1028 დღე - საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო - კვირის პალიტრა

1028 დღე - საქართველო როგორც ევროპული სახელმწიფო

"ქართველი და იტალიელი მფრინავები­ იტალიურ "ანსალდოს" ფირმის SVA-10 აერო­პლანის ფონზე", 1920 წელი... "საქართველოს შეიარაღებული ძალების "გარფორდისა" და "ოსტინის" ფირმის ჯავშანმანქანები რუსთაველის გამზირზე, სამხედრო აღლუმზე მსვლელობისას", 1920 წელი.ამ წარწერებით გამოაქვეყნა უნიკალური ფოტოები მკვლევარმა ქეთევან პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში... ქალბატონი ქეთევანი გვიამბობს, თუ რა ცნობებია შემორჩენილი და როგორ აღინიშნა 26 მაისის დღესასწაული 1919 და 1920 წლებში...

- დოკუმენტურ წყაროებში 1918-21 წლების საქართველოს შესახებ შემონახულია ცნობები ქართულ ავიაციაზეც. სწორედ ამ მასალის წყალობით ცნობილია, რომ საქართველოს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულ ძალებს კავკასიის ფრონტის საავიაციო ტექნიკიდან მემკვიდრეობით რამდენიმე ათეული ფრანგული, ბრიტანული და რუსული საფრენი აპარატი დარჩა, თუმცა უმრავლესობა მოძველებული იყო, რაც 1918 წელს 18 ავარიის მიზეზი გახდა,­ ხოლო 1919 წელს - 32 ავარიის. შემდეგ 6 აპარატი საბოლოოდ გამოვიდა მწყობრიდან. 1920 წელს "ანსალდოს" ქარხანაში შეიძინეს 10 ერთეული SVA-10 ტიპის თანამედროვე აეროპლანი, რაზეც იმდროინდელი­ პრესა, გაზეთი ,,საქართველოს რესპუბლიკა", 1920 წლის 5 აგვისტოს წერდა: "ავიაციის დღესასწაული: ავიაციის როტის ოფიცრებმა ჰაეროდრომში ავიაციის დღესასწაული მოაწყვეს..."

- საინტერესოა კიდევ ერთი ფოტო წარწერით "საქართველოს შეიარაღებული ძალების "გარფორდისა" და "ოსტინის" ფირმის ჯავშანმანქანები რუსთაველის გამზირზე, სამხედრო აღლუმზე მსვლელობისას...

- დამოუკიდებლობის დღე სულ ორჯერ, 1919 და 1920 წლებში აღინიშნა.

1919 წლის 26 მაისს დედაქალაქის ქუჩები მორთული იყო ეროვნული დროშებითა და ხალიჩებით, გაიმართა ფართომასშტაბიანი აღლუმი, არსენალის მთიდან­ გაისროლეს ზარბაზნები, აეროპლანებმა დედაქალაქს რამდენჯერმე გადაუფრინეს, ჩამოყარეს საინფორმაციო ბიულეტენები და მისალოცები. სასახლიდან რუსთაველისა­ და წყნეთის ქუჩების (ჭავჭავაძის გამზირი) გავლით გაიმართა მსვლელობა ვაკის მოედნისაკენ (თანამედროვე ვაკის პარკი)... მსვლელობაში მონაწილეობდნენ მთავრობისა და დამფუძნებელი კრების წევრები, უცხოელი დიპლომატები, პოეტები და მწერლები, მსახიობები, ორკესტრები, ხორო, საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრები, მოსწავლეები, სპორტული გაერთიანება "შევარდნის" წევრები, ეროვნულ ტანისამოსში გამოწყობილი სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები, გლეხები ხარ-კამეჩებით, ამქრების წარმომადგენლები და სხვები... 1919 წელს ქუჩებში მოძრაობდა მხატვრულად გაფორმებული ავტომობილები, რომლებიც სიმბოლურად გამოხატავდნენ საქართველოს დამოუკიდებლობას, საქართველოს გაერთიანებას... ზეიმს ვაკის პარკში დაესწრო 100 000 მოქალაქეზე მეტი. გაიხსნა საქართველოს ეროვნული ჰიმნით, რომელსაც დაახლოებით 500 კაცისგან შემდგარი ხორო ასრულებდა­ ჰიმნის ავტორის, კომპოზიტორ ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით, გაიმართა "შევარდნის" სავარჯიშო წარმოდგენა, ფეხბურთის მატჩი, ხევსურული ფარიკაობა, საღამოს ყველა თეატრსა და კლუბში კი სადღესასწაულო ღონისძიებები. ეროვნული დღესასწაული აღნიშნეს ყველა ქალაქში, დაბასა თუ სოფელში. გამოფენილი იყო ეროვნული დროშები. ქალაქი თელავი საზეიმოდ გააფორმა ცნობილმა მხატვარმა ვალერიან სიდამონ-ერისთავმა.

424655462-251541747983144-2367197561188176911-n-1716138935.jpg

- 1920 წელს?

