„თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, უბედურებას გადამარჩინე“ - თუ ამერიკულ რაკეტებს მაძლევ, რუსული აეროდრომების დაბომბვას ნუღარ მიკრძალავ... - კვირის პალიტრა

„თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, უბედურებას გადამარჩინე“ - თუ ამერიკულ რაკეტებს მაძლევ, რუსული აეროდრომების დაბომბვას ნუღარ მიკრძალავ...

რუსეთ-უკრაინის ომის თემა კვლავ ძალზე აქტუალურია მთელ მსოფლიოში და უფრო საქართველოში, რადგან ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მორიგი დღესასწაულის აღნიშვნის წინ ჯერ კიდევ დამოკლეს მახვილივით კიდია ჩვენს თავზე, როგორ დამთავრდება აგრესორი რუსეთის გალაშქრება მეზობელ უკრაინაზე და რა ბედი ელის საქართველოს, სადაც აგრესორი რუსეთი უკვე დიდი ხანია ნაწილობრივ შემოჭრილია.

ფრონტის ხაზზე რუსეთის საოკუპაციო ძალებს თითქმის სრული საბრძოლო ინიციატივა აქვთ, რასაც დაემატა 10 მაისიდან ხარკოვის მიმართულებაზე ფრონტის ახალი მონაკვეთის ხელახლა გახსნაც.

ფრონტზე საბრძოლო ინიციატივის დაკარგვის მიზეზი იყო გასულ წელს უკრაინის გენერალური კონტრშეტევის ფაქტობრივი კრახი, რასაც დაემატა აშშ-ის კონგრესში პოლიტიკური თამაშები, რამაც ნახევარი წლით დაბლოკა უკრაინის არმიისთვის ამერიკული სამხედრო დახმარება, რითაც უცილობლად ისარგებლა კრემლმა და ახალ შეტევებზე გადავიდა ფრონტის სხვადასხვა მონაკვეთზე.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც უკრაინის დამცველებს ბოლო ნახევარი წლის პერიოდში გაუჩნდათ, უკავშირდება შიდაუკრაინულ პრობლემას, არმიაში სამხედრო ვალდებულების მობილიზაციის სისტემის მოშლას: ის მაღალი პატრიოტული სული, რაც ომის დასაწყისში იგრძნობოდა, მნიშვნელოვნად დაეცა, გაიზარდა ჯარიდან დეზერტირების რიცხვი და იმათი რაოდენობაც, ვინც არმიაში გაწვევას ემალებიან და საზღვარგარეთ მასობრივად გარბიან ყველა ხერხის გამოყენებით.

შედეგად, ფრონტის ხაზზე სანგრებში, თოვლჭყაპსა და მუდმივ დაბომბვებში თვეობით როტაციის გარეშე მსხდომი უკრაინის დამცველები სვამენ ერთ მთავარ კითხვას - ჩვენი უკრაინა მხოლოდ ჩვენი დასაცავია, მაშინ როდესაც მაჟორები კიევის ღამის კლუბებში ერთობიან და ათიათასობით თანამოქალაქე მამაკაცი პოლონეთში, გერმანიასა თუ საქართველოში ისვენებს და ბიზნესს აწყობს?

1-ame-1716147211.jpg
ამერიკული შეიარაღების უკრაინის არმიისთვის მიწოდებისას ვაშინგტონი კიევისგან დაჟინებით მოითხოვს - ეს არსენალი არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენონ უშუალოდ რუსეთის ტერიტორიაზე...

უკრაინის არმიაში მობილიზაციის კანონი კი გასულ კვირას, ბოლოს და ბოლოს, ამუშავდა, მაგრამ საბრძოლო დანაყოფების დაკომპლექტება უკრაინის დამცველების კვლავ უდიდესი პრობლემაა მაშინ, როცა განახლდა ამერიკული სამხედრო დახმარება და თანაც გაზრდილი რაოდენობითა და ხარისხით.

უმთავრეს სიახლედ იქცა უკრაინის არმიისთვის 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტების მიწოდება, რაზეც ორი წლის განმავლობაში პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაცია კატეგორიულ უარს აცხადებდა.

