სტალინის წერილი, რომელმაც ერთი ქვეყნის ბედი შეცვალა - როგორ აკომპლექტებდა საბჭოთა კავშირი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობას თავისი აგენტებით - კვირის პალიტრა

სტალინის წერილი, რომელმაც ერთი ქვეყნის ბედი შეცვალა - როგორ აკომპლექტებდა საბჭოთა კავშირი მეზობელი ქვეყნის ხელმძღვანელობას თავისი აგენტებით

ჯერ საბჭოთა, შემდეგ კი მისი სამართალმემკვიდრე და „ბოროტ საქმეთა გამგრძელებელი“ – რუსეთის ხელისუფლება, პროპაგანდისტულ რესურსებს არ იშურებდა ე.წ. „ფინური გზისა“ და „ფინური ნეიტრალიტეტის“ რეკლამირებისთვის. ფინელები ჩუმად იყვნენ: განა სათქმელი არ ჰქონდათ, თუმცა „ჩათრევას ჩაყოლას“ ამჯობინებდნენ. ისინი ჩვეული სიდინჯითა და შრომისმოყვარეობით აშენებდნენ წარმატებულ ქვეყანას, თან თვალი აღმოსავლეთისკენ ეჭირათ: ცბიერი და არასანდო მეზობლისგან ხიფათი მუდმივად იყო მოსალოდნელი. განსაკუთრებული „ფინური გზა“ და „ნეიტრალიტეტი“, რომელსაც დღეს ზოგიერთი ქართველი პოლიტიკოსი ჩვენთვის სამაგალითოდ სახავს, საბჭოთა/რუსეთის იმპერიის მიერ იძულებით თავსმოხვეული საგარეო–პოლიტიკური კურსი იყო. ეს ყველას უნდა ახსოვდეს.

ფინეთი მთელი „ცივი ომის“ განმავლობაში საბჭოთა კავშირის ინტერესების სფეროში შედიოდა და მისი საგარეო და საშინაო პოლიტიკა საბჭოთა კავშირისადმი შიშით იყო განპირობებული.

2022 წლის 24 თებერვალს ფინელები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ, რომ „კრემლთან“ გაფორმებული არც ერთი ხელშეკრულება თუ შეთანხმება არაა გარანტია იმისა, რომ დიქტატორი პუტინი, რაიმე პროვოკაციულ მიზეზს ამოფარებული, კვლავ არ შეუტევდა ფინეთს. ამიტომაც მათ თავი „ნატოს ქოლგას“ შეაფარეს! მანამდე კი იყო საბჭოთა/რუსული დიქტატის ზუსტად ოთხმოცი წელი.

ჯერ კიდევ შორეულ 1944 წელს დაიწყო „დიდმა დიქტატორმა“ ფინეთის „მორჯულება“: გერმანიის მოკავშირეობის გამო რეპარაციის გადახდა დაუწესა ფინელებს. 1944-52 წლების მანძილზე ფინეთმა საბჭოთა კავშირს უფასოდ მიაწოდა 226 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი: გემები, სხვადასხვა ძრავები, ლოკომოტივები, სპილენძის კაბელი, მანქანა-დანადგარები და სხვადასხვა სამრეწველო აღჭურვილობა.

picture4-1716273284.jpg

მის „ღვაწლს“ დღესაც ვიმკით. . . .

1944 წლის 15 სექტემბერს სტალინმა ფინეთს გერმანიის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების დაწყება მოსთხოვა და ფინელებიც იძულებულნი გახდნენ გერმანიისთვის ომი გამოეცხადებინათ, თუმცა არც ამან უშველა: მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ფინეთის ტერიტორიის დაახლოებით 10% საბჭოთა იმპერიამ მიისაკუთრა. 100 ათასზე მეტი ფინელი ლტოლვილი გახდა. ხომ ნაცნობი სურათია?

