რატომ გამორბიან "რუსი გერმანელები" საქართველოში?! - პუტინის "რუსლანდდოიჩეები", რომელთაც გერმანია პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევს - კვირის პალიტრა

რატომ გამორბიან "რუსი გერმანელები" საქართველოში?! - პუტინის "რუსლანდდოიჩეები", რომელთაც გერმანია პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევს

ბრიტანული გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) ბეჭდავს სტატიას სათაურით „რუსი გერმანელები“: პუტინის „საზარბაზნე ხორცი“ უკრაინაში?“ (ავტორი - ჯეიმს როტველი, კორესპონდენტი ბერლინში).

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

კრემლმა საკმაო ხანია დაიწყო პროპაგანდისტული კამპანია, რომელიც მიმართულია რუსეთის არმიაში [და „ვაგნერის“ დაჯგუფებაში] მყოფ გერმანულენოვანი სამხედრო მოსამსახურეების წინააღმდეგ: ვლადიმერ პუტინს ჩაფიქრებული აქვს, რომ ჯარში მომსახურე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები „საზარბაზნე ხორცად“ გამოიყენოს.

ბოლო პერიოდში იმ ორგანიზაციების მხრიდან, რომლებიც რუსეთში ეთნიკური გერმანელების ინტერესებს წარმოადგენენ, მიმდინარეობს სამხედრო აგიტაცია გერმანელი ახალგაზრდების მიმართ, უკრაინის ომში მათი აქტიურად ჩაბმის მიზნით. ეს ამბავი გერმანიაში შეშფოთებას იწვევს და ბერლინს უხერხულ მდგომარეობაში აყენებს: გამოდის, რომ რუსეთი გერმანულ კულტურას [და ტრადიციებს] იარაღის სახით იყენებს უკრაინის წინააღმდეგ.

თავის მხრივ, გერმანია ებრძვის საკმაოდ მომრავლებულ რუს ჯაშუშებს ქვეყნის შიგნით, რომლებიც ორმაგი მოაქალაქეობის მქონე რუსი გერმანელები არიან. შეიძლება დავასახელოთ ამას წინათ გახსნილი შეთქმულება ბავარიაში, რომლის მიხედვით, გარკვეული ადამიანების ჯგუფს განზრახული ჰქონდა იმ სამხედრო ობიექტების აფეთქება, რომელთა მეშვეობითაც უკრაინისათვის იარაღისა და ტექნიკის მიწოდება ხორციელდება.

ოფიციალური მონაცემებით, რუსეთში ამჟამად დაახლოებით 400 ათასი ეთნიკური გერმანელი (ანუ „რუსი გერმანელი“ – „რუსლანდდოიჩე“) ცხოვრობს. საბჭოთა პერიოდში არსებობდა „ვოლგისპირელი გერმანელების ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა“ (ცენტრით - ქალაქი ენგელსი), მაგრამ გერმანელი ფაშისტების საბჭოთა კავშირზე თავადასხმის შემდეგ „რესპუბლიკა“ გაუქმდა და მოსახლეობა ციმბირში და სხვა რეგიონებში გადაასახლეს, ხშირად იდევნებოდნენ და როგორც ირკვევა, ახლაც განიცდიან მარგინალიზებას კრემლის მხრიდან.

„დეილი ტელეგრაფი“ გაეცნო იმ პროპაგანდისტულ მასალებს, რომელიც შექმნილია ციმბირის ქალაქ ტომსკის „გერმანულ-რუსული კულტურული გაერთიანების“ მიერ. მათზე გამოსახულია ერთმანეთს გადაჭდობილი გერმანიისა და რუსეთის დროშები და მოწოდებები, რომლებიც გერმანელებს შთააგონებს შენაწირები გაიღონ რუსეთის არმიის სასარგებლოდ და მონაწილეობა მიიღონ ომის მხარდამჭერ კონცერტებში. თითქმის იგივეს აკეთებენ სხვა ორგანიზაციებიც, მათ შორის ნოვოსიბირსკის „გერმანულ-რუსული კულტურული გაერთიანება“, რომელიც აქტიურად მოუწოდებს ახალგაზრდა „რუსლანდდოიჩეებს“ რუსულ არმიაში ჩაეწერონ და დაამტკიცონ, რომ გერმანელები ლაჩრები არ არიან და მათ უკრაინის წინააღმდეგ ომისა არ ეშინიათ.

„რუსმა გერმანელებმა უნდა გააკეთონ რაღაც არაჩვეულებრივი, ექსტრაორდინარული, რომ მათ თავი გადაირჩინონ“, - ამბობს ვიქტორ დიტცი, თათრეთის რესპუბლიკაში არსებული „გერმანული სახლის“ ხელმძღვანელი რუსული ინტერნეტ-გაზეთის „რეალური დროისათვის“ მიცემულ ინტერვიუში გასული წლის მარტის ბოლოს, – „მე ვურჩევ ჩვენი ქვეყნის ყველა გერმანელ მამაკაცს ორგანიზებულად ჩაეწერონ არმიაში და „ვაგნერ-ჯგუფში“. შესაძლოა ზოგიერთი ჩვენთაგანი მშიშარა აღმოჩნდება, გერმანელი მამაკაცის ტრადიციებს უღალატებს და საზღვარგარეთ გაიქცევა, მაგრამ დიდი ნაწილი არმიაში იმსახურებს და თავის სიმტკიცეს აჩვენებს“.

„დეილი ტელეგრაფი“ ასევე გაეცნო „საბრძოლო ფურცლებს“ („ბოევოი ლისტოკებს“) - რუსეთის არმიის მიერ გამოშვებულ პროპაგანდისტულ მასალებს, რომლებშიც შეტანილია მონაცემები „ტომსკის რეგიონული გერმანულ-რუსული სახლის“ მუშაობის შესახებ, მათ შორის „პატრიოტული აღზრდის“ მიმართულებით.

ვალენტინა გერცენი, გერმანული წარმომავლობის მქონე რუსი პოეტი ქალი, მონაწილეობდა იმ მემორიალურ ცერემონიებში, რომლებშიც თავის ლექსებს კითხულობდა, მიძღვნილს რუსეთის არმიის იმ ეთნიკურად გერმანელი ჯარისკაცებისადმი, რომლებიც „სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ (უკრაინის ომის პუტინური ევფემიზმი) მონაწილეობენ.

რუსეთის მთავრობის ხელშეწყობით შექმნილი პროპაგანდისტული მასალები პირველად უკრაინაში მცხოვრებმა ეთნიკურმა გერმანელებმა 2022 წელს აღმოაჩინეს. უკრაინის გერმანული საზოგადოება იმედოვნებს, რომ ბერლინი შესაბამის ზომებს მიიღებს, რათა რუსეთის სამხედრო პროპაგანდამ გერმანული ენითა და კულტურული ტრადიციებით სარგებლობა შეწყვიტოს.

ამას წინათ უკრაინაში (ზაპოროჟიეში) მცხოვრებმა გერმანელებმა ეუთოში წერილი გაგზავნეს, რომელშიც აღნიშნულია: „ჩვენ საჯაროდ მივმართეთ რუსეთის ფედერაციაში მცხოვრებ ეთნიკურ გერმანელებს და მოვუწოდეთ, რომ უარი თქვან რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობაზე. ჩვენ ვთვლით, რომ მსგავსი განცხადება აუცილებელია იმ პროპაგანდისტული ზეწოლის პირობებში, რომელიც რუსეთში მიმდინარეობს. მოვუწოდებთ რუსეთში არსებულ ყველა რუსულ-გერმანული ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომ ჩვენ მოგვბაძონ“.

უკრაინაში შეჭრის შემდეგ ვლადიმერ პუტინი შესამჩნევად არიდებდა თავს ჯარში მოსკოველებისა და საშუალო კლასის წარმომადგენლების გაწვევას და აქცენტს ეთნიკურ ჯგუფებზე აკეთებდა, მაგალითად, ციმბირის სამხრეთში მცხოვრებ ბურიატებზე, რომელთა შორის დიდი მსხვერპლია დაფიქსირებული. მაგრამ ამ ფონზეც კი გერმანულენოვანი ეთნიკური მოსახლეობისადმი მიმართვა-მოწოდებები უცნაურად და გასაკვირად მოჩანს. მათი ისტორიული სამშობლო - გერმანია ხომ ევროკავშირისა და ნატოს წევრს წარმოადგენს და კიევის ყველაზე დიდი მხარდამჭერია ევროპაში, აწვდის უკრაინას თანამედროვე იარაღს და სამხედრო ტექნიკას.

ზაპოროჟიელი (უკრაინელი) გერმანელების საზოგადოება ხაზს უსვამს, რომ ეთნიკური გერმანელები რუსეთში ხელისუფლების მხრიდან მათი მდგომარეობის ბოროტად გამოყენების ყველაზე ხშირ ფაქტებს აწყდებიან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. საზოგადოებამ შეშფოთება გამოხატა იმის გამოც, რომ იმ „რუს გერმანელებს“ („რუსლანდდოიჩეებს“), რომლებიც პუტინის ომის წინააღმდეგ გამოდიან, გერმანია პოლიტიკურ თავშესაფარს არ აძლევს, ამიტომ ისინი იძულებულნი გახდნენ საქართველოში და აშშ-ში წასულიყვნენ.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო