რაისის ბოლო რეისი: ირანული "ბორტი ნომერი ერთის" ბურუსით მოცული ავიაკატასტროფა - ტრაგედიის ოთხი ვერსია - კვირის პალიტრა

რაისის ბოლო რეისი: ირანული "ბორტი ნომერი ერთის" ბურუსით მოცული ავიაკატასტროფა - ტრაგედიის ოთხი ვერსია

12-საათიანი სამძებრო სამუშაობი დასრულდა - მთის კალთაზე აღმოაჩინეს ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენის დამწვარი ფრაგმენტები, სადაც მის ბორტზე მყოფ 9 ადამიანს და მათ შორის - თავად პრეზიდენტ ებრაჰიმ რაისს გადარჩენის არავითარი შანსი არ ექნებოდათ...

19 მაისის საღამოს 5 სთ-დან 20 მაისის დილის 5 სთ-მდე მთელი მსოფლიო სულგანაბული ელოდა მთავარ კითხვაზე პასუხს - ცოცხალია თუ არა ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტი რაისი?

1-irani1-1716186410.png
ირანის პრეზიდენტი ებრაჰიმ რაისი ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების Bell 412-ის ტიპის შვეულმფრენთან...

ასეთი სიტუაცია კი იმიტომ შეიქმნა, რომ მანამდე სასაზღვრო მდინარე არაქსზე ირანის პრეზიდენტმა თავის აზერბაიჯანელ კოლეგასთან, ილჰამ ალიევთან ერთად (ეს მათი პირველი ოფიციალური შეხვედრა გახლდათ პრეზიდენტების რანგში) კაშხალი საზეიმოდ გახსნა, უკან გამოფრენისას მისი შვეულმფრენი მთებში დაიკარგა, მიუხედავად იმისა, რომ საპრეზიდენტო ბორტის გამყოლი ორი შვეულმფრენი დანიშნულების ადგილზე ჩაფრინდა.

„ბორტი ნომერ ერთის“ დაკარგვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაში ირანის ოფიციალური წყაროები რამდენიმე საათის განმავლობაში იუწყებოდნენ, რომ შვეულმფრენმა ავარიულად, უხეში დაჯდომა განახორციელა, პრეზიდენტი რაისი ფეხით გადმოდის მთებში, რომ ავარიაგანცდილი შვეულმფრენიდან თითქოს ტელეფონით ორი ადამიანი დაუკავშირდა და ა.შ. რაც, საბოლოო ჯამში, უდიდესი ტყუილები აღმოჩნდა, თუმცა ამით, სავარაუდოდ, პირველ რიგში, ირანის მოსახლეობას უფრო აწყნარებდნენ, რადგან ავიაკატასტროფის საშინელი შედეგის თაობაზე ოფიციალურ თეირანში ალბათ თავიდანვე ხვდებოდნენ, მაგრამ დროს იგებდნენ საზოგადოების შესამზადებლად და სახელისუფლებო სტრუქტურების დასალაგებლად...

2-irani1-1716186509.png

ირანის პრეზიდენტის „ბორტი ნომერ ერთის“ უკანასკნელი აფრენა, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ...

მათ ამისთვის თითქმის 12 საათი მიეცათ, სანამ საშინელ ამინდში - წვიმასა და სქელ ნისლში, მრავალრიცხოვანი სამაშველო ჯგუფი ფეხით არ მიაღწევდა ავიაკატასტროფის ადგილს, რომელიც, სხვათა შორის, თურქეთის მიერ დასახმარებლად გაგზავნილი „აკინჯის“ ტიპის უპილოტო საფრენი აპარატის მგრძნობიარე თბოვიზორმა აღმოაჩინა - მთის კალთაზე სითბოგამომყოფი წერტილი...

რა გახდა ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენის ავიაკატასტროფის მიზეზი?

როგორც წესი, ასეთი მიზეზი შეიძლება ოთხი იყოს ან - რამდენიმე ერთმანეთს დაემთხვეს:

შვეულმფრენის ტექნიკური გაუმართაობა - ირანის პრეზიდენტი მიფრინავდა ამერიკული წარმოების Bell 412-ის ტიპის სამგზავრო შვეულმფრენით, რომელიც ვიეტნამისდროინდელი „იროკეზის“ გაუმჯობესებული და, რაც მთავარია, ორძრავიანი მოდიფიკაციაა. ამ მოდიფიკაციის შვეულმფრენების წარმოება ჯერ კიდევ 1981 წელს დაიწყეს, მაგრამ ქვეყნის პირველი პირის გადასაყვანად განკუთვნილ შვეულმფრენისთვის, წესით, განსაკუთრებული ტექნიკური მომსახურება უნდა ჩაეტარებინათ, რაც ამცირებს ტექნიკური გაუმართაობით ავიაკატასტროფის გამოწვევის ალბათობას, მაგრამ - ბოლომდე არ გამორიცხავს.

