"დასავლეთმა კრემლს საქართველოში გაბატონების უფლება არ უნდა მისცეს, მისი უმოქმედობა და უპასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება" - რას წერს The Daily Telegraph? - კვირის პალიტრა

"დასავლეთმა კრემლს საქართველოში გაბატონების უფლება არ უნდა მისცეს, მისი უმოქმედობა და უპასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება" - რას წერს The Daily Telegraph?

ბრიტანული გაზეთის - „დეილი ტელეგრაფის“ (The Daily Telegraph) 22 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია სტატია-კომენტარი საქართველოს შესახებ, სათაურით - „ევროკავშირი ისეთივე წარუმატებლად მოქმედებს საქართველოს მიმართ, როგორც უკრაინის შემთხვევაში მოხდა: არ არის გამორიცხული, რომ პუტინის ხელებში კიდევ ერთი ქვეყანა მოექცეს“ (ავტორი - დალიბორ როგაჩი, აშშ-ის ანალიტიკური ცენტრის - American Enterprise Inst.-ის უფროსი მეცნიერი-თანამშრომელი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ისეთ მენტალურ მსოფლიოში, რომელშიც ვლადიმერ პუტინის ბევრი აპოლოგეტი ცხოვრობს, დასავლეთი ყოველთვის ცდილობდა მოსკოვისადმი მეგობრულად განწყობილი რეჟიმების დესტაბილიზებას და მათ დამხობას. ამის ყველაზე ახალ მაგალითს საქართველოში მიმდინარე მასშტაბური საპროტესტო ანტისამთავრობო აქციები წარმოადგენს: ქვეყნის ლიდერები ადანაშაულებენ „ომის გლობალურ პარტიას“, რომელიც, თითქოსდა, ცდილობს, საქართველო დასავლეთის ორბიტაზე შეინარჩუნოს და ამით ქმნის რისკს ორ ძალოვან ბლოკს შორის მტრობის გასაძლიერებლად.

დასავლეთისთვის ამგვარი შორსმხედველობის გამოჩენის აუცილებლობა არ არსებობს, საქმე უფრო მარტივადაა: ქართველებს საკმაოდ მნიშვნელოვანი მიზეზი აქვთ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსასვლელად - მმართველმა პარტიამ მიიღო კანონპროექტი „უცხოელი აგენტების შესახებ", რომელიც თავისი შინაარსით ძალიან ჰგავს ანალოგიურ "რუსულ კანონს"...

გასული წლისაგან განსხვავებით, როცა მთავრობამ, საზოგადოების ზეწოლით, პარლამენტიდან კანონპროექტი უკან გაიწვია, ამჟამად კი მმართველმა პარტიამ გადაწყვიტა საქმე ბოლომდე მიიყვანოს და უმრავლესობის პრინციპის გამოყენებით, აპირებს პრეზიდენტის მიერ დადებული ვეტოც გადალახოს.

ქართველი ახალგაზრდების მონაწილეობით გამართული ანტისამთავრობო გამოსვლების უკან არც ვაშინგტონი დგას და არც - ბრიუსელი. ყოველ შემთხვევაში, კოლექტიური დასავლეთის აქტიური ჩარევა აქციებში არ შეიმჩნევა. პირიქით, დასავლეთი ცდილობს, სიტუაცია განმუხტოს და ამ მიზნით, საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ხსენებული კანონპროექტი გააუქმოს. სხვათა შორის, ევროსაბჭომ საქართველოს უკვე მიანიჭა ევროკავშირში მიღების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი - მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანა საკმაოდ გადაიხარა ევროპული კურსისგან, რომელსაც უკრაინა და მოლდოვა მიჰყვებიან.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ჯერჯერობით მხოლოდ შეშფოთებას გამოხატავს და არ აპირებს სიტუაციაზე მკაცრ პრაქტიკულ რეაგირებას (და საეჭვოა, რომ საერთოდ მსგავს რეაქციას გამოავლენს). ასეთი უმოქმედობა გასაკვირია იმის გათვალისწინებით, რომ შეერთებულ შტატებსაც და ევროკავშირსაც ზემოქმედების საკმაოდ ბევრი ბერკეტი აქვთ. ცნობილია, რომ ქართველების 80% მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირის წევრად მიღებას - მიზანს, რომელსაც ნომინალურად მთავრობაც ეთანხმება. თუ ბრიუსელი საქართველოს კანდიდატის სტატუსის შეჩერებით დაემუქრება, ასეთი მოქმედება სიტუაციას შეცვლის, პლუს - სანქციები სახელისუფლებო ჩინოვნიკების მიმართ, რომლებიც ხელს უშლიან ქვეყნის დასავლური კურსით მოძრაობას.

