„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, იმდენი ადამიანი გამოვიდა ყველა ქალაქში, რომ ამით ყველაფერი ნათელია...“ - კვირის პალიტრა

„17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, იმდენი ადამიანი გამოვიდა ყველა ქალაქში, რომ ამით ყველაფერი ნათელია...“

ბუტა რობაქიძის დედა, ია მეტრეველი, მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე გვესაუბრება.

- სააკაშვილს, რომე­ლსაც მთელი ქვეყნის ბიუჯეტი აქვს წაღებული და ამაში დედამისიც ჩართულია­, მსოფლიოში თავიანთი მომხრეები ჰყავთ მოსყიდული ამ ფულით და ალაპარაკებენ,­ თორემ რა უფლება აქვთ, რომ ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებსა და კანონის მიღებაში­ ერევიან ევროპელი პარლამენტარები თუ უფრო დიდი თანამდებობის პირები. მარტო­ ამით უნდა მიხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე. საქართველოში მართლა რეჟიმი რომ იყო და უბედურება ტრიალებდა, მაშინ არ გამოუხატავთ პროტესტი.

გული მტკივა, რომ ამაში ბავშვ­ები­ არიან ჩართული, რომელთა დიდი ნაწილი უცხოეთიდან, იმ არასამთავრობოე­ბი­დანაა დაფინანსებული. ეს არის სპექტაკლი, რომელსაც რეჟისორი ჰყავს და მათი გეგმით მოქმედებენ. ვხედავთ, როგორ არიან ყველაფრით აღჭურვილი, მათ სასტიკ აგრესიას ვხედავთ, დალეწეს და დაანგრიეს ყველაფერი, იქ პატრიოტი და გულანთებული ბავშვებიც დგანან, რომელთაც არ იციან, რასთან აქვთ საქმე, მაგრამ ახალგაზრდები არიან და ფეხის ხმას აჰყვნენ; ჰგონიათ, მართლა­ რუსეთზეა საუბარი. რა შუაშია რუსეთი ამ კანო­ნთან, როცა მსოფლიოს უამრავ ქვეყანაში­ მოქმედებს? ყურმოკრულს აჰყვნენ. მე თვითონ­ ეროვნული მოძრაობიდან მოვდივარ, ქვეყნის­ სადარაჯოზე ვიდექით მთელი­ ოჯახი, ჩემი დები. მესმის მათი, ჰგონიათ, საქარ­თვე­ლოსთვის აკეთებენ კარგ საქმეს, ამ დროს კი პირიქითაა... უბედურება­ ისაა, რომ ქვეყანა დაიღუპება,­ ყველაფერი ისე რომ მოხდეს, როგორც მათ უნდათ - ომის გაჩაღება და ამიერკავკასიაში მეორე­ ფრონტის გახსნა რუსეთის დასუსტების მიზნით. ასე აირია სიტუაცია სომხეთშიც... ეს ბავ­შვები ვერ აანალიზებენ, რომ დავიღუპებით, ერთ დღეში აღარ ვიქნებით, აქ რომ ომი დაიწყოს...

buta-1716148286.jpg

17 მაისს, ოჯახის სიწმინდის დღეს, იმდენი ადამიანი გამოვიდა ყველა ქალაქში, რომ ამით ყველაფერი ნათელია. ჩვენს ქვეყანაში არასდროს დაკანონდება ლგბტ პროპაგანდა, ჩვენ ძველი ქრისტიანი ერი ვართ და მადლობა ღმერთს, საქართველოს უდიდესი ნაწილი ამ ყველაფერს მხარს არ უჭერს. ძალიან კარგი, რომ გამჭვირვალობის კანონი მიიღეს, კარგად გამოჩნდა, ვინ ვინ არის. "ნაცები" კი თვალებში ნაცარს გვაყრიან, მშვიდობიანი აქცია იყოო, როცა ყველაფერი დალეწეს. პოლიცია უკიდურესად მეცოდება, რა დღეში არიან.

- ვიხილეთ კადრები, სადაც სპეცრაზმი არააგრესიულ დემონსტრანტებსაც მისდევს, ურტყამს და ზოგიერთი ცნობილი ადამიანიც­ სასტიკადაა ნაცემი. რას იტყვით ამაზე თქვენ, როგორც ბუტა რობაქიძის დედა, უდანაშაულო შვილის, რომელიც ქუჩაში ჩაცხრილეს?

- მე ყველანაირ აგრესიას ვგმობ, რა თქმა უნდა, ცემა მიუღებელია. თუმცა შეხედეთ რა ხდება მსოფლიოში, როცა მომიტინგეებს აკავებენ. აბა, ვინ მისცემს იმის უფლებას, ვისაც მოუნდება, ქვეყანა გადაატრიალოს და რევოლუცია მოახდინოს?

მე, როგორც ბუტას დედა, ვიტყვი, რომ ჩემი შვილი აბსოლუტურად უდანაშაულოდ მომიკლეს. ასევე სანდრო გირგვლიანიც. "ნაციონალებმა" 160 ბიჭი ტყუილად დახვრიტეს ქუჩაში იმიტომ, რომ შიში დათესილიყო. ეს სააკაშვილის ბრძანება იყო - ხელი არ აგიკანკალდეთ, ადგილზე ესროლეთო. ტერორითა და შიშით უნდოდა­ ემართა­ ქვეყანა, მაგრამ ხალხმა ვეღარ მოითმინა და მადლობა უფალს, დავამარცხეთ. მადლობა ბატონ ბიძინას, რომ არა ის, მაგათ ვერ მოვერეოდით, მიუხედავად იმისა, რომ დღედაღამ ქუჩაში ვიდექით... იურა ვაზაგაშვილი შვილის საფლავზე ააფე­თქეს, ირინა ენუქიძე სასაფლაოზე მოწამლეს. მე პოლიციელმა გამაფრთხილა, რომ ჩემი ლიკვიდაციაც დაავალეს და ასე გადავრჩი. ეს იყო მართლა რეჟიმი და უბედურება.

თუ რომელიმე სპეცრაზმელი უფლებამოსილებას ამეტებს, თუ ქუჩაში ვინმეს დახვდნენ და სცემეს­, "ნაცების" დროინდელი­ იქნება და ასე განგებ იქცევა. დარწმუნებული ვარ, ვახტანგ გომელაური სპეციალურ ზომებს მიიღებდა და გაფრთხილებულებიც იქნებოდნენ, რომ სასტიკად არავის გაუსწორდნენ. მთავრობის შეცვლა აქვთ განზრახული. ეგაა მათი მიზანი. თავისიანებსაც იმეტებენ, რადგან უბოროტესი და ძალიან ჭკვიანი ძალაა. ყველაფერს ისე ფუთავენ, რომ კეთილი ადამიანი ამას ვერ მოიფიქრებს. ამათ რომ გადატრიალება მოახდინონ, ამ ბავშვებს ისევე "დაიკიდებენ", როგორც ადრე სხვები დაიკიდეს. ღმერთმა არ ქნას, ეს მოხდეს. ჩვენ ვართ სახელმწიფო და სახელმწიფო ბოლომდე მიიყვანს ყველაფერს ისე, როგორც საჭიროა. ხელისუფლებას ძალიან სწორი პოლიტიკა უჭირავს, ყველაფერი კარგად იქნება.