გზა დიდი განსაცდელიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე - კვირის პალიტრა

გზა დიდი განსაცდელიდან მსოფლიო ჩემპიონობამდე

"ცხოვრება ხშირად მკაცრია და ბევრ განსაცდელს გვთავაზობს, უბრალოდ, ხელი არ უნდა ჩაიქნიო და არ გაბოროტდე!" - ამბობს პარასპორტსმენი ნინო საბაშვილი, რომელიც მრავალი ჯილდოსა და მედლის მფლობელია. ის ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა პარაოლიმპიელებს შორის და თავისი ცხოვრებით ამტკიცებს, რომ ადამიანს ყველაფრის მიღწევა შეუძლია. დღეს ნინო საბაშვილი ჩვენი სტუმარია:

- ბავშვობა ქარელში გავატარე... მაშინ ჩვეულებრივად დავდიოდი, მაგრამ ტერფის გამრუდება მქონდა, ამიტომ 19 წლის ასაკში გადავწყვიტე, ოპერაცია გამეკეთებინა. ოპერაცია 2001 წელს ცნობილ­ ქირურგთან გავიკეთე, რომელიც იმხანად გორში მუშაობდა, მითხრა, ყველაფერი იდეალურად ჩაივლისო. ოპერაცია გამიკეთა­, მაგრამ, როგორც ჩანს, მძიმე შეცდომა დაუშვა,­ რის გამოც ორივე ფეხზე ნერვიც დაზიანებული მაქვს და საყრდენი ძვალიც. იმ საბედისწერო ოპერაციის შემდეგ ეტლით­ მოსარგებლე გავხდი - უკვე 23 წელია ეტლში ვზივარ! წლების განმავლობაში ცუდად ვიყავი: ოპერაციის შემდეგ სეფსისი დამეწყო, გამუდმებით ვმკურნალობდი და ერთხანს ლოგინადაც ჩავვარდი. ეს ყველაზე რთული დღეები იყო ჩემს ცხოვრებაში!

- არ გიცდიათ იმ ექიმისთვის პასუხი მოგეთხოვათ?

- მაშინ ექიმებს ვერაფერს დავუმტკი­ცებდი. ჩივილს ისედაც არ ვაპირებდი, მაგრამ ვინც უჩივლა, იმანაც ვერაფერს მიაღწია - იმ წლებში ფულით ყველაფერს­ მოაგვარებდი. მერე თვითონ შემომითვალა,­ ოპერაციას ისევ გაგიკეთებო, ცხადია, უკვე ვეღარ ვენდობოდი. ერთ-ერთ ინტერვიუში­ ჰყვებოდა, რომ ყველა პაციენტი ზეპირად ახსოვს, რომ ყველას ისე უყურებს, როგორც საკუთარ შვილებს, თუმცა მე ყველაფერს აქეთ მაბრალებდა: არ ვარჯიშობ, ზარმაცი ხარო. მოგვიანებით, ჩემი სპორტული შედეგებით დავამტკიცე, რომ ზარმაცი არა ვარ! კიდევ კარგი, შევძელი და ვაპატიე ექიმს, რომელმაც ჩემი ცხოვრება ასე რადიკალურად შეცვალა. ღმერთმა ყველას მიუტევოს თავისი დანაშაული, ჩვენ კი როგორც შევძლებთ, ცხოვრება ისე უნდა გავაგრძელოთ, ბრაზისა და ბოღმის გარეშე. ბოღმით სავსე გული ადამიანისთვის დიდი სასჯელია. ასე მგონია, ყველა ცუდ ამბავს ჩვენს ცხოვრებაში რაღაც კარგი მოჰყვება.

- თქვენს შემთხვევაშიც ასე მოხდა?

