როგორ უნდა აირჩიონ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შემცვლელი - კვირის პალიტრა

როგორ უნდა აირჩიონ გენპროკურორის თანამდებობაზე ირაკლი შოთაძის შემცვლელი

გენერალური პროკურორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას, საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატების შესარჩევად დაუყოვნებლივ იწყებს ერთთვიან კონსულტაციებს აკადემიურ წრეებთან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან და სამართლის დარგის სპეციალისტებთან.

“პროკურატურის შესახებ“ კანონის თანახმად, კონსულტაციების შედეგად საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის არანაკლებ სამ კანდიდატს შეარჩევს, რომელთა ერთი მესამედი მაინც განსხვავებული სქესის უნდა იყოს.

გენერალური პროკურორობის კანდიდატებს საპროკურორო საბჭოს სხდომაზე ცალ-ცალკე ეყრებათ კენჭი და არჩეულად ის კანდიდატი ჩაითვლება, რომელიც მიიღებს მეტ ხმას, მაგრამ არანაკლებ საპროკურორო საბჭოს სრული შემადგენლობის ორი მესამედისა.

ამის შემდეგ პროცესი პარლამენტში გრძელდება. საპროკურორო საბჭო შერჩეულ კანდიდატს შესაბამისი დასაბუთებით პარლამენტს წარუდგენს.

პარლამენტი გენერალურ პროკურორს, 6 წლის ვადით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს.

გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ თანამდებობა დატოვა. შოთაძის განცხადებით, მან ურთულესი გადაწყვეტილება, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ექიმების რეკომენდაციების გათვალისწინებით მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"