სკანდალური ჟერარი - კვირის პალიტრა

სკანდალური ჟერარი

75 წლის ფრანგი მსახიობი ჟერარ დეპარდიე ცნობილია როგორც კინოროლებით, ასევე სკანდალებით სავსე ცხოვრებით. მსახიობი 15-ჯერ იყო წარდგენილი "სეზარის" ჯილდოზე, მიღებული აქვს კანისა და ვენეციის კინოფესტივალების ჯილდოები, "ოქროს გლობუსი", 1990 წელს კი ნომინირებული იყო "ოსკარზე" ფილმისთვის "სირანო დე ბერჟერაკი". ის დაახლოებით 250 ფილმში გადაიღეს. განასახიერა ისტორიული ფიგურები: ალექსანდრ დიუმა, ოგიუსტ როდენი, ონორე დე ბალზაკი, იოსებ სტალინი და ა.შ. დეპარდიე სკანდალური პირადი ცხოვრების გამო მუდმივად მედიის ყურადღების ობიექტია. სად არის ამჟამად ფრანგი მსახიობი და განუდგა თუ არა რუსეთის პრეზიდენტს? - ამ კითხვებზე პასუხებს ფრანგულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით გთავაზობთ.

მოძალადე თუ მსხვერპლი?

1948 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთის პატარა ქალაქ შატორუში დიასახლისისა და მეხანძრის ოჯახში დაიბადა ბიჭი. დეპარდიების 5-შვილიანი ოჯახი 2-ოთახიან ბინაში ხელმომჭირნედ ცხოვრობდა. 13 წლის ასაკში ჟერარმა სკოლა მიატოვა და დროის დიდ ნაწილს ქუჩაში ატარებდა,­ ძირითადი საქმიანობა­ კი მოპარული ნივ­თების გაყიდვა იყო. 16 წლის ასაკში მსახიობი პარიზში ჩავიდა და სწორედ მაშინ დაინტერესდა სამსახიობო ხელოვნებით.

მისი დებიუტი ბერტრან ბლიეს ფილმში შედგა 1974 წელს. სახელი კი გაუთქვა კლოდ ბერის ფილმმა "ჟეან დე Fლორეტტე", რომელიც 1986 წელს გადაიღეს. 1970 წელს პარიზში ახალჩასული ჟერარი შეხვდა ელიზაბეტ გინოს, რომელზეც იქორწინა და 2 შვილი შეეძინა. განქორწინებამდე ჟერარს რომანი ჰქონდა მოდელ კარინ სილასთან, რომელთანაც გოგონა, როქსანა­ გაუჩნდა, 1997-2005 წლებში კი ხვდებოდა მსახიობს კაროლ ბუკეს. 2005 წლიდან დეპარდიე კლემენტინ იგუსთან ერთად ცხოვრობს.

ერთ-ერთ ინტერვიუში მსახიობმა განაცხადა, რომ დღეში 14 ბოთლი ღვინის დალევაA შეუძლია. სასმლის სიყვარულით ცნობილი დეპარდიე ცნობილია იმ ქალების საჩივრებით, რომლებიც მას სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებენ. პირველი საჩივარი 2018-ში 22 წლის მსახიობმა და მოცეკვავემ შეიტანა, 2019 წელს კი 9-თვიანი გამოძიების შემდეგ მსახიობს დანაშაული ვერ დაუმტკიცეს და ბრალდება მოუხსნეს. თუმცა 2020 წლის ოქტომბერში ბრალმდებელმა საჩივარი თავიდან შეიტანა. 2023 წელს 13-მა ქალმა დეპარდიე 2004-2022 წლების პერიოდში სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულა. ბოლო ინფორმაცია კი მიმდინარე წლის 29 აპრილს გავრცელდა, როდესაც მსახიობი პარიზის პოლიციამ 2014 და 2021 წლებში ორ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით რამდენიმე საათით დაკითხვისთვის დააკავა.

სააგენტო "როიტერსის" ცნობით, მსა­ხიობი დანაშაულს უარყოფს. საზოგადოების აზრი დეპარდიეს შესახებ გაიყო­ - ქალების ნაწილი ამას ქვეყნის უუნარობას უკავშირებს, ებრძოლოს გავლენიანი მამაკაცების სექსუალურ ძალადობას, სხვები კი, მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დეპარდიეს იცავენ. "ის უდიდესი მსახიობი და თავისი საქმის გენიოსია, საფრანგეთი მისით ამაყობს", - განაცხადა მაკრონმა 2023 წელს.

