ქუთაისელი ჩინელი იმერული კილოკავით - კვირის პალიტრა

ქუთაისელი ჩინელი იმერული კილოკავით

"საქართველოში მინდა უნივერსიტეტში­ ჩავაბარო და შემდეგ გადავწყვეტ, საქართველოში დავრჩები თუ ჩინეთში დავბრუნდები. ჩინეთი ძალიან მენატრება, რადგან ბებია და ბაბუა იქ არიან. საქართველოში­ ჩამოსვლა ვერ მოახერხეს, ასაკის გამო თვითმფრინავით მგზავრობა უჭირთ", - ამბობს­ ვანდონგ მა, რომელიც რამდენიმე წელია ქუთაისში მშობლებთან ერთად ცხოვრობს, ქართულ სკოლაში სწავლობს­ და ქართულად იმდენად თავისუფლად საუბრობს, იმერული კილოც ეტყობა, იუმორით ქუთაისში გავრცელებულ ჟარგონებსაც იყენებს.

- ჩინელი ვარ... 2007 წელს ჩინეთში,­ ქალაქ ვულუმუქში დავიბადე, სადაც მეხუთე კლასამდე ვიზრდებოდი. ჩემს ბავშვობაში მამა უკვე ქუთაისში იყო წამოსული­ სამუშაოდ, ამდენად საქართველოსთან კავშირი ბავშვობიდან მქონდა. პირველად 2015 წელს ჩამოვედი, რადგან ძალიან მაინტერესებდა ეს ქვეყანა და იმდენად მომეწონა, მეორედ 2018 წელს ჩამოვედი და "ვაფშე" დავრჩი, მთელი ოჯახი აქეთ ვართ.

- ჩინეთში აღარ წასულხართ?

- როგორ არა, წელიწადში ერთხელ მივდივართ, საზაფხულო არდადეგებზე.

- რთული არ იყო ჩინური სკოლის შემდეგ ქართულ სკოლაში სწავლა?

- ქართული ენა სასაუბროდ ადვილია, გრამატიკაა რთული. აქ ჩამოსვლამდე ქართულ ასოებს ვცნობდი მხოლოდ.

- როგორ გააგრძელეთ ქართულ სკოლაში­ სწავლა?

- მასწავლებლებმა ბევრი რამ მასწავლეს. პირველ წელს, რასაკვირველია, გამიჭირდა. ინგლისური ვიცოდი, შემეძლო სწავლა ინგლისურ სკოლაში გამეგრძელებინა, მაგრამ ჩემი სურვილი იყო კიდევ ერთი ენა მცოდნოდა. აქ ყველამ გულთბილად მიმიღო და ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. ქუთაისში ძალიან თბილი ხალხია, გამორჩეული იუმორი აქვთ.

- ქუთაისის გარდა საქართველოს რომელ ქალაქებში ან სოფლებში ყოფილხართ?

- მგონი, ყველგან ვარ ნამყოფი... განსაკუთრებით სვანეთი დამამახსოვრდა - იქ ყველაფერი ლამაზია, დიდი მთები, სუფთა ჰაერი, სასწაული საჭმელები, კუბდარი ხომ უმაგრესი რამეა... საერთოდ, საქართველოში ცუდი ადგილი არ არსებობს... ვიყავი ფოთში, ზუგდიდში, ბათუმში, სენაკში, ლეჩხუმში, ოზურგეთში, წალენჯიხაში, ანაკლიაში... კახეთში, თელავში... ჯერ არ ვყოფილვარ თუშეთსა და ხევსურეთში.

უშგული ძალიან მომეწონა. რთული გზა კი არის, მაგრამ როგორც ვიცი, უშგული მთელ ევროპაში ზღვის დონიდან ყველაზე მაღლა დასახლებული სოფელია. აჭარაშიც ბევრგან ვარ ნამყოფი, ძალიან ლამაზი იყო.

- რომელი კუთხის კერძები მოგეწონათ ყველაზე მეტად?

- ქუთაისში დიდი ხანია ვცხოვრობ და აქაური კერძები ძალიან მომწონს - იმერული ხაჭაპური, ლობიანი, მწვადი და ასე შემდეგ...

- ოჯახში ჩინურ კერძებს ამზადებთ?

- დიახ, მე ვიცი მომზადება და ხანდახან ვაკეთებ. ჩვენი ოჯახი გველს, ძაღლს და ასეთ რამეებს არ ჭამს. მე რომელ ქალა­ქშიც ვცხოვრობ, იქ არ ჭამენ, ან რატომ უნდა ჭამო შენი საყვარელი ძაღლის ხორცი და ასეთები?! ბრინჯს ვჭამთ ხორცთან ერთად, რასაც საქართველოშიც ჭამენ, ვჭამთ ძროხის, ცხვრის, ფრინველის ხორცს...

- ქუთაისში რომელ უბანში ცხოვრობთ?

- ავტოქარხანაში... აქ "ზავოდს" ეძახიან... სკოლაში ონლაინ ვსწავლობ, მაგრამ გაკვეთილების შემდეგ გავდივარ ქალაქში. ჩემი მეგობრები ყველა ქართველია­. ხშირად ვიკრიბებით სუფრებზე, ქალაქგარეთ გავდივართ პიკნიკზე... საქართველოში ძალიან თბილი ხალხია.

- საქართველოში აგრესია არასოდეს გიგრძნიათ?

- არა, უარყოფითი არაფერი მახსოვს.

- პანდემიის პერიოდში სულ საქართველოში იყავით?

- დიახ... დაახლოებით სამი წელი სკოლაში არ მივლია, სულ ონლაინ ვსწავლობდი.

- ქუთაისში სახლი შეიძინეთ?

- დიახ, ჩვენი სახლი გვაქვს... მამაჩემი ჩინელების ქარხნის დირექტორია. ეზოში მცენარეებია, ხეები, ყვავილები, ბევრი სახეობის ხილი... ქარხნის ეზო დაკეტილია და ეზოში ვსეირნობთ. ძალიან მინდოდა ძაღლი მყოლოდა, მაგრამ დედაჩემმა დამიშალა. ფისოც საყვარელია, მაგრამ ძაღლი უფრო მიყვარს.

- ქართული ღვინო თუ მოგწონთ?

- დიახ, რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს. ძმაკაცის დაბადების დღეზე ღვინოსთან შერეული რაღაც დავლიეთ, უფრო ძლიერი იყო და ძალიან დავთვერით.

- დღესასწაულებს როგორ აღნიშნავთ ოჯახში?

- როგორც საქართველოში აღნიშნავენ ახლით და ძველით ახალ წელს, ჩვენც ჩვეულებრივ აღვნიშნავთ. იმავე კერძებს ვამზადებთ და ახალი წლის შემოსვლას ვზეიმობთ. ჩინური ახალი წელი ცოტა გვიან უწევს და ბუნებრივია, აღვნიშნავთ. მაგალითად, წელს ჩინური ახალი წელი თებერვალში იყო და ჩინელებს როგორც გვიყვარს წითელი საზეიმო ფერები, ჩვენც ფარნები გვქონდა, სუფრაზე თევზი, ბრინჯის დესერტები..

- აღდგომას აღნიშნავთ?

- კი, უბრალოდ წითელი კვერცხები ვიყიდეთ, არ ვიცით, როგორ უნდა შევღებოთ. პასკაც გვქონდა, ძალიან მომწონს... ქართულ ეკლესიებშიც დავდივართ, მაგრამ ქრისტიანი არც ერთი არა ვართ. მე ათეისტი ვარ. ქართულ ეკლესიებში იმიტომ დავდივარ, რომ ძალიან მომწონს. აღდგომასაც ვიყავი ბაგრატის ტაძარში, ძალიან ბევრი ხალხი იყო.

- ქუთაისის კლიმატს როგორ შეეგუეთ?

- ჩინეთში, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ზამთარში დიდი თოვლი მოდის, იქაურობასთან შედარებით ქუთაისში ძალიან ცოტას თოვს, ზაფხულში კი ჩვენს ქალაქში ძალიან ცხელა.

- თუ გაქვთ პროფესია არჩეული?

- მინდა უმაღლესი განათლება ბიზნესის მიმართულებით საქართველოში მივიღო, აქ ჩავაბარო უნივერსიტეტში.

- ქართველი გოგონები თუ მოგწონთ?

- დიახ, ძალიან... ჯერჯერობით შეყვარებული არა მყავს, მაგრამ ქართული ოჯახის შექმნაზეც მიფიქრია. განსაკუთრებით მომწონს, ყველა რომ ძალიან თბილია და მეგობრული, თავისთავად ძალიან ლამაზებიც. საერთოდ, მახინჯი ქალი არ არსებობს.

- ჩინელი და ქართველი გოგონები რით განსხვავდებიან?

- ჩინელი გოგოები უფრო მორცხვები არიან, საქართველოში კი თამამები, ძალიან გულღია... ქუთაისი გამორჩეულია გემოვნებით, გოგოები, ბიჭები კარგად იცვამენ.

- თუ გიფიქრიათ, საქართველოში დარჩებით თუ ისევ ჩინეთში დაბრუნდებით?

- ჯერ არ მიფიქრია... ის ნამდვილად ვიცი, რომ საქართველოში მინდა უნივერსიტეტში ჩავაბარო და შემდეგ გადავწყვეტ, საქართველოში დავრჩები თუ ჩინეთში დავბრუნდები. ჩინეთი ძალიან მენატრება ხოლმე, რადგან ბებია და ბაბუა იქ არიან. როგორც გითხარით, ზაფხულობით ჩინეთში ვართ, იქ იმ დროს ძალიან ცხელა. ზღვა არის, მაგრამ ჩემი ქალაქიდან მოშორებითაა. ვულუმუქში ტბა და მდინარეებია. დაახლოებით სვანეთის მსგავსი ბუნებაა და ძალიან ლამაზია.