რას ამბობს შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ბრიტანელ ჟურნალისტთან მასონებზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

რას ამბობს შალვა პაპუაშვილი დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელმაც ბრიტანელ ჟურნალისტთან მასონებზე ისაუბრა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი უმრავლესობის დეპუტატ მარიამ ლაშხის მიერ „გლობალური ომის პარტიასა“ და მასონებზე გაკეთებულ განცხადებას „პირობით შედარებას“ უწოდებს და მისი მისამართით კრიტიკას „ფაშისტურ კამპანიად“ აფასებს.

როგორც პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობის“ სიმბიოზი, ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა და სოციალურ ქსელში თუ ისე, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას, გარიყვას ცდილობს“.

„ჩვენი სოციალური ქსელის „ტროიკა“ მოსამართლეების საკითხს კარგად ვიცნობთ. რამდენიმე საათი ზიზღის კამპანიის მოქოქვა როგორ იციან, ვიცით. ეს სიმბიოზია „ენჯეო“-„ნაციონალური მოძრაობისა“, რომელიც უცხოეთიდან არის დაფინანსებული და ფაშისტური განწყობების სიმბიოზად იქცა, რომელიც სოციალურ ქსელში თუ ისე, ცდილობს, ფაშისტური მეთოდებით ადამიანების წალეკვას, ჩარეცხვას - „ნაციონალურ მოძრაობას“ რომ უყვარდა, გარიყვას. ეს მოწოდებები გვესმის რა ხანია. ჩვეულებრივი ფაშისტური კამპანიაა, რაც უცხოეთიდან ფინანსდება. ჩართულები არიან „ენჯეოები“ და პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ევროპის სახელით ფაშისტურ კამპანიებს აწარმოებენ. ამ დონემდე მივიდა ევროპის წარმოჩენა გარკვეული ჯგუფების მხრიდან. „ვულოცავ“ „ენჯეოების“ დამფინანსებლებს, რომ ისინი ფაშისტური კამპანიის პირდაპირი თუ ირიბი თანამონაწილეები ხდებიან, ეს ძირს უთხრის თავად ევროკავშირის პრესტიჟს საქართველოში.

რაც შეეხება ტერმინოლოგიურ საკითხებს, მითითებებს, მგონი, თუ ამ ფაშისტურ კამპანიას არ ავყვებით და შევხედავთ, რაზე იყო საუბარი - ეს იყო პირობითი შედარება. კითხვა შეეხებოდა „გლობალური ომის პარტიას“ და ვინაიდან ჟურნალისტი ეკითხებოდა, რას გულისხმობთო, გააკეთა შედარება, რა აღქმებიც არსებობს საზოგადოებაში სხვადასხვა ჯგუფის მიმართ. პირობითი სახელია და როდესაც „გლობალური ომის პარტიაზე“ ვსაუბრობთ, ამაში შეგიძლიათ მოიაზროთ ყველა ის ჯგუფი და კავშირები, რომელიც საქართველოს უბიძგებდნენ იმისკენ, რომ აქ არეულობა ყოფილიყო“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა მარიამ ლაშხმა ბრიტანულ პოდკასტ The News Agents-ზე საუბრისას „გლობალური ომის პარტია“ მასონებს შეადარა.

"ინტერპრესნიუსი"