პუტინის "მემკვიდრე": დიმიტრი პატრუშევი - კრემლის "სამეფო კარის თამაშები" და კლანი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას სამუდამოდ აპირებს - კვირის პალიტრა

პუტინის "მემკვიდრე": დიმიტრი პატრუშევი - კრემლის "სამეფო კარის თამაშები" და კლანი, რომელიც ხელისუფლებაში დარჩენას სამუდამოდ აპირებს

რაზე მეტყველებს ცვლილებები რუსეთის ხელისუფლებაში: ერთი პატრუშევის ეპოქა დასრულდა, ხოლო მეორის ახლა იწყება?

უკრაინასთან წარუმატებელი ომი პუტინისთვის სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა: „ერთგული ვეზირები“ არწმუნებდნენ, რომ კიევს ორ–სამ კვირაში აიღებდნენ, ხოლო მთელი უკრაინის დასამორჩილებლად რამდენიმე თვეც საკმარისი იქნებოდა. ომის მესამე წელს რუსეთის დიქტატორს ნერვებმა უმტყუნა და „ვეზირებს“ დაერია. პირველ რიგში თანამდებობები იმათ დატოვეს ვინც ყველაზე მეტად არწმუნებდა სწრაფ წარმატებაში. ვის ენდობოდა ყველაზე მეტად პუტინი? ჩემი აზრით ასეთი სულ რამდენიმე ადამიანი, მათ შორის კი უმთავრესი ფიგურა, ყოველთვის “ჩრდილში” მყოფი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი და ფაქტობრივად ყველა სპეცსამსახურის კურატორი ნიკოლაი პატრუშევი იყო.

2024 წლის 14 მაისს პუტინმა პატრუშევი ამ უმნიშვნელოვანესი პოსტიდან გაათავისუფლა და თავის თანაშემწედ დანიშნა . . . . გემთმშენებლობის მიმართულებით. ალბათ იმიტომ, რომ პატრუშევს ლენინგრადის გემთმშენებლობის ინსტიტუტი აქვს დამთავრებული და მამაც სამხედრო მეზღვაური ჰყავდა. ეს გადაწყვეტილება მიანიშნებს, რომ პუტინმა საპენსიოდ მაინც ვერ გაიმეტა ყველაზე ერთგული „ვეზირი“, თუმცა ის სულ მალე 73 წლის გახდება. თავად დიქტატორიც არაა მთლად „ნორჩი“: მხოლოდ ერთი წლითაა პატრუშევზე უმცროსი. რაც ძნელი

pageputin-1716532337.jpg

დასაჯერებელია თუ ამ ფოტოებით ვიმსჯელებთ. მაგრამ ჩანს, რომ პუტინი, ჰოლივუდის კონოვარსკვლავივით, ამ ასაკშიც „თავს უვლის“.

ნიკოლაი პატრუშევის და სერგეი შოიგუს გათავისუფლება და „ჩამოლაბორანტება“ იმაზე მეტყველებს, თუ რამდენადაა უკმაყოფილო რუსეთის დიქტატორი უკრაინასთან ომის მიმდინარეობით. განსაკუთრებით პატრუშევის გათავისუფლება იყო მოულოდნელი: ის და პუტინი ოცდაათ წელზე მეტია ხელი–ხელ ჩაკიდებული მოდიან, არც საკუთარ კეთილდღეობას ივიწყებდნენ და არც რუსეთის იმპერიული პოლიტიკის გატარებას.

ერთად გავიხსენოთ პუტინის მართლაც, რომ გასაოცარი კარიერა: . 1998 წლის დასაწყისში საშუალო დონის ჩინოვნიკი იყო, ერთი წლის შემდეგ მთავრობის თავმჯდომარე, კიდევ ერთი წლის შემდეგ კი რუსეთის პრეზიდენტი გახდა - არაა სასწაული? ალბათ დამეთანხმებით, რომ მსოფლიო დღეს უფრო მშვიდად იქნებოდა ეს რომ არ მომხდარიყო. 1998 წლის ივლისში პუტინი “თეთრ ცხენზე” ამხედრებული დაბრუნდა რუსეთის მთავარ სპეცსამსახურში, როცა პრეზიდენტმა ელცინმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორად დანიშნა. პუტინისთვის ეფ-ეს-ბე მეორე ოჯახია, უფრო ზუსტად – ერთადერთი ოჯახი, სხვა მას ხომ ოფიციალურად უკვე აღარ ჰყავს. ბოლო დღეებამდე რუსეთის დიქტატორი მხოლოდ ეფ–ეს–ბეს ენდობოდა, იმიტომ რომ 1998 წლიდან მოყოლებული თავად იღებს საკადრო გადაწყვეტილებებს და ამ სპეცსამსახურის ყველა მნიშვნელოვან პოსტზე მხოლოდ მის მიერ შერჩეულ/ მოწონებული კადრები ინიშნებიან.

