„ეს შოკი დასრულდება მაშინ, როგორც კი პოლიტიკური პროცესები სტაბილურ მდგომარეობაში გადავა“ - კვირის პალიტრა

„ეს შოკი დასრულდება მაშინ, როგორც კი პოლიტიკური პროცესები სტაბილურ მდგომარეობაში გადავა“

მიუხედავად დასავლეთიდან ბევრი გაფრთხილებისა, "ქართულმა ოცნებამ" "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მაინც მიიღო, რასაც საერთაშორისო საზოგადოების სანქციებზე განცხადებები მოჰყვა. ზუსტად მეორე დღეს კი ჯერ ქართული კომპანიების აქციები გაიაფდა ლონდონის საფონდო ბირჟაზე, ხოლო ქვეყანაში ლარმა დაიწყო სწრაფი გაუფასურება. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იმ დღესვე გაყიდა რეზერვიდან 60 მილიონი დოლარი. ხელისუფლება ამ ყველაფერს საზოგადოების პროტესტს აბრალებს. თუმცა, ფაქტია, პროტესტი თვეზე მეტია მიმდინარეობს და ფინანსური რყევები მხოლოდ ამ კანონის დამტკიცების მეორე დღეს დაიწყო. რეალურად რა გახდა ამ რყევების მიზეზი, როდემდე შეიძლება გაგრძელდეს და როგორ აისახება ეს მოსახლეობაზე, ამ საკითხებზე აკადემიკოს ლადო პაპავას ვესაუბრეთ.

- ფინანსურ რყევებთან დაკავშირებული სიმართლე, ალბათ, განსაზღვრული დოზით ორივე მხარეს არის. რეალურად შეხედეთ, რა ხდება - მიღებულ იქნა ე.წ. გამჭვირვალობის კანონი, რომელმაც საზოგადოებაში სერიოზული აჟიოტაჟი გამოიწვია. ის გააძლიერა ჩვენი უცხოელი სტრატეგიული პარტნიორების კრიტიკულმა მოსაზრებებმაც, ამან კი საბოლოოდ შექმნა რაღაც ცუდის, არასტაბილურობის მოლოდინი, რაზეც ფინანსური ბაზრები, როგორც წესი, რეაგირებენ. შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოს ეკონომიკაში არაფერი ხდება ისეთი, რამაც უნდა გამოიწვიოს მაკროეკონომიკური არასტაბილურობა: არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდა, ინფლაცია კი ზომიერია. ამ ვითარებაში ეკონომიკის გამოისობით არ არის ის, რაც ქართული კომპანიების აქციებს დაემართა. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ უარყოფითი მოლოდინებით გამოწვეული, რომ შეიძლება ქვეყანაში არასტაბილური მდგომარეობა შეიქმნას. ასეთი რამ ეკონომიკისთვის გარე შოკია, რადგან ის ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური პრობლემებით არ არის გამოწვეული, ასეთ დროს კი ფინანსური ბაზრები იძლევიან რეაგირებას.

რაც შეეხება ლარის გაუფასურებას, რაც ამ დღეებში აღირიცხა, ამასაც აქვს ახსნა. ისევ და ისევ ეს დაკავშირებულია პოლიტიკურ მღელვარებასთან, საპროტესტო აქციებთან, იმ კრიტიკულ დამოკიდებულებასთან, რომელიც აქვს ქართველი საზოგადოების ნაწილსა და ჩვენს უცხოელ პარტნიორებს, რამაც ასევე შექმნა მოლოდინები, და ზოგიერთი ტრანზაქცია, რომლებიც არ იყო სასწრაფო, განხორციელებულიყო რაც შეიძლება სწრაფად, რათა დრო მოეგოთ. ესეც ჩვეულებრივი მოვლენაა, რამაც გაზარდა მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე და შედეგად განაპირობა ლარის კურსის გაუფასურება. ბუნებრივია, როდესაც ეროვნული ვალუტის გაუფასურებაა, ის ქმნის ახალ უარყოფით მოლოდინებს და ეროვნულმა ბანკმა დროული გადაწყვეტილება მიიღო, უკვე გაყიდა რეზერვებიდან 60 მილიონი დოლარი. სავარაუდოდ, ეროვნულ ბანკს კიდევ მოუწევს რეზერვებიდან უცხოური ვალუტის გაყიდვა. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს - ეკონომიკური მდგომარეობით ქვეყანაში ისეთი არაფერი ხდება, რომ ან ბანკებს, ან ვალუტის გაცვლით კურსს შეექმნას საფრთხე.