2023 წლის 25 დეკემბერს 50-მა მსახიობმა, მათ შორის შარლოტ რემპლინგმა, პიერ რიშარმა, კარლა ბრუნიმ და კაროლ ბუკემ გაზეთ Lე Fიგარო-ში გამოაქვეყნეს მსახიობის მხარდასაჭერი წერილი, სადაც ნათქვამია, რომ "დეპარდიე ჩვენი დროის უდიდესი მსახიობია... როცა ხალხი მას ამ ფორმით ესხმის თავს, ისინი ხელოვნებას ესხმიან თავს".

"პუტინის საქციელი მიუღებელია"

დეპარდიეს ცხოვრების ერთ-ერთი საინტერესო ეპიზოდია რუსეთის მოქალაქეობის მიღება. 2012 წლის 7 დეკემბერს ის ბელგიის ქალაქ ნეშინის მკვიდრი გახდა, რაც საფრანგეთის მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გააკრიტიკა. ამავე წლის 15 დეკემბერს დეპარდიემ განაცხადა, რომ უარს ამბობს საფრანგეთის მოქალაქეობაზე, ამ ფაქტიდან ერთ თვეში კი რუსეთის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას დეპარდიესთვის რუსეთის მოქალაქეობის მინიჭების შესახებ. ერთ-ერთ ინტერვიუში ფრანგმა მსახიობმა პუტინის მოწინააღმდეგეებს "ხედვის უქონელნი" უწოდა, როგორც მსახიობმა თქვა, პუტინს გაცნობისთანავე მოეწონა ჩემი ხულიგნური მხარეო. 2015 წლის ზაფხულში რუსულ-უკრაინულ პოლიტიკურ საკითხებზე განცხადებების გამო დეპარდიეს ფილმები უკრაინულ ტელევიზიასა­ და კინოთეატრებში აკრძალეს. 2022 წლის თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დეპარდიე არაბთა გაერთიანებული საამიროების მოქალაქე გახდა, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფაქტზე კი მსახიობის შეხედულება პუტინის შესახებ შეიცვალა: "ეს გიჟური და ყოვლად მიუღებელია... რუსი ხალხი არ არის პასუხისმგებელი მათი პრეზიდენტის­ ქცევაზე",­ - განაცხადა მან. პარიზში გამარ­თული სამი ღონისძიებიდან შემოსული ფული კი უკრაინის დასახმარებლად გადარიცხა. მსახიობის ამ პოზიციით განაწყენებული დმიტრი პესკოვი მაშინვე გამოეხმაურა ჟერარს და განაცხადა, რომ ალბათ, დეპარდიე ვერ ხვდება რუსეთსა და უკრაინას შორის არსებულ ვითარებას, მზად ვარ აგიხსნათო. დუმის დეპუტატები მაშინ იმდენად განრისხდნენ დეპარდიეს ამ გამოსვლით, რომ მოქალაქეობის შეჩერებაზეც კი დაიწყეს ლაპარაკი. ამჟამად მსახიობი პარიზში ცხოვრობს.

1 საათით თბილისში

ცნობილი გახდა, რომ ჟერარ დეპარდიე 2013 წლის ზაფხულში ოკუპირებულ აფხაზეთში, სოხუმში იმყოფებოდა, ოქტომბერში­ კი თბილისის გავლით ბაქოში გაემგზავრა, გამგზავრებამდე ქართული­ სამზარეულო დააგემოვნა.

"კვირის პალიტრის" არქივი ინახავს ცნობებს ამ ვიზიტის შესახებ:

"21 ოქტომბერს ჟერარ დეპარდიე საქართველოს ესტუმრა, მან რამდენიმე საათი გაატარა საქართველოში და შემდეგ ბაქოში გაფრინდა. როგორც ირკვევა, მსახიობი თანმხლებ პირებსა და რამდენიმე ქართველთან ერთად ვახტანგ გორგასლის 7 ნომერში მდებარე "პურის სახლს" ესტუმრა და იქ, სულ მცირე, ერთი საათი გაატარა. ეს ფაქტი­ "პურის სახლის" "ფეისბუქის" ოფიციალური გვერდიდან გახდა ცნობილი, სადაც დეპარდიეს ფოტოა გამოქვეყნებული. რესტორნის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მადლიერმა დეპარდიემ მათ თეფშზე სამახსოვრო წარწერა დაუტოვა.