„სასწაულის ხილვის ღირსი ბევრჯერ გამხადა უფალმა“ - კვირის პალიტრა

„სასწაულის ხილვის ღირსი ბევრჯერ გამხადა უფალმა“

"შეუცნობელ არს გზანი უფლისანი და არაფერია მისი ნების გარეშე!" - ამ ჭეშმარიტების აღიარების დრო ერთ მშვენიერ დღეს, თუნდაც უკანასკნელ ჟამს, დაგვიდგება და სწორედ მაშინ იწყება ადამიანის სულიერი ფერისცვალება. არიან ისეთებიც, ვინც სამყაროს ამ მთავარი საიდუმლოს შეცნობის დროს არჩევენ უფლის მსახურებაში გადაინაცვლონ, ქვეყნისა და ადამიანებისთვის ლოცვაში გაატარონ სიცოცხლე. ამ მხრივ გასაოცარია კარდენახელი პაპა-შვილიშვილის, 85 წლის სქიმმონაზონ მამა მოსესა და მისი შვილიშვილის, 20 წლის ბერის, მამა ანგელოს კოკოლიშვილის ცხოვრება. 20 წლის მამა ანგელოსი 3 წლის წინ აღიკვეცა ბერად, მისი პაპა, მამა მოსე (ერისკაცობაში Oმარი) კი შარშან, 85 წლის ასაკში. დღევანდელი საქართველოს ეკლესიის ისტორიაში ვერავინ იპოვის ამ ასაკში ბერობის რთულ გზაზე შედგომის მსგავს მაგალითს. პაპა-შვილიშვილი ყინწვისის მამათა მონასტერში დღეს ერთად ლოცულობს საქართველოს და ქართველი ერის სულიერი აღმავლობისთვის. როდესაც ეკითხები, რამ გადააწყვეტინათ ამქვეყნიური ცხოვრებისგან გარიდება და უფლის სამსახურში ჩადგომა, მარტივად გპასუხობენ: "უფალმა". თუმცა ამ "სიმარტივის" მიღმა უსასრულო სამყაროს საიდუმლოა...

სქიმმონაზონი მოსე კოკოლიშვილი: - შეიძლება კარგად ვერ დავალაგო, რაც თავს გადამხდენია, მაგრამ ჩვენი დაბადება უფლის განგებულებაში რომ არის, ეგ ბავშვობიდან ვიცოდი. დანარჩენი ჩვენი ნებაა, უფლის მფარველობას დავინახავთ და მადლიერი ვიქნებით თუ მას გავექცევით.­ ჩვენი საქციელით ჩვენი ცხოვრების­ ბეჭედს ჩვენვე ვჭედავთ. დიდება მის ძალას,­ რომ არასოდეს მივუტოვებივარ - როგორც გით­ხარით, ამას სულ ვგრძნობდი. ჯერ იყო და, ობოლმა დავიწყე ცხოვრება, წლის ვყოფილვარ, მამა ომში რომ დამღუპვია, და დედაჩემს უთქვამს, გათხოვება არ მიხსენოთ, მადლობა უფალს, შვილი რომ მაინც დამი­ტოვა, უნდა გავზარდოო. კუტად ვიზრდებოდი ხუთ წლამდე, სიარული არ შემეძლო. დამსვამდა თურმე დედა და ვიყავი ასე გაუნძრეველი დილიდან ღამემდე, დედაც­ დილიდან ღამემდე მუშაობდა ბაღ-ვენახში. როდესაც ეცალა, მაშინ დამატარებდა ექიმებთან და ეკლესიებში. კაცსაც ევედრებოდა და ღმერთსაც, მიშველეთ, შვილი ფეხზე დამიყენეთო, მაგრამ საშველი არ მადგებოდა. ბოლოს ანაგის (სიღნაღი) მონა-ტანჯულთა ეკლესიიდან შემოუთვლიათ დედაჩემისთვის, ბავშვი აქ მოიყვანე, ვუშველითო.

- მონა-ტანჯულთა ეკლესია... ასეთი სახელი პირველად მესმის...