თუმცა სტალინი ამით არ დაკმაყოფილდა: მას ფინეთის საგარეო და სამხედრო პოლიტიკაზე ხანგრძლივი დომინანტობა სურდა, თანაც ეს ხანგრძლივვადიანი ხელშეკრულებით უნდა გაფორმებულიყო. 1948 წლის თებერვალში „დიდი ბელადი“ აქტიურ მოქმედებებზე გადავიდა და ოფიციალური წერილი გაუგზავნა ფინეთის პრეზიდენტ პაასიკივის.

ბატონ პაასიკივის

1948 წლის 22 თებერვალი

ბატონო პრეზიდენტო!

მოგეხსენებათ, სსრკ-ს მოსაზღვრე სამი ქვეყნიდან, რომლებიც გერმანიის მხარეს იბრძოდნენ სსრკ-ს წინააღმდეგ, ორმა ქვეყანამ - უნგრეთმა და რუმინეთმა - უკვე გააფორმეს ხელშეკრულება სსრკ-სთან, გერმანიის მხრიდან შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ ურთიერთდახმარების შესახებ.

ასევე ცნობილია, რომ ჩვენმა ორივე ქვეყანამ მძიმედ განიცადა ეს აგრესია და მე და თქვენ ერთად ვიქნებით პასუხისმგებელი ჩვენი ხალხის წინაშე, თუ დავუშვებთ, რომ მსგავსი აგრესია განმეორდება. მიმაჩნია, რომ ფინეთი არანაკლებ დაინტერესებულია სსრკ-სთან ურთიერთდახმარების პაქტის გაფორმებით გერმანიის შესაძლო აგრესიის წინააღმდეგ, ვიდრე რუმინეთი და უნგრეთი.

ამ მოსაზრებების გათვალისწინებით მსურს შევქმნათ პირობები ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების რადიკალურად გაუმჯობესებისთვის მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით. საბჭოთა მთავრობა გთავაზობთ უნგრეთ-საბჭოთა და რუმინეთ-საბჭოთა პაქტის მსგავსი, საბჭოთა-ფინეთის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების პაქტის დადებას.

თუ ფინეთის მხრიდან არანაირი წინააღმდეგობა არ იქნება, მაშინ მე გთავაზობთ ფინეთის დელეგაციის გამოგზავნას სსრკ-ში. თუ უფრო მოსახერხებლად მიგაჩნიათ ფინეთში მოლაპარაკებების წარმოება და პაქტის დადება, მაშინ საბჭოთა მთავრობა მზად არის თავისი დელეგაცია გაგზავნოს ჰელსინკში.

ღრმა პატივისცემით

სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე

ი. სტალინი

კარგად ჩანს, რომ ფარისევლობისა და მანიპულირების „დიდოსტატი“ დიქტატორი აქაც ოსტატურად ხლართავს „ობობის ქსელს“ და მსხვერპლს არჩევანს არ უტოვებს. 1948 წელს, ფაქტიურად მიწასთან გასწორებული გერმანიისგან, რა აგრესია იყო მოსალოდნელი? არანაირი! თუმცა სტალინს უფრო შორსმიმავალი გეგმები ჰქონდა: „ცივი ომის“ სიო უკვე ჰქროდა და მას უნდოდა დაებლოკა ფინეთისა და აშშ–დიდი ბრიტანეთის შესაძლო დაახლოება. ხელშეკრულების პროექტის მიხედვით თუ გერმანია ან მისი მოკავშირე განახორციელებდა აგრესიას სსრკ-ს წინააღმდეგ ფინეთის ტერიტორიის გამოყენებით, ფინეთს უნდა „დაეცვა თავი“ (ანუ ებრძოლა საბჭოთა იმპერიის მტერთან) და საჭიროების შემთხვევაში დახმარებისთვის მიემართა საბჭოთა კავშირისთვის. ანუ ფინეთსა და საბჭოთა კავშირს უკვე ერთი მტერი ჰყავდათ. საინტერესოა ვინ? რა თქმა უნდა აშშ და დიდი ბრიტანეთი! ესეც ხომ ნაცნობი სურათია?

