პირველ ადგილზეა ქურდობა, მეორეზე ნარკოდანაშაული, მესამეზე მუქარა - წლის დანაშაულის სტატისტიკა - კვირის პალიტრა

პირველ ადგილზეა ქურდობა, მეორეზე ნარკოდანაშაული, მესამეზე მუქარა - წლის დანაშაულის სტატისტიკა

2023 წელს პროკურატურამ სისხლისსამართლებრივი დევნა 21 613 პირის მიმართ დაიწყო. გასული წლის განმავლობაში დევნის დაწყების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე (ქურდობა), 260-ე (ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) და 151-ე (მუქარა) მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე დაფიქსირდა.

აღნიშნული მონაცემები ასახულია გენერალური პროკურორის ირაკლი შოთაძის მიერ პარლამენტისთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებელი წლების მიხედვით შემდეგია: 2013 წელი - 18 781; 2014 წელი - 19 298; 2015 წელი - 17 823; 2016 წელი - 16 085; 2017 – 15 789; 2018 – 16 820; 2019 წელი - 19 114; 2020 წელი - 15 625; 2021 – 19 744; 2022 – 22 365; 2023 – 21 613;

რაც შეეხება 2022 წლის მონაცემებს, გენერალური პროკურორის ინფორმაციით, 2022 წელს პირველ ადგილზე იყო “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულზე დაწყებული დევნის მაჩვენებლები, მეორე და მესამე ადგილზე კი 151-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

2019-2021 წლებში კი, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლების მიხედვით, პირველ და მეორე ადგილებზე იყო “სისხლის სამართლის კოდექსის“ 177-ე და 126¹ მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულები.

2023 წელს სისხლისსამართლებრივი დევნა 271 პირის მიმართ შეწყდა.

გენერალური პროკურორის ინფორმაციით, დაზარალებულად ცნობილი იქნა 18 277 პირი. 2023 წელს ყველაზე მეტი პირი სსკ-ის 177-ე, 151-ე და 126/1 მუხლით ჩადენილი დანაშაულის შედეგად დაზარალდა.

"ინტერპრესნიუსი"