როგორ „იძერწება“ ვანში გოდრები გურული ბამბუკისგან - კვირის პალიტრა

როგორ „იძერწება“ ვანში გოდრები გურული ბამბუკისგან

ამჯერად ადგილობრივ რეწვაზე ვისაუბროთ, მოწნულ ნივთებზე, რომლებიც ბამბუკით მზადდება. ამ საქმის ოსტატი კი ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ისრითში მცხოვრები ოთარ პაიკიძეა, რომელიც ბამბუკით საყოფაცხოვრებო ნივთებს ქმნის. მასთან მისულ სტუმრებს მაშინვე თვალში ხვდებათ სახლის აივანზე გამოფენილი ბამბუკით დაწნული გოდრები, კალათები, გიდელები და სხვა.

ნივთების მოსაწნავად, როგორც ბატონი ოთარი ამბობს, საჭიროა 48 დღის ნაზარდი ბამბუკი. ნედლეული ოსტატს გურიიდან ჩამოაქვს, საჭირო ზომებად ანაწევრებს და გრილ ადგილას ორი დღით აყოვნებს. ასე ბამბუკი დრეკადი ხდება და დასამუშავებლად ადვილია. ბატონი ოთარი ვანის მუნიციპალიტეტში ერთადერთია, ვინც მოწნულ ნივთებს ბამბუკისგან ამზადებს.

ოთარ პაიკიძე:

b438cb79-86a2-4cbc-9444-a76edabf5a18-1716297133.jpg

- ჩემს შექმნილ ნივთებზე დიდი მოთხოვნაა. ვყიდი როგორც სახლიდან, ასევე ადგილობრივ ბაზარზე... მეკითხებიან, ეს საქმე როგორ დაიწყეო? სულ თავიდან ტრაქტორისტი ვიყავი, მერე გურიაში ჩაიში დავიწყე მუშაობა, სადაც მომავალი მეუღლე გავიცანი, ცოლად შევირთე და იქვე დავრჩი. ჩაიში მუშაობის პარალელურად (ჩაის ვწონიდი და გამქონდა პუნქტში), ტრაქტორზე 17 წელიწადს ვიმუშავე. მეუღლე, ქეთევან მიქაშავიძე, დამსახურებული მეჩაიეა. მასზე გაზეთები ხშირად წერდნენ.

მოკლედ, ერთ წელსაც გოდორი ვიყიდე. ისეთი ძვირი იყო, მეორე წელს მასში იმდენის გადახდა აღარ მომინდა. ბიძაჩემი ქსოვდა გოდრებს და ეს საქმე, ასე თუ ისე, მისგანაც ვიცოდი, თან კოლმეურნეობაშიც ვმუშაობდი და ბრიგადირი ბამბუკების მასალას მაძლევდა ხოლმე. ჰოდა, სამუშაოდან შინ დაღლილი რომ ვბრუნდებოდი, სხვადასხვა ნივთს ვწნავდი. ასე ნელ-ნელა ვისწავლე, დავხვეწე ეს საქმე და გოდრის ყიდვა აღარ მჭირდებოდა.

ამ საქმეზე 1977 წლიდან ვმუშაობ. ვამზადებ კალათებს, გოდრებს, გიდელებს, საწიწილეებს...

- საწიწილე როგორია?

- მასში 100-150 წიწილა თავსდება. ძაროს ეძახიან (სხვადასხვა მასალის ტკეჩებით მოწნული დიდი, ხელით საზიდი გოდრის ნაირსახეობა. მრგვალი ფორმის მოწნული საქათმე. - ავტ.), დაბლა ფსკერი არა აქვს, მინდორზე დადგამ და წიწილებს ზევიდან გადააფარებ. ეს იცავთ ქორის ან სხვა მტაცებლისგან.

5b410fe6-ab5e-45aa-a6b3-11679831ea3e-1716297133.jpg

- თითო ნივთის შექმნას რა დრო სჭირდება?

- 40 წუთში თან მასალას ვამზადებ და თან ვქსოვ... გურიაში რომ ვცხოვრობდი, ლანჩხუთის სოფლებში გასაყიდად გამქონდა ხოლმე ჩემი ნახელავი. 100 ცალს გავიტანდი, დავტოვებდი, მერე მირეკავდნენ, მობრძანდით, თანხა წაიღეთ და ახალი ნამუშევრები მოგვიტანეთო. კარგი გასავალი ჰქონდა. ის შემოსავალი ოჯახსაც ჰყოფნიდა.

- გურიაში ცხოვრების შემდეგ კი მშობლიურ კუთხეში დაბრუნდით?

- კი, რვა წელია დავბრუნდი... ისე, ბამბუკით ასეთ წნულებს უფრო გურიაში აკეთებდნენ, ვიდრე იმერეთში, მით უფრო, ვანში... აქეთ ბამბუკიც არ იზრდება. სასინჯად დავრგე, მაგრამ ვერ გავახარე, გურიაში კი ბამბუკის 2-3 ჯიში მოდის, მათ შორის, საანკესე ბამბუკი და ასევე ოდნავ მსხვილიც, რომელიც ჩემი საქმისთვის არის გამოსადეგი.

9ac4a2d3-a71f-4eac-b0a2-6ee5d2fe84ad-1716297133.jpg

- როგორი უნდა იყოს თქვენთვის გამოსადეგი ბამბუკი?

