"ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ბანკეტი არ მექნება. სოფელი დაცლილია, მარტო მე ვარ ბიჭი, გოგოც არავინაა თანატოლი. ყველა ქალაქშია წასული" - რას ჰყვება ლაშის სკოლის ერთადერთი მე-12 კლა­სე­ლი, რომლისთვისაც ბოლო ზარი დაირეკა - კვირის პალიტრა

"ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ბანკეტი არ მექნება. სოფელი დაცლილია, მარტო მე ვარ ბიჭი, გოგოც არავინაა თანატოლი. ყველა ქალაქშია წასული" - რას ჰყვება ლაშის სკოლის ერთადერთი მე-12 კლა­სე­ლი, რომლისთვისაც ბოლო ზარი დაირეკა

დღეს, 20 მაისს, საქართველოს საჯარო სკოლებში მე-12 კლასელებისთვის ბოლო ზარი დაირეკა. დიდი ჟრიამული იყო ყველა სკოლაში. მოსწავლეები საგანგებოდ ემზადებოდნენ ამ დღისთვის, რომ მათთვის ლამაზი და დაუვიწყარი ყოფილიყო. ალბათ, ყველა ადამიანისთვის მართლაც სასიამოვნო სანახავია ქუჩებში მოხატული პერანგებით მოსიარულე თვალებციმციმა გოგო-ბიჭების ხილვა, მათი მხიარულება. როგორც გაირკვა, წელს საქართველოს რამდენიმე სოფლის სკოლას მხოლოდ ერთი მეთორმეტე კლასელი ჰყავდა, მაგრამ იქაც, როგორც სხვაგან, დიდი მხიარულება იყო.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ლაშის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლა ერთადერთმა მეთორმეტე კლასელმა ვაჟა კვინიკაძემ დაამთავრა. მისი ფოტოები სოციალურ ქსელში ალბათ ბევრმა ადამიანმა ნახა კიდეც დღეს. მხოლოდ მისთვის დაირეკა ამ სკოლაში ბოლო ზარი. ერთადერთი მოსწავლე საყვარელ სკოლას და პედაგოგებს დაემშვიდობა, რომლებმაც მას გზა დაულოცეს და ძალიან ლამაზი გაცილება მოუწყვეს სკოლის სხვა კლასის მოსწავლეებმა. ვაჟა კვინიკაძეს დღეს ვესაუბრეთ. ის ემოციებს ვერ მალავდა, ძალიან ბედნიერი და გახარებული იყო, თუმცა ისიც თქვა, გული კი მწყდება, სკოლა რომ დავამთავრეო.

ვაჟა კვინიკაძე:

- მარტო მე დავამთავრე დღეს ჩვენი სკოლა, მაგრამ ძალიან ემოციური დღე იყო ჩემთვის. ასეთ გაცილებას არ ველოდი, ძალიან კარგი საღამო გამოვიდა, ეს მთელი ცხოვრება დამამახსოვრდება. ცოტა საწყენია სკოლას რომ ამთავრებ და მიდიხარ იქიდან, ამას ახლავს ღელვა, მაგრამ მეორე მხრივ, კარგია, რომ ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება, რომელიც მნიშვნელოვანია ადამიანისთვის.

vajasfoto-1716228147.jpg

- მეხუთე კლასიდან მარტო ყოფილხარ კლასში, როგორი იყო ეს წლები შენთვის?

- დიახ, თავიდან კლას-კომპლექტი იყო. მეხუთე კლასიდან კი უკვე მარტო ვიყავი კლასში. სასწავლო პროცესი ჩვეულებრივად მიმდინარეობდა, განსხვავება მხოლოდ ის იყო, რომ მე მარტო ვიყავი გაკვეთილზე და სხვა სკოლებში ბევრნი იყვნენ კლასში. მე შეჩვეული ვიყავი კიდეც ასე ყოფნას და მომწონდა. ასე დასრულდა მე-12 კლასი.

ძალიან კარგი მასწავლებლები მყავს. უმაღლესში ჩაბარებას არ ვაპირებდი და ამიტომ ყველა საგანს შეძლებისდაგვარად ვსწავლობდი, განსაკუთრებით მიყვარდა გეოგრაფია.

- როგორც გავიგე, სკოლის დამთავრებამდე მართვის მოწმობაც აგიღიათ.

- დიახ, მანქანის მართვა ბიძამ მასწავლა. ბიძაჩემის მანქანაზე ვისწავლე ტარება, მერე მეც ვიყიდე მანქანა და იმაზე გავაუმჯობესე, ასე ჩავაბარე გამოცდები და ავიღე მართვის მოწმობა სკოლის დამთავრებამდე. ახლა მინდა პროფესიას დავეუფლო, ვფიქრობ, მანქანის ხელოსნობა შევისწავლო, ან სხვა რომელიმე გამოსადეგი პროფესია. ზუსტად რა გზას ავირჩევ, ამაში ჩამოვყალიბდები. ის ვიცი, რომ უმაღლესში ჩაბარება არ მინდა. მირჩევნია, სპეციალობა მქონდეს.

18 წლის ვხდები 4 ივნისს და შემოდგომაზე სავალდებულო სამხედრო სამსახურში ყოფნა მომიწევს, ვფიქრობ, ჯერ ჯარში წავალ და ამის შემდეგ დავეუფლები პროფესიას.

- ვაჟა, გვიამბე შენს ოჯახზე.

- 4 დედმამიშვილი ვართ. ყველაზე უფროსი მე ვარ, სამი და მყავს. კარგი და-ძმობა გვაქვს. ჩემი გაცილების ზეიმში ისინიც აქტიურად იყვნენ ჩართულები, ცეკვავდნენ, რადგან ამავე სკოლის მოსწავლეები არიან. მართლა ლამაზი დღე იყო.

- რადგან მარტო იყავი კლასში, ხომ არ გიფიქრია სხვა სკოლაში გადასულიყავი?

- სხვა სკოლაში გადასვლა არ მიფიქრია, რადგან აქ ყველა მასწავლებელთან კარგი ურთიერთობა მქონდა. თუ სწავლა გინდა ადამიანს, როცა კლასში მარტო ხარ, უკეთესად ისწავლი კიდეც, რადგან ინდივიდუალურად გიხსნიან ყველაფერს. სკოლაში დილით მე და ჩემი დები სკოლის მანქანით მივდიოდით ხოლმე. კარგი წლები გავატარე ამ სკოლაში და მადლობა ჩემს პედაგოგებს, რომლებიც ძალიან მიყვარს.

- სოფელში არიან შენი თანატოლები, ვისთანაც ერთობი ხოლმე?

- სამწუხაროდ, სოფელი დაცლილია, ყველა ქალაქშია წასული და აქ არავინაა. სოფელშიც მარტო მე ვარ ბიჭი, გოგოც არ არის. მეზობელ სოფელშიც ერთი ბიჭია, დაახლოებით ჩემი ასაკის. ის ჯერ კიდევ სკოლაში დადის და მალე დაამთავრებს. თანატოლი, ვისთანაც შეგიძლია ითამაშო, გაერთო, ასეთი არ არის. ჩემზე უფროსებთან ვერთობოდი ადრე, მათ სკოლა დაამთავრეს და ისინიც სასწავლებლად წავიდნენ. ახლა უმცროსებთან მაქვს ურთიერთობა. ჩემს სახლთან ახლოს, გარდა ჩემი დედმამიშვილებისა, სხვა ბავშვები არ არიან. სახლში ძირითადად, ტელეფონით თუ გაერთობი, სხვა გასართობი არ არის. ადრე, ბავშვობაში, როცა ერთი, ორი ბავშვი იყო, სულ ვთამაშობდით ხოლმე. ახლა ისინიც აღარ არიან სოფელში. ადრეულ წლებში ზაფხულში მაინც ჩამოდიოდნენ დასასვენებლად, ახლაც ჩამოდიან, მაგრამ არა იმ რაოდენობით, რაც ადრეულ წლებში იყო. სამწუხაროდ, დაცლილია სოფელი. ჩვენ სახლში ოთხნი ვართ. სოფელში ძირითადად, მესაქონლეობაა. ოჯახს საოჯახო საქმეებში ვეხმარებით და ასე გადის დრო.

- სამომავლოდ დარჩები ლაშეში?

- სოფლიდან ისე წასვლას არ ვაპირებ, როგორც სხვებმა გააკეთეს. მიდიან და აღარ ბრუნდებიან. როგორც გითხარით, ზაფხულობითაც აღარ არის ისეთი ჟრიამული, რაც ადრე იყო.

- სკოლის დამთავრებას ბანკეტით აღნიშნავ? რადგან მარტო ხარ, ხომ არ შემოგთავაზათ რომელიმე ახლო სკოლამ ბანკეტი რომ მათთან ერთად აღნიშნო?

- ბანკეტი არ მექნება, მარტო რა ბანკეტი უნდა მქონდეს. სხვა სოფლის ბავშვებისგან ასეთი შემოთავაზება არ ყოფილა. დღევანდელი დღე მართლაც ძალიან ლამაზი იყო, კარგად ვიმხიარულეთ, კარგი ზეიმი მომიწყვეს. ძალიან კმაყოფილი ვარ.

- შენს მაისურზე წარწერები ალბათ მასწავლებლებმა გააკეთეს...

- ჩემს მაისურზე, რომელიც ბოლო ზარზე მეცვა მასწავლებლების წარწერები დარჩება. ჩვენი სკოლის სხვა კლასელებმაც გამიკეთეს წარწერები და გამილამაზეს ეს დღე. ბევრჯერ მიფიქრია იმაზე, რა ხდება სხვა სკოლებში, სადაც ბევრი ბავშვია კლასში, ბანკეტიც კარგი ექნებათ და უფრო კარგად გაერთობიან ალბათ. მაინც მოსაწყენია, როცა მარტო ხარ კლასში. ადრე, კიკბოქსინგზე დავდიოდი, მაგრამ მერე ვარჯიში მივატოვე.

ჩემს ყველა თანატოლს ვულოცავ სკოლის დამთავრებას და ვუსურვებ წარმატებას.

vajaaaa-1716228175.jpg

ჩვენ ასევე გავესაუბრეთ სკოლის დირექტორს ქალბატონ ნათელა (ნანა) აბესაძეს:

- ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშის წმინდა მღვდელმოწამე სიმონ მჭედლიძის სახელობის საჯარო სკოლა უძველესი, 105 წლის წინ აუშენებია სიმონ მჭედლიძეს, დიდ სასულიერო პირს - მღვდელი გახლდათ, რომელიც სამწუხაროდ, დახვრიტეს და წმინდანად არის შერაცხილი. სწორედ ამ დიდი ადამიანის სახელს ატარებს ჩვენი სკოლა. ნანა მჭედლიძის ბაბუა იყო. ძალიან ცნობილი და საინტერესო პირები არიან მისი შთამომავლები, რომლებიც ჩამოდიან ხოლმე ჩვენს სოფელში და მათი წინაპრის სახელობის სკოლას დიდ ყურადღებას აქცევენ. შემოწირულებას აკეთებენ. ძალიან კარგი ბიბლიოთეკა გვაქვს და ყველა პირობაა შექმნილი იმისათვის, რომ მოსწავლემ კარგი განათლება მიიღოს. როგორც სხვა სკოლებში, ჩვენთანაც დაირეკა ბოლო ზარი იმ ერთადერთი მოსწავლისთვის, რომელმაც სკოლა დაამთავრა. მართალია, თანაკლასელები არ ჰყავდა ვაჟას, მაგრამ სხვა კლასის მოსწავლეებმა ისეთი გაცილება მოუწყვეს, როგორც საჯარო სკოლებში ჩატარდა. რესურსცენტრიდანაც იყვნენ და ბევრი სტუმარი გვყავდა, გზა დავულოცეთ მას. ისეთი ჟრიამული იყო, როგორც ეს იქნებოდა იმ კლასში, სადაც 20-25 მოსწავლეა. კარგი გარემო დახვდა ესთეტიკური თვალსაზრისითაც და ძალიან კმაყოფილი იყო. ჩვენთან კლასკომპლექტებია, მეოთხე კლასამდე პირველი და მესამე კლასი ერთადაა გაკვეთილზე, მეორე და მეოთხე კლასი ერთად, ხოლო მეხუთე კლასიდან უკვე მარტო უტარდებათ გაკვეთილები. ჩვეულებრივ მიდის სასწავლო პროცესი. ზოგს უნდა უმაღლესში სწავლის გაგრძელება, ზოგს პროფესიის დაუფლება სურს და თავად იღებენ გადაწყვეტილებას. ვაჟა კვინიკაძეს უნდა ხელობას დაეუფლოს, მართვის მოწმობა უკვე აიღო და მივესალმებით მის არჩევანს.

- სულ რამდენი მოსწავლე გყავთ?

- ამჟამად გვყავს 20 მოსწავლე. შემოსავლიანი რაიონი არ არის და ამიტომ, სოფლიდან გასულია მოსახლეობა, მიგრაციაა. აქ არის ძირითადად, მესაქონლეობა და მევენახეობა. ქალაქში წავიდნენ და ეს არის პრობლემა. ორი წლის წინაც ანალოგიურად იყო, ერთმა მოსწავლემ, სალომე კვირიკაშვილმა დაამთავრა წარჩინებით სკოლა ისე, რომ არც კერძო რეპეტიტორებთან უვლია, იმავე წელს, სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარა ქუთაისში, ფილოლოგიის ფაკულტეტზე, სრული დაფინანსებით. შარშან 4 მოსწავლე გვყავდა, ორი მოეწყო უმაღლეს სასწავლებელში, ორი ჯარში წავიდა. ყველანაირი პირობებია სწავლისთვის შექმნილი.

სკოლაში სულ 15 მასწავლებელია, ყველა სერთიფიცირებული. აქედან 6 წამყვანი მასწავლებელია დანარჩენი - უფროსი მასწავლებელი. ბავშვები კარგად სწავლობენ და მომზადებაც არ სჭირდებათ.

ერთ მოსწავლესაც ისევე უტარდება გაკვეთილი, როგორც 20 მოსწავლეს, მადლობა, რომ სოფლის სკოლების აღორძინება ხდება და ერთ მოსწავლეზე კლასია გახსნილი. ეს მთავრობის თანადგომაა.

ვაჟას დედმამიშვილი სწავლობენ ჩვენს სკოლაში, მისი დედაც ჩვენს სკოლაშია დასაქმებული. ვაჟას დები წარჩინებული მოსწავლეები არიან და უმაღლესში სურთ სწავლის გაგრძელება, ერთი მეცხრე კლასშია, მეორე მეშვიდეში და პატარა პირველი კლასის მოსწავლეა. მშრომელი ოჯახია, ბავშვები კი ძალიან მონდომებული და გამორჩეულები არიან.

მინდა ვაჟას და ყველა მოსწავლეს მივულოცო სკოლის დამთავრება და ვუსურვო წარმატებებით სავსე მომავალი.

(სპეციალურად საიტისთვის)