ფინელი პატრიოტები ამ ხელშეკრულების გაფორმების სასტიკი წინააღმდეგნი იყვნენ, თუმცა ფინეთის პარლამენტის ვიცე-თავმჯდომარე ურჰო კეკონენი არ იზიარებდა უარყოფით დამოკიდებულებას ამ ხელშეკრულებისადმი. ის ამტკიცებდა, რომ შეთანხმების დადება არ ეწინააღმდეგება ფინეთის ინტერესებსა და დემოკრატიის პრინციპებსო.

1948 წლის 6 აპრილს საბჭოთა კავშირ-ფინეთს შორის “მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების” ხელშეკრულება გაფორმდა, რამაც საბჭოთა ბატონობის “დე ფაქტო” მდგომარეობა, უკვე “დე იურედ” დაამტკიცა. კრემლის დიდმა დიქტატორმა ფინელი “ტოპ გავლენის აგენტების”: პეკალას, კეკონენის, ლეინოს და სხვების საპატივცემულოდ „შინაურული ვახშამი“ პირდაპირ მოლოტოვის კაბინეტში გამართა და სტუმრებს ქართული ღვინითა და კერძებით გაუმასპინძლდა, თან ჩვეულად, კეთილად ჩაიღიმა და კეკონენს გაეხუმრა: “რას ფიქრობენ ფინელები ამ ხელშეკრულებაზე?”

შექეიფებიანებულმა კეკონენმა დაუფიქრებლად უპასუხა: “ეს ხელშეკრულება კი არა, პაასიკივის დიქტატია!”. სტალინმა პოლიტბიუროს წევრებს გადახედა: “მეც ხომ ამას გეუბნებოდით! ფინელებმა მაინც თავისი გაიტანეს” და ეშმაკურად ჩაიცინა. მან მიზანს მიაღწია.

ამ შეთანხმებით ფინეთმა ფაქტიურად დათმო ქვეყნის სუვერენიტეტის უმნიშვნელოვანესი კომპონენტები: დამოუკიდებელი საგარეო და სამხედრო პოლიტიკის წარმოების უფლება, საბჭოთა იმპერიასთან „კეთილმეზობლური ურთიერთობის“ სანაცვლოდ. ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ თუ ფინეთი „კარგად მოიქცეოდა“ საბჭოთა იმპერია თავს არ დაესხმებოდა. სამაგიეროდ ფინეთი არ უნდა ყოფილიყო არც ერთი სამხედრო ბლოკის წევრი. თუმცა სულ მალევე გაირკვა, რომ სტალინი ფინეთს უკრძალავდა დემოკრატიულ ქვეყნებთან ეკონომიკურ თანამშრომლობასაც. 1948 წელს ფინეთის პრეზიდენტი პაასიკივი იძულებული იყო უარი ეთქვა „მარშალის გეგმის“ ფარგლებში ამერიკის შეერთებული შტატების მიერ შეთავაზებულ დახმარებაზე, რადგანაც ასეთი იყო სტალინის ნება და ასე უნდა ემოქმედათ საბჭოთა გავლენის სფეროში ძალით „შეთრეულ“ ქვეყნებს.

პარალელურად სტალინი ფინეთის საშინაო პოლიტიკურ საქმეებსაც „აგვარებდა“: ფაქტიურად ის ნიშნავდა პრემიერ–მინისტრებსა და მთავრობის წევრებს, აკონტროლებდა საარჩევნო სიებს. ვინც ანტისაბჭოთა შეხედულებებს ავლენდა პოლიტიკური კარიერა მათთვის დამთავრებულინ იყო. ესეც ხომ ნაცნობი სურათია?

ეს არცა გასაკვირი, რადგანაც 1944 წლიდან მოყოლებული საბჭოთა დაზვერვა ფინეთში ისე თავისუფლად გრძნობდა თავს, როგორც “თევზი წყალში” და ეს ქვეყანა “ჩავარდნილი” საბჭოთა აგენტების მოსკოვში გასაქცევ სატრანზიტო დერეფნად იყო ქცეული. მაგალითად 1950 წლის აგვისტოში სწორედ ფინეთის გავლით გაიქცა საბჭოთა კავშირში კა–გე–ბეს ატომური სუპერ– ჯაშუში, ცნობილი იტალიელი ფიზიკოსი და ატომური ბომბის შექმნის ერთ-ერთი თეორეტიკოსი ბრუნო პონტეკორვო (1913–1993). შემდგომ წლებში სტალინური პრემიის ლაურეატი და საბჭოთა აკადემიკოსი.

უჰო პაასიკივი, რომელსაც სტალინი ჯერ კიდევ 1910 –იანი წლებიდან პირადად იცნობდა, და რომელიც 1946 წლის 11 მარტიდან იყო ფინეთის პრეზიდენტი, 1956 წელს ურჰო კეკონენმა შეცვალა. ის რეკორდული პერიოდის, 25 წლის, მანძილზე იყო ფინეთის პრეზიდენტი.

picture3-1716273284.jpg

ურჰო კეკონენი და უჰო პაასიკივი

თუ პაასიკივიმ 1944 წელს დააჩქარა სსრკ-თან მეგობრობის ხელშეკრულების დადება, მისმა მემკვიდრემ კეკონენმა არა მარტო განაგრძო „კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარებისა და განმტკიცების“ პოლიტიკა, არამედ უფრო დაუახლოვდა „კრემლს“, რისთვისაც 1964 წელს, ხელშეკრულების 20 წლისთავზე, დაჯილდოვდა ლენინის ორდენით (!!!).

ფინეთის ხელისუფლების უმაღლესი ჩინოვნიკების საბჭოთა დაზვერვაზე მუშაობა იმდენად გასაიდუმლოებული იყო, რომ თვით პოლიტბიუროს წევრებასაც არ ჰქონდათ ამის შესახებ ინფორმაცია. ამიტომ, როცა 1956 წელს ნიკიტა ხრუშჩოვმა მოსკოვში ვიზიტად მყოფ ფინეთის პრეზიდენტ ურჰო კეკონენს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა და “რუსულ აბანოშიც” კი მიიპატიჟა „ მეგობარი პრეზიდენტი“, საბჭოთა კომუნისტთა ლიდერის კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლის წინაშე გაშიშვლების ფაქტმა იმდენად აღაშფოთა საბჭოთა პოლიტბიუროს წევრები, რომ საგანგებო სხდომაზე ნიკიტას სულ შავი დღე აყარეს. მათ რა იცოდნენ ვინ-ვინ იყო. . .

საბჭოთა კავშირი წარმართავდა ფინეთის არა მარტო საგარეო პოლიტკას, არამედ უხეშად ერეოდა ამ ქვეყნის საშინაო პოლიტიკაშიც. ამის დასანახად ერთი მაგალითიც საკმარისია. 1958 წლის შემოდგომაზე ფინეთის ახალი მთავრობა, პრემიერ მინისტრ ფაგერჰოლმის მეთაურობით, საბჭოთა კავშირმა არ აღიარა(!). მოსკოვის უკმაყოფილება გამოწვეული იყო იმით, რომ მთავრობაში შევიდნენ სოციალ-დემოკრატიული პარტიის მემარჯვენე შეხედულების წევრებიც. ამის საპასუხოდ საბჭოთა კავშირმა გაიწვია თავისი ელჩი ჰელსინკიდან და აიძულა ფინეთის მთავრობა გადამდგარიყო. ხრუშჩოვმა ასე ახსნა ეს ფაქტი: საბჭოთა კავშირი ფინეთის მთავრობაში „მტრულ ფიგურებს“ ხედავდაო. ესეც შენი „ნეიტრალიტეტი“!

