სუპერსკანდალი შუა ევროპაში: გერმანია სამხედრო გადატრიალებას გადაურჩა?! - როგორ გეგმავდა გერმანელი პრინცი ჰენრიხ XIII ბუნდესტაგის შტურმით აღებას - კვირის პალიტრა

სუპერსკანდალი შუა ევროპაში: გერმანია სამხედრო გადატრიალებას გადაურჩა?! - როგორ გეგმავდა გერმანელი პრინცი ჰენრიხ XIII ბუნდესტაგის შტურმით აღებას

„რაიხსბურგერების“ საქმის მეორე პროცესი: დაჯგუფება გერმანიაში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა

ფრანკფურტში მოძრაობა "რაიხსბურგერთა“ ხელმძღვანელების სასამართლო პროცესი დაიწყო. მათ გერმანიის ხელისუფლების დამხობის მიზნით შემთმულებაში სდებენ ბრალს. ეს საქმე მნიშვნელოვნად ითვლება არა მხოლოდ მასშტაბურობის, არამედ იმის გამოც, რომ ამ საქმეს შეუძლია გერმანიაში ულტრამემარჯვენე ორგანიზაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

ბრალდებულთა შორის გერმანული არისტოკრატიის ერთ-ერთი წარმომადგენელი ჰენრი XIII როისი გახლავთ. ის სწორედ იმ უძველესი დინასტიის წარმომადგენელია, რომელსაც სულ ახლახანს 900 წელი შეუსრულდა. ჰენრიხ XIII, ძველი არისტოკრატული საგვარეულოს - როისების - შთამომავალია. როგორც ცნობილია, პრინცი როისი საკუთარ თავს დამნაშავედ არ ცნობს.

უცხოურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, იატაკქვეშა მოძრაობა „რეიხის მოქალაქეთა“ წარმომადგენლები არ აღიარებენ ახლანდელ დემოკრატიულ გერმანიას და იმ გერმანიის აღდგენა სურთ, რომელიც 1939 წელს არსებობდა. გერმანიის დაზვერვის ინფორმაციით, მოძრაობაში დაახლოებით 23 ათასი ადამიანია გაერთიანებული, რომელთაც ანტისემიტური შეხედულებები აქვთ და მიდრეკილება აქვთ იარაღის გამოყენებისკენ.

„რაიხსბურგერები“ ასევე არ გაურბიან შეთქმულების თეორიას და მიიჩნევენ, რომ ქვეყანას „ფარული სახელმწიფო“ მართავს.

screenshot-2024-05-21-182055-1716301318.png

პროკურატურის ინფორმაციით, „რაიხსბურგერთა“ მიზანი ბუნდესტაგის შტურმით აღება, დემოკრატიული ხელისუფლების დამხობა, მათი ლიდერის ხელისუფლების სათავეში დასმა და გერმანიის იმპერიის წყობის აღდგენა იყო, რომელიც 1871 წელს არსებობდა.

ამისთვის ისინი 2021 წლის ნოემბრიდან მართავდნენ შეკრებებს, ასევე ცდილობდნენ ყოფილი და მოქმედი სამხედროების გადაბირებას, იარაღის შეძენასა და წვრთნებს.

ბრალდების მხარის მტკიცებით, მათ უკვე დაგეგმილი ჰქონდათ ახალი საგარეო საქმეთა სამინისტროს, იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების შექმნა და ამ თანამდებობაზე კანდიდატებიც ჰყავდათ შერჩეული. პროკურორთა განცხადებით, იდეის ავტორებს კარგად ესმოდათ, რომ ამ ყველაფრის განხორციელებას სახელმწიფო წარმომადგენელთა მიმართ ძალადობის გარეშე ვერ შეძლებდნენ და მკვლელობაზეც მზად იყვნენ.

ფრანკფურტში დილით გამართულ სასამართლო პროცესზე პრინც როისის ადვოკატმა განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ შეეძლო მსგავს შეთქმულებაში მიეღო მონაწილეობა: „ის უარყოფს, რომ ოდესმე ძალადობისკენ იყო მიდრეკილი. ის უარყოფს, რომ ოდესმე სურდა ადამიანთა მოკვლა და დაეგეგმა მსგავსი ქმედება“.