- 1920 წლის 26 მაისს დამოუკიდებლობის დღე დემოკრატიული რესპუბლიკის მოქალაქეებმა კვლავ მასშტაბურად აღნიშნეს. წინა წლისგან განსხვავებით, შედარებით მცირე აღლუმი გაიმართა დედაქალაქში, რადგანაც ძირითადი სამხედრო ნაწილები წითელ არმიასთან მოპოვებული გამარჯვების შემდეგ აზერბაიჯანის საზღვართან იყვნენ დისლოცირებული...

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა 1028 დღის განმავლობაში შენდებოდა როგორც ევროპული სახელმწიფო. ევროპულ პოლიტიკურ და კულტურულ სივრცესთან ინტეგრაციის სურვილი პოლიტიკური ტრიბუნიდან მუდმივად გაისმოდა. 1919 წლის სექტემბერში დამფუძნებელი კრების ტრიბუნიდან კრების ვიცე-სპიკერი ალექსანდრე ლომთათიძე აცხადებდა:

"[საქართველოს] უნდა თავისი ხალხის ბედი თვითვე გამოსჭედოს და ის შეაყენოს­ სწორ და ნამდვილ გზაზე. ეს არის გზა ევროპის ცივილიზაციის კულტურის ჩვენში­ გადმონერგვის და ჩვენი პატარა საქართველოს ხალხის ევროპის ხალხთა ოჯახში შეყვანისა, - მას სურს ის კულტურა, რომელიც მიუღია საუკუნეთა განმავლობაში, მიუღია და დღემდე შეუნარჩუნებია, განავითაროს, გააღვივოს და მით თავისი მცირე­ წვლილი - პატარა ხალხი მიუძღვნას­ ევროპის დემოკრატიას. დასავლეთი და აღმოსავლეთი - აი, ეს კითხვაა ჩვენს წინაშე­ დასმული და აქ ყოყმანი შეუძლებელია, ჩვენ მუდამ ვირჩევდით და ვირჩევთ­ დასავლეთს და თუ ბოლშევიკები აღმოსავლეთს ებღაუჭებიან, ეს იმიტომ, რომ დასავლეთმა მათ უარი უთხრა კავ­შირზე და ცნობაზე. როგორც ხედავთ, საქართველოს და რუსეთის გზები აქაც გაიყარენ, ჩვენი გზა მიდის ევროპისაკენ, რუსეთის კი აზიისაკენ".

1920 წლის იანვარში საქართველოს დამოუკიდებლობა დე ფაქტო აღიარეს ევროპის დიდმა სახელმწიფოებმა. ამ ფაქტის აღსანიშნავად თბილისში საზეიმო ღონისძიებები გაიმართა. 1920 წლის 14 იანვარს დამფუძნებელი კრების სხდომაზე მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიამ მოქალაქეებს­ საერთაშორისო აღიარება საზეიმოდ მიულოცა და კვლავ ხაზი გაუსვა ევროპასთან საქართველოს ბუნებრივ კავშირს: "მოქალაქენო! ნება მიბოძეთ მოგილოცოთ თქვენ, მივულოცო საქართველოს ხალხს საერთაშორისო ოჯახში გაშლილი დროშით შესვლა და იქ ევროპის ხალხის გვერდით საკუთარი ადგილის დაჭერა. ამიერიდან ქართველი ერი მიღებულია დიდი ერების მიერ როგორც თანასწორი თანასწორთა შორის. ჩვენი დღევანდელი ცხოვრება და მომავალი გზა-კვალი მჭიდროთ, უშუამავლოთ გადაეჯაჭვა დასავლეთს და ამ კავშირის გაქარწყლება არ ძალუძს არავითარ ძალ-ღონეს".

საქართველოს, როგორც ევროპული სახელმწიფოს მშენებლობის პროგრესს ევროპელი პოლიტიკოსებიც უსვამდნენ ხაზს. ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტიის ლიდერი და შემდგომში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 1920 წელს საქართველოში ვიზიტის შემდეგ აცხადებდა:

"საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რაც ვერ გააკეთეს ევროპელმა სოციალ-დემოკრატებმა. მათ გაატარეს აგრარული რეფორმა; მოახდინეს ბუნებრივი რესურსების ნაციონალიზაცია - შენდება სრული დემოკრატიული სახელმწიფო სოციალისტური მთავრობის ხელმძღვანელობით. თუ ერთა თავისუფლება ცარიელი სიტყვა არაა, თუ რომელიმე ერს თავისუფლება ეკუთვნის, ესაა ქართველი ერი, რომელმაც დაუმტკიცა მთელ კაცობრიობას თავისი მაღალი კულტუროსნობა და პოლიტიკური სიმწიფე".

