"ბაიდენი რუსეთთან და ჩინეთთან მესამე მსოფლიო ომს აგებს" - ტრაგიკული სცენარი, თუ ამერიკა შეტევაზე არ გადავა - კვირის პალიტრა

"ბაიდენი რუსეთთან და ჩინეთთან მესამე მსოფლიო ომს აგებს" - ტრაგიკული სცენარი, თუ ამერიკა შეტევაზე არ გადავა

„ამერიკა რუსეთთან და ჩინეთთან „მესამე იდეოლოგიურ მსოფლიო ომში“ მარცხდება, - წერს გაზეთი „ჰილი“ (The Hill) სტატიაში, სათაურით „ბაიდენი მესამე მსოფლიო ომს აგებს“ (ავტორები - მარკ ტოტი და ჯონათან სვიტი). „აშშ-ის პრეზიდენტმა გვერდზე უნდა გადადოს ეჭვები, ყოყმანი და ესკალაციაზე უნდა გადავიდეს, თორემ ვერ შეძლებს „მრავალპოლარული მსოფლიოს“ მოწინააღმდეგეებს დაუპირისპირდეს“, - ხაზგასმულია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

პრეზიდენტი ჯო ბაიდენი 21-ე საუკუნის ჯეიმს ბიუკენენად გადაიქცა. ჯეიმს ბიუკენენი აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი იყო, რომელსაც ბევრი აშშ-ისტორიაში სახელმწიფოს ყველაზე უარეს მეთაურად თვლის. იგი ცდილობდა ყველასთვის ესიამოვნებინა, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველამ „ფეხზე დაიკიდა“. მისი ხელმძღვანელობის დროს, 1857-1861 წლებში, ამერიკელი ერი განხეთქილებამდე და სამოქალაქო ომის დაწყებამდე მივიდა.

საუკუნენახევრის შემდეგ კაცობრიობა გლობალური მესამე „იდეოლოგიური“ მსოფლიო ომის დაწყებისაკენ მიექანება. რუსეთი, ჩინეთი და მათი მარიონეტები აქტიურად უარყოფენ აშშ-ის ინტერესებს და გათავხედდნენ.

და ამ ფონზე, როცა ამერიკას შეურაცხყოფენ და ამცირებენ, ჯო ბაიდენის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგია ისეთია, რომ ორ ერთდროულ კონფლიქტთან ბრძოლას არ გულისხმობს. მოხსენებაში, რომელიც აშშ-ის კონგრესის კვლევითმა სამსახურმა მოამზადა, აღნიშნულია, რომ აშშ-ის ადმინისტრაციები წლების განმავლობაში დარწმუნებული იყვნენ, რომ ამერიკა მხოლოდ ორი კონფლიქტის წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს - რუსეთთან ბალტიის ზღვაში, ან ჩინეთთან ტაივანის გამო.

სინამდვილეში კი ჩვენი ქვეყანა სამი ომის წინაშე აღმოჩნდა: ომი უკრაინაში, ომი ახლო აღმოსავლეთში და ომი ავღანეთში, პლუს - მოახლოებული ომი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ტაივანთან დაკავშირებით.

უფრო მეტიც - შეიძლება ვთქვათ, რომ ჩვენ აღმოვჩნდით „სამნახევარი ომის“ წინაშე - გავლენის ომს თუ გავითვალისწინებთ, რომელსაც ჩვენ ვაგებთ აფრიკის საჰელის ქვეყნებში, ვთქვათ, ნიგერში, რომლის ხელისუფლებამ გაბედა და ჩვენი - ამერიკის - სამხედრო ბაზები გამოაძევა.

ჯო ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიის ხაფანგში აღმოჩნდა და უარს აცხადებს იმის აღიარებაზე, რომ ჩვენ უკვე მესამე მსოფლიო ომში ვართ ჩართულნი. არაფერს არ ვამბობთ იმაზე, რომ პრეზიდენტი გადამწყვეტ ზომებს არ იღებს მასში გასამარჯვებლად. ამის შედეგად ჩვენი ქვეყანა კატასტროფულად არის ჩამორჩენილი სამხედრო პოტენციალით ჩვეულებრივ შეიარაღებაში, არ გვაქვს საბრძოლო მასალების მნიშვნელოვანი მარაგი, არ გვაქვს იმის უნარი, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ მოსკოვისა და პეკინის კიბერნეტიკულ თავდასხმებს... მოკლედ, ჩამოთვლილი პრობლემებიდან ყველა დაუყონებლივ მოგვარებას ითხოვს.