- 60 მილიონის გაყიდვამ მაინც ვერ შეაჩერა გაუფასურება. შესაძლებელი იყო უფრო მეტი გაეყიდათ?

- ვალუტის გაყიდვის ერთჯერადი აქციით ასეთი რამ ვერ შეჩერდება. საჭიროა ჩამოყალიბდეს განცდა, რომ ფინანსურ ბაზრებზე სიტუაცია სტაბილურია. სახეზეა ე.წ. ეგზოგენური შოკი ანუ ეკონომიკისთვის გარე შოკი, რომელიც ამ კონკრეტულ შემთხვევაში პოლიტიკური პროცესებიდან და არა უშუალოდ ეკონომიკიდან გამომდინარეობს. ეგზოგენური შოკების დაძლევას კი ხშირად ერთჯერადი სავალუტო "ინიექცია" არ ჰყოფნის და საჭიროა გარკვეული სტაბილურობის შენარჩუნება დროის განსაზღვრული პერიოდის განმავლობაში. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უნდა განაგრძოს სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ სხვა, თანაბარ პირობებში ეს არ იქნება ძალზე ხანგრძლივი პროცესი.

- სადამდე შეიძლება გაგრძელდეს ლარის გაუფასურება თუ საფონდო ბირჟებზე ქართული აქციების გაიაფება?

- ამის პროგნოზირება დამოკიდებულია უშუალოდ გამომწვევ მიზეზზე. გახსოვთ, როდესაც პანდემიის დროს ეკონომიკურ კრიზისზე ვსაუბრობდით, რომელიც ასევე ეგზოგენური კრიზისი იყო, ვამბობდით, რომ ეკონომიკური კრიზისი მანამდე არ დასრულდებოდა, სანამ თავად პანდემია არ დასრულდებოდა. მაშინ ეკონომიკა მედიცინის მძევალი იყო. ეს შოკი კი, რაც ახლა გვაქვს, დასრულდება მაშინვე, როგორც კი პოლიტიკური პროცესები სტაბილურ მდგომარეობაში გადავა, როდესაც პოლიტიკური სიტუაცია გარკვეულწილად განიმუხტება, სიტუაციის განმუხტვის პოლიტიკური მექანიზმი კი, როგორც ცნობილია, არჩევნებია.

- ანუ შეიძლება ეს რყევები არჩევნებამდე გაგრძელდეს? მაშინ ეკონომიკას რა მოუვა, გაუძლებს ასეთ ხანგრძლივ რყევას?

