"ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ ბიძინას დავურეკო" - რას წერს გია ხუხაშვილი
ექსპერტი გია ხუხაშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე სოციალურ ქსელში არაერთ პოსტს აქვეყნებს:
"ბოლო დღეებში ბევრი ადამიანი მეუბნება, რომ დავურეკო ბიძინას. აუცილებლად დავურეკავდი, მაგრამ ვთვლი, რომ ამას აზრი არა აქვს შემდეგი მიზეზით: ჩემი აზრით, ბიძინა თავისი კოლაბორაციონიზმის ზღვარზე გამავალი კაპიტულანტური პოლიტიკის შედეგად, ე.წ. მშვიდობის სახელით, დღეის მდგომარეობით, საერთოდ ჩამოშორებულია გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და მხოლოდ უსიტყვო შემსრულებელია იმ დირექტივებისა, რომელიც მოდის ჩრდილოეთიდან, ისევე, როგორც მისი დირექტივების უსიტყვო შემსრულებელია ე.წ. ქოც-ელიტა.
არ ვიცი, ის საკუთარი შეცდომების მძევალია თუ შეგნებული არჩევანის მსხვერპლი. ამას ისტორია გაარკვევს. დღეს კი ამ კითხვაზე პასუხს არა აქვს პრინციპული მნიშვნელობა. მას ახლა ამოძრავებს მხოლოდ თვითგადარჩენის ინსტინქტი, აფექტურია. შესაბამისად, არც თვითონ დამელაპარაკება და რომც დამელაპარაკოს, საუბრის შინაარსი იქნება ლოგიკის მიღმა, შესაბამისად, უშედეგო".
"როდესაც ყველა მეგობარი მტრად, ხოლო მტერი მეგობრად მოგეჩვენება, ესე იგი უკვე ჯოჯოხეთში ხარ…"
"რუბიკონი გადალახულია. ხელისუფლებამ საბოლოოდ აიღო კურსი რუსეთისკენ.ამ ვითარებას ერთი მნიშვნელოვანი პლიუსი აქვს - მორალური სიცხადე დამკვიდრდა საბოლოოდ.ახლა უნდა დაფიქრდეს საჯარო მოხელე, პოლიციელი, მასწავლებელი და ყველა, ვინც ფიქრობს, რომ სამშობლო უყვარს - რუსეთის იმპერიაში უნდა ცხოვრება მავანის გამოგონილი “ღირსებით” (სინამდვილეში უღირსობით), თუ ევროპაში იმავე მავანის გამოგონილი “მასონებით” (სინამდვილეში თავისუფლებით).დღეს ყველამ უნდა დაამარცხოს საკუთარ თავში ღრმად ჩაბუდებული კონფორმიზმი და ხმა ამოიღოს, რადგან ხვალ საკუთარი შვილები გააკრავენ სირცხვილის ბოძზე…"
"ამ მასონებთან დაკავშირებით ერთ ისტორიას მოგიყვებით 2012 წლიდან.მოკლედ, კოალიცია რომ შეიკრიბა, ჩვენთან ბევრი ხალხი ტრიალებდა.ერთმა ძალიან ცნობილმა პიროვნებამ მეორე ასევე ძალიან ცნობილ პერსონას ერთ მშვენიერ დღეს თავისი ნააზრევი გაუმხილა:“მივხვდი, ბიძინა რატომ არის ასე ჩაფრენილი ხუხაშვილზე, გვერდიდან რომ არ იშორებსო”.რატომ? - ჰკითხა მეორემ.“მივხვდი, რომ ეგენი ორივე მასონები არიან, თანაც ხუხაშვილი იერარქიაში უფრო მაღლა დგასო”ეს ნამდვილი ისტორიაა. ეს პირები კი დღესაც ძალიან აქტუალურები არიან.მაშინ ძალიან გამეცინა. თურმე რა მაცინებდა…"