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, ამერიკელები და ევროპელები მზად უნდა იყვნენ იმ ცვალებადი პოლიტიკის მართვისათვის, რომელმაც მოსახლეობას ქუჩაში გამოსვლა აიძულა - უკრაინის 2013-2014 წლებისაგან განსხვავებით, როცა კიევის პრორუსულმა ხელისუფლებამ ანალოგიურად გადაუხვია ევროპული გზიდან.

მათ, ვინც მაიდანის დროს დაიღუპნენ, იმედი ჰქონდათ, რომ აშშ და ევროკავშირი იანუკოვიჩის შემდეგ უკრაინას პოლიტიკურად და დიპლომატიურად დაეხმარებოდნენ. მართალია, დასავლეთმა კიევს ასეთი დახმარება გაუწია, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ - კიევში გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ჩასვლამ სიტუაცია განმუხტა, მაგრამ ბევრი საკითხი მაინც მოუგვარებელი დარჩა. იგივე ხდება საქართველოსთან მიმართებითაც: თბილისში ჩავიდნენ ესტონეთის, ლატვიისა და ისლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მაგრამ, ამის მიუხედავად, როგორი სანაქებოც უნდა იყოს მათი ძალისხმევა, სიტუაციის „მკვდარი წერტილიდან“ დაძვრისათვის საჭიროა უფრო მსხვილი ევროპელი მოთამაშეების ჩარევა, ასევე ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ზემოქმედება.

მაგრამ ისევე, როგორც დასავლეთმა უკრაინა ვერ დაიცვა რუსეთის ზეწოლისაგან (ყირიმთან და დონბასთან მიმართებით) და კიევს მტკიცე გარანტიების ნაცვლად რაღაც ქაოსური „მინსკის შეთანხმებები“ შესთავაზა, იგივე შეიძლება მოხდეს საქართველოსთან მიმართებითაც. დღეს ქვეყნის მოსახლეობა, ანტისამთავრობო გამოსვლებით აჩვენებს, რომ მას დასავლეთში ყოფნა სურს, ყოველგვარი დათქმების გარეშე. ამიტომ, თავის მხრივ, დასავლეთი უფრო მეტად უნდა დაეხმაროს საქართველოს, თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებით, ნატოში მიღების გზით, რაც მხარდაჭერის გამოხატვის იდეალური ფორმა იქნებოდა.

თუ ეს დასავლეთისათვის ფანტასტიკურად ჟღერს, მაშინ ასეთი აღქმა იმას ნიშნავს, თუ რამდენად დაბალია აშშ-ისა და, საერთოდ, დასავლეთის ამბიციები... არავითარი მიზეზი არ არსებობს იმისათვის, თუ რატომ უნდა ჰქონდეს პოლიტიკური ვეტოს უფლება რუსეთს თავისი მეზობლების მიმართ - ისეთ რუსეთს, რომლის ეკონომიკა იტალიის ეკონომიკას მოცულობით ბევრად ჩამოუვარდება... ვლადიმერ პუტინის იმპერიული ინტერესები 21-ე საუკუნეში არ უნდა არსებობდეს. დასავლეთმა კრემლს საქართველოში გაბატონების უფლება არ უნდა მისცეს. დასავლეთის უმოქმედობა და უპასუხისმგებლობა ქვეყნისთვის ტრაგედია იქნება.

წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