"სხვა შეიყვარა და ღამით გაიპარა. დილით ბავშვებმა და ქმარმა რომ გაიღვიძეს, აღარ იყო, ერთი კვირის მერე გაიგეს, გათხოვდაო. სოფლიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო მისული მაგ დაკრძალვაზე" - კვირის პალიტრა

"სხვა შეიყვარა და ღამით გაიპარა. დილით ბავშვებმა და ქმარმა რომ გაიღვიძეს, აღარ იყო, ერთი კვირის მერე გაიგეს, გათხოვდაო. სოფლიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო მისული მაგ დაკრძალვაზე"

გარდაბანში მომხდარი სასტიკი დანაშაული, რა დროსაც 23 წლის ძმამ (ნ.ი.) 26 წლის და (შ.ი.) მოკლა, საზოგადოებამ ძალადობების გაგრძელების უმძიმეს ფაქტად აღიქვა, თუმცა აქამდე ძალადობის შედეგად დაღუპულთა სია, ქმრებისგან მოკლული ქალებისაგან შედგებოდა. ახლა მას დედმამიშვილისაგან დაგეგმილი მკვლელობაც დაემატა. შსს-ის ცნობით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით, რაც ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორ ვითარდებოდა ტრაგედია, ამის შესახებ ადგილობრივი მცხოვრები მოგვითხრობს, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა:

- გავრცელებული ინფორმაციით, გარდაბანში დის სიკვდილს ძმა თვეების განმავლობაში გეგმავდა. რა იყო ამ სასტიკი გადაწყვეტილების მიზეზი?

- ასეა, ეს ბიჭი დას ძალიან დიდხანს ემუქრებოდა: არ ვაცოცხლებ, მაინც მოვკლავო, მაგრამ არავის ეგონა, მართლა თუ მოკლავდა. ფიქრობდნენ, იყვირებს და გაუვლის, დაავიწყდებაო. თორემ ხომ გააჩერებდნენ?! ავტომანქანას მაინც არ მისცემდა მამამისი, რომ დას არ დასჯახებოდა. მიზეზი გოგონას ქცევა იყო... ქმარ-შვილი ჰყავდა, ორი პატარა ბიჭი, დატოვა ესენი, ყველა, სხვა შეიყვარა და მას გაჰყვა. უთქვამს, მე იმ კაცთან ვერ გავჩერდები, ვინც არ მიყვარს, სხვა შემიყვარდა და უნდა წავყვეო. ჰოდა, ასეც გააკეთა. ღამით გაიპარა. დილით, ბავშვებმა და ქმარმა რომ გაიღვიძეს, დედა აღარ იყო, ერთი კვირის მერე გაიგეს, გათხოვდაო. არც ისე შორებელს წაჰყოლია. მეორე ქმარს ბევრი იცნობს. პირველი ქმარი, ჩემი აზრით, არ იყო ცუდი ადამიანი.

- ანუ სიყვარულისთვის მოკლა ძმამ და?!

- იმიტომ მოკლა, რომ მაგ გოგოს საქციელის მთელ ოჯახს რცხვენოდა. ბავშვებიც მამამ დაიტოვა. როგორც მე ვიცი, ეგ კაცი ამბობს, ამიერიდან ჩემი ყოფილი ცოლის ნათესავები არ დამენახვონ, ბავშვებს არავის ვანახვებ, არ მიეკარონო! მაგიტომ მოიფიქრა მაგ ბიჭმა მკვლელობა. გარდაბანში ჩაუსაფრდა დას და რომ გამოჩნდა, მანქანით დაეჯახა და წააქცია.

- ესეც არ აკმარა: შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და დანით სასტიკად დაჩეხა. ირგვლივ არავინ აღმოჩნდა, რომ ეს საშინელება შეეჩერებინა?!

- მაგას ვინ გაბედავდა, რომ მაგ დროს მაგ ბიჭს მიჰკარებოდა! როგორც მე ვიცი, ბევრი ჭრილობა ჰქონდა, ზოგი - გულში, ზოგი მუცელში და ყველა იყო სასიკვდილო. სასწრაფო რომ მოვიდა, ეგ გოგო უკვე მკვდარი იყო.

- ძმა კი გაიქცა და მიიმალა, ხომ?

- კი, ეგრე იყო, მაგრამ ბევრი არ ამტყუნებს, შეარცხვინა და იმიტომ მოკლაო.

- ვინც მაგას ამბობს, გადაეცით, რომ ცუდი ადამიანია, - ახალგაზრდა სიცოცხლე მოსპო და შვილებს დედა მოუკლა.

- მაგას შვილები არ უნდოდა, თორემ ხომ არ დატოვებდა. მამის ოჯახში მკვდარსაც არ იღებდნენ. მამა ამბობდა, - როგორო, ამან თავისი ძმა ციხეში გაუშვა და მე როგორ დავმარხო, არ დავმარხავო. ბოლოს ხალხმა ურჩია, ეგრე არ შეიძლებაო და სხვა რა გზა ჰქონდა, დამარხა გოგო. თუმცა სოფლიდან ძალიან ცოტა ხალხი იყო მაგ დაკრძალვაზე მოსული. წესი წესია და უნდა შესრულებულიყო, თორემ ეგ ხალხიც არ უნდა მოსულიყო.

(სპეციალურად საიტისთვის)