- 48 დღის ნაზარდი. ამ დროში ასრულებს ზრდას სიმაღლესა და სისქეშიც. სულ ახალი და იმ წლის ბამბუკი მოლურჯოა. თუ უცოდინარობით მოჭერი, მისგან ნივთი არ დაიწვნება, დატყდება. ორწლიანი ბამბუკი მოყვითალოა.

ეს ყველაფერი ვიცი და ვცდილობ ისე მივუდგე ამ საქმეს, რომ არაფერი გავაფუჭო, თან 48 დღის ამონაყარი ბამბუკი უფრო ადვილად იჭრება და გემორჩილება. მისგან შექმნილი პროდუქტი გამძლეც არის. მომხმარებელმა მომავალში არ უნდა გითხრას, რომ მომყიდე, მალევე გატყდაო, არაა კარგი საქმე. ჩემი გოდორი 8-10 წელიწადს ძლებს.

- მასალას სად ყიდულობთ?

- გურიაში. იქ არის ოჯახები, რომლებსაც 2-3 ჰექტარზე აქვთ ბამბუკი გაშენებული.

- კალათებსა და გოდრებს სხვაგანაც აკეთებენ, მაგრამ იმერეთში ბამბუკის გოდორი მართლა იშვიათობაა...

- კი, აქ რომ დავიწყე, გაუკვირდათ... ახლა ყოველდღე სულ ამ საქმეზე ხომ არ ვიქნები დამოკიდებული, ვენახი მაქვს, ეზო, უამრავი სამეურნეო საქმეა. გოდრებს პარალელურად და დამატებით ვაკეთებ.

ვუვლი ცოლიკაურს, ადესას, თხილს, რომელიც 3000 მეტრზეა გაშენებული, ასევე მაქვს ყანა, მყავს საქონელი, ფრინველი, თაფლი... 72 წლის კაცმა მეტი რა ვქნა?! ისე, ერთი ამდენი კი მინდა გავწიო.

- წელთა სიმრავლეს გისურვებთ... ამ საქმეში გეხმარებათ ვინმე?

- მარტო ვაკეთებ. შვილებმა გული ვერ დაუდეს. მე კი, ეს საქმე ძალიან მიყვარს. სადამდეც შევძლებ, ვერ მოვეშვები.

- თქვენი ყოველი კალათა ხელოვნების ნიმუშია. გასაგებია, აკეთებთ იმისთვის, რომ გაყიდოთ, მაგრამ მასზე მუშაობა ემოციურად რა არის თქვენთვის?

- მუშაობისას მიხარია, რომ ამას ვაკეთებ. ერთს რომ დავამთავრებ, მეორეზე გადავდივარ... ისევ იმას ვიტყვი, რომ საქმე უნდა იცოდე, კლიენტი რომ გეტყვის, ეს მომიქსოვეო, უნდა ეცადო კარგად დაამუშაო და კარგი პროდუქტი შეუქმნა. ცუდს ვერავის გაატან. ხარისხიანმა ნახელავმა მეტი ადამიანი უნდა მოიყვანოს შენამდე, სამომავლოდ უფრო დაინტერესდნენ.

612cdf65-1015-4736-801d-eb6c0f690df9-2-1716297133.jpg

- მოკლედ, ვანში ერთადერთი ხართ, ვინც ბამბუკისგან ქსოვს ამ ყველაფერს...

- კი, ასე გამოვიდა. ისე, მამა წაბლისა და თხილისგან წნავდა, რაც მეც შემიძლია, მაგრამ ბამბუკზე მუშაობა მირჩევნია. ამასთანავე, ბამბუკის ტოტებით ეზოს ცოცხებსაც ვაკეთებ...

- მომავალი თაობა ამ ხელობით არ ინტერესდება, რომ თქვენი ცოდნა გადასცეთ? არავინ მოდის თქვენთან ასეთი სურვილით?

- რომ მოვიდა, ვერ დაამუშავა. ყოველ წუთში უნდა ეცადო, რომ ხელზე არ მოგხვდეს. იმან მიყურა, მერე დაარტყა ვითომ ბამბუკს, თითში მოირტყა და გაბრაზებულმა გადაყარა ყველაფერი. მე კი უკვე ისე ვარ მიჩვეული, მუშაობის დროს გვერდითაც რომ გავიხედო, არ დავზიანდები. თვალდახუჭული ვმუშაობ.

- მასალა ძვირია?

- 10-მეტრიანი ძირი 7-8 ლარი ღირს. ბამბუკსაც გააჩნია, თუმცა ასეთი ძირისგან 4-5 ცალი გოდორი გამოდის, რომელიც თითო 40-50 ლარი ღირს, კალათა - 25 ლარი.

- ვისაც ამ ხელობის შესწავლა უნდა, რას ურჩევთ?

- თუ უნდა და არ დაიზარებს, შეძლებს, ისწავლის და ლუკმაპურის ფული სულ ექნება. ამ საქმის კეთება მხოლოდ დაინტერესებულ ადამიანებს შეუძლიათ, სხვანაირად რთულია, მიუხედავად იმისა, რომ ძნელი შესასწავლი არ არის.

P.S. სურვილის შემთხვევაში ოსტატი მზადაა უმასპინძლოს ტურისტებს და ჩაატაროს მასტერკლასიც. ასევე მზადაა მიიღოს მონაწილეობა როგორც ადგილობრივ, ასევე რეგიონულ - ადგილობრივი რეწვის გამოფენა-ბაზრობებში, რათა ამ საქმის შესახებ კიდევ მეტმა ადამიანმა შეიტყოს.