- სახელი საბჭოთა ხელისუფლებამ დაუკარგა, ხალხმა შეარქვა ასე. ტანჯულ ხალხს შველოდა და იმიტომ. ახლა იქ მთავარანგელოზ მიქაელის მამათა მონასტერია­. ხალხი უპატრონობის დროსაც უვლიდა ეკლესიას, ცარიელ კედლებში შედიოდა და ლოცულობდა. მონა-ტანჯულთა ეკლესიაში­ ერთი მლოცველი დედაკაცი დაიარებოდა,­ გულით სუფთა და საქმით ალალი. ჩემი დედა დადიოდა თურმე იმ ეკლესიაში, მუხლის ჩოქვითა და ცრემლით სთხოვდა, მე რომ გამევლო. ერთხელაც მისულა ის მლოცველი დედაკაცი და უთქვამს, წუხელ ანგელოზი გამომეცხადა. შენზე მითხრა, ნუ ტირის, მოიყვანოს აქ თავისი შვილი და გავკურნავო. ჰოდა, ავუკრივარ გულზე­ დედაჩემს და წავუყვანივარ. შეჰგებებია ის მლოცველი დედაკაცი, ჩაუცმევია ჩემთვის თეთრები, დავუსვენებივარ ტაძარში და შესდგომია ლოცვას. ორი კვირის ლოცვის შემდეგ ავმდგარვარ და ჩემი ფეხით გამივლია სახლამდე 7 კილომეტრი.

1-1716139833.jpg

- ეგ სასწაულია, მამაო, ნამდვილად.

- სასწაულის ხილვის ღირსი კიდევ ბევრჯერ გამხადა უფალმა. იმ ბალღმა, 5 წლამდე ფეხზე რომ ვერ დადიოდა,D დურგლობა და სახლების გადახურვა ისწავლა­. კუთხე არ დამრჩენია საქართველოში, სახლი რომ არ გადამეხუროს. 82 წლის ასაკში დავამთავრე ეგ საქმე. განა ადვილია, სიმაღლესთან გაქვს საქმე, ფეხი მიწაზე კი არა, თუნუქზე გიდგას და სულ ცურავ. ერთხელაც ეგრე დავცურდი სამსართულიანი­ სახლის სახურავიდან და წვიმის ღარს, რომელიც მარტო ორი ლურსმნით იყო დამაგრებული, ცალი ხელით ჩამოვეკიდე. სასწაულის ძალით ისევ სახურავზე აღმოვჩნდი და ასე გადავრჩი. ყველა პირჯვარს იწერდა, სახურავიდან ჩამოვარდნილმა და ღარზე დაკიდებულმა კაცმა ისევ სახურავზე ასვლა როგორ მოახერხეო... იმ მომენტში ჩემს ფეხებქვეშ ჰაერის უხილავი კიბე გაჩნდა, ფეხი დავაბიჯე და კვლავ სახურავზე ავედი. მერე რომ მადლიერებით პირჯვარი გადავიწერე და ზეცას ავხედე, წმინდა გიორგი დავინახე, ის მოვიდა გადასარჩენად. ამას იმიტომ კი არ ვყვები, რომ ჩემზე­ ვინმემ აღმატებულად იფიქროს, არამედ იმიტომ, ხალხს რწმენა დაეკარგა და ჩემს სიცოცხლეში მოვლენილი სასწაულებით მსურს გავუცოცხლო.

სხვა დროსაც მინახავს ხილულად წმინდა გიორგი, თუნდაც დედა რომ გარდამეცველა, მაშინ. დედაჩემი სახლის მეორე სართულზე მყავდა დასვენებული, მე პირველ­ სართულზე ვიყავი და გულში სიმწრის ცრემლები მიტრიალებდა, უფალს ვეკითხებოდი, უფალო, რად ჩამაგდე ეგეთ დღეში, მამა თვალით არ მინახავს, ძმა არ მყავს, და არ მყავს, ახლა დედაც გამომაცალე, რად გამწირე მარტოობისათვის-მეთქი. უეცრად წმინდა გიორგი დადგა ჩემ წინ, მითხრა: მე ვიქნები შენი ძმაო, და გაქრა.­ ამის მერე იყო, სახურავიდან ჩამოვარდნილი, სიკვდილს რომ გადამარჩინა.