ჯო ბაიდენისათვის - ისევე როგორც თავის დროზე ჯეიმს ბიუკენენისათვის - დღეს სამტერის ფორტის ისტორია მეორდება: 1860 წელს ჯეიმს ბიუკენენმა, თავს არიდებდა რა ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატების უთანხმოების ესკლაციას, უარი თქვა სტრატეგიული ფორტ სამტერის გაფართოებაზე, რომელიც სამხრეთ კაროლინის შტატის ტერიტორიაზე მდებარე ჩარლსტონის ნავსადგურის შესასვლელს იცავდა. მართალია, ეს ნაბიჯი ომის დაწყებისათვის უმნიშვნელო იქნებოდა, მაგრამ სამხრეთის სეპარატისტებისათვის „წითელ ხაზის“ გადაკვეთას ნიშნავდა. ფორტის გამაგრება-გაფართოების ნაცვლად ჯეიმს ბიუკენენი შემოიფარგლა მინიმუმით - ფორტის გარნიზონის მხოლოდ უმნიშვნელო გაზრდით, ანუ ზუსტად ისეთივე მორიდებული ნაბიჯით, როგორც ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აკეთებს უკრაინაში, ინდოეთ-წყნარი ოკეანეების რეგიონში და ახლო აღმოსავლეთში. დღეს ამერიკის მოკავშირეების დაცვა არასაკმარისია, ისევე როგორც ფორტ სამტერისა.

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის ლოზუნგი თავიდანვე უნდა ყოფილიყო არა „დაცვა“, არამედ „გამარჯვება“. ეს უნდა ყოფილიყო ჩვენი მოქმედების მთავარი მიზანი იმ გლობალურ იდეოლოგიურ ომში, რომელსაც დიქტატორები ვლადიმერ პუტინი და სი ძინპინი იწყებენ დემოკრატი ლიბერალების წინააღმდეგ. მათ იმედი აქვთ, რომ BRICS+-ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, არაბთა გაერთიანებული საემიროები, ირანი, ეგვიპტე, ეთიოპია) მეშვეობით მრავალპოლუსიან მსოფლიოს შექმნიან და სამხედრო-ეკონომიკურად გაბატონდებიან.

ჯო ბაიდენმა თავიდან უნდა მოიშორის შიშები ესკალაციის თაობაზე, რომელმაც იქამდე მიგვიყვანა, რომ მოხდა 7 ოქტომბრის ტრაგედია („ჰამასის“ თავდასხმა ისრაელზე), მოხდა უკრაინის არმიის უკანდახევა (რუსებმა აიღეს ბახმუტი და ავდეევკა, ახლა კი ხარკოვსაც უტევენ), მოხდა ირანის სარაკეტო შეტევა ისრაელზე... შიშმა მხოლოდ ის ნეგატიური შედეგი მოგვიტანა, რომ უსაფრთხოების ვაკუუმი ჩვენმა და ჩვენი მოკავშირეების მტრებმა შეავსეს...

მარტივად რომ ვთქვათ, რაც უფრო ხმამაღლა ლაპარაკობს ჯო ბაიდენის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯეიკ სალივანი, მით უფრო ფართოდ ცდილობენ ჩვენი მტრები ესკალაციის გამწვავებას.

ჯო ბაიდენის უგუნური მიდგომა საგარეოპოლიტიკური პრობლემებისადმი, რომელიც ძალიან გვაგონებს ჯეიმს ბიუკენენის მოქმედებას, ნათლად არის გამოკვეთილი ისრაელთან დაკავშირებით. თავდაპირველად ჯო ბაიდენი მხარს უჭერდა იერუსალიმის უფლებას „ჰამასის“ - როგორც სამხედრო მუქარის წყაროს - განადგურების თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით ნელ-ნელა პალესტინის მიმართ სიმპათიები გამოავლინა. მას შემდეგ, რაც აშშ-ის საუნივერსიტეტო ქალაქებში პროპალესტინური გამოსვლები დაიწყო, ჯო ბაიდენის ისრაელისადმი ერთგულების განწყობა საბოლოოდ აორთქლდა. იმ დროს, როცა ისრაელის კოალიციური მთავრობა „ჰამასს“ ებრძვის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცეცხლი თავისიანებმა გაუხსნეს - ვაშინგტონიდან.

