„ირანელებო, რაქბარი გიცავთ!“ - რა ელოდება ირანს პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ?! - კვირის პალიტრა

„ირანელებო, რაქბარი გიცავთ!“ - რა ელოდება ირანს პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ?!

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია „ბიბისი“ (BBC) თავის ვებგვერდზე აქვეყნებს სტატიას სათაურით - „რა ელოდება ირანს პრეზიდენტ იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ?“ (ავტორი - ლიზ დიუსეტი, მთავარი საერთაშორისო კორესპონდენტი), რომელშიც განხილული-გაანალიზებულია საკითხი - როგორ აისახება პრეზიდენტის დაღუპვა ირანის პოლიტიკურ სისტემაზე?

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

ირანის პრეზიდენტი იბრაჰიმ რაისი ახლოს იყო ირანის ხელისუფლების მწვერვალთან და ბევრი თვლიდა, რომ იგი ყველაზე მაღალ თანამდებობას დაიკავებდა... მაგრამ ბედმა სულ სხვაგვარად განსაჯა.

ირანის პრეზიდენტის დაღუპვამ ჯვარი დაუსვა ყველა იმ სპეკულაციას, შეცვლიდა თუ არა იგი რაქბარს - ქვეყნის უზენაეს ლიდერს, 85 წლის აიათოლა ალი ხამენეის, რომლის ჯანმრთელობის არცთუ კარგი მდგომარეობა ბოლო წლებში ყურადღებას იპყრობდა.

ახლავე შეიძლება ითქვას, რომ იბრაჰიმ რაისის ტრაგიკული ბედი, რომელიც ქვეყანას საკმაოდ მკაცრად მართავდა, ირანის პოლიტიკის მიმართულებას ვერ შეცვლის და ისლამურ რესპუბლიკას არსებითი სახით ვერ შეარყევს. თუმცა მისი დაღუპვა ერთგვარი გამოცდა იქნება სისტემისათვის, რომელშიც მკაცრი ხაზის მომხრეები დომინირებენ, თანაც - ძალაუფლების ყველა განშტოებაში: როგორც არჩევითში, ისე - დანიშვნითში.

„პრეზიდენტის სიკვდილს სისტემა მასშტაბურ შოუდ გადააქცევს, კონსტიტუციური პროცედურების თანხლებით, რათა თავისი ფუნქციობის დემონსტრირება მოახდინოს და ეს გაგრძელდება მანამ, სანამ ახალი ლიდერი გამოჩნდება, რომელიც, თავის მხრივ, შეინარჩუნებს კონსერვატორთა ერთიანობას და ალი ხამენეისადმი ლოიალობას“, - აღნიშნავს სანემ ვაქილი, ბრიტანული „ჩეთემ ჰაუსის“ (Chatham House) ანალიტიკური ცენტრის პროგრამების დირექტორი.

იბრაჰიმ რაისის მოწინააღმდეგეები მიესალმებიან ყოფილი გენერალური პროკურორის წასვლას იმქვეყნად, რომელსაც ბრალს სდებდნენ 1980-იან წლებში, პოლიტპატიმრებისთვის მასობრივი სასჯელების გამოტანაში (თუმცა იგი ამ ბრალდებას უარყოფდა). პრეზიდენტის არაკეთილმოსურნეებს იმედი ექნებათ, რომ იბრაჰიმ რაისის მმართველობის დასასრული რეჟიმის დასასრულსაც დააჩქარებს.

ირანის მმართველი კონსერვატორებისათვის პრეზიდენტის სახელმწიფო დაკრძალვა ემოციებით სავსე მოვლენა იქნება. ეს იქნება, აგრეთვე, შესაძლებლობა მემკვიდრეობის საკითხის გასარკვევად.

„პოსტი ცარიელი არ უნდა დარჩეს“

კიდევ ერთი, კრიტიკულად მნიშვნელოვანი თანამდებობა, რომელიც იბრაჰიმ რაისის ეკავა და რომელიც თავისუფალი არ უნდა დარჩეს - ადგილი ექსპერტთა საბჭოში ანუ იმ ორგანოში, რომელიც უფლებამოსილია უზენაესი ლიდერის არჩევაში. ირანისათვის ლიდერის არჩევა უფრო მნიშვნელოვანი საკითხია, ვიდრე - პრეზიდენტის სიკვდილი.