- დიახ, გამოჩნდა ძალიან კეთილშო­ბილი ქალბატონი ლამარა ბრეგვაძე, რომე­ლმაც მითხრა, რომ შშმ პირებისთვის­ ტრენი­ნგებს ატარებდნენ. ჯერ უარის თქმა მინდოდა, მაგრამ მომერიდა და გადა­ვ­წყვიტე­, ერთხელ მაინც მივსულიყავი. იქ გავიგე, რომ ქარელში უნდა შეექმნათ ორგანიზაცია,­ რომელიც შშმ პირებზე იზრუ­­ნებდა. ასე შეიქმნა ჩვენს მუნიციპალიტეტში "დღის ცენტრი", სადაც დღემდე მასწავლებლად ვმუშაობ. ცენტრი თინა და ლამარა ბრეგვაძეებმა შექმნეს და დღესაც ხელმძღვანელობენ. ჩემთვის დიდი სიხარული იყო, როცა მეც დამასაქმეს როგორც ხელოვნების პედაგოგი - ბავშვებს ხელსაქმეს ვასწავლიდი და ჩემი ახალი საქმიანობით ძალიან კმაყოფილი ვიყავი.

- სპორტული წარმატება როდის დაიწყო?

- 2015 წელს მარნეულში, შშმ პირებისთვის ღონისძიება გაიმართა, სადაც ჩვენი მოსწავლეები გვყავდა წაყვანილი. მკლავჭიდელებიც მონაწილეობდნენ და რადგან ასაკი შეზღუდული არ იყო, მეც ვცადე მონაწილეობა. მკლავჭიდი ბავშვობიდან მიყვარდა და ასე, ვარჯიშის და სპეციალური­ მომზადების გარეშე გავიმარჯვე, რამაც დიდი სტიმული მომცა. რაც მთავარია, იქ გავიცანი ჩემი მწვრთნელი, არსენა შოშიაშვილი, რომელმაც მითხრა, პარასპორტსმენი გოგონები არა გვყავს, მალე ეტლით მოსარგებლე გოგონების შეჯიბრება იქნება ევროპის და მსოფლიოს მასშტაბით, თუ ივარჯიშებ და კარგი შედეგები გექნება, ნაკრებში აგიყვანო­. მან გადაწყვიტა, რომ თბილისში უნდა მევარჯიშა. არ მავიწყდება,­ როგორი მონდომებით ვვარჯიშობდი და 5 თვეში უკვე მსოფლიოს ჩემპიონი ვიყავი­, ხოლო 2016 წლის ოქტომბერში ბულგარეთში შეჯიბრებაზე ვიცე-ჩემპიონი გავხდი.

- ნინო, ამას როგორ ახერხებთ?

- ალბათ, იმის წყალობით, რომ გამუდმებით ვვარჯიშობ, თანაც, ორივე ხელში ერთნაირი ძალა მაქვს და ორივეს ერთნაირად ვიყენებ. ჯერ არ ყოფილა ევროპის­ ან მსოფლიოს ჩემპიონატი, რომ სამეულში მაინც არ გავსულიყავი. ახლაც საქართველოში 11 მაისს დავბრუნდი და ევროპის ვიცე-ჩემპიონის ტიტული ჩამოვიტანე. 42 სხვადასხვა დასახელების ჯილდო და მედალი მაქვს: ვარ საქართველოს ორგზის ჩემპიონი, ოთხგზის ევროპის პრიზიორი და ოთხგზის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი მკლავჭიდში. 2019 წლიდან წოლჭიდითაც დავინტერესდი. ამ სახეობაში მსოფლიო თასის არაერთგზის გამარჯვებული ვარ. წოლჭიდი ჩემთვის უფრო ახალი სახეობაა­. მანამდე­ ეტლით მოთხილამურე ვიყავი, ალბათ, პირველი ეტლით მოთხილამურე ქალი ვარ საქართველოში. თუ ადამიანი მოინდო­მებს, ყველაფერი შეიძლება. მიუხედავად მრავალფეროვნებისა, ბედნიერი ვარ, რომ ჩემს ცხოვრებაში მკლავჭიდი გამოჩნდა: რაც ვარჯიში დავიწყე, ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა. ვმუშაობ და საქართველოში რა ღონისძიებაც იმართება, ყველაფერში აქტიურად ვარ ჩართული.

- მასწავლებლობასაც აგრძელებთ?

