ზელენსკის არმიამ ქართველებისთვის შური იძია - სოხუმში "ნასტუმრალი" ხომალდი "ციკლონი" კრეისერ "მოსკვას" გვერდით მიუწვა - კვირის პალიტრა

ზელენსკის არმიამ ქართველებისთვის შური იძია - სოხუმში "ნასტუმრალი" ხომალდი "ციკლონი" კრეისერ "მოსკვას" გვერდით მიუწვა

2023 წლის 30 სექტემბერს ოკუპირებული სოხუმის პორტში რუსეთის შავი ზღვის ფლოტის მცირე სარაკეტო ხომალდმა - „ციკლონმა“ ჩაუშვა ღუზა, რომლის კაიუტ-კომპანიაში რუსმა ადმირალებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა ოჩამჩირეში საბრძოლო ხომალდების ბაზირების პუნქტის შექმნას მოაწერეს ხელი...

ის, რასაც რუსეთი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ასე თავხედურად ჩადის, ჩვენში გულზე მჯიღის ცემას თუ იწვევს, რადგან თავს ზემოთ ჯერჯერობით ძალა არ არის, ამ ყველაფრის აღსაკვეთად და ამიტომაც ერთგვარი შვება მოგვგვარა იმ ფაქტმა, რომ რუსი ოკუპანტები ამისთვის სასჯელს მაინც იღებენ, თუნდაც - უკრაინელებისგან...

2-cik-1716205587.jpg
ჩაძირული რუსული სარაკეტო „ციკლონის“ ტაქტიკურ-ტექნიკური მონაცემები შემდეგი იყო: წყალწყვა - 870 ტ, სიგრძე - 67 მ, სიგანე - 11 მ, სამი დიზელის ძრავა (თითოეული 8 000 ცხ.ძ.-ის სიმძლავრის), სიჩქარე - 30 კვანძი (55,5 კმ/სთ)

19 მაისს უკრაინელებმა ანექსირებული ყირიმის ნახევარკუნძულის სევასტოპოლის რუსულ სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მორიგი სარაკეტო დარტყმა განახორციელეს, მათ შორის - აშშ-იდან მიღებული 300 კმ-მდე მფრენი ATACMS-ის ორი აერობალისტიკური რაკეტის გამოყენებით, რის შედეგაც, სავარუდოდ, ჩაიძირა ნავმისადგომთან მდგარი ხომალდი „ციკლონი“... სწორედ ის „ციკლონი“, რომელიც გასული წლის სექტემბერში ოკუპირებულ სოხუმს „სტუმრობდა“...

თანამგზავრულ ფოტოზე მოჩანს სევასტოპოლის ერთ-ერთ ნავმისადგომთან არცთუ ღრმად ჩაძირული ხომალდის კონტურები, არადა სარაკეტო დარტყმამდე რამდენიმე საათით ადრე სწორედ აქ იდგა ღუზაზე „ციკლონი“...

„ციკლონის“ შესაძლო ჩაძირვის ფაქტი არა მარტო ერთგვარი შურისძიებაა ოკუპირებულ სოხუმში „სტუმრობისთვის“, არამედ - დიდი წარმატება თავად უკრაინის ინტერესებისთვის, რადგან მათ პირველად შეძლეს „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების გამშვები, საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანილი რუსული სამხედრო ხომალდის განეიტრალება...

3-cik-1716205535.jpeg
„ციკლონის“ მთავარ შეიარაღებას „კალიბრის“ ტიპის ფრთოსანი რაკეტების 8 შვეული გამშვები წარმოადგენდა...

რამდენად საოცარიც უნდა იყოს, იმ 24 ხომალდიდან და კატარღიდან, რომელთა ჩაძირვა/დაზიანება ამ ომში შეძლეს უკრაინელებმა... არც ერთს არ შეეძლო „კალიბრის“ ფრთოსანი რაკეტების გაშვება და, შესაბამისად, უკრაინული ქალაქების დაბომბვა, მათ შორის - არც რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ფლაგმანს, სარაკეტო კრეისერ „მოსკვას“, რომელიც ორ წელზე მეტია, „წყალქვეშა ნავად“ გადაკეთდა...

22800 პროექტის Каракурт ტიპის მცირე სარაკეტო ხომალდის - Циклон-ის აგება 2016 წელს დაიწყეს, ქერჩის ქარხანაში, 2020 წელს წყალში ჩაუშვეს და 2023 წელს შეიარაღებაში მიიღეს ანუ ის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე რუსული სამხედრო ხომალდი გახლდათ, რომელიც სტრუქტურულად შედიოდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტის სარაკეტო კატარღების 41-ე ბრიგადის 166-ე ნოვოროსიისკის მცირე სარაკეტო ხომალდების დივიზიონში.

საგულისხმოა, რომ ამავე დივიზიონში შემავალი იმავე „კარაკურტის“ პროექტის მცირე სარაკეტო კატარღა Аскольд-ი, რომელიც ქერჩის გემთმშენებელ ქარხანაში საგამოცდო ცურვას გადიოდა, უკრაინელების მიერ გაშვებულმა ფრანგულმა ფრთოსანმა რაკეტამ SCALP-მა 2023 წლის 4 ნოემბერს შუაზე გადაჭრა...

4-cik-1716205496.jpg
იმავე დღეს ჩაძირული რუსული საზღვაო მტრალავი Ковровец-ის წყალწყვაც 873 ტ-ას აღწევდა...

P.S.

იმავე 19 მაისს, სევასტოპოლის სამხედრო პორტზე სარაკეტო დარტყმების მიყენებისას, უკრაინელებმა, ასევე, ჩაძირეს რუსეთის შავი ზღვის ფლოტის ნაღმების მტრალავი ხომალდების 149-ე ტაქტიკურ ჯგუფში შემავალი 266М პროექტის საზღვაო მტრალავი Ковровец-ი.

მართალია, „კოვროვეცი“ ჯერ კიდევ 1974 წელს ანუ ნახევარი საუკუნის წინ იქნა წყალში ჩაშვებული, რუსეთის საოკუპაციო ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვანი იყო, რადგან მას ინახავდნენ იმ საზღვაო ნაღმების აღმოსაჩენად და გასაუვნებელყოფად, რომელთა ჩაშვება უკრაინელებმა მოასწრეს ოდესა-ოჩაკოვის სანაპიროს სიახლოვეს და რითაც, ფაქტობრივად, თავიდან აიცილეს ამ სანაპიროზე რუსული ტაქტიკური საზღვაო დესანტის გადასხმა დიდი სადესანტო ხომალდებიდან...