- ასეთ სიტუაციებში, როგორც წესი, იმართება ხოლმე რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ დღეს რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას აზრი არა აქვს, რადგან ოქტომბერში ისედაც გაიმართება. ამიტომ ეს მექანიზმი ამ ეტაპზე უნდა გამოვრიცხოთ. თუმცა არის სხვა მექანიზმიც, რომელმაც შეიძლება უფრო სწრაფად მოგვცეს ეფექტი - ეს არის ის, რაზეც ხელისუფლება და პრემიერ-მინისტრი ხშირად მიუთითებენ, ანუ ვეტოს დაძლევა-არდაძლევის საკითხი. რას წარმოადგენს პრეზიდენტი, რამდენად დაიცავს კონსტიტუციას, იქნება თუ არა ვეტო ჯეროვნად არგუმენტირებული, იქნება თუ არა საქმიანი შენიშვნები, რაც მთავარია, ეს შენიშვნები რამდენად შეეხება იურიდიულ ასპექტებს. ამ პროცესში ასევე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს "ვენეციის კომისიის" დასკვნას, რომელიც რამდენიმე დღეში უნდა გასაჯაროვდეს და აქედან გამომდინარე მკაფიოდ გამოიკვეთება, მიღებულ კანონში რა არის შესაცვლელი, როგორ და რატომ. თუ საქართველოს პრეზიდენტი ამჯერად მაინც არ დაარღვევს კონსტიტუციას და წარმოადგენს არგუმენტირებულ შენიშვნებს და ამის საფუძველი იქნება "ვენეციის კომისიის" დასკვნა, ხოლო პარლამენტი არ დაძლევს ვეტოს, ბუნებრივია, ეს დადებით ზეგავლენას იქონიებს ჩვენი პარტნიორების კრიტიკული დამოკიდებულების შერბილებაზე, რაც სიტუაციურად აისახება ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე და მთლიანად ეკონომიკასა და მის ფინანსურ სექტორზე.

- ეს ხომ ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, რომ გაეთვალათ რისკები, მით უმეტეს, ჰქონდათ შარშანდელი გამოცდილება. ახლაც რომ დაიწყეს პროცესი, იყო ძალიან ბევრი გაფრთხილება და რატომ მიიღეს, რაში სჭირდებოდათ ქვეყნის ასეთ საფრთხეში ჩაგდება ყველანაირი თვალსაზრისით?

- ცხადია, მე კონკრეტულ ინფორმაციას არ ვფლობ. შემიძლია მხოლოდ ჩემი ვარაუდი გითხრათ. საქმე ის არის, რომ საუბარი იყო და ჩვენ არაერთი სატელევიზიო ვიდეოფირი გვაქვს ნანახი საქართველოში ე.წ. ფსევდორევოლუციის მოწყობაზე. ეს ინფორმაცია გავრცელდა და იქმნებოდა განცდა, რომ არჩევნების დროს იგეგმებოდა ისეთი რაღაც, რასაც, ფაქტობრივად, მოჰყვებოდა სახელმწიფო გადატრიალება, რომელიც "რევოლუციად" შეიფუთებოდა და სწორედ ამის პრევენცია სურდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმის ახსნა, რაც ხდება, შეუძლებელია, რადგან იმის გათვალისწინებით, როგორი ოპოზიციაც გვყავს საქართველოში, "ქართულ ოცნებას" აშკარა უპირატესობა ჰქონდა. მხოლოდ სამი რამ არის საკმარისი, რომ ვთქვათ: მიუხედავად მოწოდებებისა, რომ ჩართულიყო რუსეთის წინააღმდეგ ომში და მეორე ფრონტი გაეხსნა, ხელისუფლებამ ეს არ გააკეთა და ქვეყანას ომი ააცილა; მეორე, - ეკონომიკური ზრდა მაღალია, ინფლაცია კი დაბალი და ყველაზე მთავარი - მიღებული გვაქვს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ამ ფონზე კი, რა თქმა უნდა, "ქართული ოცნების" უპირატესობა საარჩევნო პროცესში აშკარად იყო გამოხატული. როდესაც ასეთი უპირატესობა გაქვს, მაშინ სიტუაციის არევა არანაირად არ შედიოდა "ოცნების" ინტერესში. აქედან გამომდინარე, თუ ლოგიკა ასეთია, უნდა ვივარაუდოთ, რომ "ქართული ოცნება" ფლობს რაღაც ისეთ ინფორმაციას, რის გამოც დააჩქარა ამ კანონის მიღება. ამ კანონმა კი გარკვეულწილად ლუსტრაციაც გააკეთა. ჩემთვის, მაგალითად, გამაოგნებელი და აღმაშფოთებელი იყო 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მისვლა ოპოზიციურ აქციაზე.