გაზეთი "ერთობა" წერდა: ,,1918 წლის 26 მაისის დღესასწაული - საქართველოს დამოუკიდებლობის წლის თავი - თფილისში გრანდიოზულად ჩატარდა. საუცხოვო მაისის დღე გათენდა. დილიდანვე ქუჩები, დაწესებულებები და კერძო სახლები ნაირ-ნაირად მორთული იყო ხალიჩებით, ეროვნული დროშებით და ვარდ-ყვავილებით. მოქალაქენი დილიდანვე გამოეფინნენ ქუჩებში... 10 საათზე სამხედრო საკრებულოს ეზოში გაიმართა ჯარების აღლუმი. აღლუმი მიიღო მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ. მას თან ახლდნენ ამერიკის, ინგლისის, იტალიის, საბერძნეთის, აზერბაიჯანის, სომხეთის და მთიელთა რესპუბლიკის წარმომადგენლები. აღლუმის გათავების შემდეგ ჯარები და მთელი პროცესია სამხედრო მუსიკითა და სიმღერებით გაემართა ოლღას და წყნეთის ქუჩით ვაკეზე, რომელიც მოშორებულია ქალაქს სამი ვერსით, სადაც საგანგებოდ დიდ მინდორზე, მთავარ-გორაკებზე მოწყობილი იყო სადღესასწაულო სტადიონი...ჰაეროპლანებმა ქალაქს რამდენჯერმე გადაუარეს. არსენალის გორაკიდან რამდენჯერმე გაისროლეს ზარბაზანი...

ნაშუადღევს კორტეჟის პროცესიაც მოვიდა დანიშნულების ადგილას. პირველად მოვიდნენ ჰეროლდები დამოუკიდებლობის საყვირით. შემდეგ ორკესტრები და მომღერალი გუნდები ეროვნულ ტანსაცმელში გამოწყობილნი. საუცხოო შთაბეჭდილებას სტოვებდა სხვადასხვა სიმბოლური გამოხატულებანი: "რევოლუცია", "საქართველოს დამოუკიდებლობა", "საქართველოს გაერთიანება" და "გაზაფხული". შემდეგ მიდიოდენ "შევარდნები", მთელი თავისი შემადგენლობით: ქალთა და ვაჟთა ჯგუფებით. მერე მიდიოდა მოწაფეთა ჯგუფები, პროფესიონალური ორგანიზაციები, სოფლის წარმომადგენლები, ხევსურები აბჯარ-მუზარადით, ამქრები და სხვა.

1 საათზე საზეიმოდ დანიშნული ველი გაივსო ზღვა ხალხით. დროშების მთელი ტყე გაჩნდა. 2 საათი შესრულდა და სადღესასწაულოდ მომავალი ხალხის ჯგუფები არ ილეოდა. რიცხვით მოსული ხალხი 100 ათას აღემატებოდა.

2 საათზე დაიწყო დღესასწაული. რამდენიმე ასი კაცისგან შემდგარმა შეერთებულმა ორკესტრმა შეასრულა ეროვნული ჰიმნი "დიდება" კომპოზიტორ კოტე ფოცხვერაშვილის მეთაურობით. ორკესტრმა და გუნდებმა შეასრულეს სხვადასხვა ჰიმნები და სიმღერები. სტადიონზე დაიწყო "შევარდენთა" ვარჯიშობა. ეს ულამაზესი სანახაობა მოგაგონებდათ ძველი საბერძნეთის დღესასწაულს "ოლიმპიის გართობებს". გაიმართა ფუტბოლის თამაში, ხევსურთა ფარიკაობა და სხვადასხვა გასართობები...

დღესასწაულს ხელმძღვანელობდენ ხელოვნების კომისია, დამფუძნებელი კრების წევრები. სტუდენტები და ქალაქის მილიცია იცავდენ წესრიგს. საღამოს მთელი ქალაქი გაჩირაღდნებული იყო. საგანგებოდ მორთული იყო სხვადასხვა დაწესებულებები.

თეატრებში სადღესასწაულო წარმოდგენები გაიმართა: ქალაქში აუშვეს შუშხუნები. მამა დავითის გორა ცეცხლის მთას მოგაგონებდათ. დიდებულად ჩატარდა დამოუკიდებლობის წლის თავის დღესასწაული საქართველოს დედა ქალაქში".

ჯავშანმატარებელთა რაზმი სახალხო გვარდიის რეგულარულ შენაერთებში ირიცხებოდა და შეიარაღებული ძალების ერთ-ერთ ძლიერ შენაერთს წარმოადგენდა. ცნობილია 4 ჯავშნოსანი მატარებლის სახელი: ჯავშანმატარებელი №1 - "რესპუბლიკელი"; №2 - "მუშა"; №3 - "სიკვდილი ან გამარჯვება" და №4 - "თავისუფლების სიმაგრე"... დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ რაზმმა რამდენიმე წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. რაზმს მეთაურობდა პირველი რესპუბლიკის პერიოდის ლეგენდარული მებრძოლი და სამხედრო მეთაური ვლადიმერ (ვალოდია) გოგუაძე... 1921 წლის 16 მარტს მან ნიგოეთიდან ბათუმში მთავრობის თავმჯდომარე ნოე ჟორდანიას დეპეშა გაუგზავნა: "ჯავშნოსანი მატარებლებით მოგესალმებით. რაზმი ფიცსა სდებს თქვენს წინაშე, რომ იბრძოლებს სამშობლოს დასაცავად უკანასკნელ სისხლის წვეთამდის!"

ვალოდია გოგუაძე საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო. გარდაიცვალა საფრანგეთში, 1954 წელს.