- ბევრ უნუგეშო ადამიანს უგრძნია უფლის დახმარება, მაგრამ, ალბათ, მას, ვისაც უფალი ღირსად ჩათვლის. იქნებ იმიტომ, რომ ოჯახი გყავდათ ღვთის ნების მორჩილი?

- მთელი გულით იყვნენ მინდობილი...­ თუკი ეჭვი არ გეპარება, რომ უფალი შენს თხოვნას შეისმენს, აუცილებლად შეისმენს,­ ოღონდაც ამის რწმენა უნდა გქონდეს. ოჯახი სწორედ ასეთი მყავდა, წუთით არ ეპარებოდათ ეჭვი, რომ უფალი უსმენდათ. ჩემი მამიდა ისეთი მლოცველი იყო, ღვთის მონაქალს ეძახდნენ სოფელში. ჩემი ბიძაშვილი, მეუფე ათანასე ჩახვაშვილიც ბავშვობიდანვე შეწირული კაცია, ბევრი სასწაულის მოქმედი. მან განამტკიცა ჩემში­ უფლის სიყვარული. მე მათ შევყურებდი და მინდოდა­ ის გამეკეთებინა, რასაც­ ისინი­ აკეთებდნენ­. განა ცოტა ტვირთი აქვს ცხოვრებას: ცოლ-შვილი მყავდა, მაგრამ ჩემებურად მაინც ვცდილობდი მეკეთებინა ღვთის საქმე. როდესაც მთელ სოფელს ეძინა, ავიღებდი ნიჩაბს და სოფელში საბა განწმენდილის ეკლესიის დასალაგებლად მივდიოდი. ძალიან ძველი ეკლესიაა, მე-12-მე-13 საუკუნის, და კომუნისტებმა საძროხედ აქციეს. მეც გავასუფთავებდი, მერე დილამდე ვლოცულობდი, გათენებისას კი შინ ვბრუნდებოდი.

- თქვენი შვილიშვილი, მამა ანგელოსი, როგორ შეუდგა ღვთის მსახურებას?

- მის გულში რა ხდებოდა, ეგ როგორ აღვწერო, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით: მამა ანგელოსს, ჩემს შვილიშვილს, გიორგი­ წმინდა გიორგის პატივსაცემად დავარქვით. 7 წლის რომ იყო, მითხრა, პაპა, წუხელ სიზმარში ერთი გოგო ვნახე, ხელი ჩამჭიდა და ეკლესიაში წამიყვანაო. ზამთარი იყო, წმინდა ნინოს დღესასწაული­, ხალხმრავლობა იყო ანაგის წმინდა ნინოს ეკლესიაში.­ მეც გამოვიარე იმ დღეს, სანთელი­ დავანთე და ვილოცე. ვუთხარი, დღეს წმინდა ნინოს­ დღე იყო, ალბათ, ის დაგესიზმრებოდა-მეთქი. ჰოდა, 7 წლის ბავშვი კილომეტრ-ნახევარზე გაიპარა იმ ეკლესიაში. მერე იქ იკითხა, აქ ლოცვები თუ ტარდებაო. მესანთლემ, როგორ არაო. წავიდა ეს პატარა ბალღი და იმ ლოცვასაც­ დაესწრო, ეკლესიის სტიქაროსანიც ნახა. ძალიან სპეტაკი მოძღვარი ატარებდა წირვა-ლოცვებს იმ ეკლესიაში, მამა დავითი, და სთხოვა, მეც მინდა სტრიქაროსანი ვიყოო. სტიქარის სახელსაც კი ვერ ამბობდა წესიერად, ისე გახდა სტიქაროსანი. 17 წლის ასაკში გახდა ბერი. ალბათ, უფლის ნება იყო. ერთხელაც მითხრა, პაპავ, იქნებ ეკლესიაში წამოხვიდეო, მეუღლე აღარ გყავს, ღვთის ნებით შვილიც გყავს და შვილთაშვილიც; ყველანი ჯანმრთელები არიან და თავს უპატრონებენ, შენც ჯანმრთელობა გიწყობს ხელს და წამოდი, იქ იყავიო. თურმე მას დროებით წასვლაზე უთქვამს, მაგრამ მე მაინც უარი ვუთხარი, მე ვერ წამოვალ, მაგრამ შენ დამილოცნიხარ-მეთქი. მერე დიდხანს ვიფიქრე და მივხვდი, რომ უფლის სამსახურს ასე უკეთ შევძლებდი. მამა ანგელოსს დავურეკე და ვუთხარი, წამოვალ ეკლესიაში-მეთქი. იმას ჰგონებია, ცუდად ვიყავი, მაგრამ მე სამუდამო წასვლა და ღმერთისთვის სამსახური მქონდა გადაწყვეტილი.

- დიდხანს შეგაძლებინოთ უფალმა. რა შედის სქიმმონაზვნის მოვალეობაში? თუ არ ვცდები, ეს ბერობაში უმაღლესი წოდებაა.

- ტაძარში რომ მივედი, მოძღვარი მოვიკითხე, აღსარების ჩაბარება მინდოდა­, ყველაფერი ვუამბე, ისიც ვუთხარი, რომ ბერობაზეც ნაფიქრი მქონდა. მან ჩემი სურვილი მეუფე იობს გაანდო­, მანაც კეთილი ნებით გადაწყვიტა, რომ ბერად აღვეკვეცე. ჯვართამაღლების დღესასწაული თენდებოდა. მეუფემ ბრძანა, ხვალ ბატონი ომარი აღვკვეცოთ ბერად დიდ წმინდა და ანგელოზებრივ სქემაში და ვუწოდოთ სახელი მოსეო. მართლაც აღმკვეცეს მეორე დღეს, წირვის დასასრულს. მობრძანდა ეპარქიის სამღვდელოებაც. აი, ასე აღვიკვეცე. მადლობა უფალს ამ დიდი წყალობისათვის.

ჩემი ცხოვრება უფლის დიდი საჩუქარი იყო, რადგან სასწაულებს არაერთხელ მაზი­არა უფალმა და უეცარი სიკვდილისაგან არაერთხელ მიხსნა. რა ევალება სქიმმონაზონს? უფრო მეტი ლოცვა, ვიდრე სხვას ევალება. დიდსქიმოსანი ბერის ცხოვრება სხვა ბერების ცხოვრებისაგან დიდად განსხვავდება. სქიმმონაზონს მთელი მსოფლიოს მართლმადიდებლობაზე მართებს გამუდმებული ლოცვა და, რა თქმა უნდა, ჩვენს საქართველოსა და ერზეც.

- მამაო, როგორ იქნება ჩვენი ქვეყანა მომავალში. ძალიან მძიმე დრო გვიდგას.

- ერთ რამეს მოგიყვებით: ჩემი შვილიშვილი, მამა ანგელოსი, თავისმა მრევლმა­ დაპატიჟა. ეს კარგია, ხალხს უყვარს, უკვე 100-მდე ნათლული ჰყავს, რაც დიდი მადლია ღვთის წინაშე. ჰოდა, მამა ანგელოსი შვეიცარიაში რომ ჩავიდა, ქუჩაში სერბი ქრისტიანი კაცი შემოხვდა და მის მკერდზე საქართველოს დროშას რომ შეხედა, მაშინვე დალოცვა უთხოვია. მამა ანგელოსმა რომ დალოცა, მან საფულე გახსნა და ჩვენი მამა გაბრიელის ხატი ამოიღო.…ესე იგი, მამა გაბრიელსაც იცნობენ და ჩვენს ქრისტიანობასაც. ქრისტიანობა ჩვენი მცველია, ეს კარგად უნდა დავიმახსოვროთ. შეიძლება განსაცდელი ბევრჯერ მოვიდეს და მოსულა კიდეც, მაგრამ ქრისტეს მადლით გადავრჩენილვართ. ახლაც ასე იქნება, მით უფრო, ჩვენი გადარჩენის წინასწარმეტყველება არსებობს. ნუ შეგეშინდებათ! გახსოვდეთ, ჩვენს ეკლესია-მონასტრებში უამრავი ბერმონაზონი უჩუმრად, თავის გამჟღავნების გარეშე ლოცულობს ერისთვის. მათი ლოცვა მართლაც მთებს ძრავს და უფლის ტახტამდე ადის. მშვიდობა აუცილებლად გვექნება.