- გაგაწყვეტინებთ, ამ აქციაში ოპოზიცია რა შუაშია, ეს ხომ საზოგადოების პროტესტია? მათ გამოხატეს ქართველი ხალხის მხარდაჭერა იმის გამო, რომ იცავენ ევროპულ არჩევანს.

- დავაზუსტოთ - ეს ის საზოგადოებრივი პროტესტია, რომელსაც ოპოზიციონერი ლიდერები ხელმძღვანელობენ. საგარეო საქმეთა მინისტრები შესაბამისი ქვეყნების მთავრობათა წარმომადგენლები არიან. ამიტომ, ჩემი აზრით, ჯობდა, მათ თავი შეეკავებინათ ასეთი ნაბიჯისგან. მათ შეეძლოთ მედიით დაეფიქსირებინათ თავიანთი კრიტიკული აზრი საქართველოს მთავრობის შესახებ, მაგრამ აქციაზე მისვლა, არ იყო გამართლებული. მე ხომ არ ვამბობ იმავეს, როდესაც აქციაზე უცხოელი დეპუტატები მივიდნენ. ეს ჩვეულებრივი ამბავია, სხვადასხვანაირი გემოვნების მქონე პოლიტიკოსები სხვადასხვანაირად იქცევიან და აქციაზე მისვლით ევროპარლამენტარებმა თავიანთი დამოკიდებულება გამოხატეს. საგარეო საქმეთა მინისტრების აქციაზე მისვლა მე გაუმართლებლად მიმაჩნია და ამის გამო მივდივართ კიდევ ერთ საკითხამდე - ამას ჩვენი საგარეო საქმეთა სამინისტროდან უნდა მოჰყოლოდა შესაბამისი საპროტესტო ნოტის გაგზავნა, მაგრამ რატომღაც ეს ჯერ არ გაუკეთებიათ. საზოგადოებაში არის პროტესტი, რადგან არ სურთ ქვეყნის კურსის შეცვლა. მე მიმაჩნია, რომ ჩემი სამეცნიერო შემოქმედების დიდი ნაწილი, ასევე ჩემი საქმიანობა საქართველოს მთავრობასა და პარლამენტში მიმართული იყო საქართველოს დასავლურ ორიენტაციაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე, ამაზე წიგნებიც დამიწერია და სტატიებიც, კონფერენციებშიც მიმიღია მონაწილეობა და, რა თქმა უნდა, ჩემთვის პრინციპულად მიუღებელია საგარეო კურსის ცვლილება, მაგრამ ჩვენ უნდა გავერკვიოთ, არის თუ არა ეს ნამდვილად საგარეო კურსის ცვლილება. პროტესტი რომ გრძელდება, ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში ჩვეულებრივი ამბავია.

- "ვენეციის კომისიის" დასკვნას დალოდებოდა პარლამენტი და არ მიეღო თუნდაც მესამე მოსმენით. ესეც ხომ იყო შესაძლებელი? ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ ბოლო გამოსვლაში ლამის ღიად თქვა, რომ ივანიშვილმა თავისი 2 მილიარდის გამო ატეხა ეს ამბავი და სად არის აქ ქვეყნის ინტერესები?

- მისი ნათქვამიდან ეს მე ასე მკაფიოდ არ აღმიქვამს, ამიტომ გამიჭირდება რამის თქმა. ვიცით, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის თავისი ფული ნამდვილად არ არის ხელმისაწვდომი და წლებია, რაც დავა აქვს სიდიდით მეორე შვეიცარიულ ბანკთან, თანაც იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ ის ბანკი უკვე გაკოტრებულია. აქედან გამომდინარე, მეეჭვება, ბიძინა ივანიშვილის ფულის თემა იყოს ამ შემთხვევაში გადამწყვეტი. თანაც, როგორც თავად ბატონმა ბიძინამ განაცხადა, მას მიაჩნია, რომ არაფორმალურად უკვე დასანქცირებულია, რადგან არა აქვს წვდომა თავის 2 მილიარდზე, და ეს ხდებოდა მაშინაც, სანამ ის ბანკი გაკოტრებულად გამოცხადდებოდა.

- ამ ყველაფერს ამერიკელებს აბრალებს, "გლობალური ომის პარტიად" მოიხსენიებს და თან არ ხვდება აქ ჩამოსულ ო’ბრაიენს, სადაც ლოგიკურია, რომ რაღაცების გარკვევა უფრო შესაძლებელი იქნებოდა. თქვენი შეფასებით, ეს რას ნიშნავს? შეიძლება ეს რუსეთის დავალებით ან თუნდაც შიშის გამო ხდებოდეს?

- არა მგონია, საქმე ასე მარტივად იყოს. რუსეთის რომ ეშინოდეს, მაშინ არც ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოეწერებოდა ხელი, არც უვიზო რეჟიმი ამოქმედდებოდა, არც კანდიდატის სტატუსს მივიღებდით და არც კონსტიტუციაში ჩაიწერებოდა ქვეყნის ევროატლანტიკური ორიენტაცია. აქამდე არ ეშინოდა რუსეთის და ახლა შეეშინდა? ამიტომ ასე მარტივად არ მიმაჩნია ეს საკითხი. ერთ რამესაც გეტყვით - მე 6 წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის მინისტრი ვიყავი და მთავრობაში ხშირად გვქონდა ისეთი ინფორმაცია, რომლის საჯაროდ გამჟღავნება არ იყო გამართლებული. ამიტომაც საჯაროდ მხოლოდ ისეთი რამის თქმა გვიწევდა, რაც შესაძლოა ახლოსაც კი არ ყოფილიყო იმასთან, რა ინფორმაციაც გვქონდა. ამიტომაც, რაკი მე პირადად მაქვს ასეთი გამოცდილება, ვვარაუდობ, რომ ასეა ახლაც. კიდევ ერთხელ ვიმეორებ - საარჩევნო თვალსაზრისით "ქართულ ოცნებას" ამ ოპოზიციასთან შედარებით დიდი უპირატესობა აქვს, ამიტომ ეს საპროტესტო ტალღა და ის, რაც ქვეყანაში ხდება, პირველ რიგში "ოცნების" ინტერესში არ არის და რა უნდა ვიფიქროთ, სპეციალურად გაირთულეს სიტუაცია? ასე მარტივად მე ამ საკითხს არ ვუყურებ. შარშანაც, როდესაც ეს კანონი წარადგინეს, თქვენთან მქონდა ინტერვიუ და ვთქვი - ჩემთვის რომ ეკითხათ, ნამდვილად არ ვურჩევდი ამ კანონის წარდგენას, და როდესაც პარლამენტმა უკან გაიწვია, გითხარით და სათაურადაც კი გქონდათ გამოტანილი, რომ "პოლიტიკაში უკან დახევა ყოველთვის დამარცხებას არ ნიშნავს" (გაზეთი "კვირის პალიტრა", 13 მარტი, 2023 წელი). ყოველივე ამ გამოცდილების ფონზე როდესაც ხედავ, რომ მართლაც პოზიტიური შედეგები გაქვს, რაც საზოგადოებაში დადებით აღქმას იწვევს, ოპოზიცია მხოლოდ იმას ცდილობს, რომ ხელისუფლებაში რამენაირად ე.წ. რევოლუციის გზით მოვიდეს, არჩევნების თვალსაზრისით დიდი უპირატესობა გაქვს, საქმის გართულება, ცხადია, არ ჯდება ლოგიკაში, მაგრამ, როგორც გითხარით, შესაძლოა არის რაღაც, რაც ჩვენ არ ვიცით, მით უმეტეს, ვხედავთ, მსოფლიოში პროცესები როგორც ვითარდება და რა მოხდება, არავინ იცის. არაერთხელ გვითქვამს, რომ დღეს ყველაზე მთავარი პრობლემა, რომელიც წინა პლანზე გადმოვიდა კონფრონტაციული გლობალიზაციის პირობებში, არის ეროვნული უსაფრთხოება და როგორც ამის ერთ-ერთი შემადგენელი, ეკონომიკური უსაფრთხოება. ყველა ქვეყანა ფიქრობს ამ თვალსაზრისით გაძლიერებას. აქ მოიაზრება საკუთარი შეიარაღების წარმოების გაზრდაც. დიდი სახელმწიფოები ამაზე არიან ორიენტირებული და მათ შორის ევროკავშირიც, რომელსაც აქამდე საკუთარი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, ფაქტობრივად, განუვითარებელი ჰქონდა და ამჟამად სერიოზულად ფიქრობს მის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, უცხოეთიდან მიღებული დაფინანსების გამჭვირვალობის კანონმდებლობის მიღებაზე უკვე არაერთმა სახელმწიფომ დაიწყო ფიქრი. დიდი ალბათობით, ადრე თუ გვიან, ასეთი კანონმდებლობა მთელ მსოფლიოში მასობრივად გავრცელდება. უბრალოდ, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებას "ვადაზე ადრე" მოუწია მსგავსი კანონის მიღებამ, გარკვეულწილად "იჩქარა" და არ გაითვალისწინა, რომ ამგვარი კანონმდებლობა გლობალური მასშტაბით ჯერ არ გამხდარა ტრენდული. შესაძლოა ამ "სიჩქარეში" უზუსტობანიც გაიპარა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, თუ ევროკავშირმა მსგავსი კანონი მიიღო, მისი გათვალისწინება ჩვენც დაგვევალება.

