შესანიშნავი ოთხეული - 3+1 - კვირის პალიტრა

შესანიშნავი ოთხეული - 3+1

"რომანზედ დამთენებია,/ ფანჯრებში რიბირაბოა;/ რა ზვრები, რა მტევნებია,/ ამირეჯიბო ჭაბუა!/ ...გამხმარო, გაძვალებულო,/ მეკობრევ, ბერად შემდგარო,/ სიცოცხლეგამწარებულო,/ სიკვდილისაგან ვერმკვდარო!/ ...ლენცოფა აგიცელია,/ მორჩი კეთილი გიცვნია,/ რა წიგნი დაგიწერია,/ რა სიკვდილები გიგრძნია!/ ...წიგნს სისხლით ნაწერს ვკითხულობ/ (მეც სისხლის ნთხევით ვმღეროდი!)/ შენთან ერთობით ვდიდგულობ, -/ "ვამაყობ საქართველოთი!"

"წარწერა წიგნზე "დათა თუთაშხია". მურმან ლებანიძე, 1973 წელი

ეს წიგნი ჩემი ოჯახისთვის და პირადად ჩემთვის ძალიან ძვირფასია, და არა მხოლოდ მისი შინაარსიდან გამომდინარე დიდებულების გამო - ჩემს ოჯახში ჯერ კიდევ ამავე სახელწოდებით გამოსული რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის სერიალით ძლიერ შევიყვარეთ მისი გმირები, უპირველესად კი, ცხადია, თავად დათა, რომლის როლსაც უბადლოდ ასრულებდა სახელგანთქმული მსახიობი, აწ განსვენებული ოთარ მეღვინეთუხუცესი.­ დედას ისე უყვარდა ამ ფილმის პერსონაჟები, ჭაბუა ამირეჯიბის ამავე სახელწოდების წიგნი რომ გამოიცა და იმხანად ბევრისთვის ხელმიუწვდომელი იყო, მამამ, რომ იტყვიან, ქვა გახეთქა, მოიპოვა და "დათა თუთაშხიას" გმირებზე უსაზღვროდ შეყვარებულ დედას უთბილესი წარწერით მიუძღვნა.­ დღეს მამა და დედა გარდაცვლილები არიან, წარწერიან "დათა თუთაშხიას" კი კვლავ თვალსაჩინო ადგილი უკავია ჩემს თაროზე. რას წარმოვიდგენდი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ფილმიდან ვეტრფოდი, სტუდენტობის პარალელურად, საქართველოს რადიოს ლიტერატურულ სტუდიაში მუშაობის პერიოდში და მერეც, ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად შევხვდებოდი, ოჯახებში ვესტუმრებოდი, დავუახლოვდებოდი. ვერც ვიოცნებებდი, რომ თუნდაც მუშნი ზარანდიას როლის შემსრულებელ უდიდეს არტისტსა და შესანიშნავ ადამიანს, ბატონ თენგიზ არჩვაძეს ლამის შვილობილივით ვეყოლებოდი; ბატონ გიგა ლორთქიფანიძისგან უამრავ ამბავს მოვისმენდი, მისი მეუღლე, ფილმში ბეჩუნი პერტიას როლის შემსრულებელი ქალბატონი ქეთევან კიკნაძე კი ყოველი სტუმრობისას ხან წიგნებს მაჩუქებდა, ხან მოგონებებს დიდებულ ადამიანებზე; ბატონ ჭაბუა ამირეჯიბის სახლის კარს იმდენჯერ შევაღებდი, ლამის თავს მოვაბეზრებდი, იქიდან კი მისი სათნო მეუღლის, ქალბატონი თამარ ჯავახიშვილის წყალობით ბატონი ჭაბუას საგანგებოდ ჩემთვის წარწერილი წიგნებით ხელდამშვენებული გამოვბრუნდებოდი... დასანანია, როდესაც ჩვენს ამქვეყნიურ სამყაროს ეპოქის საუკეთესო წარმომადგენლები ტოვებენ, ეს ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ახლა მთავარია, მათი დანატოვარი და თავად ისინი არ დავივიწყოთ. ძალიან მიყვარს ციფრებზე, რიცხვებზე, თარიღებზე დაკვირვება, თითქოს რაღაც კანონზომიერებას ვეძებ მათში და ერთხელაც აღმოვაჩინე, თუმცა მას მთლად კანონზომიერებას ვერ ვუწოდებ, მაგრამ თქვენს ყურადღებას მაინც მივაპყრობ...

რიცხვები და თარიღები...