1998 წელს დაწინაურებულმა პუტინმა თავისი ლენინგრადელი მეგობარი პატრუშევიც “ჩაიბა”: ჯერ მოადგილედ ჰყავდა, ხოლო 1999 წლის 16 აგვისტოს, როდესაც ეფ-ეს-ბეს დირექტორი პუტინი ელცინმა რუსეთის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნა, მან თავის “მემკვიდრედ” პატრუშევი დატოვა (რომელიც, არსებული ინფორმაციით , პირადად ხელმძღვანელობდა რუსეთში საცხოვრებელ კორპუსების აფეთქებას და შემდეგ „ჩეჩნურ კვალს“ პოულობდა). ამის შემდეგ პატრუშევი პუტინის “დანაშაულებრივი კლანის” შეუცვლელი წევრი გახდა. რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივანი, არმიის გენერალი, რუსეთის გმირი ნიკოლაი პატრუშევი პუტინის ერთ-ერთი ყველაზე ერთგული “მებრძოლი” და მისი დავალებების შემსრულებელი იყო. ის ცხრა წლის (1999-2008) მანძილზე ხელმძღვანელობდა ეფ-ეს-ბეს. შემდეგ კი, 2008 წლის 12 მაისს, რუსეთის ახალ“არჩეულმა” პრეზიდენტმა მედვედევმა, პატრუშევი რუსეთის უსაფრთხოების საბჭოს მდივნად და ფაქტობრივად ყველა სპეცსამსახურის კურატორად დანიშნა. დიდი ნათელმხილველობა არ სჭირდება იმას, რომ ეს გადაწყვეტილება ფორმალური პრემიერ-მინისტრის, რეალურად კი კვლავ რუსეთის დიქტატორის, პუტინის მიერ იყო მიღებული. მან თავისი ერთგული კაცი “ჩაუსვა” ახალ პრეზიდენტს, რათა „პატარა დიმას“ თანამდებობა ძალზე არ გასტკბობოდა და ილუზიები არ გასჩენოდა.

პუტინის შეფასებების მთავარი კრიტერიუმი დღესაც კვლავ „ჩეკისტურია“: ის ყოველთვის სპეცსამსახურების თვალით უყურებს რუსეთის წარსულს, აწმყოსა და მომავალს. პატრუშევი იყო პუტინის ყველაზე საიდუმლო დავალებების შემსრულებელი. ის იმ “სახელმწიფო-მაფიოზური კლანის” ერთ-ერთი მთავარი წევრი იყო, რომელსაც პუტინი ხელმძღვანელობს. დამერწმუნეთ პატრუშევმა ყველა პოლიტიკური მკვლელობის დეტალი იცის, რაც კი რუსეთის სპეცსამსახურებს შეუსრულებიათ ქვეყნის შიგნით და საზღვარგარეთ: ზოგჯერ თავად იქნებოდა ორგანიზატორი, ზოგჯერ კი თანამონაწილეც. სწორედ ერთობლივი დანაშაული აერთიანებს „მაფიოზურ კლანს“, სადაც ბრძანების შეუსრულებლობა ღალატად ითვლება და სასტიკად ისჯება. ამიტომაც იყო მოულოდნელი ნიკოლაი პატრუშევის გათავისუფლება. თუმცა ჩანს, რომ ის კვლავ პუტინის სრული ნდობით სარგებლობს: პუტინმა პატრუშევის უფროსი ვაჟი დიმიტრი, რომელიც 2018 წლიდან რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრი იყო, დააწინაურა და რუსეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა.

picture2-1716532337.jpg

დიმიტრი პატრუშევი - რუსეთის ვიცე-პრემიერი სოფლის მეურნეობისა და ეკოლოგიის საკითხებში

სულ რაღაც ოცდაათი წლის იყო დიმიტრი პატრუშევი, როდესაც 2008 წელს ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი გახდა. რა თქმა უნდა მამიკო არ დახმარებია. თუმცა, როგორც შემდეგ გაირკვა, უმცროსმა პატრუშევმა არაკეთილსინდისიერი გზებით მიაღწია შედეგს. მის საკანდიდატო და სადოქტორო დისერტაციებში უამრავი პლაგიატი აღმოჩნდა: ათეულობით გვერდი პირდაპირ იყო კოპირებული რუსი მეცნიერების, რადიონოვისა და საფაროვის ნაშრომებიდან. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია უმცროსი პატრუშევის კარიერისთვის: როგორც უკვე გითხარით 2018 წლის 18 მაისს პუტინმა ის რუსეთის ფედერაციის სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნა. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრასთან დაკავშირებით დასანქცირებულთა სიებშიც მამა–შვილი პატრუშევი ერთად არის.

picture1-1716532337.jpg

ერთი პატრუშევის ეპოქა დასრულდა, მეორე პატრუშევის ახლა იწყება?

უკვდავი არავინაა და ძალზე რაციონალური პუტინიც მომავალზე ფიქრობს: ვინ იქნება მისი პოლიტიკური მემკვიდრე? პუტინი, როგორც „მაფიოზური კლანის“ ბოსი, მხოლოდ „საქმეში“ შემოწმებულ ხალხს და მათი ოჯახის წევრებს ენდობა. მამა–პატრუშევის კარიერის დასრულება და შვილი–პატრუშევის დაწინაურება ხომ არ მიანიშნებს, რომ დიმიტრი პატრუშევი შესაძლოა პუტინის პოლიტიკური მემკვიდრე გახდეს?