„მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“ - კვირის პალიტრა

„მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგამდე მივიდეს“

"უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის" საწინააღმდეგო აქციაზე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავას მეუღლე სოფია ხაჭაპურიძე საქმის სტრასბურგის სასამართლოში გაგზავნას აპირებს.

სოფია ხაჭაპურიძე:

- როგორც იცით, დათო სულ დადიოდა აქციებზე და იმ დღესაც აბსოლუტურად მშვიდად, წყნარად იდგა თავისთვის, ძალიან კორექტული საუბრისას რობოკოპებმა თუ სამართალდამცავებმა თავიანთ რიგებში შეითრიეს (ეს კადრები პირდაპირ ეთერშიც გადაიცემოდა) და მაშინვე ცემა და გინება დაუწყეს, დათოს არც მანამდე შეუგინია და არც შემდეგ. ბორკილი ისე მჭიდროდ დაადეს, მტევნებში სისხლის მოძრაობა შეუჩერდა. წაართვეს მობილური ტელეფონი, საფულე, ჩანთა, მიაყუდეს კედელთან, რა დროსაც ბრძანებას ელოდებოდნენ და შემდეგ შავებში ჩაცმული ნიღბიანი დაახლოებით 15 კაცი გაჰყვა და ცოტა ზემოთ რომ ავიდნენ, ერთმა უთხრა, "კრუგი" გააკეთეთო, დათო შუაში ჩააყენეს და ცემა დაუწყეს. აქ უკვე ძალადობის­ მეორე სერია დაიწყო...

qacarava-1716148286.jpg

დათო ამბობს, არც ვიცი, რამდენ ხანს მცემდნენ, თითქოს უსასრულოდ გაგრძელდაო. ძირითადად, თავისა და სახის არეში ურტყამდნენ და არიდებასაც კი ვერ ახერხებდა, უკან იმდენად მჭიდროდ ჰქონდა ხელები შეკრული და მხრებით ოდნავ თუ მოიგერიებდა, მაგრამ ეს ერთი იყო და ისინი - თხუთმეტნი. მერე ფურგონში შეაგდეს, სადაც პერიოდულად შედიოდა 3-4 კაცი კასტეტებიანი ხელთათმანებით და სახისა და თავის არეში გამეტებით სცემდნენ. ცოტა ხანს ისვენებდნენ, მერე კვლავ აგრძელებდნენ და ბოლოს, სახეზე მძიმე დაზიანებები რომ ჰქონდა და სისხლი ნახეთქებიდან ასხამდა (ტანსა­ცმელი სულ სისხლითაა მოთხვრილი), თავი გადაუწიეს და ფოტოვიდეოს გადაღება დაუწყეს. გამუ­დმებით აგინე­ბდნენ და დათო, რა თქმა უნდა, ზრდი­ლობიანად პასუხობდა. ბოლოს გაიგონა, გადავუგზავნოთო­...

როგორც­ ჩანს, ვიღაცას აჩვენეს, აი, დავალება შევასრულეთო. ცემას კიდევ რომ აგრძელებდნენ, ვიღაც მათიანის ხმა გაიგონა, გეყოფათო. ეტყობა, შეწუხდა ამ საზიზღრობით. ბოლოს პატრულის მანქანაში ჩასვეს, გადაიყვანეთო,­ სადაც ოთხი პოლი­ციელი იჯდა და მათ აბსოლუტურად სხვა რეაქცია ჰქონდათ, არ ელოდნენ მსგავს სისასტიკეს. პატრული­ მაინც სხვა დანაყ­ოფია, მოქალაქეებთან სხვა ტიპის შეხება აქვთ და დათოს კითხვაზე, ახლა თქვენც ხომ არ უნდა გააგრძელოთ ცემაო, იუარეს­, ყველაფერს შევეცდებით, რომ მდგომარეობა­ შეგიმსუბუქოთო და სასწრაფოში დარეკეს. სამგორში გადაიყვანეს, შსს-ს შენობაში. სასწრაფო იქ ნახევარ საათში მივიდა, მანამდე კი ხელწერილი დააწერინეს. იქაური თანამშრომლებიც გაოგნებულები უყურებდნენ დათოს მდგომარეობას. უსასტიკესად სცემეს, ნახავდით ფოტოზე. ექიმებმაც თქვეს, სუსტი აღნაგობისა და სუსტი ძვლების მქონე რომ ყოფილიყო, მოსაკლავად იყო გამეტებულიო.

ეს იყო დავალება. ასე რომ გაუსწორდნენ, ალბათ, ეს დავალება ქვეყნის პირველი პირისგან მიიღება ან მათი მაკონტროლებელი, ჩრდილში მყოფი ზემდგომისგან, რომელსაც კრემლიც აკონტროლებს, თორემ ასეთ ბრძანებას შს მინისტრიც არ გასცემდა.

459094-1716148286.jpg

ეს ყველაფერი დათოს მონათხრობია, თორემ მე არაფერი ვიცოდი და სასწრაფოდან უცხო ნომრით რომ დაარეკვინეს ჩემთან, ხმა იმ დონეზე ჰქონდა შეცვლილი,­ ვკითხე, რომელი ხართ-მეთქი, ვერ ვიცანი. დათო ვარ, შენი ქმარიო, სასტიკად დამლეწეს და ინგოროყვაში მივყავარო. ამის შემდეგ კლინიკაში გავიქეცით...

თვალის ქვეშ მარცხენა მხარე მთლიანად გაჭრილია და ოპერაცია ჩაუტარდა, თვალის ქვეშ ძვალი დამტვრეულია და მის მაგივრად სპეციალური პლატინის ფირფიტაა ჩადგმული. მარცხენა თვალის ბადურა და თვითონ თვალი სასწაულებრივადაა გადარჩენილი. მარჯვენაშიც ურტყეს, მაგრამ გადარჩა; ყვრიმალის და ზედა ყბის ძვალიც დამტვრეული აქვს. ცხადია, თხევად საკვებს იღებს, რადგან ღეჭვა არ შეუძლია. მეორე დღეს გამაყუჩებლის ეფექტი რომ გაუვიდა, ტკივილი ტანზეც იგრძნო, თუმცა ტანზე არ ურტყამდნენ. ტვინის შერყევაც აქვს. დათო ფიზიკურად ძლიერია, მაგრამ ეს დაზიანებები მერე რას გამოიწვევს, არ ვიცით. მხედველობა დაქვეითებული აქვს და მუდმივად უნდა აკონტროლოს, რომ რამე არ განვითარდეს. კითხვაც უჭირს, მალე იღლება.

მე უკვე დავრეკე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში, გენინსპექცია­ში და ყველაფერი დავაფიქსირე, უფლე­ბადამცველებიც­ მობილიზებულები არიან და ყველა მასალას აგროვებენ, დათოს უფლებებს იცავენ.­ აუცილებლად ვიბრძოლებთ, ეს არ არის ჩვეულებრივი ძალის გადამეტება, ეს არის წამება, რადგან გაკავებული ჰყავდათ და გამუდმებით ურტყამდნენ. ამიტომ, მინდა ეს საქმე წამების მუხლით სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლომდე მივიდეს.

ვისაც ასეთ ფაქტებზე არაადეკვატური რეაგირება აქვს, მათი ვინაობაც უნდა ვიცოდეთ. იმ მხარის დახურულ ჩათებში ჩემი მეუღლე სასაცილოდ ჰყავთ აგდებული, კმაყოფილი არიან და დასცინიან, აი, ქაცარავა ვცემეთო. დათო ძალიან მხნედ და საბრძოლო განწყობაზეა, როცა გამოჯანმრთელდება, ისევ ისე გააგრძელებს აქტიურობას.