როგორც ჩანს, ჯო ბაიდენისათვის უფრო მნიშვნელოვანია მიჩიგანელი ამომრჩევლების მხარდაჭერა, ვიდრე ისრაელის დაცვა, „ჰამასის“ ტერორისტების განადგურება და იმ რვა ამერიკელი მძევლის გათავისუფლება, რომლებიც დღემდე „ჰამასის“ სამხედრო მეთაურს იაჰია სინვარს ღაზას სექტორში ჰყავს დატყვევებული. ამერიკულ საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 7 ოქტომბერს „ჰამასმა“ აშშ-ის 45 მოქალაქე მოკლა.

ორშაბათს ისედაც ძლივ-ძლივობით მოტივტივე ჯო ბაიდენმა ღრმად „დაყვინთა“ ფსკერისაკენ: გაერომ აღიარა, რომ ღაზას სექტორში დაღუპული ქალებისა და ბავშვების რაოდენობა არასწორია, ანუ მსხვერპლი ბევრად ნაკლებია, ვიდრე ვარაუდობდნენ. გამოდის, რომ ისრაელი „ჰამასის“ წინააღმდეგ განხორციელებული დარტყმების დროს სამოქალაქო მოსახლეობას უფრთხილდება. და მაინც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა ქარიმ ხანმა ისრაელის პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუსა და თავდაცვის მინისტრის იოავა გალანტის დაპატიმრებაზე ორდერი მოითხოვა - ვითომდა ღაზას სექტორში ჩადენილი სამხედრო დანაშაულებების გამო.

ჯო ბაიდენს არც ერთი სიტყვა არ უთქვამს იმაზე, რომ „ჰამასი“ პალესტინის მშვიდობიან მოსახლეობას „ცოცხალ ფარად“ იყენებს, არც იმაზე, რომ „ჰამასს’ მფარველები ჰყავს რუსეთისა და ირანის სახით - ვლადიმერ პუტინისა და ალი ჰამანეის ხელმძღვანელობით.

ირანის პრეზიდენტის იბრაჰიმ რაისისათვის, რომელიც ახლახანს ვერტმფრენის ავარიის შედეგად დაიღუპა, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს არავითარი ბრალი არ წაუყენებია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ამ „თეირანელი ყასაბის“ (როგორც მას თვითონ ირანელები უწოდებდნენ) სინდისზეა ათასობით თანამოქალაქის სიკვდილი.

ჯო ბაიდენი ან ვერ აცნობიერებს იმას, თუ რა ხდება მის ირგვლივ, ან შეიძლება საერთოდ აქვს დაკარგული კავშირი რეალობასთან. რუსეთი და ჩინეთი ძირს უთხრიან გლობალურ წესრიგს, რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბდა, ჯო ბაიდენისეული ამერიკა სუსტია გაეროს უშიშროების საბჭოში, თეთრი სახლი უუნარობას იჩენს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართაც (ირიბულად, მაგრამ მაინც).

იმის ნაცვლად, რომ ამერიკელი ერი შეკრას და გააერთიანოს თავისუფლებაზე გლობალური თავდასხმების საშიშროების ჟამს, ჯო ბაიდენი და მისი პოლიტიკოსები ნოემბრის არჩევნებს მსხვერპლად სწირავენ სახელმწიფოს უსაფრთხოებას.

ახლოვდება მესამე მსოფლიო ომი, ჩვენი ქვეყანა კი მოწყვლადია. ჩვენი სიმბოლური „სამტერის ფორტი“ ცარიელია. ჩვენი შეიარაღებული ძალები გადატვირთულია - მათ სამი ომი ემუქრებათ, მაგრამ ისინი მზად არიან მხოლოდ ერთის მოსაგერიელებლად.

იმის ნაცვლად, რომ ჩვენს დიდებულ პრეზიდენტს აბრაამ ლინკოლს მიბაძოს მტკიცე ნებისყოფით და გამარჯვებისადმი ურყევი რწმენით, ჯო ბაიდენი ჯეიმს ბიუკენენის კვალს მიჰყვება და თავისუფალი სამყაროს ლიდერის მოვალეობას ჯეროვნად ვერ ასრულებს.

წყარო