"ჯიმ ო‘ბრაიენი გაკვირვებული კი არა, შოკირებული იყო, მან თქვა ერთი ფრაზა, რაც თავიდან არ ამომდის" - გია ხუხაშვილი პოლიტიკურ ეგზორციზმზე, ვეტოზე და "ნერონის სულზე" - კვირის პალიტრა

"ჯიმ ო‘ბრაიენი გაკვირვებული კი არა, შოკირებული იყო, მან თქვა ერთი ფრაზა, რაც თავიდან არ ამომდის" - გია ხუხაშვილი პოლიტიკურ ეგზორციზმზე, ვეტოზე და "ნერონის სულზე"

საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის წინააღმდეგობის მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა "რუსულ კანონად" წოდებული სადავო კანონპროექტი მესამე მოსმენით 14 მაისს მაინც მიიღო - მას 84-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის ხელახლა ინიცირებიდან მოყოლებული, თითქმის ერთი თვეა აქციები იმართება. პარალელურად საერთაშორისო პარტნიორები საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებდნენ, რომ ამ კანონის მიღება და ქვეყნის ევროინტეგრაცია ერთმანეთთან შეუთავსებელია. ამ თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანი იყო გასული კვირა, როდესაც საქართველოს არაერთი პარტნიორი ქვეყნის წარმომადგენელი სტუმრობდა. ზუსტად მესამე მოსმენის დღეს ეწვია თბილისს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ჯიმ ო‘ბრაიენი, რომლისგანაც მძიმე შეფასებები მოვისმინეთ ამ კანონპროექტის მიღების თაობაზე. "თუკი ეს კანონი დარჩება ისეთად, რომ არ იქნება ევროსტანდარტებთან შესაბამისობაში, გაგრძელდება ამგვარი ტიპის რიტორიკა აშშ-ისა და ჩვენი პარტნიორების მიმართ, რა თქმა უნდა, ეს იქნება ძალიან სახიფათო და სარისკო ჩვენი ორმხრივი ურთიერთობებისთვის", - განაცხადა მან და ცხადად მიანიშნა მოსალოდნელ სანქციებზეც - თუკი კანონპროექტი ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად არ შეიცვლება, აშშ ფინანსურ და სამოგზაურო შეზღუდვების დაწესებას არ გამორიცხავს. 15 მაისს თბილისში უკვე ევროკავშირის წევრი 4 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩამოვიდა და მკაცრი იყო მათი შეფასებებიც. 18 მაისს კი ცნობილი გახდა, რომ კანონპროექტს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვეტო დაადო. რამდენად რეალურია, რომ პრეზიდენტის ვეტოს განხილვის პერიოდში არსებითად შეიცვალოს რამე კანონპროექტის შინაარსში? რა ელის ქვეყანას, თუ ხელისუფლების წევრები მართლაც დასანქცირდებიან? - ამ საკითხებზე გვესაუბრება ექსპერტი გია ხუხაშვილი, რომელთან საუბარიც იმ ინფორმაციის განხილვით დავიწყეთ, რომლის თანახმადაც, "ქართულმა ოცნებამ" ისეთი ცვლილება შეიტანა პროექტში, რაც არა მხოლოდ იურიდიულ, არამედ ფიზიკურ პირებსაც შეეხება.