„იბრაჰიმ რაისი პოტენციურ მემკვიდრეს წარმოადგენდა - იმიტომ, რომ იგი სხვებთან შედარებით ახალგაზრდა იყო, ისევე, როგორც თვითონ ალი ხამენეი, როცა უზენაესი ლიდერი გახდა. იბრაჰიმ რაისი ძალიან ლოიალური იყო - ერთგვარი იდეოლოგი, რომელიც რეჟიმის ერთგულებას გამოხატავდა“, - ამბობს სანემ ვაქილი, რომელიც ხაზს უსვამს უზენაესი ლიდერის არჩევის გაუმჭვირვალობას და დახურულ ხასიათს. სხვათა შორის, არჩევნებში, როგორც ჩანს, ერთ-ერთი კანდიდატი რაქბარის პოსტზე აიათოლა ალი ხამენეის შვილი მოჯთაბუ ხამენეი იქნება.

„ირანელებო, იყავით მშვიდად. რაქბარი გიცავთ“

ჯერ კიდევ მანამდე, სანამ პრეზიდენტის სიკვდილი დადასტურდებოდა, რაქბარმა ალი ხამენეიმ „იქს-პლატფორმაზე“ (ყოფილ ტვიტერში) დაწერა: „დაე, ნუ შეშფოთდება ირანელი ხალხი, ქვეყნის მმართველობაში არავითარი შეფერხება არ იქნება“. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ამოცანა იქნება ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც 50 დღის განმავლობაში უნდა განხორცელდეს. ჯერჯერობით ხელისუფლება დროებით გადავიდა ვიცეპრეზიდენტ მოჰამედ მოხბერის ხელში (ბოლო მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნები 28 ივნისს ჩატარდება).

პრეზიდენტის ვადამდელი არჩევნები, ალბათ, ამომრჩეველთა მონაწილეობის დაბალი დონით ჩატარდება. წინა არჩევნებიც იგივენაირი იყო და, როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ხელისუფლებისათვის აუცილებელია, რომ ამომრჩევლები საარჩევნო ურნასთან დაბრუნდნენ. „თუმცა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ამის არავითარი ნიშნები არ არის“, - ამბობს მოჰამედ ალი შებენი, ლონდონში მოქმედი ირანული ვებგვერდის - Amwaj.media-ს რედაქტორი.

მართლაცდა, თვითონ იბრაჰიმ რაისის თანამზრახველებშიც კი არავინ ჩანს მემკვიდრის როლის შემსრულებელი აშკარა კანდიდატი.

„კონსერვატიული ჯგუფის შიგნით არსებობს სხვადასხვა ბანაკი, რომელთა წევრები მკაცრ ხაზს ემხრობიან და არიან სხვები, რომლებიც თავიანთ თავს პრაგმატიკოსებს უწოდებენ“, - აღნიშნავს ჰამიდრეზა აზიზი, ბერლინის ანალიტიკური ცენტრის - SWP-ის მეცნიერი-თანამშრომელი

პრეზიდენტის შეზღუდული ძალაუფლება

ექსპერტი თვლის, რომ ვინც უნდა მიიზომოს საკუთარ თავზე იბრაჰიმ რაისის მანტია, ის მემკვიდრეობად ხელისუფლების შეზღუდულ ბერკეტებს მიიღებს. ეს იმიტომ, რომ პრეზიდენტის უფლებები ირანში მაინცდამაინც ფართო არ არის - უმაღლესი უფლებამოსილება ისლამურ რესპუბლიკაში უზენაეს ლიდერს - რაქბარს აქვს.

ირანის საგარეო პოლიტიკა, განსაკუთრებით - რეგიონში, „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ პრეროგატივას წარმოდგენს. „რევოლუციის გუშაგებს“ ირანში ძალიან ფართო უფლებამოსილება აქვთ.

სხვათა შორის, როცა ირანს ურთიერთობები დაეძაბა თავის დაუძინებელ მტერთან - ისრაელთან, ღაზას სექტორში მიმდინარე ომის გამო, ეს საკითხი პრეზიდენტის დონეზე კი არ წყდებოდა, არამედ - რევოლუციის გუშაგთა კორპუსში.

პრეზიდენტის თანამდებობაზე ყოფნისას იბრაჰიმ რაისი ქვეყნის ყოველდღიური საქმეებით იყო დაკავებული, ირანელები კი ამ დროს ცდილობდნენ თავიანთი ფინანსური პრობლემების მოგვარებას, რომელიც სულ უფრო მრავლდება და უკავშირდება როგორც საერთაშორისო სანქციებს, ასევე - უყაირათობასა და კორუფციას.