- რასაკვირველია. ჩემს ბავშვებს ხომ ვერ ვუღალატებ? ისევ "დღის ცენტრში" ვმუშაობ. ეს ცენტრი შშმ ბავშვებისთვისაა. ყველანაირად ვცდილობთ­ მათი ცხოვრება გავახალისოთ. ყველას ძალიან აინტერესებს­ სპორტი. ერთ-ერთი თინიკო სარალიძეა, რომელიც ბოლომდე მომყვა და ახლა უკვე ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონია. მართალია, დაოჯა­ხებული არა ვარ, მაგრამ იმდენად სავსე­ და საინტერესო ცხოვრება მაქვს, ვერც ვგრძნობ, რომ მარტო ვარ. პარასპორტსმენებს სულ სხვაგვარი რეჟიმი გვაქვს: საგანგებო კვება, ვიტამინები და ხელშეწყობა გვჭირდება. თუ რაღაცის მიღწევა გინდა, რეჟიმიც უნდა დაიცვა და სისტემატურად ივარჯიშო - მეც ვცდილობ ეს ორი წესი არ დავარღვიო და ჩემს მოსწავლეებსაც არ მოვაკლო ყურადღება. მათ რომ ვხედავ, ყველა პრობლემა მავიწყდება.­ თითოეული ძალიან მიყვარს და მათაც ვუყვარვარ. ბავშვებს სხვადასხვა პრობლემა აქვთ: ზოგს ცერებრალური დამბლა, ზოგს მენტალური პრობლემები... ისინი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან არიან, მათ შორის ე.წ. საზღვრისპირა სოფლებიდანაც.

- რა პრობლემები აქვთ საქართველოში შშმ პირებს, კერძოდ, ეტლით მოსარგებლეებს?

- ძალიან ბევრი: მათთვის ინფრასტრუქტურაც კი არ არსებობს. ბევრ ოჯახს იმის საშუალება არა აქვს, თავის ეზოში პანდუსი მოაწყოს, რათა ეტლით მოსარგებლე ქუჩაში ადვილად გამოვიდეს. ამის გამო ბევრი სახლიდანაც ვერ გამოდის, ვერ სწავლობს­ და ფინანსურ პრობლემებს ვერ აგვარებს.­ კიდევ კარგი, სპორტმა შშმ პირების მდგომ­არეობა გააუმჯობესა - სპორტის სხვადასხვა სახეობაში არიან ჩართული, ზოგიერთს სწავლისკენ აქვს მიდრეკი­ლება, მაგრამ იმის გამო, რომ გარემო მათ საჭიროებებთან ადაპტირებული არ არის, სწავლას კი არა, ქუჩაში გამოსვლასაც ვერ ახერხებენ. კიდევ კარგი, მე პატარა ქალაქში ვცხოვრობ და გადაადგილება არ მიჭირს, მაგრამ ყველას ხომ არ უმართლებს?­ მათ თავისუფლად შეუძლიათ დაამტკიცონ, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, რომ ადამიანს თავისი ცხოვრების შეცვლა ყოველთვის შეუძლია. მე 33 წლის ვიყავი, როცა ვარჯიში დავიწყე და ახლა უკვე ვიცი, რომ ადამიანი ყველაფერს მიაღწევს, თუ გულით მოინდომებს. გამიმართლა და ისეთი მწვრთნელი მყავს, რომელიც ყველა სპორტსმენს სტიმულს აძლევს. ყველა ჩემი წარმატება, ჯილდო და მედალი ბატონი არსენა შოშიაშვილის დამსახურებაა. თუ ცოცხალი ხარ, ესე იგი, შეუძლებელი არაფერია!

- ნინო, როდის ხართ ყველაზე ბედნიერი?

- მაშინ, როცა ჩემი გამარჯვების შემდეგ საქართველოს ჰიმნი ჟღერს და ჩვენს დროშას მაღლა სწევენ - ეს ისეთი განცდაა, რომელსაც ვერაფერი შეედრება!

ხათუნა ჩიგოგიძე