- უპირველესად მინდა ვთქვა, რომ ამ კანონპროექტის შინაარსობრივი განხილვის დაწყება აზრს მოკლებული, ძალიან არასწორი და გარკვეულწილად ხელისუფლების ვირეშმაკული თამაშის ნაწილია. ამ კანონში, გამომდინარე მისი სახიფათო სულისკვეთებისა, მნიშვნელობა აღარ აქვს, რა ეწერება. შეუძლიათ ჩაწერონ, რომ მათ, ვისაც აგენტებად გამოაცხადებენ, დავხვრეტთო, და კიდევ ათასი აბსურდი. ამის მიუხედავად, ეს "მალულად ჩამატებული მუხლები" კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რა მძიმე ვითარებაა საპარლამენტო ოპოზიციაში. სწორედ მათი პრობლემაა, რომ თავის დროზე ვერ შენიშნეს ეს ჩამატებული მუხლები. რაც შეეხება იმას, თუ რა თამაშს გვთავაზობს ხელისუფლება, ჩემი აზრით, მაღალი ალბათობაა იმისა, რომ ეს ჩანაწერი გაკეთდა და ხმაური გამოიწვიეს იმ მარტივი მიზნით, რომ გაითამაშონ, თითქოს მოლაპარაკებებისთვის სივრცეს ტოვებენ, ცდილობენ მეორე მხარე ჩაითრიონ რაღაც მოლაპარაკებებში და შემდეგ ვითომ კომპრომისზე წავიდნენ ამ მუხლის დათმობით. ეს არის წმინდა ტექნოლოგიური თემა, როდესაც თუ გინდა რაღაც გააძვრინო, იმაზე უარესზე იწყებ ლაპარაკს, რათა ამაზე გადაიტანო აქცენტები, შემდეგ კი მასზე უარის თქმით დათმობა გაითამაშო. ეს ვაჭრობის ერთგვარი ტექნოლოგიაა. ჩვენ ამ ვირეშმაკულ თამაშში ხელისუფლებას არ უნდა ავყვეთ! ლაპარაკი არ უნდა იყოს შინაარსობრივ განხილვაზე.

- ამავე პოზიციაზეა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონს ვეტო უკვე დაადო. მან ამის შესახებ საუბრისას განაცხადა: "დღეს დავადე ვეტო რუსულ კანონს. ეს კანონი თავისი არსით, თავისი სულისკვეთებით რუსული კანონია, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენს კონსტიტუციას და ყველა ევროპულ სტანდარტს და წარმოადგენს შეფერხებას ევროპულ გზაზე. ვეტო სრულიად გამართულია იურიდიულად და დღესვე გადაეცემა პარლამენტს. კანონი არ ექვემდებარება არავითარ ცვლილებას, არავითარ გაუმჯობესებას. ეს კანონი უნდა გაუქმდეს".

- აბსოლუტურად სწორია პრეზიდენტის პოზიცია, მან კარგად გაშიფრა "ქართული ოცნების" თამაშები. თავიდანვე განაცხადა, მე რომ ახლა შინაარსობრივ განხილვაში შევიდე, ეს უკვე ამ კანონის ირიბ ლეგიტიმაციას ახდენსო. ის მართალია, როდესაც ამბობს, რომ ეს კანონი არ ექვემდებარება ცვლილებებს.

ამ კანონის ფუნდამენტური პრობლემაა ის, რომ ხელისუფლება თავისი სამოქალაქო ოპონენტების სტიგმატიზაციას ახდენს. არა აქვს მნიშვნელობა, კანონში რა ჯარიმას ჩაწერენ, მნიშვნელოვანია, რომ როდესაც შენ კარგ საქმეს აკეთებ, მაგრამ ამას აფინანსებს რომელიმე საერთაშორისო ინსტიტუტი, უცხო ქვეყნის გავლენის აგენტად გაცხადებენ, უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებლად. ფაქტობრივად, სამოქალაქო საზოგადოების სანდოობის დაკარგვაზეა გათვლილი ეს ყველაფერი, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. ეს თვითონ პრეამბულაშია ჩადებული, რომ თუ დაფინანსებას უცხო ქვეყნიდან იღებ, სხვის ინტერესს ატარებ. მაგალითად, მე რეპატრირებულ ქართველებს ვასწავლი ქართულ ენასა და საქართველოს ისტორიას, რათა შეძლონ ისტორიულ სამშობლოში სრულფასოვანი ინტეგრაცია. ხვალ რომ ამისთვის უცხოეთიდან გრანტი მივიღო, იმისთვის, რომ საქართველოში ქართველებს ქართულს ვასწავლი, შუბლზე უნდა დამაწერონ, რომ უცხო ქვეყნის ინტერესებს ვატარებ.