- თუკი ამ კანონის გაუქმება ან მოდიფიცირება ვერ მოხერხდა და "ოცნებამ" უკან არ დაიხია, როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები თუნდაც ეკონომიკური თვალსაზრისით? როგორ აისახება სანქციები მოსახლეობაზე?

- ძალიან საინტერესო კითხვაა, მაგრამ ჩვენ საუბარი დავიწყეთ ფინანსურ მდგრადობასა და ლარის კურსის სტაბილურობაზე. ეს ძალიან მგრძნობიარე სფეროა და ყოველ სიტყვას, რასაც ახლა გეტყვით, ექნება გარკვეული რეზონანსი, მე კი ნამდვილად არ მინდა ისეთი რამე გითხრათ, რამაც შეიძლება გამოიწვიოს მცირედით მაინც სავალუტო ბაზარზე რაღაც უარყოფითის პროვოცირება. ამიტომაც მაინც ოპტიმისტურად შევხედოთ სიტუაციას, დაველოდოთ, რას მოგვწერს "ვენეციის კომისია" და რა გადაწყვეტილებას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი. მინდა მჯეროდეს, რომ "ვენეციის კომისიის" დასკვნა იქნება კონსტრუქციული, სამართლებრივი და საქართველოს პრეზიდენტი გაიზიარებს, შედეგად კი პარლამენტიც მიიღებს ადეკვატურ გადაწყვეტილებას.

ამ სცენარზე შევთანხმდეთ. თუკი, სამწუხაროდ, ეს სცენარი ასე არ განვითარდა, დანარჩენზე მომავალში ვილაპარაკოთ. დღეს ფინანსურ ბაზარს არანაირი ეკონომიკური პრობლემა არა აქვს საიმისოდ, რომ არასტაბილური იყოს, თანაც, დღეს ლიკვიდური აქტივების ჯამური მოცულობა საქართველოს საბანკო სისტემაში 16,7 მლრდ ლარის ეკვივალენტს აჭარბებს, საქართველოს ეროვნული ბანკის რეზერვები თითქმი 5 მილიარდ დოლარამდეა და რაც მთავარია, ეროვნული ბანკი სიტუაციას სრულად ფლობს.

რუსა მაჩაიძე