პრეზიდენტი კეკონენი თავის გამოსვლებში ხშირად სარგებლობდა საბჭოთა დაზვერვის მიერ მიწოდებული დირექტივებით და ხოტბა-დიდებას არ აკლებდა საბჭოთა კავშირსა და მის ლიდერებს. ფინეთის ხელისუფლება იმდენად ყავდა “ჯიბეში” კა–გე–ბეს, რომ, როდესაც საბჭოთა დაზვერვის “ფილიალი” - ”მშვიდობის მსოფლიო საბჭოს” შტაბ-ბინა 1968 წელს პარიზიდან გამოაძევეს, უმალვე ჰელსინკმა მისცა თავშესაფარი.

picture2-1716273283.jpg

ურჰო და ნიკიტა

საბჭოთა დაზვერვის მთავარი ამოცანა იყო რაც შეიძლება დიდხანს შეენარჩუნებინა კეკონენი ხელისუფლების სათავეში. მის პოლიტიკურ კონკურენტებზე ხორციელდებოდა ძლიერი ზეწოლა და შანტაჟი. სწორედ ამის შედეგად კეკონენმა 25 წელი შეინარჩუნა პრეზიდენტის პოსტი.

ფინელი მაღალჩინოსანი აგენტების ხელმძღვანელობა საბჭოთა დიპლომატებისა და დაზვერვის რეზიდენტებისთვის დაწინაურების და სამთავრობო ჯილდოების გარანტია იყო. ამ “გემრიელი ლუკმის” ხელში ჩასაგდებად ფინეთში საბჭოთა ელჩსა და რეზიდენტს შორის დაპირისპირება ხშირად გამხდარა პოლიტბიუროს სხდომაზე განხილვის საგანი. 1950-იანი წლების ბოლოს ერთ-ერთი მინისტრ-აგენტის ხელმძღვანელობისათვის ელჩ ზახაროვსა და რეზიდენტ ჟენიხოვს შორის დაპირისპირება ლამის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა. ორივენი მოსკოვში, ცკ-ში გამოიძახეს და საყვედური გამოუცხადეს. იგივე განმეორდა ოცი წლის შემდეგ – საბჭოთა ელჩ სობოლევსა და რეიზდენტ ვლადიმიროვს შორის – ამჯერად უკვე კეკონენთან “ექსკლუზიური” კონტაქტებისთვის.

ოცდაათი წლის შემდეგ ვიქტორ ვლადიმიროვმა თავის მოგონებებში დაასახელა 300-მდე ფინეთის მოქალაქე, რომლებიც კა–გე–ბესთან თანამშრომლობდნენ. ბევრ ცნობილ პოლიტიკოსს შორის მოხსენიებულია აგრეთვე ფინეთის ყოფილი პრეზიდენტები კეკონენი და კოივისტო. ფინეთის “საიდუმლო ფრონტზე” კა–გე–ბეს გარდა სამხედრო დაზვერვაც ძალზე აქტიურობდა.

ინგლისის დაზვერვის აგენტის და “შეთავსებით” კა–გე–ბეს პოლკოვნიკ ოლეგ გორდიევსკის მტკიცებით, 1980-იანი წლების ბოლოსთვის ფინეთში “თავდაუზოგავად შრომობდა” კა–გე–ბეს 33 „გავლენის აგენტი“, რომლებიც ამ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებში და მთავრობაში, მაღალ თანამდებობებზე მოღვაწეობდნენ. მათ შორის დასახელებულია ურხო კეკონენი, ფინეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი პაავო ვიაიურიუნენი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი კალევი სორსა. ეს მაღალჩინოსნები საბჭოთა სპეცსამსახურებში მიღებული კლასიფიკაციით განეკუთვნებოდნენ “პირველი ჯგუფის კონტაქტებს” და მათთან ოპერატიული კავშირი განსაკუთრებული სიფრთხილის გამო, მხოლოდ უშუალოდ დაზვერვის რეზიდენტს ჰქონდა.