როგორც ამბობენ, ამ პროცესზე საზოგადოების ყურადღება 72 წლის პრინცისკენ იქნება მიმართული. პროკურატურის მტკიცებით, სწორედ ის მართავდა მოძრაობის „ცენტრალური საბჭოს“ სხდომებს და ამ ყველაფერს გერმანიის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე საკუთარ სახლში აკეთებდა. იდეის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში კი ახალი სახელმწიფოს მეთაური თავად გახდებოდა.

ბრალდების მხარის ცნობით, სწორედ მას უნდა დაედო სამშვიდობო ხელშეკრულება მოკავშირეებთან. ასევე ცდილობდა მოსკოვთან კავშირის დამყარებას და ლეიფციგში რუსეთის საკონსულოშიც იმყოფებოდა.

როგორც ცნობილია, პრინცის გარდა სასამართლოს წინაშე წარსდგება ყოფილი მოსამართლე და პარლამენტის წევრი, ულტრამემარჯვენე პარტიის "ალტერნატივა გერმანიისთვის" წარმომადგენელი ბირგიტ მალზაკ-ვინკემანი.

პროკურატურის ინფორმაციით, პარლამენტარი ქალბატონი იყენებდა წვდომას საპარლამენტო შენობასთან და სწორედ ის ხელმძღვანელობდა დაჯგუფებაში იუსტიციის საკითხებს. პროკურატურის მტკიცებით, „რაიხსბურგერთა“ მიზანი როგორც სახელმწიფო, ასევე ადგილობრივი დონის ინსტუტუტების დაპყრობა გახლდათ.

„საბჭოს“ როგორც ხელისუფლების ცენტრალურ ორგანოს უნდა ემოქმედა. პროკურატურის მტკიცებით, დაჯგუფებას იარაღის უზარმაზარ არსენალზე ჰქონდა წვდომა. მათი ფინანსური რესურსი კი 500 ათას ევროს წარმოადგენდა.

„ისინი არ არიან ტერორისტები. ისინი ცოტა გიჟები არიან. ისინი შეთქმულების თეორიას ემხრობიან, ერთმანეთი პანდემიის დროს გაიცნეს და ანტიკოვიდურ ზომებს ეწინააღმდეგებოდნენ“ , - განუცხადა BBC-ს შეთქმულების ერთ-ერთი სავარაუდო მონაწილის ადვოკატმა.

ზოგიერთი ექსპერტის მტკიცებით, მოძრაობა „რაიხსბურგერის“ შეუფასებლობა საფრთხის შემცველია. იან რატიე, რომელიც ექსტრემიზმის მონიტორინგის სააგენტოს წარმომადგენელია, აღნიშნავს რომ ამ და მსგავსი იდეოლოგიების წარმომადგენელთა მცდელობაში შეიძლება ამოვიკითხოთ მესამე რაიხის აღდგენის მცდელობა.

ექსპერტის აზნით, მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო გადატრიალება ვერ მოხდებოდა, შედეგად ხალხი სერიოზულად დაზიანდებოდა.

„სიმბოლურად ეს ამ რადიკალური ჯგუფების წარმატება იქნებოდა, რადგან ისინი ხელისუფლებას ზიანს ძალადობრივი კუთხით მიაყენებდნენ და შეიძლება ამ ქმედებას საზოგადოებაში ხელისუფლების სისუსტის იდეა გაევრცელებია“.

როგორც ცნობილია ამ მასშტაბური საქმის სასამართლო პროცესები შტუტგარტში, ფრანკფურტსა და მიუნხენში გაიმართება. შტუტგარტში პროცესი 29 აპრილს დაიწყო. 18 ივნისს კი მიუნხენში სხვა სავარაუდო ბრალდებულებს მოუსმენენ. წყარო

მოძრაობა „რაიხსბიურგერი“

„რაიხსბიურგერი“ - ნაციონალური მოძრაობა გერმანიაში, რომლის წევრებიც თავს რაიხის მოქალაქეებად მიიჩნევენ. მოძრაობა გერმანიაში 1980-იან წლებში წარმოიქმნა.

სწამთ, რომ გერმანიას ე.წ. „სახელმწიფო სახელმწიფოში“ („Deep State“) მართავს.