2-1716143641.jpg

XX საუკუნეში შექმნილი შედევრის - ფილმ-სერიალ "დათა თუთაშხიას" სამუდამოდ ლეგენდად მქცეველმა სამმა შემოქმედმა ერთ წელიწადს დაგვტოვა. 2013 წლის 9 მაისს სამეულიდან პირველი თავად "დათა" - დიდი მსახიობი ბატონი ოთარ მეღვინეთუხუცესი გამოგვეთხოვა; თითქმის ერთ თვეში, 2013 წლის 13 ივნისს, ფილმის სულისჩამდგმელი, დიდი რეჟისორი, ბატონი გიგა ლორთქიფანიძე გარდაიცვალა; 2013 წლის 13 დეკემბერს ანუ ზუსტად 6 თვეში რეჟისორზე 6 წლით უფროსმა, შესანიშნავმა მწერალმა, "დათა თუთაშხიას" ავტორმა, ბატონმა ჭაბუა ამირეჯიბმა - ბერმა დავითმა მიაბარა სული უფალს. მეოთხე სამწუხარო ამბავიც მოხდა, ოღონდ 2013 წლის დასაწყისშივე - 17 იანვარს გარდაიცვალა დიდი მსახიობი, ბატონი გურამ საღარაძე, რომელიც "დათა თუთაშხიაში" ადვოკატ ირაკლი ხურციძის როლს ასრულებდა. ასეთ დამთხვევაზე იტყვიან ხოლმე, ღვთის ხელი ურევიაო - მეგობრებისა და შემოქმედების სულიერი კავშირი უფალმა თითქოს ზეცაში გააგრძელა...

როგორ იქმნებოდა შედევრი - მხატვრული ფილმი "დათა თუთაშხია" ამ ადამიანების ურთიერთობის ფონზე? იმ დღეებისა და ადამიანების "გაცოცხლებას" ვეცდებით ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ბეჩუნი პერტიას ანუ საქართველოს სახალხო არტისტის, ბატონი გიგა ლორთქიფანიძის მეუღლის, მსახიობ ქეთევან კიკნაძის მოგონებებით, სამწუხაროდ, ამ დიდი შემოქმედების გარდაცვალების შემდეგ.

გიგა ლორთქიფანიძე და ოთარ მეღვინეთუხუცესი

8-1716143641.jpg

გიგამ ოთარი ეროვნულ მსახიობად აქციაო, მითხრა წლების წინ ქალბატონმა ქეთევანმა, რომელსაც ახლახან, 2024 წლის 10 მაისს, საიუბილეო 85-ე წელიწადი მივულოცეთ. თურმე ბატონ ოთარსა და ბატონ გიგას განსაკუთრებული ურთიერთობა და სიყვარული აკავშირებდათ. ქეთევან კიკნაძემ საოცარი დამთხვევაც აღმოაჩინა ოთარ მეღვინეთუხუცესთან ურთიერთობაში: ჩემს პირველ ფილმში, "ტარიელ გოლუაში", სწორედ ოთარს ვუწევდი პარტნიორობას და ჩემი პირველი სპექტაკლიც ოთარს უკავშირდება, ბოლო ფილმსა და სპექტაკლშიც მასთან ერთად ვმონაწილეობდი. ხომ წარმოგიდგენიათ, იმ წლებიდან ამ ბოლო ნამუშევრებამდე რამდენი წელი გავიდა, ჩვენი ურთიერთობაც სწორედ წლობით გაგრძელდაო. თურმე გიგა ლორთქიფანიძეს, სხვა რეჟისორებისა და "ქართული ფილმის" აუცილებელი ტრადიციისგან განსხვავებით, სინჯების გარეშე აჰყავდა ხოლმე მსახიობები კინოროლზე. იტყოდა, ამან ეს უნდა ითამაშოსო, და ამით ბეჭედს სვამდა.­ ცხადია, მან იცოდა ბატონი ოთარის შესაძლებლობები და თავიდანვე სწორედ ის მოიაზრა დათას როლზე. ბატონი ჭაბუა შერჩევაში არ ჩარეულა. რეჟისორს ბევრი ისეთი დეტალიც შეუტანია ფილმში, რაც მწერალს არ ჰქონდა. ქალბატონი ქეთევანი იხსენებს: "წიგნში ძალიან ცოტა დიალოგია, ამიტომ გიგა და ჭაბუა ფილმისთვის ერთად აკეთებდნენ დიალოგებს. ჭაბუა გადაღებასაც ესწრებოდა ხოლმე და გიგას შეტანილ ცვლილებებს არასდროს აპროტესტებდა. ნოდარ დუმბაძეც ასეთი იყო - ძამა, მე დავწერე და შენ რაცხა გინდა, ის ქენიო. გესმით, როგორი დიდებულია ამის მთქმელი ადამიანი? გიგამ დრამატურგიის სახით ქართულ მწერლობაში ძალიან დიდი წვლილი შეიტანა...