“სრულიად საიდუმლო”

სტ241/188 გს

16.XII. 1980.

“ მოინახულეთ ფინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე კ. სორსა და ზეპირი ფორმით, სკკპ ცკ-ას სახელით მიულოცეთ დაბადების ორმოცდაათი წლის იუბილე.

უსურვეთ სორსას ჯანმრთელობა . . . აგრთვე სკკპ-სა და პირადად მას შორის დამყარებული ნაყოფიერი კონტაქტების გაგრძელება.

სკკპ ცკ-ას სახელით გადაეცით საჩუქარი.

შესრულება გვიდეპეშეთ”.

ასეთი, სრულიად საიდუმლო დავალება მიიღო 1980 წლის 16 დეკემბერს ფინეთში საბჭოთა კავშირის ელჩმა ვლადიმერ სობოლევმა (1924 -2010 ) და დაუყოვნებლივაც შეასრულა. ისიც უნდა ითქვას, რომ საბჭოთა პოლიტბიურო ელჩის დონეს არ დასჯერდა და დაბადების დღის მისალოცად დამატებით ჰელსინკში პარტიული ფუნქციონერი ლეონიდ ზამიატინიც მიავლინა.

picture1-1716273283.jpg

კალევი სორსა

საინტერესოა ვინ იყო კალევი სორსა, რომლის იუბილეც ასე აღელვებდათ საბჭოთა ლიდერებს? სორსა ოთხჯერ იყო არჩეული ფინეთის პრემიერ-მინისტრის პოსტზე (უკანასკნელად 1982-1987 წლებში), იყო ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ხოლო როდესაც 1980 წლის 21 დეკემბერს მას 50 წელი შუსრულდა, სორსა ევროპაში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური გაერთიანების – სოცინტერნის თანათავმჯდომარე გახლდათ.

“სორსა თანმიმდევრულად ატარებს სსრკ-დმი მეგობრულ პოლიტიკას . . საერთაშორისო არენაზე, უპირველესად კი სოციალისტურ ინტერნაციონალში. სორსა სანდოდ თანამშრომლობს ჩვენთან” – აღნიშნული იყო მეორე სრულიად საიდუმლო დოკუმენტში. ამიტომაც “ზრუნავდნენ” ასე ფინელ პოლიტიკოსზე!

ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი დახარჯა საბჭოთა კავშირმა/რუსეთმა ფინეთში პროსაბჭოთა/პრორუსული პარტიებისა და საზოგადოებრივი გაერთიანებების დასაფინანსებლად და აგენტურული ქსელის შესაქმნელად. მრავალი ათეული წელი გავიდა ფინეთში საბჭოთა დაზვერვის დამკვიდრებიდან, თუმცა ნატოს წევრ ფინეთში დღესაც შიშობენ, რომ საბჭოთა აგენტურა “მემკვიდრეობით” რუსეთის სპეცსამსახურებს ერგოთ და ისინი ფარულად კვლავ მოსკოვისთვის მუშაობენ.

ეს, ერთი შეხედვით შორეული ქვეყნის ისტორია განსაკუთრებით ყურადსაღები უნდა იყოს დღეს ჩვენთვის. როგორც დავინახეთ, საბჭოთა/რუსეთის, სპეცსამსახურების მიერ “გავლენის აგენტების” ოპერატიული დამუშავება და კარიერულ წინსვლაში დახმარება მრავალი წლის ფარული მუშაობის შედეგია. საინტერესოა, ჩვენ როდის შევიტყობთ საქართველოში რუსეთის “გავლენის აგენტების“ ვინაობას?