უკრაინელმა სამხედროებმა დაამტკიცეს, რომ აგრესორ რუსეთთან ამ უთანასწორო ომში ისინი დიდ მოხერხებულობას ავლენენ და ამერიკული რაკეტებით მალევე მიაყენეს ძალზე წარმატებული საჰაერო დარტყმები ანექსირებულ ყირიმის ნახევარკუნძულზე არსებულ რუსი ოკუპანტების სამხედრო აეროდრომებს, საჰაერო თავდაცვის პოზიციებს, პორტებს...

ეს ყველაფერი კარგი, მაგრამ უკრაინას ახლა ყველაზე მეტად არა სამხრეთ ფრონტზე, არამედ ჩრდილოეთით უჭირს, სადაც რუსეთმა ბელგოროდის ოლქიდან შეტევა წამოიწყო უკრაინის სახელმწიფო საზღვრის გადალახვითა და ხარკოვის მიმართულებით ახალი ფრონტის შექმნით.

შესაბამისად, უფრო ლოგიკური იქნებოდა 300 კმ-ზე მოქმედი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტების გამოყენება სწორედ ჩრდილოეთ მიმართულებაზე, ბელგოროდისა და რუსეთის სხვა იმ ოლქების ტერიტორიებისკენ მიმართულიყო, საიდანაც უკრაინის ქალაქებს "ისკანდერის" აერობალისტიკური რაკეტებით უტევენ და იქაური აეროდრომებიდან აფრენილი რუსული თვითმფრინავები უკრაინის მიწაზე პლანირებად საავიაციო ბომბებს ყრიან.

მაგრამ ეს არ ხდება, არ ხდება არა იმიტომ, რომ უკრაინის გენშტაბის გენერლები ამდენს ვერ ხვდებიან, არამედ იმიტომ, რომ... თეთრი სახლი კატეგორიულად უკრძალავს კიევს ამერიკული შეიარაღება და უპირველესად 300 კმ-ზე მფრენი აერობალისტიკური რაკეტები უშუალოდ რუსეთის ტერიტორიის წინააღმდეგ გამოიყენოს!

"თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე, უბედურებას გადამარჩინეო", ეს ქართული ანდაზა ზუსტად ასახავს შექმნილ პარადოქსულ სიტუაციას - თუ ამერიკულ რაკეტებს მაძლევ, რუსული აეროდრომების დაბომბვას ნუღარ მიკრძალავ.

16-17 მაისს უკრაინამ სწორედ ამ 300 კმ-მდე მფრენი ამერიკული აერობალისტიკური რაკეტებით ორჯერ ძალზე წარმატებულად შეუტია ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სევასტოპოლთან მდებარე ბელბეკის სამხედრო აეროდრომს (რომელიც სწორედ 300 კმ-ითაა დაშორებული უკრაინელების კონტროლირებული ტერიტორიებიდან), სადაც რუსული საზენიტო-სარაკეტო სისტემების ნაწილი და რამდენიმე საბრძოლო თვითმფრინავი გაანადგურა.

არადა, ჩრდილოეთით, ხარკოვის მიდამოებიდან გაშვებული იგივე ამერიკული რაკეტები 300 კმ-ის რადიუსში შეიძლება თავისუფლად მისწვდნენ რუსეთის ტერიტორიაზე ქალაქ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომს, საიდანაც აფრენილი რუსული საფრონტო ბომბდამშენები უკრაინელების პოზიციებისა და დასახლებული პუნქტებისკენ ყოველდღიურად უშვებენ პლანირებად და კორექტირებად საავიაციო ბომბებს, რომლებიც დიდ ზიანს აყენებენ უკრაინელ სამხედროებს და არც მშვიდობიან მოსახლეობას ინდობენ.

მაგრამ თეთრი სახლი მაინც თავისზე დგას - ჩვენ არ ვიწონებთ და არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ უკრაინისთვის გადაცემული შეიარაღება გამოყენებულ იქნეს რუსეთში, ამ მხრივ ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილაო, აცხადებს თეთრი სახლის ოფიციალური წარმომადგენელი ჯონ კირბი.

რას უფრთხის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია და განსაკუთრებით კი მისი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი?

რა თქმა უნდა, კრემლის საპასუხო რეაქციას, რადგან პუტინის რეჟიმს ძალიან აღიზიანებს უკრაინის არმიის არსენალში ამერიკული წარმოების შეიარაღების ახალი ტიპების გამოჩენა და ყოველთვის მორიგი "წითელი ხაზის" გავლებას აანონსებს - თუკი აშშ უკრაინას მიაწოდებს ამა და ამ შეიარაღებას, მაშინ რუსეთი...

მაგრამ ამ რუსული "წითელი ხაზებით"“ დამუქრების ტაქტიკამ როდის იმუშავა? ასე იმუქრებოდა კრემლი უკრაინისთვის ამერიკული "ჰაიმარსების", "აბრამსებისა" თუ ბალისტიკური რაკეტების გადაცემის წინაც, თუმცა მერე რა? მალე უკრაინა ამერიკული წარმოების გამანადგურებელ თვითმფრინავებსაც მიიღებს ნატოს წევრი ზოგიერთი ევროპული ქვეყნებიდან, რასაც რუსეთი ვერც ამ შემთხვევაში აღუდგება წინ.

თუმცა რუსეთის დამუქრება "წითელი ხაზების" გავლებით მაინც იძლევა დროებით მოგებას კრემლისთვის, რადგან ფრთხილი ამერიკელები და ევროპელები უსაშველოდ აჭიანურებენ უკრაინის არმიისთვის ასე საჭირო შეიარაღების გადაცემას და რიგ შემთხვევაში დაგვიანებულიც არის ხოლმე.

უკრაინის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, რა თქმა უნდა, შეუძლია უკვე მიღებული ამერიკული ბალისტიკური რაკეტებით საჰაერო დარტყმა მიაყენოს იმავე ვორონეჟის სამხედრო აეროდრომს, მაგრამ კიევში უფრთხიან, რომ გაბრაზებულმა თეთრმა სახლმა სულ არ შეუწყვიტოს შეიარაღების ახალი პარტიების მიწოდება უკრაინას.

ისე კი, სიმართლე რომ ითქვას, ამერიკული წარმოების შეიარაღებას უკრაინელები მაინც იყენებენ რუსეთის ტერიტორიაზე, იქნება ეს შეჯავშნული "ჰამვებით" ბელგოროდის ოლქში "რუს მოხალისეთა კორპუსის" (რომელსაც უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველო აკონტროლებს) სადაზვერვო-დივერსიული ოპერაციები თუ ბელგოროდის ოლქის თავზე ოთხ წუთში ოთხი რუსული სამხედრო საფრენი აპარატის (ორი თვითმფრინავისა და ორი შვეულმფრენის) ერთმანეთის მიყოლებით ჩამოგდება, რაც იმ სიშორეზე მხოლოდ ამერიკული "პეტრიოტის" "მოხეტიალე" საზენიტო-სარაკეტო დანადგარს შეეძლო აღესრულებინა, ისევე როგორც რუსული მძიმე სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის აფეთქება.

მაგრამ ვორონეჟის ბალტიმორის სამხედრო აეროდრომზე "ნასტუმრალი" ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტებზე ადვილად ამოიკითხება მისი ამერიკული წარმომავლობა, რისი დოკუმენტურად დადასტურება ასე არ სურთ თეთრ სახლში და გარკვეულწილად გასაგებიცაა მათი პოზიციაც.

P.S. ამერიკული მასმედია თეთრი სახლის ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, თითქოს ოფიციალურმა კიევმა ოფიციალური თხოვნით მიმართა აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციას, რომ ნება დართოს ამერიკული რაკეტების რუსული სამხედრო სამიზნეების წინააღმდეგ გამოსაყენებლად რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზევე...

რა პასუხი ექნება თეთრ სახლს?