გიგა ლორთქიფანიძე და "დათა თუთაშხიას" მსახიობები

რომელიმე მათგანზე ვინმე იტყვის, რომ გიგა ლორთქიფანიძის იმედი ვერ გაამართლა? ან, მაგალითად, ოთარ მეღვინეთუხუცესის გარდა სხვა წარმოგიდგენიათ დათას როლში? - თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე მართლაც ვერ წარმომიდგენია. თურმე გიგა ლორთქიფანიძეს ერთი თვისება ჰქონდა: ჯერ მიუშვებდა არტისტს, გაათავისუფლებდა ყოველგვარი შებოჭილობისგან და შეიძლება მერე შეეტანა კორექტივები. ბატონი ოთარი კი ისეთი არტისტი ყოფილა, სულ უმნიშვნელოც რომ ეთქვა რეჟისორს, ჩაეწოდებინა, მისთვის ყველაფერი გასაგები იყო. ალბათ, ამიტომაც აღმოჩნდა სრულყოფილი გიგა ლორთქიფანიძისა და ოთარ მეღვინეთუხუცესის ტანდემი. როგორი პარტნიორი იყო მსახიობი ოთარ მეღვინეთუხუცესი?

ქალბატონი ქეთევანი იხსენებდა: "მე რომ მარჯანიშვილის თეატრში მივედი, ოთარი უკვე ცნობილი მსახიობი იყო, "მოკვეთილი" ჰქონდა ნათამაშები. მას ისეთი ნამდვილი აქტიორული თვალები ჰქონდა, ისეთი მართალი, ტყუილის საშუალებას არც შენ გაძლევდა - პარტნიორს. სერიოზული და დინჯი იყო, არასდროს ცანცარებდა, არც ზედმეტი ლაპარაკი უყვარდა. გურანდა (ოთარ მეღვინეთუხუცესის მეუღლე, მსახიობი გურანდა გაბუნია - ავტ.) უფრო გვახალისებდა ხოლმე თავისი იუმორით. ხშირად ვიყავით ერთად. "დათა თუთაშხიას" გადაღებებმა კიდევ უფრო მეტად დააახლოვა გიგა და ოთარი. არაჩვეულებრივად ესმოდათ ერთმანეთის.

"დათა თუთაშხიას" გადაღებისას კი ასეთ ამბავს შევესწარი: ოთარს ძალიან კარგი ცხენი ჰყავდა. მიუხედავად იმისა­, რომ კარგი მოჯირითე ვიყავი და უუნა­გირო ცხენზეც კი ვმჯდარვარ, ამ ცხენის მაინც მეშინოდა. არადა, ადამიანივით გამგონი­ იყო. ერთ ეპიზოდს ვიღებდით, მგონი, გვამს რომ მიიტანენ, იმის შემდეგს: ოთარს ცხენი ღობესთან უნდა მიეყვანა და თოკი ღობისთვის შემოეხვია, მაგრამ რატომღაც ღობეს უბრალოდ გადაადო თოკი და გამოვიდა. შორიახლოს ვიღაცასთან დიალოგი რომ დაასრულა, ცხენს მოხედა და დაუძახა. ისიც მაშინვე მივიდა. ოთარს მეორე და მესამე დუბლი იშვიათად სჭირდებოდა, მაგრამ, მგონი, რაღაც გაფუჭდა და მეორეც გადაიღეს. დასასრულს ოთარმა­ კვლავ მიხედა ცხენს, მაგრამ... დაძახება აღარც დასჭირდა, ცხენი ისე მიეახლა პატრონს... მახსოვს კიდევ, მეექვსე სერიის გადაღებისას, მსახიობები მტკვარში რომ მიცურავდნენ, მორევში მოყვნენ და შვიდივე იხრჩობოდა. ძლივს გამოიყვანეს. ყველანი შეძრწუნებულები ვიყავი".

26757946-2059904124027054-398267061380608795-o-1716143641.jpg

ჭაბუა ამირეჯიბი და გიგა ლორთქიფანიძე

გიგა ლორთქიფანიძე მეუღლესთან ერთად ხშირად სტუმრობდა ჭაბუა ამირეჯიბს, ტრადიციულად კი 18 ნოემბერს მიდიოდნენ, ბატონი ჭაბუას დაბადების დღეს. ბოლო წლებში კი, ქალბატონი ქეთევანის მენინგიტით ავადმყოფობის გამო, ვეღარ მიდიოდნენ და ვეღარც ბატონი ჭაბუა სტუმრობდა ლორთქიფანიძეებს. ქეთევან კიკნაძემ მითხრა: "ძალიან მიყვარს ჭაბუას მეუღლე - თამარი, არაჩვეულებრივი, გულისხმიერი ადამიანი, რომელმაც შესანიშნავად იცოდა ჭაბუას ფასი. თან გადაჰყვა, ისე მოუარა და კიდეც ვუთხარი: თამრიკო, შენ გული იჯერე ჭაბუას მოვლით, მე კი ეს ვერ გავაკეთე-მეთქი, რა მექნა, თვითონ ვიყავი ავად-მეთქი".

6-1716143640.jpg

რეჟისორი და მსახიობი - თანაცხოვრება და თანამშრომლობა

გიგასგან ბევრი რამ ვისწავლეო, მითხრა ქალბატონმა ქეთევანმა, - გიგას ერჩივნა, მსახიობს ზედმეტი გაეკეთებინა და მერე ის ნელ-ნელა გამოეხშირა. ვიდრე ამას გავიგებდი, ხშირად დავეჭვებულვარ, ნუთუ ყველაფერი მოსწონს-მეთქი? იმიტომ, რომ რეჟისორები გზადაგზა მუდამ რაღაცას გვისწორებდნენ, თითო ფრაზას ცხრაჯერ გვამეორებინებდნენ... ამ გადასახედიდან უკვე ვხვდები, რომ საქმე ფრაზა არ არის, საქმე რეჟისორის მოცემული ამოცანაა, სადაც თავიდანვე უნდა გითხრას, რა უნდა გააკეთო და რა არა. გიგა სწორედ ამოცანას გვაძლევდა მსახიობებს. მის მხოლოდ რამდენიმე სპექტაკლში ვითამაშე, კინოში კი გაცილებით მეტჯერ გადამიღო. მახსოვს, მოსკოვში სახელმწიფო პრემიის ადრესატს 9 წევრისგან შემდგარი კომისია ადგენდა. "დათა თუთაშხიამ" ცხრავე ხმა მიიღო. იქვე უთქვამთ, ეს გოგო (ანუ მე - ბეჩუნი პერტიას როლის შემსრულებელი) რატომ არ წარმოადგინეთ, რამე დაგიშავათო? გიგამ მოსკოვიდან დამირეკა, ასე თქვეს შენზეო. გამოვკითხე, ქართველებიდან ვინ ესწრებოდა-მეთქი? კაკო დვალიშვილზე (იმჟამინდელი საქართველოს კინემატოგრაფიის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე - ავტ.) მითხრა და, მგონი, რეზო ჩხეიძეზეც. მერე ეგ სიტყვები გაიგონეს-მეთქი? კიო, დამიდასტურა. აბა, მეტი მე არაფერი მინდა-მეთქი, ვუპასუხე...

ეჰ, ბევრი ცრემლი გაჰყვა გიგას. გიგას დაკრძალვის წინადღეს იყო ოთარის ორმოცი... ერთი დღით გვერდიგვერდ პალატაში იწვნენ. ოთარი დილით მოიყვანეს და იმავე ღამეს გარდაიცვალა. საოცარია, პირველი და ბოლო როლი ხომ ოთართან მაკავშირებს, მომაკვდავმაც პირველი წინადადება მე მითხრა, ჰაერი არ მყოფნისო. მის პალატაში რომ შევედი, თვალები დახუჭული ჰქონდა. თავზე ფერება დავუწყე და რაღაცებს ველაპარაკებოდი. უცებ გაახილა თვალები და ვიგრძენი, ძველებური ოთარი მიყურებდა. დავიბენი და დავიწყე ბოდვა, ოთარ, შენ მაგარი კაცი ხარ, ყველაფერს გადაიტან, ცოტა ხანს კიდევ გაუძელი, გიგაც აქ წევს, ხომ იცი, ორივენი გამოხვალთ მდგომარეობიდან-მეთქი. თვითონაც არ ვიცოდი, რას ვამბობდი. ისე შემრცხვა საკუთარი თავის, ისე დავიბენი და ვიუხერხულე, დავაყოლე, გურანდას დავუძახებ-მეთქი. არა, ნუ დაუძახებო. მაინც ავდექი და კართან დავდექი, არ იფიქროს, მიმატოვაო. ერთმანეთისთვის თვალი არ მოგვიშორებია...

გიგამ იცოდა, ოთარი რომ დააწვინეს და ყველას აბარებდა, გამიგეთ, ოთარი როგორ არისო. ვისაც აბარებდა, გიგასთან, უკან, აღარავინ ბრუნდებოდა. ბოლოს იყვირა, ნუთუ არ შეგიძლიათ გაიგოთ, ეს კაცი როგორ არისო! რაღას იზამდნენ, უთხრეს სიმართლე. დაიწყო ღრიალი, ტირილი, ყვირილი... მალე კი თვითონაც დაგვემშვიდობა...

"დათა თუთაშხიას" სამივე შემოქმედმა ასე, ერთმანეთის მიყოლებით დაგვტოვა.