ინფლაცია ბოლო წლებში 40%-ით და მეტად გაიზარდა, ხოლო ირანული ვალუტის - რიალის კურსი მკვეთრად არის დაცემული.

ქალების გასაგონად: „ჰიჯაბი, თავსაფარი და უმანკოების დაცვა“

იბრაჰიმ რაისის მმართველობის დროს ირანი პროტესტების უჩვეულო ტალღამ შეარყია, რომელიც 2022 წლის სექტემბერში ახალგაზრდა ქალის - 22 წლის მახსი ამინის საპყრობილეში სიკვდილმა გამოიწვია: იგი ზნეობის პოლიციამ დააკავა, თითქოსდა ირანული მორალის დრესკოდის დარღვევის გამო და ციხის ზედამხედველებს ცემის დროს შემოაკვდათ.

უწესრიგობების დაწყებამდე რამდენიმე კვირით ადრე იბრაჰიმ რაისიმ ბრძანება გამოსცა ირანის კანონის - „ჰიჯაბისა და უმანკოების შესახებ“ გამკაცრების თაობაზე, რომელიც ყველა ირანელ ქალს ავალდებულებს, მოკრძალებით მოიქცეს და ჩაიცვას, მათ შორის - ატაროს თავსაფარი.

საპროტესტო აქციებზე, რომლებსაც ირანელი ქალების ახალგაზრდა თაობა ხელმძღვანელობდა, გაკრიტიკებული იქნა ქვეყნის პოლიტიკური და თეოკრატიული მმართველობის სისტემა. ქალები მთელი რიგი შეზღუდვების წინააღმდეგ გამოვიდნენ. როგორია პროტესტის შედეგები? როგორც უფლებადამცველები ამბობენ, რეპრესიებს ასობით ქალი ემსხვერპლა, ათასობით კი დაპატიმრებული იქნა.

„დაბალი ლეგიტიმურობის მქონე პრეზიდენტი“

„იბრაჰიმ რაისი ირანის ისტორიაში ამომრჩეველთა ყველაზე დაბალი დონის აქტიურობით იქნა არჩეული. მას არ ჰქონდა ისეთი მაღალი და მტკიცე ლეგიტიმური მანდატი, როგორც მის წინამორბედ ჰასან რუხანს ჰქონდა“, - ამბობს ალი შაბანი, რომელსაც მხედველობაში აქვს ჰასან რუხანის ავტორიტეტი და პოპულარობა, როგორც ირანის შიგნით, ისე - მის გარეთ, როცა 2015 წელს ე. წ. ბირთვული გარიგება დაიდო (რომელიც დონალდ ტრამპმა დაარღვია ცალმხრივად).

ვერტმფრენის კატასტროფამ იმსხვერპლა, აგრეთვე, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჰუსეინ ამირ-აბდოლახიანიც, რომელიც აქტიურ როლს ასრულებდა თეირანის იმიჯის გაუმჯობესებაში და ცდილობდა, სანქციების მოქმედება შეემსუბუქებინა. თუმცა, როგორც დამკვირვებლები ამბობენ, მისი მოქმედება მაინც შეზღუდული იყო, რადგან მინისტრს ძალაუფლება არ ჰქონდა.

„ირანი იბრაჰიმ რაისის გარეშე: ცხოვრება გრძელდება“

„პრეზიდენტის მოულოდნელი სიკვდილი ჩვეულებრივ მნიშვნელოვან მოვლენად ითვლება, მაგრამ იმის მიუხედავად, რომ იბრაჰიმ რაისს პოტენციურ უზენაეს ლიდერად განიხილავდნენ, მას არ ჰქონდა არც მკაფიო პოლიტიკური ხედვა და არც მხარდაჭერა მოსახლეობაში“, - ამბობს ესფანდიარ ბაგმანჰელიჯი, სინგაპურის ანალიტიკური ცენტრის - Bourse and Bazaar-ის გენერალური დირექტორი, - "მაგრამ ის პოლიტიკური ოპერატორები, ვისი წყალობითაც იგი იქნა პრეზიდენტად არჩეული, სიტუაციას შეეგუებიან და საქმიანობას მის გარეშე გააგრძელებენ“, - თვლის ექსპერტი.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო