V.I.P-დან R.I.P-მდე - 19 პრეზიდენტი, რომლებიც ავიაკატასტროფას შეეწირნენ - კვირის პალიტრა

V.I.P-დან R.I.P-მდე - 19 პრეზიდენტი, რომლებიც ავიაკატასტროფას შეეწირნენ

სახელმწიფოს მეთაურებს ყოველთვის განსაკუთრებით იცავენ ცაში, ხმელეთზე თუ ზღვაში. თუმცა კატასტროფებისგან დაზღვეული არც ისინი არიან. ეს დადასტურდა 19 მაისს, როდესაც ავიაკატასტროფაში ირანის პრეზიდენტი დაიღუპა. მანამდე მისი ბედი არაერთი სახელმწიფოს ლიდერმა გაიზიარა.

1940 წლის 7 სექტემბერს - დაიღუპა პარაგვაის პრეზიდენტი ხოსე ფელიქს ესტიგარიბი ცოლთან და პილოტთან ერთად, ფრანგული წარმოების თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად;

1943 წლის 4 ივლისს - პოლონეთის ემიგრანტული მთავრობის პრემიერ-მინისტრი ვლადისლავ სიკორსკი, ამერიკული ბომბდამშენის ავარიის შედეგად, გიბრალტართან ახლოს (მიზეზი უცნობია, თუმცა არის ეჭვი, რომ სსრკ-ის საბოტაჟის გამო);

1957 წლის 17 მარტს - ფილიპინების პრეზიდენტი რამონ დელ ფერო მაქსაისაი, ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად. დაიღუპა აგრეთვე ბორტზე მყოფი 26 ადამიანი, გადარჩა ერთი - ადგილობრივი გაზეთის ჟურნალისტი;

1959 წლის 29 მარტს - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ბართელენი ბოგანდა, რომელიც ფრანგული წარმოების თვითმფრინავით ქვეყნის ერთ-ერთ რეგიონში მიფრინავდა;

1961 წლის 18 სექტემბერს - გაეროს გენერალური მდივანი დაგ ჰამერშელდი, კონგოში, სადაც იგი ამბოხებულთა ლიდერს უნდა შეხვედროდა მოსალაპარაკებლად. გაეროს გენმდივანს ნობელის მშვიდობის პრემია მიენიჭა სიკვდილის შემდეგ. არის ვერსია, რომ თვითმფრინავის პილოტი შეცდა;

1966 წლის 13 აპრილს - ერაყის პრეზიდენტი აბდულ სალამ არეფი, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, ვერტმფრენის ავარიის შედეგად;

1969 წლის 27 აპრილს - ბოლივიის პრეზიდენტი რენე ბარენტოსი, რომელიც ვერტმფრებით ქვეყნის ტერიტორიაზე მოქმედ ამბოხებულებთან მოსალაპარაკებლად მიფრინავდა. ვერტმფრენი ტელეფონ-ტელეგრაფის მავთულებს გამოედო და და ჩამოვარდა. სხვათა შორის, ამბოხებულებთან ერთად იბრძოდა კუბელი რევოლუციონერი ერნესტო ჩე გევარაც.

1977 წლის 18 იანვარს - იუგოსლავიის პრემიერ-მინისტრი ჯამალ ბიედიჩი, თვითმფრინავის მთასთან შეჯახების შედეგად, სარაევოსთან ახლოს. მიზეზი - პილოტის შეცდომა;

1980 წლის 4 დეკემბერს - პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ფრანსიშკუ სა-კარნეირუ, რომელიც პორტუდან ლისაბონში ორძრავიანი „სესნა-421“-ით მიფრინავდა. თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ აგრეთვე პრემიერის ფაქტიური მეუღლე, თავდაცვის მინისტრი ცოლითურთ და მფრინავები;

1981 წლის 24 მაისს - ეკვადორის პრეზიდენტი ხაიმე როლდოს აგილერა, რომლის თვითმფრინავი პერუს საზღვართან მთას შეეჯახა. მიზეზი - მფრინავის შეცდომა, თუმცა იყო ვერსიები, რომ ავიაკატასტროფა აშშ-ის ცენტრალურმა სადაზვერვო სააგენტომ მოაწყო;

1981 წლის 2 აგვისტოს - პანამის პრეზიდენტი, დიქტატორი ომარ ტორიხოსი. მისი თვითმფრინავიც მთას შეეჯახა. მიზეზად პილოტის შეცდომა იქნა დასახელებული, თუმცა ეჭვებით - აშშ-ის დაზვერვის ნახელავიაო;

1986 წლის 19 ოქტომბერს - მოზამბიკის პრეზიდენტი სამორა მაშელი. იგი დელეგაციასთან ერთად მეზობელ ზამბიაში ვიზიტის შემდეგ, სამშობლოში ბრუნდებოდა. თვითმფრინავი „ტუ-134“, საბჭოთა ეკიპაჟით, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე გადაფრინდა და მთას შეეჯახა. დაიღუპა 44 ადამიანი. ავარიის მიზეზად მფრინავების შეცდომა დასახელდა, თუმცა, ზოგიერთი ვერსიით, ტრაგიკული ფაქტი განაპირობა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის აპარტეიდული რეჟიმის მეთაურის პიტერ ბოტას გადაწყვეტილებამ: მან ნება დართო სპეცსამსახურს ყალბი რადიოშუქურის მონტაჟზე, რომლის შედეგად თვითმფრინავმა კურსი შეიცვალა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე დრაკონის მთებში აღმოჩნდა...

1987 წლის 1 ივნისს - ლიბანის პრეზიდენტი კარამელ რაშიდი, რომელიც ვერტმფრენის ბორტზე დამონტაჟებული ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა;

1988 წლის 17 აგვისტოს - პაკისტანის პრეზიდენტი მუჰამედ ზია-ულ-ხაკი, რომელიც ლაჰორიდან ისლამაბადში მიფრინავდა. ამერიკული „ჰერკულესის“ ბორტზე მომხდარი ტერაქტის შედეგად 37 ადამიანი დაიღუპა;

1994 წლის 6 აპრილს - ორი პრეზიდენტი ერთად - რუანდის ლიდერი იუვენალ ჰაბიარამანა და მისი ბურუნდელი კოლეგა სიპრიენ ტარიამირა. თვითმფრინავი საზენიტო რაკეტით იქნა ჩამოგდებული, პრეზიდენტებთან ერთად 12 ადამიანიც დაიღუპა. ავიაკატასტროფამ გამოიწვია თუთსის ტომის გენოციდის დაწყება რუანდაში;

2004 წლის 26 თებერვალს - მაკედონიის პრეზიდენტი ბორის ტრაიანოვსკი. მისი თვითმფრინავი ბოსნიის ქალაქ მოსტართან ახლოს ჩამოვარდა, სადაც მას კონფერენციაში უნდა მიეღო მონაწილეობა. ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი დაიღუპა. მიზეზი - პილოტების შეცდომა;

2010 წლის 10 აპრილს - პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, თვითმფრინავ „ტუ-154“-ის ჩამოვარდნის შედეგად სმოლენსკის (რუსეთი) აეროდრომთან ახლოს. დაიღუპა ყველა მგზავრი - 96 ადამიანი. მიზეზი - მფრინავების შეცდომა და ცუდი ხილვადობა. პოლონური მხარე ბრალს რუს დისპეტჩერებს აკისრებდა, მოსკოვი კი უარყოფდა. ავარიის განმეორებითი გამოძიება ბოლო დრომდე მიმდინარეობდა, თუმცა რამდენიმე თვის წინ, მმართველი პარტიის „კანონისა და სამართლიანობის“ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, ხელისუფლებაში მოსულმა დონალდ ტუსკის მთავრობა საგამოძიებო კომისია გააუქმა.

წყარო