკვიდრმა, თვალებაციმციმებულმა, გამარჯობაო, გვითხრა და მივესიეთ. არ ჩერდებოდა, სანოვაგით დატვირთული­ იდგა და გაჩენის წუთებიდან დაზეპირებულივით გვიყვებოდა, რომ პარხალთან ახლოს სამი სოფელია გურჯების, სადაც მხოლოდ ჩვენ ვცხოვრობთ, სადაც სულ გვახსოვს, რომ დიდი საქართველო შორს არის, მაგრამ ჩვენც მისი სულის, სხეულის ნაწილი ვართ, როგორი მანძილი და წინაღობაც ჩვენ შორის არ უნდა იყოსო. ვოცნებობთ, რომ მოდიოდეთ, სულ მოდიოდეთ და ჩვენი პატარა საქართველო იცოდეთ, სადაც ბევრი რამ შეიცვალა, შეგვიცვალეს, მაგრამ ქართველები რომ ვართ, მაგას ვერავინ შეცვლის და ენაც ისევ ჩვენი გვაქვსო. დამტვრეული თუ ჩვენთვის უჩვეულო ძველი ქართულით კი მეტყველებდა, მაგრამ დიდებულად გვესმოდა ერთმანეთის. მოდით, გვნახეთ, იქ ყველა გელითო, და წავიდა, მაგრამ ეტყობოდა, რომ წასვლა არ უნდოდა. დაბრუნდა და ისევ განვაგრძეთ სიყვარულის ფრქვევა. იხსანს ბევრი სიყვარული გავატანეთ ჩვენებურებთან, რომლებიც თურმე სულ გველიან. ჩემი დიდედა თბილისშია დაკრძალული, იქ ცხოვრობდა, თონეში პურს აცხობდა ბაბუასთან ერთად, სანამ ჯერ კიდევ მიმოსვლა იყო (საქართველოს გასაბჭოებამდე) და ტაოელები ბედის საძებნელად თბილისში დადიოდნენ. დიდედა სადაც გარდაიცვალა, იქ დაკრძალეს. მას გაუმართლა, სამუდამოდ საქართველოში­ დარჩაო. სევდიანი­ იყო გურჯი იხსანი და ბედნიერიც, რომ გადაგვეყარა. ერთ კვირაში ხეობაში ნაზამთრალი გზები გაიხსნება და მოდითო. გულში ჩამყვა თხოვნა.

ოთხთაში შესმენილი ლოცვა

ერთხელაც თუ გინახავთ, ტაოში მეათე საუკუნის სამნავიანი ბაზილიკა, ოთხთას მონასტრის მთავარი ტაძარი, დამეთანხმებით, რომ მისი დიდებულების შესაფასებლად არც ხელოვნებათმცოდნის განათლება გჭირდებათ, არც არქიტექტორისა და მით უფრო, ინჟინრის. ქვაში ამღერებული მსგავსი ჰარმონია უიშვიათესია, ისევე, როგორც ენერგია, რომელსაც ამ დიდებულ შენობაში შესვლისას თუ მისი გარედან შეთვალიერებისას იგრძნობ, მით უფრო, თუ გალობ და ლოცულობ. თითქოს ტაძარი გულში გიხუტებს, გათბობს და გისმენს. მეც მომისმინა და ჩემი ლოცვის ერთი ნაწილი უკვე შეისმინა. ვთხოვე, რაც შეიძლება ბევრ აქაურ ქართველს შემახვედრე, რომ იქნებ დანარჩენ საქართველოსთან დაახლოებაში მეც დავეხმარო-მეთქი. ტაძრიდან ფეხი არ გამომედგა, ორი ახალგაზრდა კაცი მოვიდა კამერებით. ვიფიქრე ჟურნალისტები არიან-მეთქი და გამოველაპარაკე. ფაქიზად შევაპარე, ხომ იცით, ეს ჩვენი, ქართული ტაძარია და თქვენი მატერიალური, კულტურული საკუთრება, რომელსაც უნდა გაუფრთხილდეთ-მეთქი. რა თქმა უნდა, ვიცითო, გვიყვარს აქ მოსვლაო, ვლოგებს ვიღებთ და სოციალურ ქსელში ვავრცელებთ, სადაც აღვნიშნავთ, რომ ტაძარი ქართულია, ძალიან ძველი და მისი გაფრთხილება გვმართებსო. აღმოჩნდა, რომ ბიჭები ავსტრიელ გოგონას (დედით თურქს), პროფესიონალ ფოტოგრაფს ჟასმინ სელენ ჰაინცს ახლდნენ. სელენი თურქეთში არსებულ ქრისტიანულ ტაძრებზე ფილმს იღებს, სერჰათ ინკე კი ვლოგებით ცდილობს ყველაფერს თავისი სახელი, ეკლესიას ეკლესია, მეჩეთს მეჩეთი, დაძირულ იუსუფელს წარსული, მეგობრობას კი მეგობრობა ერქვას რეგიონში. სწორედ მისი ასეთი კეთილშობილი მიდგომის შედეგად გავიცანი პარხალელი ქართველი ფათიჰ (პაატა) ქეჯეჩი. სერჰათმაც გამიმხილა, მეც კი ნახევრად გურჯი ვარ დედითო.

98bf9f03-025f-46c8-a2d2-afa309e8b7b6-1716132960.jpg

პაატას ყველა იცნობს

ფათიჰს, პაატას ყველა იცნობს. აბა, აფთიაქში შედით და ეცადეთ კონსულტანტს ინგლისურ ენაზე აუხსნათ, რომელი წამალი გსურთ. ვერ გაიგო? ახლავე დარეკავს, ერთ კარგ ადამიანს დაგალაპარაკებს და დაგეხმარება. პაატა ტურიზმით არის დაკავებული, ინგლისური ენა კარგად იცის და ამიტომაც მისი დახმარება ხშირად სჭირდებათ იუსუფელის ცენტრში, იქ, სადაც მაღაზიები და აფთიაქებია. სხვამ არ იცის ინგლისური? იცის, მაგრამ პაატა მზად არის ყველას დაეხმაროს. შეხვედრამდე სოციალური ქსელით ვკონტაქტობდით. შევთანხმდით, რომ ხევაიში მოგზაურთა ათკაციან ჯგუფს აგვიყვანდა და იქაურებს შეგვახვედრებდა. სასტუმროში მოგვაკითხა. ასი უცნობიდან გამოარჩევდით და იტყოდით, რომ ქართველია, ნათელი სახით, გაბადრული, გულითადი. ჩაგვეხუტა, მოგვეფერა და პარხლის ხეობაში საცალფეხო ბილიკივით ვიწრო, მაგრამ მოასფალტებულ გზას დავადექი. შეუძლებელია ამ რეგიონში მოგზაურობის დროს ყურადღება არ მიაქციო გზებს - არა მხოლოდ შესანიშნავი ავტობანები, შიდა გზებიც კი მაღალი ხარისხის და მოვლილია, მეტიც, გზები ასფალტისაა იქაც კი, სადაც ზამთარში ორ მეტრამდე თოვლი მოდის და ხეობა იკეტება.

აქაური ქართველებიც მიდიან ემიგრაციაში, სამუშაო ადგილებს ზოგი თურქეთის დიდ ქალაქებში, ზოგიც ევროპაში ეძებს და გასამრჯელოს ერთ ნაწილს სასოებით ინახავენ სოფლებში საშვილიშვილო სახლების ასაშენებლად, რათა მათ მონაგარს სულ უნდოდეს უკან დაბრუნება.

ცივ სეზონზე მარტო ერთ სოფელში 20 ოჯახი თუ რჩება, ზაფხულში აქ ხალხის რაოდენობა ათასს აჭარბებს, სამ სოფელში ერთად კი ავდივართ ხუთი ათასამდეო.

პაატამ ბიძის, იაშირ გულერის ოჯახში გვასტუმრა. ბატონი იაშირი საქართველოს და საკუთრივ ტაოს ისტორიის კარგი მცოდნეა. ბევრი ქართველი მეგობარი ჰყავს, მაგრამ საქართველოსთან სიშორე მაინც აწუხებს და წუხს, რომ ახალგაზრდობა სოფლებიდან გარბის და ქართულ ენას ივიწყებს, არც ჩვენი ისტორია იციანო. იაშირის სახლში მოხუცები ვნახეთ, 95 წლის ბატონი და 90 წლის ქალბატონი, რომლებიც მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მოტეხილან, კვლავაც მშვენიერი ქართულით ლაპარაკობენ და განსაკუთრებით ხშირად იმეორებენ, მიყვარხართ, ბევრჯერ გვესტუმრეთო.

ბატონი იაშირის მეუღლემ ფატიმამ სახელდახელოდ ხაჭაპურებიც დაგვიცხო და ჩაისთან ერთად მოგვართვა. ოჯახი ისე შეგვხვდა, თითქოს ოდითგანვე ვიცნობდით.

სოფელში გავიარეთ. ჯერ კიდევ ძალიან ციოდა ხევაიში და ხალხი სახლებში იყო შეყუჟული. გარეთ ერთი-ორი ვნახეთ, შრომობდნენ. გვსურდა მოვფერებოდით. მეც იგივე მსურს, მაგრამ სამუშაო ტანსაცმელი მაცვია და ასე ვერ გეკადრებითო, თან თვალებში ისეთი სიყვარულის სხივი უკიაფებდა, პირდაპირ ჩვენს გულებში იჭრებოდა.

ხევაის სერპანტინზე დაშვებისას სევდა შემოგვაწვა. მოვდიოდით და უკვე გვენატრებოდნენ საოცარი ჩვენებურები. პარხალს რომ ვუახლოვდებოდით, წინიდან მომავალმა მიკროავტობუსმა გაბმული სიგნალი­ მოგვცა. გზა გვერდის თავისუფლად­ აქცევის საშუალებას იძლეოდა­ და ასეთი შეხვედრა გაგვიკვირდა, თუმცა ვინ გვაცალა­ გაკვირვება? მძღოლმა მერანივით მოაგდო­ მანქანა ჩვენი მძღოლის ფანჯარასთან და ტრადიციულად დაგვჭექა, სიდან მოხველთო? გადაირია, ჩემს სოფელში ყოფილხართ, როგორ ვერ დაგხვდითო. დავპირდით, რომ ზაფხულში ვესტუმრებით. ალთან გულერმა სიხარულის ყიჟინა­ ატეხა: "ამოდით, დავილაპარაკოთ, კოფეს დაგალევინებთ და მოხრაკულზე დაგპატიჟებთ­, მანამდე კი ჯანმრთელობა დიგიწეროს ღმერთმა ყველასო" და წავიდა.­ პაწია ქართველები სკოლიდან მოჰყავდა და როგორც შეგვხვდა, ისევე გაბმული სიგნალით დაგვშორდა.

როგორც უკვე ვთქვი, ყველა ტაოელი, ვისაც კი იმ დღეს შევხვდი, გენერალ კვინიტაძეს მაგონებდა. მათ ყველას ფესვები იმ მიწაში აქვთ, რომელსაც კლავდნენ და ვერ მოკლეს, მაგრამ დრო და გლობალიზაცია ყველაფერს მოერევა, თუ პატარას დიდი არ შეეშველა. იმ ხალხს ჩვენი გვერდით დგომა სჭირდება ენის და ისტორიის ცოდნასა და დანარჩენ საქართველოსთან უფრო მჭიდრო კავშირში. მათ სახელმწიფოებრივ დონეზე უნდა იგრძნონ, რომ საქართველოს ყველა თავისი შვილი ძვირი უღირს, სადაც არ უნდა ცხოვრობდნენ ისინი, თორემ თურქეთის ხელისუფლება, როგორც ეროვნულ უმცირესობას ხელს უწყობს, რათა სოფელში მიმავალი გზა სულ ჰქონდეთ და არასდროს დატოვონ ძველი დიაოხის მიწა.

მითების ბურუსში ჩაძირული ოთხთა

მეათე საუკუნის ოთხთას მონასტრის მთავარი ტაძრის მოსალოცად მისული აუცილებლად გადაეყრებით თურქებს. ამ საოცარ ხუროთმოძღვრულ ქმნილებას ყველა თაყვანს სცემს, მასთან დაკავშირებული მითების, ლეგენდების და აუხსნელი მოვლენების გამო. ცნობილია, რომ ტაძარი ოთხი მახარებლის სახელზე აუგიათ და მეათე საუკუნის მეორე ნახევარში, დავით კურაპალატის დროს მოუპირკეთებიათ, მაგრამ უცნობია ტაძრის ქტიტორი და აღმაშენებელი. ლეგენდების თანახმად, ეკლესია უცნობი მეფის ასულს, ვინმე თამარს აუშენებია. მამამისს ყველა შვილი ისლამზე მოუქცევია თამარის გარდა. ქალს ტაძრის შენებისას ფული შემოლევია, ამიტომ თმა შეუკვეცავს, გაუყიდია და ასე დაუმთავრებია მშენებლობა. თამარს ისეთი თეთრი რაში ჰყოლია, ოთხივე ეკლესიის შემოვლა ერთ დღეში შეეძლო. გადმოცემის თანახმად, ტაძარში თამარის ხელის ანაბეჭდიცაა შემორჩენილი. ადგილობრივების ნაამბობით, იშხნის, ოშკისა და ხახულის შემდეგ ეს მეოთხე შესანიშნავი ეკლესიაა და სახელიც ამიტომ ეწოდა. ექვთიმე თაყაიშვილი აღნიშნავს:”მცხოვრებნი გამაჰმადიანებული ქართველები არიან. ქართული ყველამ იცის. ადგილობრივ მუსულმანებს ტაძრის დიდი რიდი აქვთ, რატომღაც მისი ეშინიათ. ამბობენ, ვინც კი აქ დასახლდა, ყველა გადაშენდაო. ამიტომ ლავრის მახლობლად სახლებს ვერ ნახავთ. დღემდე შემორჩა ლეგენდა: "ერთხელ მწყემსმა ეკლესიაში ფარა შერეკა, მაგრამ ეს ფარა შემდეგ მოვარდნილმა წყალმა იმსხვერპლაო".