3-irani1-1716186605.png
პრეზიდენტი რაისი „ბორტი ნომერი ერთის“ - Bell 412-ის ტიპის შვეულმფრენის სალონში...

რთული საფრენოსნო მეტეოროლოგიური პირობები - აღმოსავლეთ აზერბაიჯანის თავზე, აზერბაიჯან-სომხეთ-ირანის საზღვრების შესაყართან ოციოდე კმ-ში, დასახლებულ პუნქტ უზისთან, სადაც ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენმა განიცადა ავიაკატასტროფა, მართლაც ნისლი და ცუდი ხილვადობა გახლდათ, რაც შეიძლება გამხდარიყო ამ საავიაციო შემთხვევის გამოწვევის მთავარი მიზეზი, რადგან ეს შვეულმფრენი არ იყო აღჭურვილი მეტეოროლოგიური საბორტე რადიოლოკატორით, ხოლო შვეულმფრენის ფრენის სიმაღლის სტატიკური „ჭერი“ მხოლოდ 1 600 მეტრამდეა, რასაც, შეიძლება, გამოეწვია ნისლში მთის კალთაზე შეჯახება...

4-irani-1716186729.jpg
ირანის პრეზიდენტს, სავარაუდოდ, სწორედ ეს შვეულმფრენი ემსახურებოდა...

ეკიპაჟის შეცდომა - ნისლში მთებში ფრენა შვეულმფრენისთვის უდიდეს საშიშროებას წარმოადგენს, რადგან მას თვითმფრინავივით არ შეუძლია მაღალ სიმაღლეზე ასვლა და ეკიპაჟი იძულებულია, მთის ხერგილების თავზე ან სულაც ხეობების გავლით იფრინოს, დასაშვებია, რომ ამ რთულ პირობებში, მეტეოლოკატორის გარეშე ფრენისას, ეკიპაჟმა შეცდომა დაუშვა...

და ბოლოს, ტერორისტული აქტი - როდესაც ავიაკატასტროფაში იღუპება რომელიმე ქვეყნის პირველი პირი, რა თქმა უნდა, ყოველთვის ჩნდება ასეთი ვარაუდი, მით უმეტეს - ირანის პრეზიდენტის შემთხვევაში, როდესაც ყველამ... ისრაელზე გაიფიქრა. იმ საინფორმაციო საშუალებებმა, რომლის მფლობელი ქვეყნები განსაკუთრებით „კრიტიკულად“ არიან განწყობილი ისრაელისა და აზერბაიჯანის მიმართ, ასეთი ვერსიაც კი „დაჰბადეს“- თითქოს, აზერბაიჯანში მოქმედმა ისრაელის სპეცსამსახურებმა მოახდინეს ზეგავლენა ირანის პრეზიდენტის შვეულმფრენის ავიაკატასტროფაზეო...

5-irani-1716186645.jpg
კატასტროფის ადგილზე შვეულმფრენი მთლიანად დაიწვა, მხოლოდ მისი კუდი გადარჩა - მგზავრები უკვე ამოიცნეს...

გასაგებია, რომ ირანელი ხალხის ამ ტრაგედიაზე ბევრი ეცდება პოლიტიკური ქულების დაწერას, მაგრამ რაც კატასტროფის ადგილიდან გავრცელებულ ფოტოებზე მოჩანს, შვეულმფრენი ჰაერში არ აფეთქებულა და ნაწილებად არ დაშლილა - ის შეეჯახა მთის კალთას და სრულიად დაიწვა, გარდა კუდის ნაწილისა, რაც ერთი შეხედვით, გამორიცხავს ჰაერში აფეთქებას, მაგრამ უშვებს იმის ალბათობას, რომ ხელოვნურად გამოწვეული ტექნიკური გაუმართაობის შედეგად შვეულმფრენმა ფრენის სიმაღლე დაკარგა და მთის კალთას შეეჯახა...

მოკლედ, ბოლო სიტყვა გამოძიებაზეა, მაგრამ მთავარი ეხლა იწყება - შეიცვლება თუ არა რაიმე ირანის ისლამური რესპუბლიკის საშინაო და საგარეო პოლიტიკაში, ამ ტრაგედიის შემდეგ, რაც ბევრს სურს, როგორც ირანის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში, ისე, მაგალითად, უკრაინაშიც, რომლის მშვიდობიან ქალაქებს რუსი აგრესორები სწორედ ირანში ნაყიდი „შაჰიდებით“ მესამე წელია, ანგრევენ...