მეორე საკითხია, რომ ჩვენ კონსტიტუციით გვაქვს განსაზღვრული ჩვენი გრძელვადიანი განვითარების ვექტორი - ეს არის ევროატლანტიკური გზა და დღეს ყველა დასავლელი პარტნიორი გვეუბნება, რომ თუ ამ კანონს მივიღებთ, ჩვენთვის ეს გზა დაიკეტება. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს ხელისუფლება დღეს გასულია კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებიდან, არღვევს საკუთარ მანდატს და შესაბამისად, სახელმწიფო გადატრიალებას აწყობს. ქართველი ახალგაზრდობა კი ცდილობს ის დააბრუნოს კონსტიტუციური წესრიგის ფარგლებში და ჩვენმა სახელმწიფომ გააგრძელოს სტაბილური განვითარება იმ მიმართულებით, რაც დიდი ხნის წინ აქვს არჩეული. ხელისუფლება სახელმწიფო გადატრიალების მცდელობას სხვებს აბრალებს, არადა, თვითონ არის მთავარი გადამტრიალებელი.

მოკლედ, სრულად ვეთანხმები პრეზიდენტს. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ამ კანონის შინაარსზე ლაპარაკს აზრი არა აქვს, ის მთლიანად გასაუქმებელია. თუ მაინცდამაინც სურთ ჰქონდეთ ამგვარი კანონი, აუცილებლად უნდა დაერთოს იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომელთაც ნამდვილად მტრული ინტერესები აქვთ საქართველოში და ეს ქვეყანა უპირველეს ყოვლისა არის რუსეთი. ასეთ შემთხვევაში ეს თემა გადავა უსაფრთხოების განზომილებაში, მაგრამ ეს არ უნდათ. დღეის მდგომარეობით საქართველოში რუსეთიდან შემოსულია მილიარდობით თანხა; როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირების დეპოზიტები ქართულ ბანკებში 2 მილიარდ დოლარამდეა. ეს ფული ისე შემოატანინეს და დაადებინეს ანგარიშებზე, რომ არავის არაფერი შეუმოწმებია. რუსეთის მოქალაქეებს ფული ჩემოდნებით შემოჰქონდათ. ფულის გათეთრების მასობრივ ოპერაციასთან გვაქვს საქმე, მაგრამ ეს არავის აინტერესებს. ამ კანონის მოქმედების არეალში ეს ფული საერთოდ არ ხვდება. არადა, ამ მილიარდების მნიშვნელოვანი ნაწილი ხომ რუსეთის, მტრული ქვეყნის ინტერესებს ემსახურება. ეს ხელისუფლებისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. ამის ჩაკეტვაზე ან მონიტორინგზე არავინ ზრუნავს. სამაგიეროდ, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან ჩვენივე სასარგებლოდ სხვადასხვა სოციალური, კულტურული, საგანმანათლებლო მიზნებით და სრულიად გამჭვირვალედ შემოსული თანხების პრობლემა აქვთ. ანგარიშიდან ანგარიშზე ირიცხება ეს თანხა, ჩემოდნებით კი არავის ჩამოაქვს რუსებივით. ყველაფერზე დაკვირვების და მონიტორინგისთვის ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, ეროვნულმა ბანკმა ყველა თეთრის მოძრაობა იცის. შესაბამისად, ამ კანონის სათაურში გატანილი გამჭვირვალობა შირმაა, რათა რეალური, მზაკვრული მიზნები დაფარონ. ეს ყველასთვის ცხადია, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებს. რეალური მიზნები კი არის იგივე, რაც იყო თავის დროზე რუსეთში - სამოქალაქო საზოგადოების, როგორც ხელისუფლების დამბალანსებელი ბოლო ინსტიტუტის განადგურება.

- გასულ კვირას ძალიან საყურადღებო იყო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნის თბილისში ვიზიტი და განცხადება, "თუ კანონი იმ სახით იქნება მიღებული, ვაშინგტონი საქართველოსთან ურთიერთობებს გადახედავს". მან ილაპარაკა სანქციებზეც, ზოგადად კი მისი პრესკონფერენციისას ამერიკელი პოლიტიკოსი აშკარად გაკვირვებული ჩანდა იმ ყველაფრით, რაც საქართველოში ხდება.

- დღეს საქართველო გზაჯვარედინზე დგას და ორი გზა აქვს ასარჩევად - ან უნდა წავიდეთ დასავლეთისკენ, ანუ ცივილიზებული სამყაროსკენ, ან დავბრუნდეთ რუსეთის იმპერიაშია, მესამე არჩევანი არა გვაქვს. დღეს მიმდინარეობს დიდი გლობალური დაპირისპირება, ფრონტის ხაზი გატარებულია. ამ შტორმის დროს დამოუკიდებელ ნავიგაციაზე ფიქრი მხოლოდ ილუზიაა. ვინც ლაპარაკობს ნეიტრალიტეტსა და მესამე არჩევანზე, გატყუებთ, ეს იგივე რუსული არჩევანია. სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების განცხადებები, მათი პროპაგანდისტული ნარატივი პირდაპირ აჩვენებს, რომ ჩვენ გეზი ავიღეთ რუსეთისკენ. რაც შეეხება ამერიკელ მაღალჩინოსანს, ბრძანეთ, გაკვირვებული იყოო, მაგრამ მე ვიტყოდი, რომ ჯიმ ო‘ბრაიენი შოკირებულს უფრო ჰგავდა. ერთია სანქციების თემა, მაგრამ მან თქვა ივანიშვილზე ერთი ფრაზა, რაც თავიდან არ ამომდის, ასეთი გავლენიანი ადამიანი თავის პირად ინტერესებს აყენებს კონსტიტუციასა და სახელმწიფოებრივ ინტერესზე მაღლაო. ხომ ნახეთ, წინა პირობა რა იყო, დამიბრუნეთ ჩემი ფული და მერე დაგელაპარაკებითო. ფაქტობრივად, ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილი მზად არის თავისი კეთილდღეობისთვის გაყიდოს სახელმწიფოს ინტერესი. კი ბატონო, შეიძლება უსამართლოდ იჩაგრები, მაგრამ როდესაც სახელმწიფოს სახელით ლაპარაკობ და შენს პირად პრობლემას კონკრეტულ ბანკთან, ქვეყნის ინტერესებთან აკავშირებ და ამერიკას, რომელიც ბანკთან არაფერ შუაშია, ულტიმატუმს უყენებ, ეს რას ნიშნავს? აი, ამით იყო ო‘ბრაიენი შოკირებული, თან ეს იყო შეფუთული შეთქმულების თეორიით "გლობალური ომის პარტიაზე". შეიძლება რაღაც ვიფიქროთ, პარანოიდული აზრები გვქონდეს, შეთქმულების თეორიებიც განვავითაროთ, მაგრამ როდესაც თანამედროვე სამყაროში სახელმწიფოს პირველი პირები იწყებენ ომის პარტიაზე ლაპარაკს, თან ღრმააზროვანი სახით გეუბნებიან, რომ მხოლოდ 20%-ს ამხელენ, ეს, დიდი ბოდიში, მაგრამ უკვე მენტალური პრობლემის ნიშანია. ჩვენ ხელისუფლებაში გვყავს პირები, რომლებმაც ამგვარი შეთქმულების თეორიების განვითარებით შეიძლება გადაწვან მთელი ქვეყანა. ნერონის სული ტრიალებს "ქართულ ოცნებაში".

წაიკითხე ვრცლად: „რთულია, მაგრამ არჩევნებამდე როგორმე მშვიდობიანად უნდა მივიდეთ...“