რა "დაიჭირა" პუტინმა?! - ბრძოლა ხარკოვისთვის:როგორ შეაჩერა ზელენსკის არმიამ ამერიკული იარაღით რუსული ურდოები - კვირის პალიტრა

რა "დაიჭირა" პუტინმა?! - ბრძოლა ხარკოვისთვის:როგორ შეაჩერა ზელენსკის არმიამ ამერიკული იარაღით რუსული ურდოები

10 მაისს ხარკოვის მიმართულებიც გახსნილი ახალი ფრონტით პუტინის არმია იმედოვნებდა ერთდროულად სამი ან სულაც ოთხი კურდღელიც კი დაეჭირა..

პირველი - უშუალოდ რუსეთის ტერიტორის სამხრეთი ნაწილიდან უკრაინის ჩრდილოეთზე ხელმეორედ ორ მიმართულებაზე შეტევის წამოწყებას(ვოვჩანსკისკენ და ხარკოვისკენ) უნდა გაეწელა ისედაც ათას კმ-ზე მეტი სიგრძის ძირითადი ფრონტის ხაზი, რასაც უკრაინელების დამცველები უნდა ეიძულებინა ფრონტის სხვა მონაკვეთებიდან მოეხსნათ საბრძოლო დანაყოფები და ისინი ხელმეორედ წარმოქმნილ ჩრდილოეთის ფრონტზე სასწრაფოდ გადაესროლათ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებს გაუადვილებდა შენელებული შეტევების დაჩქარებას ჩასივ-იართან, ავდეევკის დასავლეთით ან სულაც ზაპოროჟიეში, რობოტინოსთან...

მეორე - კრემლს სურდა და სურს შექმნეს ერთგვარი „სანიტარული ზონა“, რომ უკრაინის არმიის არსენალში არსებული ძირითადი საარტილერიო საშუალებები-155 მმ კალიბრის საარტილერიო ჭურვები და „გრადის“ 122 მმ-იანი უმართავი რაკეტები ვეღარ მისწვდნენ ბელგოროდს - რუსეთის სამხრეთის იმ ყველაზე დიდ ქალაქს, რომელიც პუტინის მიერ დაწყებული ომის გამო მთელი რუსეთის გამო „აგებს პასუხს“...

მესამე - ვოვჩანსკის ხელახლა ადვილად დაპყრობის შემთხვევაში რუს ოკუპანტებს ეხსნებოდათ გზა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ,კუპიანსკის ფრონტის მონაკვეთისკენ, რომ ზურგიდან მიდგომოდნენ უკრაინელების სანგრებს, რაც ფრონტის ამ მონაკვეთის ჩამოშლას გამოიწვევდა და უკვე ოკუპირებული ლუგანსკის ოლქიდან დაიწყებოდა აგრესორი ქვეყნის შეტევების განვითარება დასავლეთით,ხარკოვისკენ...

მეოთხე - თუკი ჩრდილოეთიდან ხელახალი შეტევების დაწყებისას რუსული საბრძოლო შენაერთები მოახერხებდნენ შედარებით ადვილად გაჭრას ხარკოვისკენ, საზღვრიდან სულ რაღაც ოცდაათიოდე კმ-ში მდებარე უკრაინის სიდიდით ამ მეორე ქალაქზე, მაშინ რატომაც არა - დავიპყრობთ ხარკოვსაც -ოცნებობდნენ კრემლში...

მიუხედავად იმისა, რომ ბელგოროდის ოლქიდან კვლავ იყო შემოჭრის საშიშროება, როგორც ეს ერთხელ უკვე მოხდა 2022 წლის 24 თებერვალს, უკრაინის მხარე მაინც ნაწილობრივ მოუმზადებელი შეხვდა ამ მოსალოდნელ თავდასხმას და რუსმა აგრესორებმა პირველ დღეებში ათიოდე უკრაინული დასახლებული პუნქტის, უფრო სწორედ კი მოსახლეობისგან დაცლილ იმ ხუტორებში შესვლა მოახერხეს, რომლებიც ნაცრისფერ ზონაში მდებარეობდა და იქ გასაგები ობიექტური მიზეზების გამო, ძალზე რთული ან სულაც შეუძლებელი გახლდათ თავდაცვითი ზღუდეების ასაგებად საინჟინრო საქმიანობის წარმოება, რადგან რუსული კამიკაძე-დრონები საზღვრის ჩრდილოეთი მხრიდან სისტემატურად დაფრინავდნენ...FPV-დრონების კუმულაციური ქობინების აფეთქებას კი ძირითადი საბრძოლო ტანკების სქელი ჯავშანი ვერ უძლებს, რომ აღარაფერი ვთქვათ ტრაქტორებსა და ექსკავატორებზე...

და აი, ხარკოვის ფრონტის გახნიდან 11-12 დღის შემდეგ უკრაინის დამცველებმა შესძლეს მოწინააღმდეგის შეჩერება ლიპცთან და ვოვჩანსკის ქუჩებში-რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საზღვრიდან ხარკოვისკენ მხოლოდ 10 კმ-ით თუ წაიწიეს, ვოვჩანსკთან კი 7 კმ-ით, მაგრამ როგორ მოხერხდა პუტინის ოკუპანტი არმიის შეჩერება ამ მიმართულებაზე?

ისევე, როგორც პირველად, 2022 წლის გაზაფხულ-ზაფხულში ეხლაც გადამწყვეტი სიტყვა...ამერიკულმა „ჯაველინებმა“ თქვეს-ნახევარი წლით შეჩერებული ამერიკული სამხედრო დახმარების განახლებისთანავე გამოგზავნილმა ამ მაღალეფექტიანმა მართვადმა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებმა მოასწრეს ხარკოვის ფრონტზე „ჩასვლა“ და დაიდო წარმატებული შედეგით - მარტო 20 მაისს ხარკოვის ფრონტზე განადგურებული იქნა 67 ერთეული რუსული ჯავშანტექნიკა...

რუსული ტანკებისა და ჯავშანმანქანების აფეთქებაში „ჯაველინებს“ სხვა ამერიკული და ევროპული შეიარაღებაც „ეხმარებოდა“, მათ შორის ამერიკული და ფრანგული მართვადი საავიაციო ბომბები და რა თქმა უნდა, „ომის ღმერთის “ - არტილერიის მიერ დაუზოგავად გაშვებული, ერთ დროს ძალზე დეფიციტური 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვებიც,რომელთა ახალ დიდ პარტიებს უკრაინის არმია თითქმის ყოველდღიურად იღებს...

ხარკოვის ფრონტზე რუსეთის საოკუპაციო ძალების შეჩერება მაინც არ ნიშნავს იმას, რომ უკრაინის არმიას პრობლემები მოეხსნა, მთელი ფრონტის 4-5 ძირითად მიმართულებაზე რუსეთის საოკუპაციო ძალები მაინც ფლობენ საბრძოლო ინიციატივას და მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის...